
როგორც გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის აპარატის უფროსმა ხათუნა გონაშვილმა განუცხადა, ჯამალაშვილი ამიერიდან საფინანსო კომიტეტის თავმჯდომრის პოსტიდან გათავისუფლდება, თუმცა გონაშვილი განმარტავს, რომ ჯამალაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე საუბარი არ არის.
,,ჯამალაშვილი კომიტეტის თავმჯდომრის პოსტს დატოვებს, თუმცა მის მიერ მანდატის დატოვება არ იგეგმება. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ასეა ცნობილი. მას საკრებულოსთვის არ უცნობებია, რომ დეპუტატობა აღარ სურს. მისი ახალი თანამდებობა დეპუტატობასთან შეთავსებადია და ამ მხრივ რაიმე სახის შეზღუდვები არ არის. ამიტომ, ის ჩვეულებისამებრ გააგრძელებს სხდომებზე სიარულს, ამჯერად საკრებულოს წევრის სტატუსით," - განუცხადა "ქიზიყს" ხათუნა გონაშვილმა.
შეგახსენებთ, ამასწინათ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე კახეთის სამხარეო პროკურატურაში ლევან ჯამალაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსად მუშაობის დროს ლევან ჯამალაშვილი დამოუკიდებელ ჟურნალისტებს გაუპატიურებით ემუქრებოდა და კრიტიკული სტატიების წერისგან თავის შეკავებას აიძულებდა.
,,მარტყოფლიშვილს რაღაცაში გამოვიჭერ და უნდა დავატ..ნა" ; "სულ ერთია, გიხმარებთ" - ეს ხსენებული საჯარო მოხელის ლექსიკონში არსებული ფრაზებია.
ჯამალაშვილის სახელს უკავშირდება 2006 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის სოსო ხაჩიაშვილის დაკავების სკანდალური საქმეც. იმხანად ლევან ჯამალაშვილი გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა. ხაჩიაშვილი პირად საუბრებში ადასტურებს, რომ ჯამალაშვილმა ინტრიგნულ ხერხებს მისი ჩამოშორებისა და რაიონის მმართველის სავარძლის ხელში ჩაგდების მიზნით მიმართა.
ჯამალაშვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დანიშვნამ დედოფლისწყაროელები ძალზე გააოგნა. ამ ინფორმაციის მოსმენისთანავე თითქმის ყველა მოქალაქის რეაქცია ამგვარი გახლდათ: ,,სად ერეკლე, სად"... ჯამალაშვილის არაკომპეტენტურობასა და თანამდებობისთვის შეუფერებლობაზე დედოფლისწყაროელები ჯერ კიდევ მისი სოც-სამსახურის უფროსად მუშაობის დროს ადანაშაულებდნენ. "ქიზიყის" მონიტორინგის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ იმხანად მის კაბინეტში დახმარების თხოვნით შესულ გაჭირვებულ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ოთახს უკმაყოფილო ტოვებდა და მის არაკომპეტენტურობასა და უტაქტო დამოკიდებულებაზე ღიად მიანიშნებდა.
ამას გარდა, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ლალი აბულაძე ჯამალაშვილს კაბინეტიდან გამოძევებაში ადანაშაულებდა, მისი თქმით, სოც-სამსახურის უფროსი მანდილოსანზე საცემად იწევდა.
ლევან ჯამალაშვილის დანიშვნას საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოსტზე უარყოფითად აფასებენ და სამინისტროს მიერ დაშვებულ შეცდომას უწოდებენ ყოფილი და მოქმედი პედაგოგების ნაწილი. ამ საკითხზე ღიად საუბარი ზოგიერთს უჭირს, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ისეთი კადრის განათლების სფეროში გაშვება, რომელიც ამ სფეროში ოდნავაც ვერ ერკვევა - წარმოუდგენელი და დაუშვებელია. ამ კადრის დანიშვნაზე საუბრობენ ადგილობრივი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც. ისინი ჯამალაშვილის ამ სკამზე დასმას აპროტესტებენ და საკადრო ცვლილებას უარყოფითად აფასებენ.
მოსახლეობა და პედაგოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროში უამრავი განათლებული და უფრო მეტად გამოცდილი კადრი არსებობს, ამდენად ამ პოსტზე სხვა კანდიდატურის შერჩევა გაცილებით ეფექტური და შედეგის მომტანი იქნებოდა.
ლევან ჯამალაშვილის განათლება და შრომითი ბიოგრაფია ამგვარად გამოიყურება. 1989 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით, 1989-93 წლებში მუშაობადა წითელწყაროს რაიონის მელიორაციის სამმართველოში, 1990-91 წლებში წითელწყაროს რაიონის პრეფექტურაში, 1993–95 წლებში სოფელ არბოშიკის კოტაანის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, 1996-2000 წლებში დედოფლისწყაროს რაიონის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, 2001-2002 წლებში „დედოფლისწყარორაიგაზის“ დირექტორად, 2004-2006 წლებში გამგებლის მოადგილედ, 2006-07 წლებში გამგეობის ეკონომიკის განყოფილების გამგედ, 2007-08 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარე კახეთის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, 2008-09 წლებში გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსად, 2010 წელს გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის უფროსად, 2010 წლის ივნისიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარინა მეხრიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობა 10 ნოემბრიდან დატოვა: "დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას. მე პირადი განცხადების საფუძველზე დავწერე განცხადება და წავედი", - განუცხადა რადიო "ჰერეთს" მეხრიშვილმა.
რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამის შესახებ საუბარი არც თავად რესურს-ცენტრის უკვე ყოფილ უფროსს სურს. თუმცა, "ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციით, დედოფლისწყაროში აქტიურად საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ მეხრიშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
"მეხრიშვილის მეუღლე, ფერმერი ბესიკ თოფჩიშვილი ბურჯანაძესთან ახლობლობს. რადგანაც ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, მეხრიშვილის გათავისუფლებაც ამ ფაქტს დაუკავშირეს. არ არის გამორიცხული ეს ვერსია რეალობასთან ძალიან ახლოს იყოს," - აცხადებენ დედოფლისწყაროელები. ამ ფაქტზე კულუარებში აჟიოტაჟი არ ცხრება.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის იძულებით გათავისუფლების ფაქტი დედოფლისწყაროში უკვე მეორედ დაფიქსირდა. ამასწინათ, ამ თანამდებობის დატოვება ნონა გომელაურსაც აიძულეს. თუმცა, მიზეზებზე და არსებულ ზეწოლებზე ღიად საუბარი ამ დრომდე არცერთმა მართგანმა არ ისურვა. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий