четверг, 29 сентября 2011 г.

სიძე, სიდედრი და ... გაყიდული ახალშობილი

სკანდალი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, (ყოფილი წითელწყარო) ე.წ. „მაზოვკის“ დასახლებაში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 34 წლის გოგიტა ყოჩიაშვილი საკუთარ სიდედრს, ლუდა გრიგალაშვილ-წიკლაურს ახალშობილი ბავშვის გაყიდვაში ადანაშაულებს... ის ირწმუნება, რომ ლუდა გრიგალაშვილმა რამდენიმე წლის წინ ბავშვი 1 200 ლარად გაყიდა, ამ თანხიდან 800 ლარი კი სამშობიაროში მედიკოსებმა აიღეს. მისი თქმით, გრიგალაშვილი სამშობიაროში რამდენიმე კვირის მანძილზე გამომწყვდეული მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მშობიარობის საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა.

საქმე ეხება სიღნაღის რაიონის დაბა წნორის სამშობიაროში 2002 წელს დაბადებულ ბიჭუნას, რომელიც დღეს ბიოლოგიურ დედასთან აღარ იზრდება და არც მისი ადგილსამყოფელი იცის ვინმემ... (!) სიძესა და სიდედრს შორის დაპირისპირებაც ამ ფაქტმა გამოიწვია. ყოჩიაშვილი სიმართლის გარკვევას და ბავშვის ადგილსამყოფელის დაუყოვნებლივ დადგენას ითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა რამდენიმე წლის წინ მოხდა, ყოჩიაშვილზე დაყრდნობით შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე ახლა აღიძრა. დედოფლისწყაროს პოლიციაში აცხადებენ, რომ საქმეში მონაწილე პირების ნაწილი უკვე დაკითხულია და მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. საქმეს დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დავით პოპიაშვილი იძიებს.

როგორც გოგიტა ყოჩიაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბარში აცხადებს, გრიგალაშვილს ბავშვის მიმართ დედობრივი სიყვარული არ ჰქონია და 2002 წელს ახალშობილი ჩვილი ნივთივით ფულზე გაყიდა. თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა მიზეზი, რის გამოც სიძე სიდედრს დაუპირისპირდა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაინტერესდა სიდედრის შვილის ბედით.
,,- ახალშობილი ბიჭი გრიგალაშვილმა 1 200 ლარად მაშინვე გაყიდა... ეს ჩვეულებრივი გაშვილება არ იყო... კი არ გააშვილა, არამედ თელავის რაიონში გაყიდა... ეს მარტო მე კი არა, მთელმა ჩვენმა საახლობლომ და მეზობლებმა იციან... მან ისიც კი არ იცის, ვის ოჯახში იზრდება მისი შვილი, ან კონკრეტულად სად და რომელ სოფელში იმყოფება... უფრო მეტიც, ლუდა არასოდეს დაინტერესებულა, თუ რა გარემოში და როგორ პირობებში იზრდება „გაყიდული“ ბავშვი, ან საერთოდ ცოცხალია თუ მკვდარი... როგორც ვიცი, მას შვილის სანაცვლოდ 1 200 ლარი აქვს აღებული... ჩემთვის ასეა ცნობილი, რომ 800 ლარი გინეკოლოგ ალიკა ჭაბაშვილს მისცეს და 400 ლარი კი თავად ბავშვის დედამ აიღო... ჭაბაშვილი და კიდევ ერთი გინეკოლოგი ვინმე გია სახელდებოდნენ. მაშინ ამ ფაქტზე საახლობლოში ბევრს ლაპარაკობდნენ. პოლიციისთვის მაშინ არავის მიუმართავს, ფაქტის გამოძიება კი მხოლოდ ახლა დაიწყეს. ვიცი, რომ ჩემი სიდედრი გამოძიებამ უკვე დაკითხა,-" განუცხადა „შირაქს“ გოგიტა ყოჩიაშვილმა.

ბავშვის გაყიდვის მიზეზად მხარეები ეკონომიურ სიდუხჭირეს და მშობიარობის თანხების არ ქონას ასახელებენ. როგორც „შირაქმა“ გაარკვია, ლუდა გრიგალაშვილმა 2002 წელს წნორის სამშობიარო სახლი მშობიარობიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ დატოვა. ირკვევა ისიც, რომ გრიგალაშვილი მშობიარობის თანხის გადახდას ვერ ახერხებდა და მედპერსონალმა ის კლინიკიდან ამ მიზეზის გამო არ გაწერა. (!) მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მშობიარე არსებული დავალიანების დაფარვას ვერ ახერხებდა, ლუდამ ჩვილის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის საპასუხოდ ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში გრიგალაშვილი ბავშვის კლიენტს ელოდა და სწორედ ამ მიზნით შეყოვნდა სამშობიაროში...

თავად გრიგალაშვილი საკუთარი სიძის ბრალდებებს პასუხობს. ის ადასტურებს, რომ 2002 წელს დაბადებული ახალშობილი მართლაც გააშვილა, თუმცა ის ამ ფაქტს ჩვილის გაყიდვას არ უწოდებს. ქალბატონი ირწმუნება, რომ ყველა პროცედურა დოკუმენტურად აქვს გაფორმებული და შესაბამის საბუთებსაც ფლობს. (!) თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მან დოკუმენტები ვერავის წარუდგინა...

ლუდა გრიგალაშვილი ადასტურებს, რომ გამოძიებას ამ ფაქტის ირგვლივ ჩვენება უკვე მისცა: „_ღამის 11 საათამდე დაკითხვაზე ვიყავი. ბევრ შეკითხვას მისვამდნენ, გამომძიებლები ხმამაღლა დამყვიროდნენ,-“ აცხადებს გრიგალაშვილი.

გაზეთმა „შირაქმა“ გოგიტა ყოჩიაშვილის ბრალდებები დედოფლისწყაროს მთავარ გინეკოლოგს ალექსანდრე ჭაბაშვილს გააცნო და ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიციითაც დაინტერესდა. ჭაბაშვილი „შირაქთან“ საუბარში ამბობს, რომ კონკრეტულად არ ახსოვს, 2002 წელს წნორში მართლაც მიიღო თუ არა მშობიარე ვინმე ლუდა გრიგალაშვილი-წიკლაური, თუმცა ამბობს, რომ თანხის აღება და ბავშვის გაყიდვაში მისი მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია.
„_სიმართლე გითხრათ, ამ წუთას ასეთ ვინმეს ვერ ვიხსენებ... ნამდვილად არ მახსოვს, გრიგალაშვილმა ჩემთან იმშობიარა, თუ არა, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს... პირადად მე აბორტსაც კი არ ვაკეთებ და როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვან ჩემზე... ცუდია, რომ ჩემს სახელს ასეთ ფაქტებს უკავშირებენ. კარგი იქნება, თუ ასეთი ცრუ და არარეალური ბრალდებებისგან თავს შეიკავებენ... ასეთი შემთხვევა გამორიცხულია... დედოფლისწყაროში ყველა მიცნობს, მერამდენე წელია აქ ვმუშაობ და კარგად იციან, რა ადამიანი და როგორი სპეციალისტი ვარ. ისიც კარგად იციან, არიან თუ არა პაციენტები ჩემი მუშაობით კმაყოფილნი. ვერ ვხვდები, ასეთი რამ საერთოდ რატომ ითქვა,-" განუცხადა გაზეთ „შირაქს“ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს გინეკოლოგმა ალექსანდრე ჭაბაშვილმა.

ჭაბაშვილი განმარტავს, რომ მოწმის სახით დაკითხვაზე ის სამართალდამცველებს არ დაუბარებიათ და ზოგადად, ამ ბრალდებების შესახებ პირველად გაზეთ „შირაქიდან“ შეიტყო... გინეკოლოგი ამ ფაქტის ირგვლივ არც პოლიციაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე ფლობს ინფორმაციას.
„_ჩემი მისამართით ამ ბრალდებებზე ჟურნალისტებთან თუ ისაუბრეს და პოლიციაში საქმეც აღიძრა, ცხადია, სამართალდამცველებსაც იგივეს ეტყოდნენ. ხოლო, თუ ჩვენებებში ჩემი გვარი მათ ნამდვილად ახსენეს და ისიც თქვეს, ფული აიღოო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, მეც დამკითხავდა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არც დაკითხვაზე დავუბარებივარ ვინმეს და ამის შესახებ არაფერი მსმენია," - აცხადებს გინეკოლოგი.

ლუდა გრიგალაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბარში ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს ასახელებს. ის ადასტურებს, რომ რამდენიმე კვირის წინ ამ საკითზე გამოძიებას ჩვენება მართლაც მისცა, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გრიგალაშვილი ირწმუნება, რომ ბავშვის გაშვილების თაობაზე სამართალდამცველებს დოკუმენტები წარუდგინა, თუმცა იქვე იმასაც აცხადებს, რომ არ იცის, რა წერია ამ დოკუმენტებში. მისი თქმით, დოკუმენტები მას არ აქვს და ის სამშობიაროში უნდა ინახებოდეს.

„_ამჟამად მე არანაირი გაშვილების დამადასტურებელი საბუთი არა მაქვს. ყველაფერი ალბათ წნორის სამშობიაროში იქნება. მე არაფერი მაქვს. არ ვიცი ბავშვი ვინ იშვილა. წარმოდგენა არ მაქვს, სად და ვის ოჯახში მოხვდა ახალშობილი. იმ დროს ძალიან გაჭირვებული ცხოვრება მქონდა, მშობიარობის გადასახადსაც ვერ ვიხდიდი და ერთი თვე ვერ გამოვეწერე. მერე ბავშვი გავაშვილე და მაშინვე გამომწერეს...
_ გაშვილების შემდეგ თუ გამოგწერეს, ამ ბავშვის საფასურიდან დაიფარა მშობიარობის თანხა, თუ ვინ გადაიხადა ეს ფული?
_ არ ვიცი... მე გამომწერეს და აღარ დავინტერესებულვარ, ფული ვინ გადაიხადა. არც ის ვიცი, ექიმებმა მაშინ აიღეს თუ არა რაიმე თანხა. ალბათ აიღეს, იმიტომ, რომ მშობიარობის ღირებულება დასაფარი იყო... არ ვიცი, გინეკოლოგ ალიკა ჭაბაშვილისთვის ფული არ მიგვიცია, ბავშვის სანაცვლოდ არც მე ამიღია ფული...
_ თქვენ ადასტურებთ, რომ ბავშვი გააშვილეთ, მაგრამ ნუთუ უფასოდ გააშვილეთ... არანაირი საფასური არ მოგითხოვიათ?
_ ბავშვი გავაშვილე, რადგან მისი გაზრდის საშუალება არ მქონდა. ნუ ეხლა, კი გავაშვილე, მაგრამ თანხა არ ამიღია. ეს არის ტყუილი ბრალდება... პოლიციელებმა ყველაფერი იციან... მათ ყველაფერი მოვუყევი და არანაირი პრობლემა არ არის...
_ ანუ, გამოდის, რომ ახალშობილი აჩუქეთ... თუკი ოჯახი თქვენთვის უცნობი იყო და ისიც არ იცით, ვისთან იზრდება, უსასყიდლოდ რატომ მიეცით?
_ ფული რატომ უნდა ამეღო, ისე მივეცი, ვაჩუქე... გადაუხდელობის გამო არ მიშვებდნენ და 1 თვე ვიწექი... ბავშვი რომ წაიყვანეს, სამშობიაროდან მხოლოდ მას მერე გამწერეს. მაგრამ, მათ გადაიხადეს თუ არა რაიმე თანხა, ან ექიმებმა რა ფული აიღეს, არ ვიცი. გამომძიებელს ვუთხარი, რომ ბავშვი ალიკა ჭაბაშვილმა და მეორე გინეკოლოგმა გააშვილეს. ფული არ მქონდა და რა მექნა... თვითონ ექიმებმა მონახეს ბავშვის აყვანის მსურველი ოჯახი.
_ გაშვილების საბუთებს ხშირად ახსენებთ და არასოდეს დაინტერესებულხართ, დოკუმენტებში ჩაგეხედათ და გაგერკვიათ, ვინ იშვილა თქვენი ბავშვი?
_ არ ვიცი... არ წამიკითხია და არც ის ვიცი, სად არის... ვერ გეტყვით ცოცხალია, თუ ამჟამად როგორ არის. ეგ იმ ოჯახმა ხომ იცის, ვინც იშვილა... ახლა რაღაში მაინტერესებს, როგორაა...“

ლუდა გრიგალაშვილი ბავშვის გაყიდვის მომენტში დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობდა. თუმცა, ის ამჟამად სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და მუშაობს. გაზეთ „შირაქის“ ინფორმაციით, გრიგალაშვილის მხრიდან ჩვილის გაშვილების ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი – გაზეთი „შირაქი“

Комментариев нет:

Отправить комментарий

წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы