სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატი მამუკა ნოზაძე საქმეზე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ადვოკატი ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს, პარლამენტარებსა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს საქმის მონიტორინგს და რეაგირებას სთხოვს.
„გთხოვთ, რომ ამ შეთითხნილ საქმეზე აწარმოოთ მონიტორინგი, საჯაროდ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და საქმის დეტალების შესახებ შეატყობინოთ საერთაშორისო უფლებადამცავ ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომელთაც თქვენ პერიოდულად ხვდებით.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაშინ, როცა გამოძიება მიკერძოებულად მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ სასამართლო, რომელმაც ნიკოლაშვილის საქმე უნდა განიხილოს, ამჯერადაც ნოტარიუსის ფუნქციას შეასრულებს და დაამოწმებს იმას, რასაც პროკურატურიდან უბრძანებენ, სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში ქმედითი დახმარება მხოლოდ და მხოლოდ სახალხო დამცველის, ჟურნალისტების, პარლამენტარების და საქართველოში არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიურობას შეუძლია. რასაკვირველია, სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, რომელსაც ამჟამად ქმედითად ვახორციელებ“, - აცხადებს მიმართვაში მამუკა ნოზაძე.
ადვოკატს მიაჩნია, რომ სოფო ნიკოლაშვილი მსხვერპლია პოლიციის მხრიდან ძალადობისა. მისი განცხადებით, ნიკოლაშვილი კახეთის სამხარეო პოლიციის დეტექტივ - გამომძიებლმა გიორგი სიბაშვილმა გააუპატიურა, რომელსაც დღეს დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მამუკა ნოზაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ის, რომ ე.წ. დაზარალებულის ძმა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რეგიონალური ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი; მამა, გოჩა სიბაშვილი არის გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე, ხოლო მამის ძმა, გიორგი სიბაშვილი კახეთში გუბერნატორის პირველი მოადგილეა.
ნიკოლაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება.
Комментариев нет:
Отправить комментарий