
როგორც ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი იდეა“-ს ხელმძღვანელმა გიორგი პოპიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, პროექტი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და ის 5 000 ლარით დაფინანსდა.
პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ბაღაშვილმა „ქიზიყს“ განუმარტა, რომ პროექტი, რომელსაც „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრი ერთობლივად ახორციელებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის 17– იდან 35 წლამდე წევრებს აძლევს საშუალებას, უფასოდ შეისწავლონ საოფისე პროგრამები, ინტერნეტი და ინგლისური ენა. მისი თქმით, პროექტი იმ ოჯახებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და მათი სარეიტინგო ქულა 150 000-სს არ აღემატება.
„ახალგაზრდების დაინტერესება საკმაოდ დიდია. სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სადაც განხორციელდება აღნიშნული პროექტი, ახალი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. უკვე დაკომპლექტებულია პედაგოგიური კადრებიც, რაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ მათთვის სასურველ ცოდნას. მეცადინეობა 10:00–დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის 47 განაცხადია შემოსული და პროცესი კიდევ გრძელდება. იმდენად ბევრი მსურველი აღმოჩნდა, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ დამატებითი შეხვედრა მოგვეწყო. ყველა მათგანს შევხვდით, ჯგუფები მათთვის სასურველი დროის მიხედვით დაკომპლექტდა. ანალოგიური პროექტი ჩვენ 10 წლის წინაც განვახორციელეთ, თუმცა იმის გამო რომ ტექნიკა მოძველებული იყო, განახლების საჭიროება იდგა და სასიხარულოა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ეს მოხერხდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ბაღაშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, მისი მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და სხვადასხვა სამსახურების უფროსები. მათ პროექტის ხელმძღვანელობას და სასწავლო ჯგუფების პირველ ნაკადს მიულოცეს სასწავლო პროცესის დაწყება და თანადგომას და ურთიერთთანამშრომლობას დაჰპირდნენ.
როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ის ათი თვის მანძილზე გაგრძელდება და სოციალურად დაუცველებით დაკომპლექტებული თითეული ჯგუფი სამთვიან კურსს გაივლის. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий