
სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორების და ხელისუფლებისა თუ პოლიციელთა მხრიდან არნახული ტერორის მიუხედავად შეხვედრა ერთ–ერთი ადგილობრივის, რევაზ ანანიძის კუთვნილ ვენახში მაინც შედგა. კუკავამ ადგილობრივებს ყურძნისა და ბორჯომის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით თავისი რუსული ვოიაჟის შედეგები გააცნო.
ოპოზიციონერების შეხვედრაზე გამოჩენამდე ამ ადგილას 60–ზე მეტი ადგილობრივი იმყოფებოდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცველების აქტიური ჩარევის შედეგად მათმა დიდმა ნაწილმა პრობლემების შექმნას თავი აარიდა და ტერიტორიას გაეცალა. ბევრს სურდა სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი, თუმცა მუქარის შემდეგ ხალხი საგრძნობლად შეთხელდა.
კახა კუკავამ სამთაწყაროს მოსახლეობას გააცნო კონკრეტული ციფრები და მონაცემები, რაც ასახავს ქართული სოფლის მეურნეობის რეალურ მდგომარეობას რუსულ ემბარგომდე და ემბარგოს შემდეგ. კუკავას თქმით, ქართული ღვინის ექსპორტი 2005 წელს იყო 41.7 მილიონი ლიტრი, ხოლო დღეს 12.3 მილიონს შეადგენს. კუკავამ გლეხებს მიაწოდა ინფორმაცია ექსპორტის მასშტაბებზე რუსეთის, ევროპის, აშშ-სა და ჩინურ ბაზრებზე.

პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან ამ წამოწყებისთვის ხელის შეშლის მიზეზი მხოლოდ „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატორობა გახდება, პარტია არ არის წინააღმდეგი, პროცესი საქართველოს მთავრობის ეგიდით წარიმართოს. კუკავამ მზადყოფნა გამოთქვა, ამ თემაზე შეხვდეს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას.
კუკავასთან საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ შარშანდელთან შედარებით მოსავლის ოდენობა გაიზარდა, თუმცა პრობლემები ექმნებათ მისი რეალიზების დროს. როგორც რადიო "ჰერეთს" შეხვედრაზე მისულმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა გურამ ცეცხლაძემ განუცხადა, ვენახის მოსავლელად ბანკიდან კრედიტი აიღო, ყურძენზე დაბალი ფასის გამო კი მის დაფარვას ვეღარ ახერხებს.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე მისულმა მოსახლეობის ნაწილმა კუკავას მოლოდინში ადგილი მას შემდეგ დატოვა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა მოსახლეობას ოპოზიციასთან შეხვედრა აუკრძალა და დაემუქრა.

„მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ „მარშუტკების“ მძღოლებს ადგილობრივი პოლიციის უფროსმა დაურეკა და დაემუქრა, რის შემდეგაც მძღოლებს პრობლემების შექმნის შეეშინდათ, ტერიტორია სასწრაფოდ მიატოვეს და სამთაწყაროში ჩამოყვანილი ხალხი უყურადღებოდ ტრანსპორტის გარეშე მიატოვეს. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ სოფლის გამგებლისა და პოლიციელთა დამსახურებით არაერთი ადამიანი დააშინეს და აქ მოსულები ჩემს მოსვლამდე უკან გაბრუნდნენ. ასევე, ვიცი რომ, ჩემთან შეხვედრას ცდილობდნენ ახლახან, ხანძრის შედეგად დაზარალებული სამთაწყაროელი მევენახეებიც. ვენახი 15 ოჯახს დაეწვა, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ 2 მათგანი დარჩა, დანარჩენები კი ტერიტორიას ჩვენს მოსვლამდე გაეცალნენ,“ – აღნიშნა კახა კუკავამ შეხვედრის მიმდინარეობის დროს.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვაჟა არაბულმა, რომელმაც დედოფლისწყაროს მაცხოვრებლები რაიონული ცენტრიდან საზღვრისპირა სოფლებში გადაიყვანა, სოფელი სწორედ პოლიციელთა ზეწოლის შედეგად დატოვა და მგზავრები ვენახში მიატოვა. არაბული "ქიზიყის" ჟურნალისტის თანდასწრებითაც არ მალავდა, რომ მას პოლიციელებმა დაურეკეს და ახსნა–განმარტება მოსთხოვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდა ის ოპოზიციის შეხვედრაზე. ზარის განხორციელებიდან რამდენიმე წუთში მან სოფელი სასწრაფოდ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ის დაქირავებული იყო და შესაბამისი ფინანსური გასამრჯელოც მიღებული ჰქონდა.
„ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები მემუქრებოდნენ, რომ ვენახს გამიხმობდნენ. ამბობდნენ, პრობლემები შეგექმნებაო და ჩემგან კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩემს ვენახში არ შემეშვა. ასევე, მაიძულებდნენ, რომ კუკავასთან შეხვედრა ჩემს ვენახში არ გამართულიყო. თუმცა, მე მათ უარი ვუთხარი, რადგანაც პირობა მქონდა მიცემული და დასაკარგიც არაფერი მაქვს. არც დახმარებას ვიღებ, რომ ხელისუფლებამ ის შემიწყვიტოს და არაფერი,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ვენახის მეპატრონე რევაზ ანანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ სხვადასხვა სახის ზეწოლა მასზე რამდენჯერმე განხორციელდა და მას დასაშინებლად არაერთი ადამიანი მიუგზავნეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, სამთაწყაროდან
Комментариев нет:
Отправить комментарий