ელჩს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი და გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი დახვდნენ.
ბატონმა ელჩმა პირველად GIZ-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული, მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს (მმბ) და ბიუროს ხელმძღვანელის თეა ლეკაშვილის მოსაზრებები მოისმინა, გაეცნო ბიუროს თანამშრომლებს.
შეხვედრისას დედოფლისწყაროს გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა აღნიშნა, რომ დიტერ მიულერის ძალისხმევით, GIZ- ის მიერ ბევრი პროექტი განხორციელდა გერმანიის მთავრობის და გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახმარებით: ,,– მუნიციპალიტეტის სახელით მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვიქნებით, თუ ისევ გაგრძელდება ეს ურთიერთობა ჩვენს შორის.“
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა კი მადლიერებით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან სამწლიანმა თანამშრომლობამ დედოფლისწყაროს ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გააუმჯობესა. ასევე ხალხის ცნობიერებაში დამკვიდრდა სასიამოვნო განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გვერდში უდგას ერთ-ერთი წარმატებული ევროპული ქვეყანა - გერმანია და გერმანელი ხალხი. ამისთვის მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრად მყოფ ელჩს.
ამ პროგრამების ადგილობრივმა კოორდინატორმა კი განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო დედოფლისწყაროს მოსახლეობისთვის. ,,–მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს და ადგილობრივ ფერმერებს საშუალება მოგვეცა გერმანიაში ჩავსულიყავით და იქაური გამოცდილება გაგვეზიარებინა. ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ, ვისაც ალტერნატიული ელექტროენერგიის დანერგვაზე გვაქვს მუშაობა დაწყებული და ამაში გერმანელი ექსპერტები გვეხმარებიან.“ – აღნიშნა მან.
მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს შექმნა, ქარსაცავების და ტყის კორომების გაშენების პროექტის შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც მმბ-ს ხელმძღვანელმა თეა ლეკაშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის შედეგად შეიქმნა მოქალაქეთა მომსახურების კომფორტული გარემო, ერთი სარკმლის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ გაადვილდა ადმინისტრაციული მომსახურება, მოქალაქეები დროულად იღებენ პასუხებს, კონსულტაციებს.
გერმანიის ელჩმა თავისი გამოსვლა მადლობით დაიწყო და სინანულით განაცხადა, რომ წელიწადნახევარია საქართველოშია და ახლა მიხვდა რამხელა დანაკლისს გრძნობს, რომ დედოფლისწყაროში არ ჩამოსულა: ,,– მე მოვინახულე ბევრი რეგიონი და მივხვდი, რომ ისინი თბილისზე უფრო დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებაში. თქვენ ახსენეთ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობა, ეს მომავალშიც გაგრძელდება, ეს წარმატებული ურთიერთობა მომავალშიც წარმატებული იქნება. როგორც ელჩმა, მინდა აღვნიშნო, რომ დიტერ მიულერის ჯგუფი ძალზე ეფექტურად თანამშრომლობს და ცდილობს თქვენთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი შექმნას. ჩვენ ორი დღე დავრჩებით და დავათვალიერებთ ამ კუთხეს, დარწმუნებული ვარ დიდი სანახაობა გველის.“ – აღნიშნა ელჩმა.
ელჩის ვიზიტი სამომავლო გეგმების დასახვით და აქტიური თანამშრომლობის იმედით დასრულდა. ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გერმანიასთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий