„ტრენინგებზე დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრიდან გაგვგზავნეს, სწავლება სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სხვა საკითხებთან ერთად მუზეუმის მართვის მენეჯმენტი შეგვასწავლეს, რის შემდეგაც ტესტირება კომპიუტერით ჩავაბარეთ. მხოლოდ ათი მათგანი დაჯილდოვდა და მათ შორის პირველ რიგში დედოფლისწყაროს წარმომადგენლებს გადმოგვცეს. მე და ქეთევან მჭედლიშვილმა საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, 50 კითხვიდან 48 ქულა მჭედლიშვილმა დააგროვა, მე კი 47. სერთიფიკატთან ერთად საჩუქრად სამახსოვრო საათიც გადმოგვცეს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ლია ბაიდოშვილმა.
„ქიზიყის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გობეჯიშვილი საგამოცდო დროში ვერ ჩაეტია, რის გამოც ბარიერი ვერ გადალახა. კულუარული ინფორმაციით, ფიროსმანის მუზეუმის მმართველს საგამოფენო დარბაზის გასაღების დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია ტელეფონით სწორედ ტესტირების დროს მიაწოდეს, რამაც მისი შეფერხება გამოიწვია.
ტრენინგის მიზანი მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა მუზეუმებში მისულმა მოქალაქეებმა თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღონ.
ინტერაქტიულ სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის მართვა და მონიტორინგი. ტრეინინგის ფარგლებში რეგიონული სამსახურების ოფისის თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში მონაწილეობენ, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობენ და გამოიმუშავებენ ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
აღნიშნული ტრეინინგები კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ტრეინინგს ეტაპობრივად ჯერ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ყველა ობიექტის – სასტუმროების, რესტორნების მენეჯერები, ხოლო შემდგომ ყველა თანამშრომელი გაივლის.
ეფექტური მომსახურების ტრეინინგების განხორციელება სხვადასხვა უწყებებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებამ წარმატებით განახორციელა იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგი. დღეისათვის ეფექტური მომსახურების ტრეინინგი სასაწავლო ცენტრში უკვე გაიარეს შემოსავლების სამსახურისა, მერიის და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий