
–– კი... რა გნებავთ?
–– მაპატიეთ, თუ დრო გაქვთ, ჩემს გულისტკივილს გაგანდობთ, რა თქმა უნდა თუ შეიძლება.... სტალინის ბაღს რომ ეძახიან, მაგ სკვერში თქვენ როდის იყავით ბოლოს?
–– ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდათ?
–– რისი და... ვერ გავიგე, ამ ახალგაზრდებმა უკვე ღამით ქუჩებში სექსი დედოფლისწყაროშიც დაიწყეს, თუ რა ხდება, ვერაფერი გამიგია... უკაცრავად, მაგრამ ეს რეები ხდება ამ რაიონში, არავინ უნდა ამოიღოს ამაზე ხმა?...
–– არ ვიცი... ბოდიში მომითხოვია და, ვინ სად იჟიმავებს ამით ჟურნალისტი რატომ უნდა დაინტერესდეს?...
–– არა, მაგით არ უნდა დაინტერესდეთ, მაგრამ არც ისაა ლამაზი, ასეთი რამ ქუჩაში გააკეთონ... მერე ასეთ ადგილებში მცირეწლოვანი ბავშვები დაგვყავს და დილით რომ გაივლი ყველგან ნახმარი პრეზერვატივები ყრია... ასეც ხომ არ შეიძლება. დედოფლისწყარო თბილისი ხომ არ არის?....
–– არ ვიცი, მაგრამ ამ საქციელს ჩვენ ხომ ვერ ავკრძალავთ?... ისეც დემოგრაფიული პრობლემები გვაწუხებს... (გავიხუმრე)
–– რატომ იცინით, სერიოზულად გეუბნებით და ძალიან მაწუხებს ეს საკითხი... აკრძალვას არავინ ითხოვს, მაგრამ მაინც რაიონია და არ არის ლამაზი. ბავშვები და ქალები ამას რომ ხედავენ, როგორია ახლა ეს?... ქალაქიდან ოდნავი მოშორებით რომ ხდებოდეს გასაგებია, მაგრამ ვისაც გინდა შეეკითხოთ, ალბათ ყველა დაგიდასტურებთ, რომ ქალაქის ცენტრში, ცენტრალურ სკვერებში ასეთი რამ დაუშვებელია.
–– ეს ალბათ მოზარდებს მშობლებმა სახლში უნდა ასწავლონ, სად დაკავდნენ ამ საქმით, მე რა გიშველოთ?
–– თქვენ დაწერა შეგიძლიათ, რატომ არ წერთ?... ამბობენ, გვიანობამდე სულ 15–16 წლის გოგო–ბიჭები ქუჩილაობენ ასეთ ადგილებშიო... მშობელმა კი უნდა ასწავლოს ასეთი რამ, მაგრამ ვერ გამიგია, ასე გვიან შვილები სახლში რომ არ ჰყავთ, როგორ იძინებენ, მართლა გამკვირვებია ჩემი თანარაიონელების. ღამით თუ არ ჩანს მათი შვილები რას აკეთებენ, აი ბატონო, დღისით ხომ ირკვევა, რითაც არიან დაკავებულები. ამიტომაც ამბობენ, დედოფლისწყაროს სკოლებში მოსწავლეები წამდაუწუმ ხან ვინ ორსულდებიან ხან ვინო. მშობლები არაფერს აკონტროლებენ და ნებაზე მიშვებული მოზარდები კი გარდატეხის ასაკში რაღას არ იკადრებენ..."
ეს პირველი რესპონდენტის საუბარია, რომელიც მაშინ არ გამოვაქვეყნე, თუმცა გარკვეულწილად დავეთანხმე... სხვათაშორის, დავეთანხმე იმიტომ, რომ ე.წ. სტალინის ბაღში, ახლახან, ვიდრე იქ არსებულ საზაფხულო ბარს შეარემონტებდნენ და მუშაობას აღადგენდნენ, იქვე მიყრილი ნახმარი პრეზერვატივები მეც შევნიშნე... (!) არადა, მოგეხსენებათ, სტალინის სკვერი ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს და აქ მუდამ ხალხმრავლობაა. ახლა, როგორ მოახერხეს ჩვენმა ძვირფასმა მეგობრებმა ამ საქმის მშვიდობით "დასრულება" ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ ეს გარემოება იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ სავარაუდოდ, ისინი ნეტარებით გვიან ღამით დაკავდებოდნენ. გვიან საათებში, მაშინ, როცა ავტომობილები და ხალხი აქ ნაკლებად მოძრაობს...
გამახსენდა, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ქალაქის ცენტრში, გამოყენებულ დამცავ საშუალებას რამდენჯერმე კინოთეატრის ყოფილი შენობის ნანგრევების დათვალიერების დროსაც წავაწყდი. ზემოთ მოცემული ეს კომენტარი რატომღაც არ დავბეჭდეთ, თუმცა შენახული მქონდა და ახლა ამოვქექე.
მიზეზი მორიგი დედოფლისწყაროელის აღშფოთება იყო. პირველი საჯარო სკოლის უკან, ყოფილი სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიასა და ნანგრევებში სულ ასეთი რაღაცეები ყრიაო – აღშფოთებას ვერ ფარავდა მოქალაქე. შებინდებისთანავე აქ მანქანების რიგი დგება და იქვე კავდებიან სექსით, არც ის გარემოება აფერხებთ, რომ რამდენიმე მეტრში დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდებარეობსო. შეუძლებელი იყო, არც ამ ადამიანს დავთანხმებოდი, სექსი ტაძრის სიახლოვეს, მართლაც რომ ამაზრზენია...
„სტადიონზე რა ხდება, სტადიონზე... არ იცით?... აბა, შენობის პირველ სართულზე, ნანგრევებში შეიხედეთ... იგივე სიტუაციაა რაც სხვაგან... თუმცა, ვიდრე სტადიონის კარს დაკეტავდნენ და "სვარკით" ამოქოლავდნენ, მანამდე მანქანებით სტადიონზე შედიოდნენ და პირდაპირ მოედანზე მოჰყავდათ ქალები... ასე შეიძლება, შვილო?... სექსი ყველა დროში იყო, მაგრამ რიდი, ერთმანეთის პატივისცემა და თავმოყვარეობა ყველას გვქონდა. ასე ღობე–ღობე კი არ ვაკეთებდით–კაცო... (ცხარობს) ახლა, რადგან ამათ, პრეზიდენტმა ურჩიათ, აგერ ბუჩქები და აბა თქვენ იცითო, ახლა ნამუსი სულ უნდა წაიწყმიდონ?... ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს და პატივი უნდა ვცეთ წინაპრების დანატოვარს. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვცეთ პატივი. სკვერში და ქუჩაში სექსს რომ გააჩაღებს, იმას რა თავმოყვარეობაზე უნდა დაუწყო ლაპარაკი, მოგიტრიალდება და ისეთებს გაკადრებს ხმას ვერ ამოიღებს. თინეიჯერებმა კი შეიძლება არც გულში დანის გაყრა ითაკილონ და სიცოცხლეს გამოგასალმონ. წიწილებივით ხოცავენ ერთმანეთს. თბილისში, ან სხვაგან რომ ხდებოდეს გული იმდენად არ დამწყდებოდა, როგორც ჩემს რაიონზე შემტკივა გული. არ მეგონა ასე მალე დედოფლისწყაროში თუ ეს პრობლემა დადგებოდა. კინოთეატრის შენობაშიც ეგ ამბავი იყო გაჩაღებული, კარგია ახლა უკვე პოლიციის გამჭვირვალე შენობა რომ განთავსდება, იქნებ ამან შეაფერხოს ეს ხალხი...“
„ქიზიყმა“ დედოფლისწყაროს ქუჩებში ამ საკითხის ირგვლივ რამდენიმე ახალგაზრდა გამოკითხა. გამოკითხულ მამაკაცთა 90%–ი ამბობს, რომ ბუნებაში, ანდა სკვერში სექსი უკვე ჰქონია და ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. გამოკითხულ გოგონათა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი ვერავინ შენიშნავს იმდენად საგანგაშო არ უნდა იყოს. გოგონათა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ქუჩაში სექსი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის დამამცირებელია და მათ რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. თუმცა, ამით მამაკაცები ამაყობენ და გოგონებს ამ ნაბიჯის გადადგმას სწორედ ვაჟები აიძულებენ.
როგორც გამოკითხულ ადამიანებთან საუბარში გაირკვა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ დედოფლისწყაროს ქუჩებში, სკვერებში და სხვადასხვა მიტოვებულ შენობებში სექსით ძირითადად თინეიჯერები უნდა კავდებოდნენ. ხალხი რატომღაც დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯს მოზრდილი და გაცილებით უფროსი ასაკის ადამიანები არ გადადგამენ. არგუმენტად კი იმ გარემოებას ასახელებენ, რომ უფროსებს გაცილებით მეტი თავშეკავებულობის უნარი აქვთ, ახალი თაობა კი ზედმეტად თავისუფალია სხვადასხვა დაბრკოლებებისგან.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ პატრიოტთა ბანაკში მყოფ მოსწავლეებს სიტყვით მიმართვის დროს ტრიბუნიდან ბუჩქებში გასეირნება და გართობა უსურვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ნაბიჯს უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ახალგაზრდებმა სქესობრივი აქტის ქუჩებში დამყარებას საგრძნობლად მოუხშირეს. საზოგადოება პრეზიდენტს ამ ნაბიჯს მოზარდების წახალისებაში უთვლის. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий