,,კულტურის სახლს 1982-90 წლებში ვხელმძღვანელობდი. დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ სიცოცხლე გაცილებით უფრო ჩქეფდა. ყველა პირობა გვქონდა შექმნილი და ჩვენც მთელი დატვირთვით ვმუშაობდით. ინტენსიურად ვატარებდით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ჩვენთან ფუნქციონირებდა ჭრა-კერვისა და სანიტარული კურსები. იმართებოდა თემატური და ლიტერატურული საღამოები. ეს წლები ძალზე ნაყოფიერი იყო და დღემდე საუკეთესო პერიოდად მახსენდება," - აღნიშნა ნანა ჭუჭულაშვილმა.
როგორც სოფლის კულტურის სახლის დირექტორმა მარინა ოზაშვილმა აღნიშნა, სოფელში კულტურული ცხოვრება 1920-30-იან წლებში იწყება. მისი თქმით, სოფელ ჯაფარიძეში თავდაპირველად ე.წ. `ქოხ-სამკითხველო~ გაიხსნა, შემდეგ კი კულტურის სახლი. ამ სცენაზე გადადგა პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები მსოფლიო ბარიტონმა ლადო ათანელმა, რომელიც მისთვის ძალზე წარმატებული აღმოჩნდა.
სოფელში კულტურის სახლის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით საინტერესო მოგონებები გაიხსენა სოფლის კოლორიტმა, დამსახურებულმა პედაგოგმა ეგული ყოჩიაშვილმა. მან საზოგადოებისთვის ბევრ უცნობ და ძალზე საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.
ეგული ყოჩიაშვილი: ,,1955 წლის 9 ნოემბერს კულტურის სახლი საზეიმოდ გაიხსნა. ამ დროისთვის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ნიკო ყოჩიაშვილი დიდების ზენიტში იყო. ამ პედიოდში სოფელში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი იშვიათობა იყო. მხოლოდ რამდენიმე პირი იყო ასეთი: ცნობილი ექიმი, ლევან ბოსტოღანაშვილი და მისი ძმები. ასევე, ვიქტორ ბოსტოღანაშვილი, პროფესორი, ფარმაკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და მისი და გულჩინა ბოსტოღანაშვილი – იურისტი, რაიონის მოსამართლე.
კულტურის სახლის მშენებლობა გაზაფხულიდანვე დაიწყო. უმაღლესი საბჭოს სესიაზე ყოჩიაშვილს შეხვედრია ცნობილი მსახიობი სტეფანე ჯაფარიძე და მისთვის უთქვამს, კულტურის სახლს ვაშენებ და 7 თვეში საზეიმოდ გავხსნიო. მსახიობს უთქვამს, თუ შვიდ თვეში მაგას მოახერხებ, საესტრადო ბრიგადით თქვენთან ვიქნებიო. მან დანაპირები შეასრულა. 9-ში საღამოს დარბაზში ტევა აღარ იყო, ფეხზე დასადგომიც ძლივს მოიძებნებოდა. სტეფანე ჯაფარიძე და გურამ საღარაძის მამა – გიორგი საღარაძე ჩამოვიდნენ. აქვე იყვნენ განუმეორებელი აკაკი კვანტალიანი და შაქრო გომელაური. სხვათაშორის, გომელაურის ფუძე სოფელი მირზაანია. ამ მოწინავე სოფლიდან იყვნენ ცნობილი მოღვაწე გომელაურები. ჩვენი სოფლის სკოლის დირექტორი დარეჯან გომელაური საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნათლული იყო. კვანტალიანმა და გომელაურმა სკეტჩი წარმოადგინეს. სცენას ამშვენებდა სავსე მთვარესავით ნათელი და გაბადრული, ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, კომპოზიტორ გოგი ცაბაძის მეუღლე მერი შილდელი. მან არაერთი ნომერი მიუძღვნა შეკრეფილ საზოგადოებას".
დარბაზში შეკრეფილ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს ცნობილმა პოეტებმა ზაურ გონაშვილმა, თამაზ წიკლაურმა, ლევან ალავერდაშვილმა და ნატო ყატაშვილმა, რომელთაც საკუთარი ლექსებით დაამშვენეს საღამო. ღონისძიებას დედოფლისწყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯუმბერ უთრუთაშვილიც ესწრებოდა. მილოცვებს დედოფლისწყაროს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილიც შეუერთდა და მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს განსაკუთრებული აქტიურობისათვის.
ღონისძიების გაფორმებაში საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ამავე სოფელში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებსაც, ნაწილი ცეკვით, ნაწილი სიმღერით, ზოგიერთი კი ლექსებით ხიბლავდა დამსწრე საზოგადოებას. მანდილოსნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რატომღაც არ გამოჩენილან სოფელ სამრეკლოს რწმუნებული ვლადიმერ ჭუჭულაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ილია ტალიაშვილი.
ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას სოფლის ექიმმა მიმართა: ,,გაზაფხულის დღესასწაულების მოლოცვის შემდეგ მინდა შეგახსენოთ, რომ ქალს ცხოვრების გალამაზების გარდა გამრავლების ფუნქციაც აკისრია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში თითქოს დემოგრაფიის პრობლემა გამოსწორებისკენ მიდის, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით სოფელ სამრეკლოზე. გაზულ წელს სამრეკლოში მხოლოდ 16 ახალშობილი დაიბადა, ხოლო 37 მოქალაქე გარდაიცვალა. ამიტომ ამ კუთხით მეტი აქტიურობაა საჭირო," - აღნიშნა ექიმმა თეა გოგილაშვილმა.
კიდევ ერთი ლამაზი საღამო სოფელ სამრეკლოში ალა-ფურშეტით დასრულდა. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий