ერისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ნაციონალური ღვაწლისთვის გამგეობაში სავარძლით დაჯილდოვდეს ვაჟბატონი გოგიტა რობიტაშვილი!
გოგიტა რობიტაშვილი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გახლდათ და ყველა ღონე იხმარა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხმები უკანონო გზებითაც მიეღო. მის საარჩევნო გმირობას, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე, ოდნავ მოგვიანებით გაგახსენებთ, ახლა კი იმის შესახებ, თუ რა უცნაური ფაქტების მოწმენი გავხდით.
რამდენიმე თვის წინ იგივე რობიტაშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებაში სოც-აგენტად მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს, თელავიდან სააგენტოს რეგიონალური ხელმძღვანელი ოთარ სესიკაშვილი ჩამოვიდა და სააგენტოს შემოწმება დაიწყო. სესიკაშვილი აღშფოთებული საუბრობდა, რომ სოც-აგენტების არაობიექტური და მიკერძოებული მუშაობის კუთხით დედოფლისწყაროში საგრძნობლად მძიმე ვითარება იყო. სულ მალე სესიკაშვილმა გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ დედოფლისწყაროში ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ნათელაძეების ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის განკუთვნილ დახმარებას იღებდნენ, მაშინ, როცა ისინი თბილისსა და დედოფლისწყაროში რამდენიმე ბინას და პურის ბიზნესს ფლობდნენ. ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას აღშფოთებული სოც-სააგენტოს რეგიონალური ხელმძღვანელი ამბობდა, რომ სოციალური აგენტების არასწორი მუშაობის გამო დედოფლისწყაროში დახმარებები არაობიექტურად იყო გადანაწილებული.სესიკაშვილი თანამშრომლების გათავისუფლებით დაიმუქრა, სულ მალე კი გაირკვა, რომ სოციალური სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილება ორმა სოც-აგენტმა დატოვა. სამსახურიდან ხმაურით დაითხოვეს აგენტები გია გუგენიშვილი და გოგიტა რობიტაშვილი. მათი გათავისუფლების შესახებ სააგენტოს კახეთის რეგიონული ხელმძღვანელობა მწვავე შეფასებებს აკეთებდა. კრიტიკული მასალები გამოქვეყნდა პრესაშიც და სპეციალური გადაცემები მიეძღვნა რადიო "ჰერეთის" პირდაპირ ეთერშიც.
ამდენად, გოგიტა რობიტაშვილის გათავისუფლება სკანდალურად შეფასდა. უნდა ითქვას, რომ "ქიზიყს" მისი მუშაობით უკმაყოფილო ათობით მოქალაქე ახსოვს, რომლებიც რობიტაშვილს არაობიექტურ მუშაობაში ადანაშაულებდნენ.
იმის გამო, რომ რობიტაშვილი არჩევნებზე ხელისუფლების სასარგებლოდ იბრძოდა და თვალს ბევრ დარღვევაზე ხუჭავდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა როგორც სჩანს მისმა გათავისუფლებამ ძალზე შეაწუხა...
მიუხედავად იმისა, რომ რობიტაშვილი სოციალურ სააგენტოში მუშაობისთვის დაწუნებულ იქნა და ხმაურით გათავისუფლდა, უხელფასოდ დარჩენილი თანაგუნდელისთვის ახლახან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ელვისებრი სისწრაფით ახალი შტატი შექმნა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რობიტაშვილი გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტად დაამატეს... ანუ, იმავე საქმისთვის "დაწუნებული" და სკანდალით დათხოვნილი კადრის თვითმმართველობის ორგანოში დასაქმება სულ რაღაც ორიოდ თვეში მოხდა...
ეს კი უხელფასოდ დარჩენილი თანაგუნდელისთვის ადგილის გამონახვის მცდელობას უფრო წააგავს, ვიდრე სოციალურად დაუცველთათვის მუშაობისთვის პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
ალბათ, მის ახლო წარსულზე რაიონის ხელმძღვანელებმა თვალი იმ მარტივი მიზეზის გამო დახუჭეს, რომ ხელისუფლება რობიტაშვილთან ვალშია... ექსკლუზიურად მისთვის ახალი შტატის დამატებაც სწორედ ღვაწლის დაფასებას ჰგავს... ახლა, ამ ყველაფერს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე რომ არ გადაწყვეტდა და დირექტივა უფრო ზემოდან წამოვიდოდა, ამას ბავშვიც მიხვდებოდა... იმასაც მშვენივრად მიხვდებოდნენ, რომ ეს ნაბიჯი მათი იმიჯისთვის არცთუ სახარბიელო და გამართლებული იქნება და მითქმა-მოთქმის საბაბად დიდხანს დარჩება... (!)
ასე არ ფიქრობს დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი. ის რატომღაც მიიჩნევს, რომ რობიტაშვილი ამ სფეროში საუკეთესო სპეციალისტია, ბადალი არ მოეძებნება და მისი დანიშვნა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. შანშიაშვილი ხაზს უსვამს, რომ რობიტაშვილისთვის შტატის დაშვებასთან მისი არჩევნებზე მუშაობა არაფერ კავშირში არ არის...
,,რასაც თქვენ მეკითხებით გოგიტა რობიტაშვილის იმიჯზე და მის სკანდალით გათავისუფლებაზე, ჩვენი მხრიდან ინფორმაცია გადამოწმებული იყო, მაგრამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან უხეშ მოპყრობაში დადანაშაულებული არ იყო... ვიცი, რომ არჩევნებზე მუშაობდა, მაგრამ ეს მის გამგეობაში დასაქმებასთან დაკავშირებული არ არის. გამგეობას სოციალური სააგენტოს მომსახურებით განაწყენებული ბევრი მოქალაქე აკითხავს, ამიტომ, რობიტაშვილი ის კადრია, რომელიც ამ სფეროში ძალზე გარკვეულია. ვფიქრობთ, რომ ის ერთადერთია, რომელიც ამომწურავ და კომპეტენტურ პასუხს გასცემს ასეთ მოქალაქეებს და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღეთ," - აცხადებს გამგებელი...
ახლა კი იმის შესახებ, თუ რატომ აღმოჩნდა რობიტაშვილი რაიონის ხელმძღვანელებისთვის ერთადერთი და განუმეორებელი.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გოგიტა რობიტაშვილი #3 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გახლდათ. ეს უბანი ქალაქის #4 საბავშვო ბაღის შენობაში მდებარეობდა და იმხანად ყველა იმაზე მიანიშნებდა, რომ ყველაზე რთული ვითარება რობიტაშვილის საარჩევნო უბანზე იყო. დღის 18:00-დან 20:00 საათამდე, ანუ საარჩევნო უბნების დაკეტვამდე სწორედ ამ უბანზე ვესწრებოდი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი საათის მანძილზე საარჩევნო ოთახში ყვირილი, აურზაური და ზეწოლის აშკარა ფაქტები განუწყვეტლივ ფიქსირდებოდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამით საარჩევნო პროცესი ფერხდებოდა და ამომრჩეველს ნაციონალური კონცერტების ხილვა უხდებოდა, უბნის თავმჯდომარე ვაჟბატონი რობიტაშვილი ისე იყო გატრუნული, თითქოს მედიასაშუალების დამკვირვებელზე ამგვარი იერიშის მიტანა და მისი ოთახიდან გაძევება კანონდარღვევა არ ყოფილიყოს... ალბათ, პარტიის ლიდერებისგან ისეთი მსუყე დაპირებები ჰქონდა მიღებული, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო, თხასავით გაიყიდა, სინდის-ნამუსიც გვერდით გადადო და არც ბინძურ მეთოდებს მოერიდა...
მხედრული მამაცობისთვის და ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მიართვით ბუს კვერცხები რობიტაშვილს!!!... /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ამონარიდი ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიერ მომზადებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის დასკვნიდან, რომელიც 2008 წლის ივნისში რამდენიმე რესპუბლიკურ გაზეთში ვრცლად დაიბეჭდა.
* * *
კენჭისყრის დასრულებამდე 40-იოდე წუთი რჩებოდა, ჩვენ კი დედოფლისწყაროს #3 უბანზე ვიმყოფებოდით. უკვე უბნის დატოვებას ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე წყაროდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ მმართველი პარტია ,,ჩაყრას" სწორედ ამ უბანზე აპირებდა, ამიტომ გადავწყვიტე მოვლენათა განვითარებას აქ დავკვირვებოდი. ანონიმური წყაროები გვატყობინებდნენ, რომ ხსენებული უბნის პერსონალთან და მათ შორის ოპოზიციურ დამკვირვებლებთან საქმე "მოგვარებული" იყო და ამიტომაც იყო, რომ ჩვენი დარჩენა არავის ესიამოვნა და ყველა მათგანი მამის მკვლელის თვალით მომჩერებოდა. აშკარა იყო, რომ რამდენიმე მხრიდან დაიგეგმა ჩემი განეიტრალება.
მახსოვს, უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ფოცხვერაშვილი ოთხჯერ თუ ხუთჯერ მომიგზავნეს, ცოტა ხნით გარეთ გაგვყევიო. ცხადია, არსად გასვლას არ ვაპირებდი... დასკვნა თქვენ გამოიტანეთ და ამ არჩევნების შემდეგ სულ მალე ფოცხვერაშვილიც ხელისუფლების ბანაკში აღმოჩნდა და გამგეობაში დაასაქმეს... მალევე, რობიტაშვილის უბანზე 5_6 ნაც-აქტივისტი შემოლაგდა, რომელთა უმრავლესობა პრესის წარმომადგენლად იყო გაფორმებული. გაზეთი "ხორნაბუჯი" - ასეთი მოწმობა ჰქონდათ. ეს გაზეთი დედოფლისწყაროში არჩევნებამდე ორი წლის წინ გამოვიდა და მხოლოდ ორიოდ ნომერი გამოიცა. ის მხოლოდ ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის გახლდათ და პოლიტიკასთან საერთო არ ჰქონდა. მისი დამფუძნებელი იმჟამად დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურის სპეციალისტი ნელი გობეჯიშვილი გახლავთ. ჩვენ პრესის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვან სიას თვალი ყურადღებით გადავავლეთ, თუმცა ჟურნალისტიკასთან ოდნავ მაინც მიახლოვებული არავინ შეგვინიშნავს. უდავო იყო, რატომ მოხდა ჟურნალისტის მოწმობას ამოფარებული აქტივისტების მასიური მობილიზება უბნებზე.
ერთი სიტყვით, უბნის დაკეტვამდე რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, ვითარება მით უფრო მწვავდებოდა. მეგობრული რჩევების შემდეგაც უბნის დატოვებაზე რომ უარი ვთქვი, მმართველი პარტია აგრესიასა და მუქარაზე ღიად გადავიდა... გამორჩეულად აქტიურობდა ცესკო-დან დედოფლისწყაროში მოვლენილი იურისტი გოგა თარაშვილი. როგორც სჩანს, მას მმართველი პარტიისთვის დიდი ოდენობით ხმების მოგროვება ევალებოდა.
კენჭისყრა დასასრულს უახლოვდებოდა და რაკი ჩაყრაში ხელს ილია მარტყოფლიშვილი უშლიდა, თბილისიდან მოვლენილმა თარაშვილმა პირდაპირ უბანზე, ამომრჩეველთა ნაკადის თანდასწრებით სპექტაკლი გაითამაშა. ტელეფონი ყურთან მიიდო და ვითომ რომელიღაც უბნიდან აცნობეს, საარჩევნო უბანი დაარბიეს და ყუთი გაიტაცესო. ვაჟბატონმა თარაშვილმა ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და მიბრძანა სასწრაფოდ შემთხვევის ადგილზე გავყოლოდი. გიჟვრაცუა თარაშვილს შევახსენე, რომ საქმე სახელისუფლებო დაფინანსების გაზეთთან არ ჰქონდა და მარტყოფლიშვილი თავად გადაწყვეტდა სად დაესწრებოდა კენჭისყრას. ამის გაგონებაზე თარაშვილი გაცოფდა და ჩემი აკრედიტაციის შემოწმება სცადა. ჯერ თავისი მოწმობის წარმოდგენა მოვთხოვე. წამით მაჩვენა, თუმცა გვარი-სახელის გარდა ვერაფრის ამოკითხვა ვერ მოვასწარი და მოწმობა ღრიალით ხელიდან გამომგლიჯა, სააკაშვილის ლაქიამ არც შეურაცხყოფის მოყენება ითაკილა. მემუქრებოდა, რომ ჩემს გვარ-სახელს ჩაიწერდა და სადაც საჭიროა იქ განაცხადებდა. მოგვიანებით, თავისივე ავტომანქანით წაყვანა შემომთავაზა... (არ ვიცი სად აპირებდა ჩემს გადამალვას) ვთხოვე, დაეკონკრეტებინა სად და რომელ უბანზე მოხდა დარბევა, თუმცა თარაშვილი ამან უფრო გააღიზიანა და ყვირილით გავარდა უბნიდან. დიდსულოვნად დაიქადნა, სხვა ჟურნალისტებს წავიყვანო და გაზეთ "ხორნაბუჯის" ფსევდო-ჟურნალისტები გაიყოლა. თან, ამომრჩევლის თანდასწრებით მიკერძოებული და არაობიექტური გაზეთი გვიწოდა. არცერთმა ოფიციალურმა წყარომ, არც არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა თარაშვილის მიერ შეთხზული დარბევის ფაქტი არ დაადასტურა და ვინ იყო მიკერძოებული თავად განსაჯეთ.
სულ მალე, 19:34 წუთზე პირად ტელეფონზე მოქალაქე დამიკავშირდა, რომელსაც ვინაობა არ დაუკონკრეტებია. 8(93) 97 57 57-დან მირეკავს და აცხადებს, რომ ნაცმოძრაობის შტაბიდან მიკავშირდება. ,,შტაბში ბრიფინგი იმართება და ილია მარტყოფლიშვილი დაუყოვნებლივ შტაბში გამოცხადდესო. თავად მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს ავთანდილ ლეკაშვილს სურდა დაუყოვნებლივ ჩემთან შეხვედრა და სასწრაფოდ მივსულიყავი"... მოგვიანებით, გავარკვიე, რომ ეს ნომერი ირაკლი, თუ კახა ხოსროშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე ნაცმოძრაობის გუნდშია.
არც ისე ვაპირებდი ნაციონალურ შტაბში გაქცევას, მაგრამ თავად ავთო ლეკაშვილმაც უარყო და დასძინა, რომ არც ჩვენს მიერ დასახელებული ნომერი ეცნობოდა, არც ბრიფინგის გამართვა დაუგეგმია და არც მარტყოფლიშვილის ნახვა დაუვალებია ვინმესთვის. მალევე კიდევ რამდენიმე ფარული თუ ღია ნომრით განხორციელდა ანონიმური ზარები. უცნობი მამაკაცი მოგვიწოდებდა ,,ენის ტლიკინისთვის თავი დაგვენებებინა და დაბრმავებული თვალებით ნაციონალების გაკეთებული საქმეებიც დაგვენახა, დარღვევებზე კი ტრა...ი დაგვეჭირა"...
ამ ყველაფერს კი თვალყურს გატრუნული და სულგანაბული ადევნებდა ჩვენი გოგიტა რობიტაშვილი... სამწუხაროდ, მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეუსრულებია და მომხდარზე რეაგირების მოხდენა არცერთხელ არ უცდია. თუ რატომ, ამას მშვენივრად მიხვდებით... მოკლედ, კენჭისყრის დასრულებამდე და უბნის დაკეტვამდე გავძელით, თუმცა ათასგვარი ხრიკებითა და მაქინაციებით, უბანი იძულებით დამატოვებინეს და ხმის დათვლის პროცესს ვეღარ დავესწარი.
P.S. ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ ბაღაშვილის მმართველობის პერიოდში რა პრინციპებით ხდება სავარძლების გადანაწილება. ფაქტია, რომ უპირატესობა ენიჭება არა კომპეტენციას, ან რეპუტაციას, არამედ იმას, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა ნაციონალური ხმების მოგროვებაში და შტატებიც იმის მიხედვით ემატება, რომელიმე მათგანი უხელფასოდ რომ არ დარჩეს...
ჰოდა, ჩემო გოგიტა, ხომ ხედავ უხელფასოდ არც შენ დაგტოვეს... ასე რომ, ამაოდ არ გარჯილხარ, დაგიფასდა ძმაო, დაგიფასდა... ვაშა!!! რაც არ უნდა მოხდეს, სანამ სააკაშვილის რეჟიმი იქნება, მიდი შენც იბლატავე და შენებურად შეუბერე... გწამდეს, რაიონის ხელმძღვანელები შენს გვერდით დგანან... ჩვენ კი არ დავიღლებით საზოგადოებისთვის მუდმივად იმის შეხსენებით, რომ ბინძურ თამაშებში გაქვთ ხელები გასვრილი, რომ უამრავ უმსგავსობაზე დახუჭეთ თვალი და შთამომავლობას სიამოვნებით მოვუყვებით, როგორ აყალბებდა ურცხვად არჩევნებს ნაციონალური ბანდა რობიტაშვილებისა და მისთანების დახმარებით...
ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий