დედოფლისწყაროს რაიონში, ე.წ. „ჩათმის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით 4 000 ჰექტარზე კალია გავრცელდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერმა ზურა თეთვაძემ განუცხადა, კალია სწრაფად მრავლდება და მავნებლის სალიკვიდაციოდ ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი.
„ვცდილობ, რომ საკუთარი ძალებით შევწამლო სახნავ - სათესი ნაკვეთები. კალია ხორბლის და სიმინდის ნათესებს ჭამს და თუ ტერიტორია მალე არ შეიწამლა, მოსავალს გაანადგურებს“, - აღნიშნა ზურა თეთვაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ისეთი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის იტალიური ან მაროკოული კალია, ამერიკული თეთრი პეპელა.
„საფრთხის ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები წელსაც გატარდება, დაახლოებით მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში“, - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ვერიკო გულუამ. /ICK/
* * *
სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს დაბადების მოწმობები გადაეცათ
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს დაბადების მოწმობები გადასცა. დოკუმენტები გადაეცა მრავალშვილიან ქალბატონს და მის ხუთ შვილს. მათ მოწმობები საერთოდ არ ჰქონდათ და ამიტომ მათთვის დაბადების იურიდიული ფაქტების დადგენა გახდა საჭირო.
ბოშების დოკუმენტაციის საკითხზე ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა“ იმუშავა თავისი პროექტის, სახელწოდებით „მოქალაქეობის არმოქნე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“ ფარგლებში. ეს ორგანიზაცია მუშაობს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც მოქალაქეობის არქონის საფრთხის წინაშე დგანან.
ცნობისთვის, 21 მაისს, თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბოშათა ფესტივალი გაიმართა. ბოშების კულტურის საღამო ორგანიზაციების - „უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრისა“ და „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაციები საქართველოში მცხოვრები ბოშების პრობლემების მოგვარების მიმართულებით მუშაობენ.
რადიო „თავისუფლების“ ვიდეომასალა>>
Комментариев нет:
Отправить комментарий