ბავშვებს იმავე სოფელში მცხოვრები მამიდა პატრონობს, რომელიც მეურვეობის უფლების მიღებას უკვე რვა თვეა ელოდება. მოზარდები მარჩენალდაკარგულის პენსიას ვერ იღებენ და არც სოციალური დახმარება აქვთ. ბავშვებს არც ელექტროენერგიის და კვების ვაუჩერები მიუღიათ.
„გასული წლის ოქტომბერში დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების ცენტრში განცხადება შევიტანე ჩემი ძმისშვილების ოჯახის გადამოწმების თაობაზე. სოციალურმა აგენტმა გადაამოწმა, მაგრამ სახლი არც დაუთვალიერებია. ბავშვებს გამოჰკითხა რაღაცეები და 2 ხბო მეწველ ძროხად ჩაწერა. 70 000 ქულამდე მოუვიდათ. სააგენტოში მითხრეს, მარცვლეულის საროში ჰქონიათ სახლში, ე.ი შემოსავალი აქვთ და დახმარება არ ეკუთვნითო. ამ წისქვილის გამო არც კვების და ელექტროენერგიის ვაუჩერები მისცეს, ინდმეწარმეები ხართო, არადა საროში გაფუჭებულია, თვეებია აღარ მუშაობს და ბავშვებს კაპიკი შემოსავალი არ აქვთ. ვერც ობლობის პენსიას იღებენ. ოქტომბრიდან ველოდები მეურვეობას, მაგრამ აჭიანურებენ. ვის ადარდებს ობლები შიმშილით დაიხოცებიან თუ არა?“- აღნიშნა ბავშვების მამიდამ მაია გავაშელიშვილმა.
მოზარდების საცხოვრებელი სახლი ავარიულია. პირველ სართულზე ოთახები დანესტილია, იატაკი დაზიანებულია, ნესტისგან კედლებიდან ბათქაში ცვივა. მეორე სართულზე კი ჭერი ჩამოწეულია და კედლები დაბზარული.
სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ გავაშელიშვილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტო განმეორებით გადაამოწმებს. კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი შუამდგომლობით სააგენტოს გუბერნატორის ადმინისტრაცია მიმართავს.
„ოჯახი შეყვანილია დამატებით სიაში და ვაუჩერებს ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდან. მარჩენალის პენსია ბავშვებს უახლოეს დღეებში დაენიშნებათ. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ჩვენ ვუშუამდგომლებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომ ოჯახი განმეორებით გადამოწმდეს. ამასთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი განყოფილება ამ საქმეს ინდივიდუალურად განიხილავენ“, - განუცხადა სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
* * *
კახეთის გამგეობებში საჯარო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაციას ბლოკავენ?!
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ადგილობრივ საჯარო მოხელეთა სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციას მალავს. ამის შესახებ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი მტკიცებით ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშია.
,,კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოდან მიმდინარე წლის 30 აპრილს გამოითხოვა. კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლის მიუხედავად, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ახმეტის გამგეობებიდან, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან სრულყოფილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია," - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
მათი ცნობით, რეგიონში ადგილობრივი ბიუჯეტების თითქმის 30% ადმინისტრაციულ ხარჯებს შეადგენს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელფასთან ერთად პრემიას წელიწადში რამდენჯერმე იღებენ. 2010 – 2011 წლებში ხელფასთან ერთად პრემიები აქვთ მიღებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებსაც.
გაზეთ "ქიზიყის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა პრემია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რამდენიმე თვის წინ მიიღეს, რასაც ოპოზიციური პარტიების საპროტესტო განცხადებები მოჰყვა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий