დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა 3 სექტემბრის სხდომაზე ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე მცხოვრები 1991 წელს დაბადებული პეტრე გაროზაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას ხულიგნობა ედება ბრალად.
დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდა, თუმცა, სიღნაღის პროკურატურის პროკურორის გიორგი შაიშმელაშვილის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა მორიგი დანაშაული პირობითი პატიმრობის მისჯიდან 6 თვეში ჩაიდინა, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
"განაჩენის გამოტანამდე მისი გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა მან კვლავაც განაგრძოს თავისი ბოროტი ქმედებები მივიჩნევთ, რომ ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს."
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დანაშაულის ჩადენის მომენტში გაროზაშვილს 4 წლის ვადით პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბრალიც სწორედ ამ გარემოებამ დაამძიმა. სხდომის მსვლელობისას მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებული მზად არის გირაოს სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ 4 000 ლარი გადაიხადოს.
მორიგი სასამართლო სხდომა დედოფლისწყაროს სასამართლოში 29 სექტემბერს 13:30 საათზე არის ჩანიშნული. სასამართლო გაროზაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს სწორედ ამ დროს განიხილავს.
სიღნაღის პროკურატურა ბრალდებულისთვის 6–დან 9 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გაროზაშვილი კვლავაც იზოლატორში გადაიყვანეს. /ქიზიყი/
* * *
პრეზიდენტი ველისციხეში კახეთის გამგებლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ველისციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრს, კახეთის გუბერნატორს და რაიონების გამგებლებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.
პრეზიდენტის თქმით, მთავრობისთვის კახეთში რთველი არ არის ჩვეულებრივი მოვლენა და ის ფუნდამენტური პოლიტიკური საკითხია.
"ყურძენი, ვენახი და ღვინო არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ, სოფლის მეურნეობა. ეს არის ჩვენი იდენტობის საკითხი, ჩვენი კულტურის ნამდვილი პასპორტი, ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ის, რაზეც საერთოდ დგას ჩვენი მეობა. ამიტომ, ეს გაცილებით ფართო თემაა ჩემთვის, ვიდრე სოფლის მეურნეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, წელს კახეთში დაფუძნდება ღვინის ინსტიტუტი და საქართველოში ჩამოვლენ უცხოელი მეღვინეები, რათა გაუმჯობესდეს და უკეთესად განვითარდეს ქართული ღვინის ჯიშები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, წინასწარი საპროგნოზო მონაცემებით, წელს კახეთი 150 ათას ტონა ყურძნის მოსავალს მიიღებს, რაც 50 ათასი ტონით მეტია გასულ წელთან შედარებით. კვეზერელის თქმით, ყურძნის მოსავალი 110 ათას კახელ გლეხს 60 მილიონ ლარს მოუტანს. მინისტრის ინფორმაციით, რთველის ძირითადი სამუშაოები 25 სექტემბრისთვის დასრულდება. /ჰერეთი/
Комментариев нет:
Отправить комментарий