
,,მთელ ქუჩაზე დიდი გუბეები დგას, გადაადგილებასაც ვერ ვახერხებთ. დღეს სახლიდან რომ გავსულიყავი შემოვლითი გზით ვისარგებლე და გზა 4 კილომეტრით დავიგრძელე. ხან გვეჩქარება ხოლმე მაგრამ ვერაფერს ვახერხებთ. გაუსაძლისი ვითარებაა. გეფიცებით, სასწრაფოს გამოძახებასაც ვერ ვახერხებთ. ამ ბოლო დროს ხშირად გვიხდება სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ მანქანაც ვერ მიუდგება ისეთი ვითარებაა. ამას ანტისანიტარიაც ემატება. რწმუნებულ ღარიბაშვილს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ არაფრად ჩაგვაგდო, დამცინავი პასუხი გაგვცა ,,თქვენთვის რომ ჭრით და კერავთ, მასე არ არისო"... ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს გელა თეთრაულს შვილებს გეფიცებით, ბევრი სახეზეც ვერ სცნობს. დაგვპირდნენ, წყალსაც გავიყვანთო, მაგრამ 21 წელია აქ ვცხოვრობ და ვერაფერი მოხერხდა," – აცხადებს დუმბაძის ქუჩის მკვიდრი მარინე ნანობაშვილი, რომელსაც სხვებიც ეთანხმებიან.
იგივე პრობლემაზე მიანიშნებენ დანარჩენი მაცხოვრებლებიც. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ რადგან სოფელი ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, ადგილობრივი ხელისუფლება მათ უყურადღებოდ ამიტომ ტოვებს"
,,დუმბაძის ქუჩა ძირითადად სხვადასხვა ეროვნების მაცხოვრებლებით დასახლებული უბანია. ბევრი მიიჩნევს, რომ ამიტომ გვჩაგრავენ. ჩვენი ბედი და პრობლემები არავის აინტერესებს. არც რწმუნებული გვაქცევს ყურადღებას და დეპუტატსაც საერთოდ არ ვახსენდებით. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქართულიც არ იცის და იმედი გადაწურული აქვთ, რომ ყურადღებას მაინც არავინ მიაქცევს. ძალიან მიტოვებული სოფელია წითელწყარო. ხელისუფლებას რატომღაც დავავიწყდით. დავიღალეთ, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ..." – აღშფოთებას ვერ ფარავენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხსენებული სოფლის მოსახლეობა რწმუნებულსა და მაჟორიტარს მასიურად უპირისპირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით მოქალაქეთა პრეტენზიები ბოლო დროს ინტენსიურ ხასიათს იძენს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий