
შეჯახების შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპნენ ასევე სამთაწყაროში მცხოვრები 29 წლის ნოდარ ხილაძე და მისი მეუღლე 27 წლის ნესტან ხილაძე, ასევე ოჯახის უფროსი 50 წლის შაქრო ხილაძე, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლი იყო.
გარდაცვლილია ასევე, მათთან ერთად სტუმრად მყოფი, ბათუმში მცხოვრები 18 წლის მერი ზოიძე. მას სასწრაფო ოპერაცია მცხეთის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მედიკოსების განმარტებით, გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ავარიის დროს მან მუცლის ღრუს მძიმე დაზიანებები მიიღო.
ფორდის მარკის მიკროავტობუსში სულ 16 მგზავრი იმყოფებოდა, ის მორებით დატვირთულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად 12 მგზავრი დაშავდა.

გარდაცვლილების ცხედრები დედოფლისწყაროში, სოფელ სამთაწყაროში უკვე ჩამოასვენეს.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, დაზარალებული მგზავრების მდგომარეობა ამ დრომდე რთულია. დაშავებულები ღუდუშაურის, ანდრო ჟვანიას და იაშვილის სახელობის კლინიკებში გადაიყვანეს.
როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, ავარიის გამომწვევი სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსი გახდა.
„გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი სამარშრუტო ტაქსი გახდა", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც შეშის მორები გადაჰქონდა, ფასანაურიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი მოულოდნელად დაეჯახა. ავარიის დროს "ოპელის" მარკის ავტომანქანაც დაზიანდა, რომელსაც კამაზიდან გადმოვარდნილი ხის მორი დაეცა.
სოფელ ჭოპორტთან მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული 47 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილ ნაკაშიძეების დედა ღუდუშაურის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ასევე მძიმეა იმ ოთხი მამაკაცის მდგომარეობა, რომლებიც ამავე საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.
როგორც სამთაწყაროს მკვიდრმა და მომხდარის თვითმხილველმა ამირან ხილაძემ "ქიზიყს" განუცხადა, მათი ნათესავისვე კუთვნილი მიკროავტობუსით სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეები ნათესავის ნათლობაში იმყოფებოდნენ, დედოფლისწყაროში დაბრუნების დროს კი დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მათი მანქანა კამაზის ტიპის სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება პრესაში: პირველი>> ; ჯეონიუსი>>
* * *
"რთველი სამხედრო რეჟიმში და ტერორის ქვეშ მიმდინარეობს"
"დედოფლისწყაროში რთველი სამხედრო რეჟიმში და ტერორის ქვეშ მიმდინარეობს", - ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა განუცხადა.
მისი მტკიცებით, ყველა იმ ოჯახს, რომელმაც ყურძნის ფასზე პროტესტი გამოთქვა, პრობლემების შექმნით და დახმარების მოხსნით დაემუქრნენ.
"განსაკუთრებით ავიწროებენ იმ ხალხს, რომელთაც ღიად ისაუბრეს, კახა კუკავასთან სამთაწყაროში გამართულ შეხვედრაზე. თავისუფალი საქართველო აპროტესტებს ყურძნის მიზერულ ფასსაც. ეს არის გლეხის ნაშრომის მასხარად აგდება და მამა-პაპისეული კულტურის გადაშენების მთავრობისეული მზაკვრული გეგმა", - განაცხადა თამილა გურაშვილმა.
ოპოზიციის ბრალდებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტყუილი უწოდეს. მათი განცხადებით, რთველი ქიზიყში დასასრულს უახლოვდება და მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შექმნია. /ჰერეთი/ პირwელი ; მედიანიუსი
Комментариев нет:
Отправить комментарий