
პარტიის ცნობით, თაღლითობისთვის ახლახან დაკავებულმა ცოლქმარმა ნონა მეხრიშვილმა და გია ტალიაშვილმა პროკურორ დავით დუღაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი მაშინ გააკეთეს, როცა მათ ქრთამს სთხოვდა და დაკავებით ემუქრებოდა.
„2011 წლის შემოდგომაზე დედოფლისწყაროს პროკურორი, დავით დუღაშვილი თანამდებობიდან სკანდალურად მოხსნეს, თუმცა ინფორმაციას ოფიციალურად დიდი ხნის მანძილზე არ ადასტურებდნენ. მისი გათავისუფლება სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრებ ცოლ-ქმარის, ნონა მეხრიშვილის და გია ტალიაშვილის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. ისინი პირად საუბარში აღნიშნავდნენ, რომ დავით დუღაშვილმა მათ ქრთამი მოსთხოვა და დაემუქრა. მათ ეს ჩანაწერი, როგორც აღნიშნავდნენ, ზემდგომ ორგანოში წარადგინეს და კროკურატურა იძულებული გახდა დუღაშვილი სამსახურიდან გაეშვათ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ექს–პროკურორ დავით დუღაშვილის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, რაც არ მომხდარა... პირიქით, იგი სასწრაფოდ დაასაქმეს დედოფლისწყაროს სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სამაშველო განყოფილების უფროსად. ცოლ-ქმარი კი, რომელთაც პროკურორის ე.წ. „გაფუჭება“ მოახერხეს, სულ მალე თაღლითობის ბრალდებით ციხეში გამოამწყვდიეს.
„თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ამ უსამართლობას გმობს და პროკურატურის შერჩევითი სამართლის პრინციპს აპროტესტებს. გვაინტერესებს, რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქრთამის აღებაში ბრალდებულ დავით დუღაშვილზე, რატომ მოქმედებს დედოფლისწყაროში შერჩევითი სამართალი? რატომ დასაქმდა მძიმე ბრალდებებში მხილებული, სკანდალურად განთავისუფლებული პროკურორი უმალ სამაშველო სამსახურის უფროსად და რატომ ნიშნავს მას გამგეობა ხელშეკრულებების კონტროლის კოორდინატორად? ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურორმა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე იცის ისეთი რამ, რის გამოც „ვალში“ არიან მის წინაშე. მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა, მათ შორის კონტროლის პალატამ და ძალოვანმა უწყებებმა დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე,“ – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში რომელიც ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაეგზავნათ. /ქიზიყი/ ივერიელი ;
Комментариев нет:
Отправить комментарий