четверг, 31 марта 2011 г.

სკოლის დირექტორის სამი ვაკანტური ადგილისთვის 10 კანდიდატი იბრძვის

31 მარტს სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი იწყება. კახეთის რეგიონში 74 ადგილია ვაკანტური, რომლის დასაკავებლადაც კონკურსში მონაწილეობისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში სულ 159 კანდიდატი დარეგისტრირდა. როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე მეხრიშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, დედოფლისწყაროში 3 ვაკანტურ ადგილზე - 10 კანდიდატის განცხადებაა რეგისტრირებული. 

,,სოფელ გამარჯვებაში, ფიროსმანსა და საბათლოს საჯარო სკოლებში არიან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები, რის გამოც ახლა მათთვის კონკურსი გამოცხადდა. საერთო ჯამში 13 განაცხადი შემოვიდა, თუმცა შესაბამისი ანკეტა მხოლოდ 10–მა კანდიდატმა გაიტანა, აქედან გამომდინარე ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მხოლოდ 10 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის არიან ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებლები" – განაცხადა მარინე მეხრიშვილმა. 

გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველი გაივლის ინდივიდუალურ ტესტირებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე დაიშვებიან პირები, რომლებიც გადალახავენ ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს. გამოცდა 5 აპრილს დასრულდება. თელავის მუნიციპალიტეტში 14 ვაკანტურ ადგილზე 40 კანდიდატის განცხადებაა რეგისტრირებული; სიღნაღში 6 ადგილზე - 12 განცხადება; ყვარელში 14 ადგილზე - 22 განცხადება; ახმეტაში 8 ადგილზე - 9 განცხადება; ლაგოდეხში 7 ადგილზე - 15 განცხადება; საგარეჯოში 13 ადგილზე - 28 განცხადება; გურჯაანის რაიონში 9 ვაკანტურ ადგილზე 23 კანდიდატის განცხადებაა რეგისტრირებული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

* * *
სტიქიით დაზარალებულთათვის 25 ათასი ლარი გამოიყო


25 მარტის სტიქიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად აზარალა. ძლიერმა ქარმა ქალაქ დედოფლისწყაროში მოგლიჯა ხეები და სტალინის ქუჩაზე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს ახლადგადახურული სახურავები გადახადა.

დედოფლისწყაროს გამგებელმა სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 25 000 ლარი გამოყო.. სამუშაოების დაჩქარებული წესით დასაწყებად, საკრებულომ გამგებლის, ნიკოლოზ შანშიაშვილის წერილობითი თხოვნა განიხილა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის მიზნით, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დეპუტატებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.

საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია არ შექმნილა, თუმცა გამგეობის სამსახურებმა ზარალის შესწავლა უკვე მოახდინეს. დედოფლისწყაროს მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში დაზარალებული მოიქალაქეების განცხადებები ზარალის ანაზღაურების თაობაზე უკვე შესულია.

როგორც ცნობილია, ახლახან, კორპუსების გადახურვითი სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისთვის კომპანია ,,კავკაზ ტაუერსი" 110 719 ლარით დაჯარიმდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის მიმდინარე წლის #442-ე ბრძანების მიხედვით, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და სხვა არაკლასიფიცირებული სამუშაოებიდან, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოებისთვის ნაცვლად, 217 211 ლარისა შპს „კავკაზ ტაუერსს“ თანხა ჩაერიცხა პირგასამტეხლოს - 110, 719 ლარის გამოკლებით. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი 
* * *

სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი 150 მლნ ლარიდან დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემები მოეწყობა

სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი 150 მლნ ლარი 70 პროექტზე გადანაწილდება, ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა. როგორც გაირკვა, დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემები მოეწყობა. მინისტრმა დეპუტატებს კონკრეტული პროექტებიც გააცნო და აღნიშნა, რომ მათი განხორციელებით მიღებული შედეგი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში რამდენიმე პროექტი განხორციელდება მათ შორის: სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკური ცენტრები: ლოჯისტიკური ცენტრი აშენდება თბილისის მახლობლად, გარდაბნის რაიონში.

სიმინდის საშრობი და შესანახი მეურნეობა: მისი აშენება დაგეგმილია ლაგოდეხში, სადაც წელს მინიმუმ 6000 ჰექტარზე ჰიბრიდული სიმინდი დაითესება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ლაგოდეხიდან წელს სიმინდის ექსპორტი განხორციელდება.
მექანიზაცია: იგეგმება ტრაქტორებისა და კომპანიების შემოყვანა, რომელთა დეფიციტით ქვეყანაში არსებობს.

სარგავი მასალის სათბური: ბოსტნეულის ჩითილების საწარმოებლად ზუგდიდში სარგავი მასალის სათბური აშენდება. ზუგდიდში, სოფელ ცაისში არის საშუალება არტეზიული, ცხელი წყლის გამოყენებით მოხდეს ჩითილების წარმოება, რაც ეკონომიკურად გამართლებულია. მინისტრი ამბობს, რომ დღეს ჩითილის წარმოება გლეხს ოჯახურ პირობებში უწევს, რასაც ინდუსტრიული ხასიათი არ აქვს და ამიტომ ჩითილის ფასი საკმაოდ მაღალია.
მორწყვითი სისტემის დამონტაჟება გარდაბანსა და დედოფლისწყაროში: მთავრობა ამ ქალაქებში პროექტის განხორციელებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.
სადრენაჟო სისტემების დანერგვა: პროგრამა მთლიანად მოიცავს კოლხეთის დაბლობს და მოხდება დაჭაობებისგან სავარგულების დაცვა.

/ილია მარტყოფლიშვილი

* * *

მოსწავლეები ჟურნალისტებს შეხვდნენ


ჟურნალისტიკის დღის მისალოცად დედოფლისწყაროს ანდრია ბენაშვილის სახელობის ინგლისური პროფილის სკოლა "რჩეულის" დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დედოფლისწყაროში მოუშავე ჟურნალისტებს პირადად შეხვდნენ და მათი საქმიანობის დეტალებით დაინტერესდნენ. საქმიანი შეხვედრა გაზეთ "შირაქის" რედაქციის ოფისში შედგა და მეგობრულ გარემოში წარიმართა.
წამყვანის როლი გაზეთ "შირაქის" რედაქტორმა ნაირა გორაშვილმა იკისრა, თუმცა დიალოგში პერიოდულად სხვა ჟურნალისტებიც ერთვებოდნენ და თავისი პროფესიის თავისებურებებზე ვრცლად საუბრობდნენ. ნაირა გორაშვილმა ვრცლად ისაუბრა გაზეთის სპეციფიკაზე, ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებაზე ადგილობრივი მედიის მიმართ. ვრცლად განიხილეს გაზეთის მრავალწლიანი ისტორია და არაერთი საინტერესო დეტალი გაიხსენეს.
ჟურნალისტებმა ლალი მეხრიშვილმა, ინგა შიოლაშვილმა, ილია მარტყოფლიშვილმა და ნანა ლაპიაშვილმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხეს და პროფესიულ სირთულეებზე ისაუბრეს, შემდეგ კი პირველი ნაბიჯები გაიხსენეს ჟურნალისტიკაში.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მომავალი კვირიდან ისინი კედლის გაზეთის დაარსებას გეგმავენ და სტატიებს ყოველთვიურად დაწერენ. მათი თქმით, ჟურნალისტებთან შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი მათი გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიღება იყო, ამიტომაც შეხვედრა ორივე მხარემ ძალზე ნაყოფიერად შეაფასა.
დედოფლისწყაროში მომუშავე სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, ტრადიციულად, კვლავაც უყურადღებოდ დატოვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ. /ქიზიყი/

вторник, 29 марта 2011 г.

დასუფთავების სამსახურიდან 7 ადამიანი გაათავისუფლეს

დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურიდან 6 მუშა და 1 მძღოლი გაათავისუფლეს. როგორც გათავისუფლებულებმა „ქიზიყს“ განუცხადეს, მათ სპეც–ტანსაცმელი უკვე ჩამოართვეს. 

,,6 წელია ამ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ, ასეთი ხელმძღვანელი ჯერ არ გვყოლია. პირადი ინტერესებით მოქმედებენ. ყოჩიაშვილს, ჩვენს სამსახურში 77 ადამიანი ჰყავს გაფორმებული, სინამდვილეში კი მხოლოდ 30–მდე ადამიანი ვმუშაობთ. კარგს სვამენ და ჭამენ. სამსახურში სულ ქეიფი აქვთ, პირადი ინტერესებით მოქმედებს, თუ საპენსიო ასაკის მიხედვით გაგვათავისუფლა, მაშინ რატომ მიიღო თავისი არბოშიკელი ნათესავი, რომელიც ასევე პენსიონერია?... ღორებიც კი სამსახურში გააზრდევინა ერთ–ერთ ჩვენს თანამშრომელს. სტალინის სკვერს ყარაული რად უნდოდა. საკრებულოს თავმჯდომარეს დაუვალებია ეს კაცი შეინახეთო და ამიტომ ვინმე კარლო გააფორმეს, ე.წ. სტალინის სკვერში ყარაული ვის უნახავს, მხოლოდ ხელფასს იღებს." – აცხადებენ გათავისუფლებული თანამშრომლები ტრისტან ფილაური, გოჩა გოგილაშვილი და ლონგო ყოჩიაშვილი.

ამ საკითხზე შპს „სერვისი 2007“–ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ პრობლემები აქვს: „ჯერ არავინ არ გამინთავისუფლებია, ახლა პირადი პრობლემები მაქვს“ – განაცხადა ყოჩიაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების სამსახურის დარღვევებს ფინანსური პოლიცია იკვლევს, როგორც სჩანს, ხელმძღვანელობა პირადი ინტერესებით მოქმედებას განაგრძობს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

სატელეფონო კოდები შეიცვალა

საქართველოში სატელეფონო კოდები შეიცვალა. ზარის განხორციელების ახალი წესები 1 მარტიდან უკვე ამოქმედდა, თუმცა, ცნობილია, რომ გარდამავალ პერიოდში ახალ კოდებთან ერთად ძველიც იმოქმედებს. როგორც გავარკვიეთ, მიმდინარე წლის 4 აპრილიდან საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ დაბაში დარეკვა მხოლოდდამხოლოდ ახლადდაწესებული კოდებით იქნება შესაძლებელი.

ახალი კომბინაციებისა და წესების გასაცნობად, აბონენტებს საკმაოდ ცოტა დრო რჩებათ, რამაც, შესაძლოა, მოსახლეობას დამატებითი პრობლემები და დაბრკოლებები შეუქმნას.
ვითარების გარკვევა კომპანია "სილქნეტის" ადგილობრივ ხელმძღვანელთან ვცადეთ. როგორც "სილქნეტის" დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის უფროსი რევაზ კიკაბიძე აცხადებს, დედოფლისწყაროს სატელეფონო კოდი ამიერიდან 256-ის ნაცვლად იქნება 356. ამ და სხვა სიახლეებზე გაზეთ "შირაქის" კითხვებს რევაზ კიკაბიძე პასუხობს:

 "თბილისში დასარეკად აბონენტმა უნდა გამოიყენოს ახალი სატელეფონო კოდი 8-32 და ადრესატის ნომერი, ხოლო ქალაქ რუსთავში დასარეკად, ნაცვლად 24-ისა, უნდა აიკრიფოს " 341. სასურველია, მოსახლეობა ახალ წესებში მალე გაერკვეს, რადგან აპრილის თვიდან ძველი კოდების გამოყენებით ზარის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გეოგრაფიული ნუმერაციის ახალი კოდები ყველა კომპანიას უკვე დაეგზავნა, რათა მედიასაშუალებების მეშვეობით, თუ სხვა სახის შეტყობინებებით, აბონენტების დროული ინფორმირება მოხდეს. ამ მხრივ პრესის დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ცვლილებებით გამოწვეული უხერხულობები თავიდან ავიცილოთ.
-- ბატონო რევაზ, გარდა სატელეფონო კოდების ცვლილებებისა, კიდევ რა სიახლეს უნდა ელოდნენ დედოფლისწყაროელი აბონენტები?
--პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სერვის-ცენტრი აქტიურად მუშაობს დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში ხარისხის გაუმჯობესებასა და დაფარვის არეალის გაზრდაზე. სატელეფონო მომსახურებაში დედოფლისწყაროს ისეთი უბნებიც გვინდა ჩავრთოთ, სადაც ათეულობით წელია, კავშირი მოშლილია, ან საერთოდ არ ყოფილა. გეგმა უკვე შემუშავებულია და განსახილველად თელავში არის გადაგზავნილი. ეს საკითხი მალე გადაწყდება და ქსელი უფრო გაფართოვდება.

--არცთუ სახარბიელო ვითარებაა ჩვენს საზღვრისპირა სოფლებში, ამ კუთხით რა სამუშაოებს გეგმავთ? ვიცი, რომ სამთაწყაროში "სილქნეტის" სიგნალის გაძლიერებას აზერბაიჯანული მხარე აფერხებს...
-- "საზღვრისპირა სოფლები დღემდე რჩება პრობლემად. თუმცა, უკვე დაგეგმილი გვაქვს, რომ სოფელ ახრილოსკალოში დამატებითი ანძა განთავსდეს, რომელიც ქედების ზონაში ხარისხს გააუმჯობესებს. რაც შეეხება სოფელ სამთაწყაროს, იქ ანძის მონტაჟი ვერ ხერხდება, რადგან ორი ქვეყნის სიხშირეები ერთმანეთში ირევა და პრობლემას ქმნის. უკაბელო ტლეფონის მოთხოვნა სამთაწყაროდან ნამდვილად გვაქვს, თუმცა, ანძის არარსებობა გვაფერხებს. ასევე, მინი-ატეესებია საჭირო, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე იმ ოდენობის მომხმარებელი არ გვყავს, რომ სამთაწყაროში ამხელა სამუშაოების ჩატარება ღირდეს.
--ანუ, ამჟამად სამთაწყარო-ფიროსმანში პერსპექტივა ნაკლებია?
-- საქმე იმაშია, რომ ამ სოფლებს შეუძლიათ ჩვენი სიგნალი ლაგოდეხიდან მიიღონ. არსებობს გარე-ანტენები, რომლებიც ადრე 80-ლარამდე ღირდა. ახლა ისინი გაიაფდა და ხელმისაწვდომია. თუ მას შეიძენენ, თავისუფლად შეუძლია სამთაწყარო-ფიროსმანის მოსახლეობას უკაბელო ტელეფონის სიგნალი პირდაპირ ლაგოდეხიდან მიიღოს. ამინდების გაუმჯობესებისთანავე არხილოსკალოს ანძის მონტაჟი უკვე დაიწყება.
სოფელ წითელწყაროსა და ჯაფარიძეში სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტმომსახურებაც. ამ სოფლებიდან ჩვენთან უკვე შემოსულია ინტერნეტის მსურველთა 200-ზე მეტი განცხადება.
--სულ რამდენი აქტიური აბონენტია დედოფლისწყაროში და გეგმავთ თუ არა მათი რიცხვის გაზრდას?

--სილქნეტის აქტიური აბონენტი დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში ამჟამად 740-ზე მეტია, ამაში შედიან როგორც ძველი აბონენტები, ისე უკაბელო ტელეფონის მფლობელები. ამათგან 280 უკვე სარგებლობს ინტერნეტით.
უახლოეს მომავალში, აბონენტთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, იგეგმება არსებული ნომრებისთვის კიდევ ერთ ციფრის ჩამატება, თბილისის ნომრები შვიდციფრიანი გახდება, ხოლო რაიონების  ექვსციფრიანი.
კახეთის ქალაქების ახალი სატელეფონო კოდები კი ასე გამოიყურება: ახმეტა 349, თელავი 350, საგარეჯო 351, ყვარელი 352, გურჯაანი 353, ლაგოდეხი 354 და სიღნაღი  355.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი

* * *

სოფელ წითელწყაროში ქალბატონის გვამი იპოვეს


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროში, ყოფილი ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეზობლებმა 84 წლის ნინა შოშიაშვილის გვამი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია თვითმხილველებმა გამოიძახეს. 

გვამს შესაბამისი გამოკვლევა სიღნაღის ექსპერტმა უკვე ჩაუტარა, საბოლოო დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. "ქიზიყის" ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონს სხეულზე ძალადობის კვალი, ან რაიმე სახის გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 

გარდაცვლილის მეუღლე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მეზობლებმა ეჭვი შოშიაშვილის შესაძლო მკვლელობაში შეიტანეს და სამართალდამცავ ორგანოებს ამ მიზნით აცნობეს. 

მოხუცის გარდაცვალების მიზეზებს სამართალდამცველები ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ. მომხდარზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. /ქიზიყი/

суббота, 26 марта 2011 г.

თვითმკვლელობის მიზნით 45 წლის მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადახტომას ცდილობდა...

სუიციდის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა ქალაქ დედოფლისწყაროში. ტაქსის მძღოლი, 45 წლის დიმიტრი ბ-შვილი რაიონული პოლიკლინიკის შენობის სახურავზე ავიდა და თვითმკვლელობას გეგმავდა. შემთხვევის ადგილზე უამრავი თვითმხილველი იმყოფებოდა, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს.
ვითარების განმუხტვა და მამაკაცის გადარჩენა საპატრულო პოლიციამ მალევე მოახერხა. როგორც გაირკვა, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დიდი ოდენობით ვალები აქვს, ბოლო დროს გაშორდა მეუღლესაც, რის გამოც დაგროვილი პრობლემებისგან თავის დასაღწევად თვითმკვლელობა სცადა.
,,ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ვიყავი მეგობრებთან ერთად. ამ დროს დავინახეთ, რომ კაცი სახურავზე იყო ასული და ყვიროდა, თავი უნდა მოვიკლაო. პატრულს დაურეკეს და მათ ჩამოიყვანეს. მიზეზი ვერ გავიგეთ," - აცხადებს თვითმხილველი გიორგი ალუღიშვილი. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *
ქარიშხალმა ქალაქი დედოფლისწყარო 40 ათასი ლარით აზარალა

დედოფლისწყაროში 25 მარტს მთელი დღის მანძილზე ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებდა. სტიქიამ მოსახლეობაც მნიშვნელოვნად აზარალა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქარმა მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ახლადგადახურული სახურავი გადახადა და რამდენიმე ხეც მოგლიჯა.

"ქიზიყის" ინფორმაციით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე წაქცეული ხე ავტო-მანქანას დაეცა, ქარმა მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა ასევე ნაციონალური მოძრაობის შტაბის ეზოშიც.
მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგიაც, რის გამოც შეფერხებით მუშაობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები. მათ შორის პარალიზებული იყო ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" მუშაობაც.
მეორე დღეს, დილის 7 საათიდან, ელექტროსადენების აღდგენა და ზარალის დათვლა დაიწყო. აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგათ ელექტრო ენერგიეს მიწოდება. წინასწარი ინფორმაციით, ზარალმა 40 ათას ლარს გადააჭარბა.
ხარვეზებია კომპანია "ჯეოსელის" სიგნალის გავრცელებაში, რამაც სატელეფონო კავშირების შეზღუდვა გამოიწვია. მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ასევე ქართული ტელეკომპანიების გადაცემებიც, უკვე მეორე დღეა გათიშულია საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის სიგნალიც.
ყველაზე რთული ვითარება ქალაქ დედოფლისწყაროში, სტალინის ქუჩაზე, "ტაოპრივატბანკის" შენობის უკან მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინას შეექმნა, რომელსაც სტიქიამ სახურავი მთლიანად გადახადა. კორპუსის ბინადრები გამგეობას დახმარებას მანამ სთხოვენ, ვიდრე გაწვიმდება.

მიხეილ მარტყოფლიშვილი (61 წლის, თვითმხილველი): ,,ბანკთან მანქანით ვიდექი. უცებ ჩამობნელდა და დავინახე, რომ სახურავი ვარდებოდა, მანქანა სასწრაფოდ უკან დავწიე და გადავრჩი, თორემ დამეცემოდა. საბედნიეროდ, ამ მომენტში არც გამვლელები იყვნენ და გზაზე არც მანქანები მოძრაობდა, თორემ შესაძლოა უფრო სავალალო შედეგები მოჰყოლოდა.
ვაჟა სეხნიაშვილი (58 წლის, დაზარალებული): ,,ქარმა სახურავი ჩვენს კორპუსს გადახადა, მეხუთე სართულზე ვცხოვრობ და ყველაზე მეტად მე დავზარალდი, რადგან რომ გაწვიმდეს ჩემი ბინა დაზიანდება. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ, ალბათ წავალთ და პარლამენტთან დავჯდებით... იმედია, გამგეობა მალე გააკეთებს.
მამუკა ყაჭაშვილი (32 წლის, დაზარალებული): ,,ღვთის ანაბარა ვართ დარჩენილები, ღმერთმა ქნას არ გაწვიმდეს, თორემ უფრო მეტად დავზარალდებით. ახლა ცას უნდა შევყუროთ. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მალე გააკეთებს.
დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კი ზარალის დადგენასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი

* * *

"ნიჭიერი" სოსო ნარიმანიძე დედოფლისწყაროში დაიბადა


სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პოპულარული პროექტ "ნიჭიერის" ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტი სოსო ნარიმანიძე, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში დაიბადა და გაიზარდა. მან ბავშვობაც ამ სოფელში გაატარა. ამ ინფორმაციას "ქიზიყთან" საუბარში ადგილობრივი მოსახლეობა და სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბეჟან სუხაშვილიც ადასტურებს.

,,სოსო ნარიმანიძე მაყურებლის წინაშე წარსდგა, როგორც დუშეთის მკვიდრი, მაგრამ ვადასტურებ, რომ ის სოფელ ზემო ქედში დაიბადა. მათი ბინა პირველი საჯარო სკოლის უკან, ე.წ. მთიულების უბანში მდებარეობს. მისი მშობლები წარმოშობით ამ სოფლიდან არიან. შემდეგ კი ბებიამ დუშეთში წაიყვანა და როგორც ცნობილია, დამოუკიდებლად გაიზარდა... პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რაც ეკრანზე გამოჩნდა, სოფელში ბევრი საუბრობს, რომ ძალიან ნიჭიერი და განათლებული ბიჭია. როგორც ვიცი, ჩვენს სოფელთან დღემდე აქვს კონტაქტი. პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ ბევრი ვიცი ისეთი, ვისაც მასთან უშუალო მეგობრობა აკავშირებს და ერთად ხშირად უქეიფიათ კიდეც. საერთოდ, ზემო ქედში ნარიმანიძეები დღესაც ცხოვრობენ," - აცხადებს სოფელ ზემო ქედის რწმუნებული ბეჟან სუხაშვილი.

,,ტელე-ეთერში ითქვა, რომ მას მამა გარდაეცვალა და ობლად გაიზარდა... მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც დედამისმა ქვეყანა დატოვა, ბებიამ სოსო დუშეთში, მათთან საცხოვრებლად გადაიყვანა. მას შემდეგ იქ დარჩა. სოფელ ზემო ქედთან კავშირი მას არ გაუწყვეტია. ვიცოდით, რომ კარგად მღეროდა, ამიტომაც მისი ამ პროექტში გამოჩენა ძალიან გაგვიხარდა. თუმცა, ამხელა წარმატება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ძალიან ბედნიერები ვიყავით, როცა მთელი ფილარმონიის დარბაზი სოსოს ფეხზე წამოუდგა და ის მეორე ტურში გადაიყვანეს. უშუალო და დადებითი პიროვნებაა, მას შემდეგ სოსომ საოცარი პოპულარობა მოიპოვა. რაც მთავარია, უკვე უამრავ სხვა გადაცემაშიც იწვევენ, რაც მის პოპულარობაზე მიანიშნებს. უკვე ერთგვარ კოლორიტად იქცა, ეს კი ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა," - აცხადებენ ზემო ქედის მაცხოვრებლები.

სოსო ნარიმანიძე ძალებს მეორე ტურშიც მოსინჯავს. მან მაყურებელს თავი დაამახსოვრა სიმღერის: "აბობოქრებულ ზღვაში გატარებ" - შესრულებით. მაყურებელი და ჟიური განსაკუთრებით მისმა სითამამემ და შესრულების მანერამ მოხიბლა. მის მიერ სოფელ ზემო ქედში გატარებული წლების შესახებ "ქიზიყი" მოკვლევას კვლავაც განაგრძობს, საინტერესო დეტალებს მომავალშიც მოგაწვდით. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

четверг, 24 марта 2011 г.

კონტროლის პალატამ დედოფლისწყაროს გამგეობის შემოწმება დაიწყო

კონტროლის პალატა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას ამოწმებს, - ეს ინფორმაცია "ქიზიყს" კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე დავით კაპანაძემ ოფიციალურად დაუდასტურა.

"ქიზიყის" ინფორმაციით, კონტროლის პალატა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მოქალაქეთა განცხადებები შევიდა.

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დოკუმენტები შესასწავლად უკვე გამოთხოვილია. პირველ რიგში, დედოფლისწყაროს შესწავლა დავიწყეთ, პროცესი უკვე მიმდინარეობს... არის ისეთი რაიონები, სადაც აუდიტის განყოფილება წელიწადნახევარია შესვლას ვერ ახერხებს. დედოფლისწყაროს შესწავლას თვითმმართველობის ბიუჯეტის შემსწავლელი დეპარტამენტის უფროსი ვასილ გიგოლაშვილი მოახდენს. შესაბამისი დასკვნაც მას შემდეგ გახდება ცნობილი. ცალკეული მუნიციპალიტეტების შემოწმებას გეგმიურადაც ვახდენთ, მაგრამ ზოგჯერ, რაღაც სიგნალი შემოდის რეგიონებიდან და ამაზე დაყრდნობით ვამოწმებთ, - განუცხადა "ქიზიყს" დავით კაპანაძემ.

კონტროლის პალატა ყოველ ორ წელიწადში გამგეობების შემოწმებას უნდა ახდენდეს, თუმცა მსგავსი რამ დედოფლისწყაროში უკვე მეშვიდე წელია არ მომხდარა. ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ კონტროლის პალატას კახეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

 
* * *
დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიცია შევიდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიცია შევიდა, ინფორმაციას შპს "სერვისი 2007"-ის უფროსი ზურაბ ყოჩიაშვილიც ადასტურებს, თუმცა დეტალების დაკონკრეტება არ სურს.
,,შემოსავლების სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო გვამოწმებს. კონკრეტულად რამ გამოიწვია მათი დაინტერესება ვერ გეტყვით, მიზეზები ჩემთვის უცნობია, ალბათ გეგმიური შემოწმებაა. ბოდიშს გიხდით, უნდა გავთიშო, არ მცალია," - განუცხადა "ქიზიყს" ყოჩიაშვილმა.
საფინანსო პოლიციაში, ამ საკითხის ირგვლივ, დამატებით დეტალებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ პრეს-სამსახური განმარტებას მოგვიანებით გაავრცელებს.

"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და გაბერილ შტატებს ეხება. შეგახსენებთ, ამ საკითხებზე პროტესტი თავად დედოფლისწყაროში მომუშავე მეეზოვეებმა ორი თვის წინ ცოცხების დაყრით ღიად გამოხატეს. ცნობისთვის, მიმდინარე წელს ამ სამსახურისთვის დაფინანსების ზრდის მიუხედავად მეეზოვეებს ხელფასები შეუმცირეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
სოფელ ჯაფარიძეს "სამრეკლო", ან "ნიკორციხე" დაერქმევა

სოფელ ჯაფარიძის სახელწოდების ირგვლივ ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა. სოფელის კულტურის სახლში მოსახლეობა შეიკრიბა, სადაც ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. თათბირს ხელმძღვანელობდა სოფელ ჯაფარიძის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ილია ტალიაშვილი. დღის წესრიგში სოფლისა და ქუჩებისთვის სახელების შეცვლა იყო. ცნობისთვის: ჯაფარიძის ყველა ქუჩა საბჭოურ სახელწოდებას დღემდე ინარჩუნებს. სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილის მოსაზრება სხდომაზე ვეტერანმა ზოოტექნიკოსმა გიორგი ყოჩიაშვილმა გაახმაურა. მათი აზრით, სოფელს "სამრეკლო" უნდა დაერქვას, არგუმენტად კი იმ გარემოებას ასახელებენ, რომ სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის რესტავრაცია აქტიურად მიმდინარეობს და ეს სახელი მოსახლეობის სულიერ განმტკიცებას ხელს შეუწყობს. ამ მოსაზრებას დაეთანხმა, ასევე სოფლის ინტელიგენციის წარმომადგენელთა უმრავლესობაც, მათ შორის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე აბრამ ხარაშვილი და სხვები. სხდომას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე და მამა პეტრე ხუმარაშვილი. დეკანოზი ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ სოფელ ჯაფარიძისთვის "სამრეკლოს" დარქმევა უფრო მიზანშეწონილია. მისი თქმით, ამ სახელწოდებას ეთანხმება ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკიც.

,,მიუხედავად ამ შეგონებებისა, აღნიშნული მოსაზრებებისთვის კრების ინიციატორებს ყურადრება არ მიუქცევიათ. მათი ინიციატივა არის ნიკორციხე ან ნიკორწმინდა. არადა, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ამ სახელს ჩვენს სოფელთან არავითარი შეხება არ აქვს. ნიკორას ციხის მწვერვალზე ელიის ეკლესია არის აღმართულიო, ეს ელიას მთაზეა საუბარი და ის დედოფლისწყაროსთვის უფროა შესაფერისი. თანაც, ვფიქრობ, რომ სამღვდელოების აზრის უგულებელყოფა მკრეხელობაა," - აცხადებს სოფლის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, დამსახურებული პედაგოგი ეგული ყოჩიაშვილი.
სოფლის მაჟორიტარმა ილია ტალიაშვილმა და სკოლის წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ მათი აზრით, სოფელს "ნიკორციხე", ანდა "ნიკორწმინდა" ეწოდოს. გაჩნდა აზრი, რომ ახალი სახელწოდება სკოლამ და მომავალმა თაობამ შეარჩიოს. სოფლის ინტელიგენციის წარმომადგენლები კი ითხოვენ, რომ ამ საკითხის ირგვლივ გამართულ ყველა მომდევნო სხდომაზე აუცილებლად მოხდეს მათი აზრის გათვალისწინებაც, რათა არ იქნას მიღებული ტენდენციური გადაწყვეტილება. სხდომას ასევე დაესწრნენ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი და გამგებლის მოადგილე ემზარ ჯანაშვილი. აზრი ორად გაიყო, თუმცა "სამრეკლოს" დარქმევას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის ადგილობრივი ეპარქია და ინტელიგენცია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ჩახუტებული ოპოზიცია - მემარჯვენე ნინო ფიროსმანაშვილი სახელისუფლებო სავარძლისთვის ემზადება?!

ახალი მემარჯვენეების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის მდივანს ნინო ფიროსმანაშვილს ბოლო დროს თვითმმართველობის ორგანოს შენობაში და სხვადასხვა მოხელეების კაბინეტებში განსაკუთრებით ხშირად ხედავენ, რაც მითქმა-მოთქმის საბაბი უკვე გახდა. კულუარებში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ამ შემთხვევაში ნინო ფიროსმანაშვილი, სულ მალე, სახელისუფლებო სავარძელს მიიღებს, მისი ხშირი ვიზიტებიც სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს. ამ უკანასკნელს "ქიზიყის" კორესპონდენტებიც თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებენ. თავის მხრივ, მედია ვალდებულია საზოგადოების ამგვარი ინტერესი დააკმაყოფილოს და ფაქტები ადრესატებთან დააზუსტოს. სწორედ ამიტომ "ქიზიყი" ვითარების გარკვევას შეეცადა.
ნინო ფიროსმანაშვილი: ,,საქმეები მაქვს და ვერ გიპასუხებთ, მართლა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჯერ არ მცალია... საჯარო მოხელე არ ვარ და ხომ შეიძლება სხვა საქმე, ან დასვენება მქონდეს დაგეგმილი?.. ვალდებული არ ვარ გიპასუხოთ... ("ქიზიყი" მოგვიანებით კიდევ შეეხმიანა) ყველამ დაიმშვიდოს გულები, საჯარო სამსახურში არ გადავდივარ!"
სოსო ბეჟანიშვილი (ახლების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ლიდერი): ,,როცა არ ვიცი რატომ დადის ჩემი თანამშრომელი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაში, წინასწარ ვერ შევაფასებ. დაველაპარაკები და კომენტარს მერე გავაკეთებ. ეს ნებაყოფლობითია, იქნებ აღარც სურს ჩვენს პარტიაში მუშაობა. შესაძლოა გამომიცხადოს, რომ აღარ მინდა მემარჯვენეებში ყოფნაო. მე ვერ დავაკავებ, შესაძლოა საჯარო სამსახურში გადავიდეს, მე ვერც იმას ვეტყვი გადადი-მეთქი და ვერც იმას - არ გადახვიდეო. მას საკრებულოს აპარატის უფროსთან და მიხეილ ბიკაშვილთან ახლობლობა ჯერ კიდევ საოლქო კომისიიდან აკავშირებს და შესაძლებელია, ეს პოლიტიკური ნიშნით სულაც არ ხდება და მათ კაბინეტში ხშირად იმიტომ ხედავენ, რომ ისინი უბრალოდ მეგობრობენ. ნამდვილად არ ვიცი, რა საქმეზე დადის გამგეობის შენობაში. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, რომლებიც კულუარებში ლაპარაკობენ, მოდი ამ მოხელეებმა საკუთარ თავებს მიხედონ, საკრებულოს თავმჯდომარის შიში რომ აქვთ და ულოკავენ"...
თუმცა, "ქიზიყის" არქივში ისეთი ფაქტებიც მოიპოვება, სადაც დასტურდება, რომ ფიროსმანაშვილი არცთუ ოპოზიციური და პატრიოტული სულისკვეთებით არის განმსჭვალული. ერთი წლის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ სოფლის პროგრამის მონიტორინგის კომისიის სხდომაზე ახლების ადგილობრივმა წარმომადგენელმა ეს მეტად უცნაური და ეჭვების აღმძვრელი განცხადება გააკეთა: ,,ჩვენთვის მთავარია არჩევნებში გამარჯვება, თორემ სოფლის პროგრამის ხარისხი და მონიტორინგი მეორეხარისხოვანი საკითხია. სოციალურ პრობლემებზე სხვა პარტიებმა იაქტიურონ", - აცხადებდა ფიროსმანაშვილი.
"ქიზიყი" მაშინვე იუწყებოდა, რომ ფიროსმანაშვილის ამ განცხადებით ახლების თბილისელი ლიდერები ძალზე გაღიზიანდნენ. მაშინ, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ გაზეთ "ქიზიყის" რედაქტორთან ილია მარტყოფლიშვილთან საუბარში საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა.
მანანა ნაჭყებია: ,,ფიროსმანაშვილი პოლიტიკურად გამოუცდელია, ეტყობა ალღო ვერ აუღო და ამიტომაც გააკეთა ასეთი განცხადება. ეს მისი პირადი აზრია და არ გამოხატავს ჩვენი პარტიის მოსაზრებებს. ასეთი რამ ჩვენთვის საერთოდ მიუღებელია. აუცილებლად ჩავინიშნავ და გავარკვევ, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება". ოპოზიციური წარსულის მქონე კადრების დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოში გადატყორცნის ფაქტები გასულ წელს რამდენჯერმე უკვე დაფიქსირდა. საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილიც არ მალავს, რომ აქცენტი პიროვნების განათლებასა და გამოცდილებაზე კეთდება და არა მის ოპოზიციურ წარსულზე. თანამდებობები ისეთმა ოპოზიციონერებმაც მიიღეს, რომლებიც პრესაში ბაღაშვილის კურსს ხშირად აკრიტიკებდნენ. დასაქმდება თუ არა ოპოზიციონერი ფიროსმანაშვილი დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში და მიიღებს თუ არა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას, ამას სულ მალე შევიტყობთ. "ქიზიყი" კი, ტრადიციულად, მოვლენათა განვითარებას თვალყურს კვლავაც აქტიურად მიადევნებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

четверг, 17 марта 2011 г.

გაწევ-გამოწევა, მუქარა და უხარისხო საკვებით გამგეობაში მოსიარულე სათნოების სახლის ბენეფიციარები

დედოფლისწყაროს სათნოების სახლში სკანდალები გრძელდება. მესამე დღეა ზედიზედ "ქიზიყის" ჟურნალისტები სხვადასხვა სახის ინციდენტებს აფიქსირებენ.
თავდაპირველად ბენეფიციარების ნანა ნატროშვილის და მაია თუშოვის კამათი შეხლა-შემოხლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ნატროშვილმა თანამოსუფრე თუშოვს ჯოხი ჩაარტყა და მოგვიანებით, ხელმძღვანელებზეც გაიწია.


მეორე დღეს აჟიოტაჟი სათნოების სახლში გაზეთ "ქიზიყის" სტატიამ გამოიწვია. როგორც "ქიზიყის" კორესპონდენტმა დააფიქსირა, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია: "უმწეო მოხუცების ხარჯზე ნაშოვნი ფული და პირად ინტერესებს შეწირული ბენეფიციარები?!" რამდენიმე ეგზემპლარად ამობეჭდილი მოხუცებს დაურიგეს და ხელმძღვანელობა იმის გარკვევას შეეცადა, თუ რომელი ბენეფიციარი გამოხატავდა ჟურნალისტებთან უკმაყოფილებას.

,,ციცო დარჩიაშვილმა გვითხრა, რადგან ასეთი პრეტენზიებია, ხვალიდან პურის გამოცხობაზე უარი გვითხრეს, აღარ მოგვამარაგებენ, სასადილო დაიკეტება და სულ ისე დარჩებითო. ასე გვაშინებდა. ლუკმის დაკარგვით შეშინებული მოხუცები კი აცხადებენ კარგია, კარგი საკვებიაო, აბა სხვა რა გზა ჰქონდათ?"... - აღნიშნავენ ბენეფიციარები. ეს დიალოგი "ქიზიყის" თანდასწრებით წარიმართა.

ამას გარდა, უპოვართა სახლის ხელმძღვანელობა ცდილობდა წინა დღეს ნანა ნატროშვილის მიერ მომხდარი ინციდენტი დაემალა, თუმცა მცდელობის პარალელურად, საუბარში თავად ბენეფიციარები ერეოდნენ და ადასტურებდნენ რომ შეხლა-შემოხლა მართლაც დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების გვერდით იკვებიან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანებიც. ამის გამო სათნოების სახლის ბინადრები უკმაყოფილებას გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ მათ გვერდით სადილი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ამავე აზრზეა სათნოების სახლის პერსონალიც, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ სახიფათო ადამიანების შესაბამის დაწესებულებებში გადაყვანა მათი პრეროგატივა არ არის. თუ გიჟები არიან გამგეობამ ან პოლიციამ გადაიყვანოს.

მზარეული ნათელა ლიქოკელი ინვალიდ შოთა კოპლატაძეს და ბენეფიციარ მადონა ღვინიაშვილს დაჰყვიროდა, გიჟები ხართო. მოგვიანებით, კი როცა უთხრეს რატომ ყვირიხარო, თავი ასე იმართლა ასეთი ხმა მაქვსო.

მესამე ინციდენტი "ქიზიყმა" 17 მარტს შუადღისას დედოფლისწყაროს თვითმმართველობის შენობაში დააფიქსირა. საკვებით უკმაყოფილო ბენეფიციარები ქეთევან და გიორგი მჭედლიშვილები საკრებულოს მისაღებში ისხდნენ და ქილაში ჩასხმული უხარისხო საკვებითა და თეფშებით ხელში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დიდხანს ელოდნენ, რათა საკუთარი პროტესტი და უკმაყოფილება ღიად გამოეხატათ და საკვების ხარისხის გამოსწორება საჯაროდ მოეთხოვათ. ამ პერიოდში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე არ იყვნენ, რის გამოც ბენეფიციარების პროტესტს მხოლოდ გამგებლისა და საკრებულოს მდივნები და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი შეესწრო. აღშფოთებული მოქალაქეები ბანკით ხელში უკან გაბრუნდნენ და აღნიშნეს, რომ პროტესტის დასაფიქსირებლად მეორე დღესაც იგივეს განმეორებას აპირებენ. მანამ, სანამ ვითარება არ გამოსწორდება.

ჯემალ ალადაშვილი (ბენეფიციარი): ,,იმისთანა აყროლებული ხორცია, ვერ ვჭამ ხოლმე, პურიც სულ ამჟავებული და ძალიან დაპატარავებული იყო. გეფიცებით, ძაღლს ვაჭმევთ-ხოლმე"...
ივანე ბასილაშვილი (ბენეფიციარი): ,,ამდენი თანამშრომლები მიიღეს და ოთახში ვერც კი ეტევიან. ერთმანეთს ფეხებში ედებიან, პროფესიის განურჩევლად ყველას სამსახურები ჩამოურიგეს, ვიღა არ მიიღეს... შტატები გაიბერა".
ლია წიკლაური: ,,დღეს უკვე შედარებით გაუმჯობესებული პური იყო, თქვენს გაზეთში რომ დაიწერა, შედარებაც არ შეიძლება, ამ სტატიამ შედეგი გამოიღო. დიდი მადლობა თქვენს რედაქციას, რომ უმწეო ადამიანების პრობლემებზე ზრუნავთ. იმეია, პური ხარისხს კიდევ გააუმჯობესებს და ეს დროებითი არ იქნება".
ეთერ ნატროშვილი: ,,რადგან აქ ვიკვებებით, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ხმა არ ამოვიღოთ და ჩვენი პოზიცია არ დავაფიქსიროთ".
ლალი აბულაძე: ,,რაღაც ხორცის საკვები მოგვცეს, მართალია მარტო ძვლები ეყარა მაგრამ ისეთი უგემური და საშინელი იყო, მერე ვინანე რატომ ვჭამე არ მოვიწამლო მეთქი. მერე თქვეს, ვანო ლოლაშვილმა სათნოების სახლს ხორცი დაურიგა და ის განაწილდაო. არ ვიცი, რა გააკეთეს, მაგრამ ამ კერძით უმრავლესობა უკმაყოფილო და შეშინებული დარჩა. როგორც გამოთვალეს, თითო ბენეფიციარი დღეში 8 ლარის საკვებს მოიხმარს, ეს თანხა თვეში სულზე 200 ლარამდე აღწევს. ბენეფიციარებში გაჩნდა იდეა, რომ ეს თანხა ხელზე დაგვირიგონ, ყველა თვითონ მიხედავს თავის თავს და ეს თანხა კვებაშიც ეყოფათ და დარჩებათ კიდეც... ამას ისიც დაემატება, რომ პერსონალის ხელფასებსა და სხვა ხარჯებსაც დაზოგავენ".

დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ სათნოების სახლს თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და ამგვარი კონფლიქტები სწორედ მან უნდა დაარეგულიროს. სხვა კომენტარის გაკეთებისგან ხიხაძე თავს იკავებს და ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის.

როგორც ცნობილია, სათნოების სახლის ახალი შეფი ნუგზარ მახარაშვილი "ქიზიყის" ჟურნალისტებთან საუბარს მხოლოდ წერილობითი ფორმით გეგმავს, სწორედ ამიტომაც, ამ საკითხებზე მის მოსაზრებებს სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *

დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში ტესტირების შედეგად 9 საჯარო მოხელე ჩაიჭრა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საატესტაციო კომისიამ საბოლოო ოქმი გამოაქვეყნა, სადაც საჯარო მოხელეთა ატესტაციის შედეგებია მოცემული. სიები გამგეობის საინფორმაციო დაფაზე 16 მარტის საღამოს გამოქვეყნდა.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საჯარო მოხელეთაგან დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამება გამგეობის 8 თანამშრომელი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 1 მოხელე.

დასკვნის მიხედვით, უარყოფითი შეფასება შემდეგმა საჯარო მოხელეებმა დაიმსახურეს, ოქმში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მათ კითხვებს დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ გასცეს:

ანა ბენაშვილი - გამგეობის ადმინისტრაციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი;
დიმიტრი ბაღაშვილი - გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი;
თამაზ მენთეშაშვილი - გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ვაჟა პაპუაშვილი - იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
თემურ ოზბეთელაშვილი - ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ლალი ზურაშვილი - სოციალური სამსახურის სპეციალისტი;
ნონა ბაცაცაშვილი - ზედამხედველობის სამსახურის მთ სპეციალისტი;
ნელი კოტაშვილი - კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ანა გონაშვილი - საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსი.

როგორც დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში განმარტავენ, საატესტაციო კომისიის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამიტომ, ტესტირების შედეგად ჩაჭრილი მოხელეები კვლავაც შეინარჩუნებენ თუ არა სავარძელს, ამას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თავად გადაწყვეტს.

შესაძლებელია, ისიც რომ ხელმძღვანელობამ კომისიის დასკვნა არ გაითვალისწინოს და ჩაჭრილი კანდიდატები უცვლელად დატოვოს, ანდა მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს. ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კი კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
„სოკარ ჯორჯია გაზი კახეთი“ აბონენტებს დამატებით „ტ.შ.კ“-ს გადასახადს ახდევინებს

„სოკარ ჯორჯია გაზი კახეთი“ აბონენტებისგან მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადის გარდა, დამატებით, ტემპერატურის შემასწორებელი კოეფიციენტის, ე.წ. ტ.შ.კ-ს გადასახადის გადახდას ითხოვს. კომპანიაში განმარტეს, რომ „ტ.შ.კ“ ზუსტი აღრიცხვის საშუალებას იძლევა.
„ტ.შ.კ-ს გადასახადი ინდივიდუალურია. გადასახდელი თანხა ყინვების დროს შედარებით მაღალია, ზაფხულის პერიოდში კი მინიმუმამდე მცირდება. ძველ მრიცხველებს თერმოკორექტორი არ აქვს და ამ გადასახადის შემოღება ამიტომ მოხდა. დაახლოებით 3 თვის შემდეგ ყველა აბონენტს ახალი მრიცხველი ექნება და ამ გადასახადის დაკისრებაც აღარ მოხდება“, - აღნიშნა „სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის“ წარმომადგენელმა გიორგი მაჭავარიანმა. /ICK/

вторник, 15 марта 2011 г.

უმწეო მოხუცების ხარჯზე ნაშოვნი ფული და პირად ინტერესესებს შეწირული ბენეფიციარები?!

დედოფლისწყაროს სათნოების სახლის ბინადრები ბოლო დროს პურის უხარისხობაზე ჩივიან. მათი თქმით, ის ხშირად ჩაცომებულია და წონაშიც ბევრად პატარაა. გაზეთი "ქიზიყი" ამ ფაქტის ირგვლივ უკვე ერთი თვეა მონიტორინგს აწარმოებს. პურის ხარისხით უკმაყოფილო ბენეფიციარები სასადილო დარბაზიდან სამზარეულოში პრეტენზიით გამოსული "ქიზიყმაც" არაერთხელ დააფიქსირა.
როგორც გავარკვიეთ, სათნოების სახლის პურით მომარაგებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე ალუღიშვილის მამა თამაზ ალუღიშვილი უზრუნველყოფს. პურის წონა ოფიციალურად 250 გრამს უნდა შეადგენდეს, თუმცა მონიტორინგის ფარგლებში "ქიზიყმა" პურის აწონვა რამდენჯერმე განახორციელა და მისი წონა 200 გრამს ოდნავ აღემატება. გაირკვა, რომ თითო პურს საშუალოდ 45-50 გრამი აკლია, რაც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს აზარალებს.

სათნოების სახლი ყოველდღიურად 200-მდე პურს მოიხმარს. გაზეთ "ქიზიყმა" იმის გამოთვლა სცადა, თუ რამდენს შეადგენს დანაზოგი და რა სარგებელს ნახულობს ყოველთვიურად ალუღიშვილის პურის საწარმო.


გაირკვა, რომ წონაში დაკლების შედეგად, ალუღიშვილი თვეში საშუალოდ 300 კილოგრამ ფქვილს ზოგავს, ლარებში კი ეს თანხა დაახლოებით 330-350 ლარს აღწევს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ამ ქმედებით ჩინოვნიკის ოჯახი საკმაო სარგებელს უნდა ნახულობდეს. გარდა იმისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ისედაც ერიცხებათ.

სათნოების სახლში განაცხადეს, რომ პურის ხარისხი არც ჟურნალისტების ჩარევამდე მოსწონდათ და ხარისხის გაუმჯობესების თხოვნით საწარმოს რამდენჯერმე უკვე მიმართეს. ამის მიუხედავად, 14 მარტს შემოწმებული პურის წონა 206 გრამს შეადგენდა.
სათნოების სახლის დირექტორი ნუგზარ მახარაშვილი ამბობს, რომ პურის წონას მათი სპეციალისტი მუდმივად აკონტროლებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მახარაშვილმა დანარჩენ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და აღნიშნა, რომ თუ რამ გვაინტერესებს მათთვის წერილობით მიგვემართა... (!) აქვე, ახალ დირექტორს შევახსენებთ, რომ ჟურნალისტი თავად ირჩევს, თუ რა სახით მოიპოვოს ინფორმაცია. ცნობისთვის, მედიის წარმომადგენლები კითხვებს ძირითადად პირისპირ სვამენ-ხოლმე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია კი ათმაგად ვალდებულია, ამომწურავი პასუხები გასცეს.

ბრალდებების ადრესატის თამაზ ალუღიშვილის კოორდინატების დადგენა თავდაპირველად მის ვაჟთან, დედოფლისწყაროს გამგებლის პირველ მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილთან ვცადეთ, თუმცა ამ უკანასკნელისგან მოულოდნელი და უტაქტო რეაქცია მივიღეთ. ვიდრე მიზეზს შეიტყობდა, ის მისი ნომრის მოცემას დაგვპირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენი ინტერესის თემა გაარკვია ასეთი პასუხი გაგვცა: ,,არა, აღარ გეტყვით!... თუ გინდათ, გაზეთში ასევე დაწერეთ, ნომერს ვერ მოგცემთ"...

ცხადია, "ქიზიყს" მონიტორინგის ფარგლებში, არც თამაზ ალუღიშვილის კომენტარის მოპოვება გასჭირვებია, მით უფრო, რომ პოზიციის დაფიქსირება ალუღიშვილების ინტერესში შედიოდა და პირველ რიგში თვითონვე უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი, რომ ამ სტატიაში მათი კომენტარი ყოფილიყო.

თამაზ ალუღიშვილი: ,,რომ ვთქვა, ფინანსური დაინტერესება მაქვს და სათნოების სახლის მომარაგებას იმიტომ ვახდენთ, ეს არ იქნება მართალი. უბრალოდ, ასეთი პირობებით არცერთი საწარმო არ დაეთანხმა და უკვე მერამდენე წელია მათთვის პურს ჩვენ ვაკცხობთ. კი ბატონო, თანახმა ვარ, თუ არ მოსწონთ და სხვაგან შეუკვეთავენ პურს, არ არის პრობლემა. დღესაც არ ვიყავი და ყურადღება ვერ მივაქციე... ეტყობა, როცა მე არ ვარ მცხობელები რაღაცას მაიმუნობენ და წონაში ამიტომ აკლია... თუმცა, ვისაც თონეში პური დაუკრავს, იცის, რომ ყველა გუნდა ერთნაირი ვერ იქნება და წონის ცდომილება ყოველთვის იქნება. აუცილებლად გავითვალისწინებთ და ვეცდებით ხარისხი გამოვასწოროთ".

სათნოების სახლში მიიჩნევენ, რომ ეს ხარვეზია, თუმცა არა მნიშვნელოვანი. როგორც გაირკვა, პურის უხარისხობაზე საწარმოს მათ ჩვენგან დამოუკიდებლადაც აცნობეს.

დედოფლისწყაროში მითქმა-მოთქმა არ ცხრება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სათნოების სახლის ახალი ხელმძღვანელი გამგებლის I მოადგილის ალექსანდრე ალუღიშვილის კადრია და სწორედ მისი რეკომენდაციით დაინიშნა ამ თანამდებობაზე. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ალუღიშვილი და მახარაშვილი მეზობლები და ახლო მეგობრები არიან. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსახლეობა საფუძვლიანად ეჭვობს, რომ უხარისხო პურის გამო სერიოზული პრეტენზიების გამოხატვა არ ხდება და საბოლოო ჯამში ისევ 200 სოციალურად დაუცველი ადამიანი ზარალდება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

* * *

დეპუტატი ქურხულიშვილი ავტომანქანით 7 წლის გოგონას დაეჯახა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, სოფელ ოზაანის მაჟორიტარი ტრისტან ქურხულიშვილი კუთვნილი ჰიუნდაის მარკის ავტომობილით (PHP - 535) ქალაქის ცენტრში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინ 7 წლის ანა ტუხაშვილს დაეჯახა. ინციდენტს "ქიზიყის" კორესპონდენტიც შეესწრო.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა საბედნიეროდ გოგონას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა განაცხადა, ანა ტუხაშვილს მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნებოდა და შეშინებული იყო. მისი თქმით, დაზარალებულის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა არ იყო, გოგონა შეშინებული იყო და სტაციონარში მოთავსებაზე უარი განაცხადა.

მომხდარზე შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მოზარდის სასწავლო ჩანთას გამოედო და გოგონა ტალახში წააქცია.

მარინა ტუხაშვილი (დაზარალებულის დედა): ,,ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მუხლი აქვს ჩალურჯებული, თავზე 2 კოპი აქვს და ცხვირზე ნაკაწრები. შეშინებული და გაფითრებული იყო, ტალახში ამოსვრილი მოვიდა. ნევროპათოლოგმა გასინჯა და გვითხრა, რომ რამდენიმე დღე დაკვირვებას კიდევ საჭიროებს. ბავშვიც და ჩვენც ამ დრომდე შოკში ვართ. თუ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რა პოზიცია გვექნება ჯერ ვერ გეტყვით".

გაზეთი "ქიზიყი" დაინტერესდა, აღმოუჩენს თუ არა ქურხულიშვილი ტუხაშვილების ოჯახს რაიმე სახის დახმარებას: ,,რა დაკითხვას მიწყობთ?... რაშია საქმე?... თქვენს რედაქტორს რამე თუ აინტერესებს პირადად მნახოს, ბავშვი კარგად არის," - განუცხადა "ქიზიყს" ტრისტან ქურხულიშვილმა.

შეგახსენებთ, ქურხულიშვილი საკრებულოში მოხვედრამდე წლების მანძილზე ძალოვან სტრუქტურაში, გამომძიებლის პოზიციაზე მუშაობდა.

თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ ამ მონაკვეთზე ცენტრალური გზა სათანადოდ დახაზული არ არის, რაც საავარიო ვითარებას ხშირად ქმნის. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქის #1 საჯარო სკოლა, რის გამოც აქ მუდმივი ხალხმრავლობაა. მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს ვითარების გამოსწორებისა და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

воскресенье, 13 марта 2011 г.

ჩაწყობილია? - ტარიელ ღარიბაშვილმა პროკურატურის გადაწყვეტილების შინაარსი წინასწარ იცის

დედოფლისწყაროში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ სოფელ წითელწყაროს რწმუნებული ტარიელ ღარიბაშვილი პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიუხედავად სავარძელს კვლავაც იმ მიზეზით ინარჩუნებს, რომ მისი ვაჟი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარეა. პროკურატურამ რწმუნებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილზე განხორციელებულ მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე აღძრა.

თავად რწმუნებული ადასტურებს, რომ მისი ვაჟი მართლაც ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარეა. ის "ქიზიყთან" საუბარში იქვე აღნიშნავს, რომ პროკურატურამ საქმე დაასრულა და შედეგი მისთვის უკვე ცნობილია. ეს გარემოება ღარიბაშვილების მიერ პროკურატურაში საქმის ჩაწყობის შესახებ არსებულ ეჭვებს უფრო ამძაფრებს.
ამას გარდა, როგორც კულუარებში აღნიშნავენ, ტარიელ ღარიბაშვილი ბევრს ტრაბახობს, თავი ქუდში მაქვს და ეგღა მაკლია, ჟურნალისტის გამო ვინმემ მომხსნას, ჩემი ბიჭი ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარეაო....

ტარიელ ღარიბაშვილი: ,,ჩემი შვილი ირაკლი, ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარე ნამდვილად არის, მაგრამ მას ძეგლთა გადარჩენის ფონდი არ ჰქვია. ეგ საქმე პროკურატურამ უკვე დაამთავრა...
-- თქვენ საიდან იცით, რომ დაამთავრა?... პროკურატურას გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია და წინასწარ საიდან იცით, ანუ იცით რა გადაწყვეტილება მიიღეს? -- საქმე დამთავრებულია. მე ოფიციალური პასუხი წერილობით არ მომსვლია, მაგრამ პროკურატურამ საქმე დაასრულა.
-- საეჭვოა, მოსახლეობაში ხმები აქამდეც ვრცელდებოდა, რომ ვერავინ ვერაფერს დაგაკლებდათ და ახლა კი ირწმუნებით საქმე დამთავრებულიაო... ბევრს საუბრობენ, რომ თითქოს ამბობთ, ვერავინ მომხსნის, ჩემი შვილი ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარეაო, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
-- არა, არა... ასეთი რამ ნამდვილად არსად მითქვამს. ერთი ადამიანი მაინც დაასახელეთ. ირაკლი ღარიბაშვილი რა შუაშია, თავმჯდომარე კი არის, მაგრამ ამ საქმესთან კავშირი არა აქვს.

დავით დუღაშვილი (პროკურორი): ,,თუ პროკურატურის საქმის დასრულებას ღარიბაშვილი თავად წყვეტს, მაშინ კარგად გვქონია საქმე... ჯერ თელავის საოლქო პროკურატურიდან გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თორემ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილს ამის შესახებ წერილობით უკვე ვაცნობებდით".

პროკურატურის ამგვარი პასუხის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ უკვე ორი თვეა სიღნაღის პროკურატურას გადაწყვეტილების გამოტანა უჭირს. მარტყოფლიშვილს არაერთი დაპირების მიუხედავად ოფიციალური პასუხი არ მიუღია. დუღაშვილმა დაახლოებით ათჯერ მაინც გადაგვიდო წერილობითი პასუხის მიღების ვადა, ის ხან უამინდობას აბრალებს, ხანაც ზემდგომი პირებისკენ იშვერს ხელს, თუმცა ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა პროკურატურას გადაწყვეტილების გამოტანა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო უჭირს და სწორედ ამის დასტურია, რომ საქმე უსაშველოდ ჭიანურდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და "ქიზიყის" რიგითი მკითხველები კი ოფიციალური პასუხის მოლოდინში არიან. რამდენად მოექცევა პროკურატურა სხვისი გავლენის ქვეშ, დარჩება თუ არა ეჭვები ამ საქმის ირგვლივ და იქნება თუ არა მათი გადაწყვეტილება ობიექტური, ამას მალე შევიტყობთ.

იურისტები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო გამოძიების დასრულებამდე ღარიბაშვილისთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, რაც არ განხორციელებულა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
გამგებელს სატელევიზიო ანძის განათების იდეა არარეალურად მიაჩნია

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გაჟღერებულ დედოფლისწყაროს სატელევიზიო ანძის განათების იდეას მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი ეხმაურება და ექსკლუზიურ კომენტარს გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აკეთებს. გამგებელი განმარტავს, რომ ანძა მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, შესაბამისად, მასზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის უფლება არ აქვთ.

,,ეს ინიციატივა პირველად გავიგე, მანამდე არ მსმენია. მინდა გითხრათ, რომ სატელევიზიო ანძა მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის. ამ საკითხს სამართლებრივად უნდა შევხედოთ. ჩნდება კითხვა - რამდენად კანონიერი იქნება სხვის ქონებაზე თანხები ჩვენ გამოვყოთ? ვფიქრობ, რომ მისი განათება ცოტა არ დაჯდება. დედოფლისწყაროს ანძა საკმაოდ მაღალია და წესით, ეს სამუშაოები ძვირი უნდა დაჯდეს... ამას ემატება ასევე განათების შემდგომ მისი მოვლა-შენახვის დამატებითი ხარჯები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. მსგავსი სამუშაოების ჩატარებას, ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, ისეთი სოფლების უბნების გარე განათება მოეწყოს, რომლებიც ჯერ კიდევ ჩაბნელებულია. მართალია, ანძის განათებით ჩვენი ქალაქი გალამაზდება, მაგრამ ამ ეტაპზე, მოსახლეობას ქუჩების განათება უფრო დადებითად წაადგება. ჯერ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც გვაქვს. ანძის განათებაზე კი, ალბათ, სამომავლოდ შეიძლება ფიქრი", - აცხადებს ნიკოლოზ შანშიაშვილი.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

пятница, 11 марта 2011 г.

უცხოელი პედაგოგების ჩამოსვლის შემდეგ ადგილობრივი მასწავლებლები უფუნქციოდ დარჩებიან?

განათლების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში უცხოელი პედაგოგების რამდენიმე ნაკადი ჩამოვიდა. ათასზე მეტი პედაგოგი თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდა, ისინი მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლიან. როგორც გაირკვა, მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებას ხელს ბევრად შეუწყობს და ქართველი ახალგაზრდების მსოფლიოში ინტეგრაციას გააიოლებს, მეორენი კი შიშობენ, რომ სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოყვანილი პედაგოგები სასათბურე პირობებში იქნებიან, მათ ფონზე კი ქართველი პედაგოგები გარკვეულწილად ფუნქციებს დაკარგავენ. ამ ბრალდებებზე საპასუხოდ ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოა და ქართველი მასწავლებლები უცხოელი კოლეგების დახმარებით კვალიფიკაციას ბევრად აიმაღლებენ.

ქართული ენის ზოგიერთი ქომაგი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით, შესაძლოა, მშობლიური ენის დაკნინება მოხდეს. არგუმენტად კი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ქუჩებში სხვადასხვა აბრებზე გაკეთებული ინგლისური წარწერები ქართულენოვანს თითქმის გაუტოლდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ინგლისურის გაძლიერებული სწავლება ვითარებას უფრო გაართულებს. დამოუკიდებელი ექსპერტების ამ მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლება. მათი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში შესაფერისი ადგილის დასამკვიდრებლად და საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად ინგლისური ენის სათანადო ცოდნა აუცილებელია.

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ინგლისურის ორი უცხოელი პედაგოგი დედოფლისწყაროშიც ჩამოვიდა. როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მარინე მეხრიშვილმა გაზეთ "შირაქს" განუცხადა, პედაგოგები სოფელ ჯაფარიძისა და ზემო ქედის #1 საჯარო სკოლებში გადანაწილდა:
ჩვენ დავინტერესდით, უცხოელი მასწავლებლების ჩამოსვლის შემდეგ ხომ არ დარჩებიან ქართველი პედაგოგები უფუნქციოდ, ანდა ხომ არ შეუმცირდათ საათების ოდენობა? ამ და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ჩვენს კითხვებს მარინე მეხრიშვილი პასუხობს:

,,უცხოელი პედაგოგები სოფლებში ჯაფარიძისა და ზემო ქედის სკოლებში 7 თებერვლიდან გავიდნენ და მუშაობას შეუდგნენ, რაც დამეთანხმებით, დედოფლისწყაროსთვის სასიამოვნო სიახლეა. ამ ეტაპზე ჩვენს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი მათგანი გადანაწილდა. მაიკლ ბრაუნი სოფელ ჯაფარიძის საჯარო სკოლაში შეასწავლის ინგლისურს, ხოლო ოლგა ქართი ზემო ქედის #1 სკოლაში.
-- ქალბატონო მარინე, კიდევ რომელმა სკოლებმა გამოთქვეს ინგლისურენოვანი პედაგოგის მოწვევის სურვილი და რა პრინციპებით მოხდა კონკრეტულად ამ ორი სკოლის შერჩევა?
--
დედოფლისწყაროს რესურსცენტრში უცხოელი პედაგოგის მოთხოვნით სულ 10 საჯარო სკოლის განაცხადი შემოვიდა. ამას თან ერთვოდა მასპინძელი ოჯახების განაცხადიც. განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა შეისწავლეს როგორც ეს სკოლები, ასევე იმ მასპინძელი ოჯახების პირობები, სადაც ჩამოსულ სპეციალისტებს უნდა ეცხოვრათ. მორიგი ნაკადის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ეტაპზე დედოფლისწყაროში ათი სკოლის განაცხადიდან მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა. რატომ შეირჩა თავდაპირველად მხოლოდ ეს ორი სკოლა, ვერ გეტყვით, ეს პროცესი ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა, ანუ საგანმანათლებლო რესურსცენტრი არ ჩარეულა. ვფიქრობთ, რომ დანარჩენი სკოლების განაცხადიც ნელ-ნელა დაკმაყოფილდება.
-- მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა, ქართველი პედაგოგები ეტაპობრივად უფუნქციოდ დარჩნენ და მთლიანად მოხდეს ჩამოყვანილი სპეციალისტებით მათი ჩანაცვლება. საინტერესოა, უცხოელი პედაგოგების ჩამოსვლის შემდეგ, ხომ არ მოხდა დედოფლისწყაროში რომელიმე ადგილობრივი პედაგოგის გათავისუფლება, ან მათთვის საათების შემცირება?
--
არა, ასე ნამდვილად არ არის. მინდა გითხრათ, რომ უცხოელი პედაგოგები გაკვეთილს იმავე პედაგოგებთან ერთად ატარებენ, რომლებიც ამ სკოლებში მანამდეც მუშაობდნენ. არც საათების შემცირება მომხდარა, რადგანაც მათი სკოლაში შესვლის შემდეგ ინგლისური ენის საათების ოდენობა არ შეცვლილა და გრაფიკი იგივე დარჩა. უბრალოდ, ადგილობრივ პედაგოგთან ერთად სასწავლო პროცესს ამჯერად უცხოელი სპეციალისტიც წარუძღვება, რაც მოსწავლეებისთვისაც სასარგებლო იქნება და ერთგვარი პედაგოგების გადამზადებაც მოხდება. მათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სპეციალური ტრენინგები გაიარეს, რათა ქართულ გარემოს ადვილად მოერგონ.
-- უკვე ერთი თვეა, რაც ეს სიახლე ჩვენს რაიონსაც შეეხო, რამდენად გამოხატავენ კმაყოფილებას მოსწავლეები და ქართველი პედაგოგები?
--
ამ საკითხზე ვისთანაც მქონდა საუბარი, უნდა ითქვას, რომ ყველა მხარე კმაყოფილებას გამოხატავს. ოლგა და მაიკლი ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, კარგ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, ამიტომ უარყოფითი შეფასებები არ მსმენია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მასპინძელი ოჯახებიც კმაყოფილები არიან, რაც მთავარია პირადად ამ ოჯახების სურვილი იყო, რომ მათთან მომხდარიყო მასწავლებლის დაბინავება. განაცხადი თავადვე წარმოადგინეს.

ვითარების გარკვევა ამავე სოფლებში ვცადეთ. როგორც სოფელ ჯაფარიძის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ნასრაშვილი ამბობს, 31 წლის ინგლისურენოვანი პედაგოგი მათი ერთერთი მოსწავლის, ჯუმბერ ნატროშვილის ოჯახში დაბინავდა:

,,მაიკლ ბრაუნი ჩვენს სოფელში შოტლანდიის მაღალმთიანი რაიონიდან ჩამოვიდა. პირადად მეც და მასწავლებლებიც კმაყოფილები ვართ. ბავშვები კი მართლაც აღფრთოვანებულები არიან. ძალიან მოწესრიგებული, წესიერი პიროვნებაა, უაღრესად ზრდილობიანი. პასუხისმგებლობის გრძნობა დიდი აქვს და ყველაფერს გულით ეკიდება. ჯაფარიძის საჯარო სკოლას სულ ორი ინგლისურის პედაგოგი ჰყავდა, მათზე 28 საათი იყო განაწილებული და უცვლელად დარჩა. მაიკლი შტატში არ ზის, ის დამხმარე პედაგოგია, რომელიც ბავშვებსაც ეხმარება და ჩვენს მასწავლებლებსაც. როგორც ცნობილია, ქართველი და უცხოელი მასწავლებლები გაკვეთილს ერთობლივად ატარებენ. ვერ გეტყვით რამდენს, მაგრამ მას ხელფასს სახელმწიფო უხდის და სკოლა ამ კუთხით ზედმეტ ფინანსებს არ ხარჯავს. აქამდე თუ მოსწავლეები ინგლისურს აუდიო მოსმენით სწავლობდნენ, ახლა ეს პროცესი ცოცხლად მიმდინარეობს, რაც ბევრად უფრო ეფექტური და ნაყოფიერია. სასწავლო პროცესში საინტერესო დიალოგებს მართავს და მოსწავლეებიც ხალისით სწავლობენ. უკმაყოფილო არცერთი მხარე არ დარჩენილა, არც ჩვენი პედაგოგების ფუნქციები შეგვისუსტებია". - აცხადებს მაია ნასრაშვილი.

როგორც შევიტყვეთ, ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგი სოფელ ჯაფარიძეში, შრომის ქუჩაზე დაბინავდა. გაზეთი "შირაქი" მაიკლ ბრაუნის მასპინძელი ოჯახის პოზიციითაც დაინტერესდა:

,,ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ 4 შვილიშვილი მყავს, აქედან სამი სკოლის მოსწავლეა. მანამდეც დაინტერესებულნი იყვნენ ინგლისური ენის შესწავლით და ვფიქრობდით, რომ ჩვენს ოჯახში უცხოელი მასწავლებლის მიღება მათთვის დამატებითი სტიმული იქნებოდა. უშუალო შეხება და ყოველდღიური კონტაქტი როცა არსებობს, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. სულ 1 თვეა, რაც მაიკლი ჩვენთან ცხოვრობს და უფროსი შვილიშვილი ინგლისურად უკვე გამართულად საუბრობს. რესურს-ცენტრს ვთხოვეთ, ჩვენთან მამაკაცი პედაგოგი გაენაწილებინათ, რადგან შვილიშვილები ბიჭები არიან და ასე უკეთესად გაუგებდნენ. ასეც მოხდა, ისინი ძალიან მეგობრობენ. უცხო ქვეყნის მოქალაქის ოჯახში ჩასახლება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა საბედნიეროდ, ისეთი ადამიანი შეგვხვდა, როგორსაც ველოდით. ძალზე უშუალო, თბილი და დადებითი ადამიანია, ამ ეტაპზე კმაყოფილები ვართ. ყოველ შაბათ-კვირას მოგზაურობს, სხვადასხვა ქალაქებში დადის, ჩვენს ქვეყანასაც ათვალიერებს და მასთან ერთად ჩამოსულ სხვა მასწავლებლებს ნახულობს. ხელშეკრულების მიხედვით, ის ჩვენს ოჯახში მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე დარჩება, მერე რა იქნება ვერ გეტყვით. გვინდა, რომ კიდევ დარჩეს", - აცხადებს სოფელ ჯაფარიძის მკვიდრი ჯუმბერ ნატროშვილი.

როგორც "შირაქმა" გაარკვია, კახეთის რეგიონში პირველი ნაკადიდან 35 უცხოელი მასწავლებელი ჩამოვიდა. კერძოდ, გურჯაანის რაიონში 10, თელავში - 5, დედოფლისწყაროში 2, სიღნაღში - 8, ახმეტაში - 2, ყვარელში - 1, ლაგოდეხში - 4 და საგარეჯოში - 3 ინგლისური ენის მასწავლებელი. უახლოეს მომავალში ახალი ნაკადის ჩამოყვანა დამატებით კიდევ იგეგმება. /შირაქი/

ილია მარტყოფლიშვილი

* * *
ქალაქ დედოფლისწყაროში "სილქნეტის" 280 ინტერნეტ აბონენტია

კომპანია "სილქნეტს" ქალაქ დედოფლისწყაროში 280-ზე მეტი ინტერნეტ აბონენტი ჰყავს. ამის შესახებ გაზეთ "ქიზიყს" სილქნეტის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის უფროსმა რევაზ კიკაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, კომპანიის დაფარვის არეალში დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლები სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო და ქვემო ქედი ვერ შედის. კიკაბიძე განმარტავს, რომ ამინდების გაუმჯობესებისთანავე სოფელ არხილოსკალოში დამატებითი ანძის მონტაჟი დაიწყება, რომელიც მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და სიგნალს გააძლიერებს. ,,შედგენილია გეგმა და ის უკვე გადავაგზავნეთ თელავში დასამტკიცებლად. ქალაქ დედოფლისწყაროს ისეთ უბნებში გვინდა ხაზი გავიყვანოთ, სადაც მომსახურება არ არის. ისეთ უბნებშიც იქნება, სადაც ათეულობით წლის წინ იყო და შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა, ასევე ისეთ უბნებსაც ავითვისებთ, სადაც ასეთი სატელეფონო მომსახურება არ ყოფილა," - აცხადებს რევაზ კიკაბიძე.

ამ დროისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში "სილქნეტის" აქტიური ტელეფონი 740 აბონენტს აქვს, რომელთაგან 280-ზე მეტი ინტერნეტ მომსახურებასაც ღებულობს. ინტერნეტის მოთხოვნით დედოფლისწყაროს სერვისცენტრში ამ დროისთვის კიდევ 200-მდე განცხადებაა შესული. აბონენტები ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაერთვებიან ინტერნეტის ქსელში.
ადგილობრივ სერვისცენტრში აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის დედოფლისწყაროელი აბონენტების რიცხვი 1 000-ს გადააჭარბებს, ხოლო ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი 600-მდე გაიზრდება.
ეს ინტერნეტ მომხმარებელთა საბოლოო მაჩვენებელი არ გახლავთ, ამ რიცხვს ემატება მაგთიკომისა და ხვადასხვა კომპანიების მომსახურებით მოსარგებლე ინტერნეტ აბონენტებიც. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
ფონდმა "ნუგეშმა" 5 უხუცესი ქალბატონი დაასაჩუქრა

ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდ "ნუგეში"-ს ინიციატივით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხუთმა უხუცესმა ქალბატონმა ფასიანი საჩუქრები და ტკბილეული მიიღო. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ყველაზე უხუცესი, 107 წლის ქალბატონი ნინო ქერაული სოფელ არხილოსკალოში ცხოვრობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები სოფლებს სამთაწყაროს, არხილოსკალოს, ზემო ქედსა და არბოშიკს 10 მარტს ეწვივნენ და ქალბატონები მოინახულეს.
,,ამ ჟესტით გადავწყვიტეთ გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღესასწაულები მიგველოცა დედოფლისწყაროში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის. თანხა საქველმოქმედო ფონდის ანგარიშიდან გამოიყო. ცნობილია, რომ ადგილობრივ ფონდში დედოფლისწყაროელ საჯარო მოხელეებსაც თავისი წვლილი შეაქვთ, ახლა კი ამ ქალბატონების მიმართ ყურადღება ასე გამოვხატეთ," - აცხადებენ დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ორგანოში.
,,ფონდი "ნუგეში" აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას განაგრძობს. ამჯერად დედოფლისწყაროს სოფლებში გავიდნენ და უხუცესები დაასაჩუქრეს და სითბო გამოხატეს ქალბატონების მიმართ," - განუცხადა "ქიზიყს" მუნიციპალიტეტის გამებელმა
ნიკოლოზ შანშიაშვილმა.
ქველმოქმედების მსურველებს შეუძლიათ მობილური ტელეფონებიდან დარეკონ ნომერზე 700 626 და 1 ლარი დედოფლისწყაროს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხონ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით შეღავათები ამოქმედდება

მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის ქონების ლეგალიზების შესახებ კანონში. ცვლილებების მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებმაც 2007 წლის პირველ იანვრამდე კანონდარღვევით შეიძინეს მიწის ნაკვეთები, საშუალება ეძლევათ აღნიშნული ნაკვეთების ლეგალიზება მოახდინონ. ამის სანაცვლოდ, მათ თითოეულ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე უნდა გადაიხადონ 15 ლარი და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. სამაგიეროდ, მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელდება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე განიხილება და ის ძალაში მომავალი წლის აპრილიდან შევა.

ანონიმი ავტორი ღია წერილით ლევან ბაღაშვილს უპირისპირდება და საინტერესო მინიშნებებს აკეთებს

ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" ელექტრონულ ფოსტაზე ერთი ძალზე საინტერესო და შეიძლება ითქვას სკანდალური წერილი მივიღეთ... მართალია წერილი ანონიმურია და გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტაც სახელდახელოდ ჩვენთან გამოსაგზავნად არის შექმნილი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ წერილი უდაოდ საინტერესოა და საკმაოდ ხმაურიან განცხადებებსაც შეიცავს...

"ქიზიყმა" გადაწყვიტა, ანონიმურობის მიუხედავად ფოსტით მიღებული წერილი სრულად და უცვლელად გამოაქვეყნოს. აქვე დავძენთ, რომ რედაქცია, თავის მხრივ, წერილში დაფიქსირებულ ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, პოზიციის დაფიქსირების საშუალებას აუცილებლად მისცემს...
* * *

...ყველაფერი მოქალაქეთა კავშირიდან დაიწყო (ასაკი არ უწყობდა ხელს თორემ ნამდვილად კომუნიზმის ვარსკვლავიც იქნებოდა), მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მუდმივად ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და საჭირო ხალხს შეემჩნია. აკი მოახერხა კიდეც და ლევან ბაღაშვილი საკრებულოში მაჟორიტარ კანდიდატად შევიდა. სულ მალე ბურჯანაძე-დემოკრატებში გადაბარგდა. მოქალაქეთა კავშირში გამობრძმედილს არ გასჭირვებია აქაც პოზიციების გამყარება, სულ მალე აქედანაც გადაბარგდა ნაციონალურ მოძრაობაში.

მოკლედ ყოველთვის ახერხებდა კოჭლი ცხვარივით ყოველი ფარის შემობრუნებაზე თავში მოხვედრას! მაგრამ მისი მიზნები უფრო შორს მიდიოდა... 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბატონი ლევანი როგორც გამოცდილი პარტიული მუშაკი, ნაციონალური პარტიის შტაბის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ამ დროისთვის რაღაც სასიკეთო ძვრები იყო დაწყებული რაიონში და ბატონი ლევანის მიზანს რაიონის ხემძღვანელის პოსტი ხელში ჩაეგდო შორეული პერსპექტივა უჩანდა. ისარგებლა რა შტაბის უფროსის ბატონი ნიკოლოზ ბენიანიძის გამოუცდელობით ბატონმა ლევანმა,ყოფილ თანაგუნდელ და მასსავით მოქალაქეთა კავშირიდან ნაცებში გადმობარგებულ, ყოფილ ქალაქის მერთან და 2007 წლისთვის საკრებულოს ერთერთი კომიტეტის თავჯდომარე თენგიზ გონაშვილთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები ნაცებს არ მოეგოთ.

ამას ის ფაქტებიც ადასტურებს ნათლად, რომ ბატონი თენგიზის და რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობდა ქალბატონი მარიეტა გონაშვილი ღიად ეწეოდა აგიტაცია პროპაგანდას ოპოზიციის სასარგებლოდ,რაც მოქალაქეთა გაოცებას იწვევდა. ბატონი ლევანის მუდმივი აგიტატორები რომლებიც არც ამ არჩევნებამდე და არც ამის შემდგომ არჩევნებზე,სხვა მხარეს არ ყოფილან რატომღაც ოპოზიციის რიგებში აღმოჩდნენ (მაგ: მაყვალა მაძღარაშვილი), მისი მეგობრებით დაკომპლექტებული ოპოზიციონერებიც, რატომღაც მაშინ გააქტიურდნენ (მეგობრები, რომ იყვნენ ეს ბოლო არჩევნებზე იმდენად აშკარა გახდა იძულებული გახდა,მათთვის თბილი სავარძლები შეეთავაზებინა).

მოკლედ ყველაფერი ისე დამთავრდა როგორც ბატონებმა დაგეგმეს. ასე შეწირეს პირად ინტერესებს ბატონებმა პარტიის ინტერესები და საპრეზიდენტო არჩევნები!!! ამის შემდეგ ბატონი ლევანი და ბატონი თენგიზი ჩავიდენ საჭირო ხალხთან და უთხრეს, ხომ ხედავთ ჩვენ თუ არ ვართ ქალაქის სათავეში არჩევნებს ვერ ვიგებთო და სულ მალე ბატონი თენგიზი საკრებულოს თავჯდომარედ მოგვევლინა, ხოლო ლევანის გამგებლის სავარძელი შესთავაზა. ყველაზე საინტერესო აქედან დაიწყო, ბატონი ლევანი დანიშვნის დღიდან ალაპარკდა ვიწრო წრეებში, რომ თურმე თენგიზის და ოპოზიციონერი იყო და მთავრობის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. ამ ყველაფერს ის ავბედითი 2008 წლის აგვისტოც დაემთხვა და ბატონი თენგიზის საკრებულოში ხუმრობით ნათქვამი სიტყვები რუსები მოვიდნენ და სანამ დროა ქუდები შემოვიტრიალოთო (ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო,,,,), სადაც საჭირო იყო იქამდე მიიტანა ბატონმა ლევანმა. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის უკვე იმდენი ინფორმაცია იდო ბატონ თენგიზზე, რომ ლამის ფსბ-ეს აგენტად გამოაცადხეს და ისე ამოაგდეს ნაცების სიიდან.

ბატონ თენგიზს მიაყოლა ბატონმა ლევანმა ყველა მისთვის არასასურველი კადრიც. ამის შემდგომ არ გასჭირვებია საკრებულოს თავჯდომარის პოსტის მოპოვებაც, ფაქტიურად უალტერნატივოდ გამოაცხადა თავი. თავი კარგად რომ გამოეჩინა და ნაცებისთვის სამაგალითო წევრად წარედგინა თავი, ყველა მეგობარი ოპოზიციონერი ბოლომდე გაწურა და ბოლომდე დახარჯა თავისი შესაძლებლობები.

სამწუხაროდ გაეშიფრა მეგობრები რომლებიც მოქალაქეთა კავშირის დროიდან მხარში ედგნენ და იძულებული გახდა, ისინი საჯარო სამსახურებში თბილ ადგილებზე დაესვა, (დროებით მაინც რომ სხვებმა დაინახონ როგორ უფასებს ამაგს ერთგულებს, თორემ გამზრდელ თენგიზს ისეთი დამართა ალბათ არც ამათ დაინდობთ თუ მას დასჭირდება) როდესაც ბატონმა ლევანმა მაგრად მოიმაგრა გვერდები და ყველგან თავისი გაუნათლებელი და ადვილად სამართავი მეგობრები დანიშნა ჩათვალა, რომ დრო იყო უფრო გაეფართოვებინა თავისი შესაძლებლობები და ნელ-ნელა დაუწყო დეპუტატს ბატონ ავთანდილ ლეკიშვილს ზურგსუკან, მიწის ამოთხრა, მის ახლო წრეში უკვე ხშირად გაიგებთ საუბრებს იმაზე, რომ ბატონმა ავთომ კოლმეურნეობა შეჭამა და კომუნიზმის გადმონაშთია. როდესაც ბატონ ავთანდილს მიმართავენ მოქალაქეები რამე თხოვნით, რომელიც საკრებულოს ან გამგეობის ქვემდებარეა ბატონი ლევანი ცდილობს მისი ავტორიტეტი შელახოს და მხოლოდ მას შემდეგ მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა რაც უშუალოდ მას მიმართავენ თხოვნით. ეს ყველაფერი ძალიან გავს ბატონი თენგიზის ისტორიას.

P.S დეოფლისწყაროელებს ძალიან უყვართ ზედმეტი სახელების დარქმევა. მაგალითისთვის ბატონ თენგიზ გონაშვილს (ჭიას) ეძახიან, ბატონ ავთანდილ ლეკაშვილს (რეიგანას), ხოლო ბატონ ლევანს დიდი სიყვარულით მისი დემოკრატიული და ლიბერალური შეხედულებების გამო (პუტინა) დაარქვეს... ოდა ბატონმა ლევანმა თუ ამ ტემპით გააგრძელა წინსვლა, იქნებ თავის მოსახელესაც აუსრულოს ოცნება და მიშიკოც მოიშოროს, მისი ინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ 1 წელში საკრებულოს წევრობა ამოწურა 2 წელში გამგებლობა, ეხლა ალბათ საკრებულოს თავჯდომარეობასაც გაუვა ყავლი მალე და ვინ იცის სად ვიხილავთ!!!

(ავტორი მითითებული არ არის.
პასუხის გაცემის მსურველებს შეგიძლიათ მოგვწეროთ ფოსტაზე gazetiqiziyi@yahoo.com თქვენს პოზიციასაც გამოვაქვეყნებთ)

მეეზოვეებმა ხელფასების განახევრების პროტესტი ცოცხების დაყრით გამოხატეს

დედოფლისწყაროში მეეზოვეებმა პროტესტის ნიშნად ცოცხები დაყარეს და ქალაქის დასუფთავებაზე უარი თქვეს. ისინი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის მიხედვითაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნახევარ განაკვეთზე გადავლენ და ხელფასი გაუნახევრდებათ. ხელფასების განახევრებას სამსახურის უფროსი ზურაბ ყოჩიაშვილიც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს გარდაუვალია და უჩვეულო არაფერი ხდება.


,,სოფელ ჯაფარიძეში 2 თანამშრომლის საქმეს ვაკეთებ, ანუ დამატებითი ტერიტორიის დასუფთავებაც დამიმატეს, მაგრამ მაინც იგივე ხელფასს ვიღებ. ახლა ესეც უნდა გამინახევრონ," - აცხადებს მეეზოვე დარეჯან ქარსამაული. იგივე აზრის არიან მეეზოვეები ლამარა სულხანიშვილი, დოდო წიკლაური, გულო ჭინჭარაული, ლალი გულიაშვილი და სხვები, რომელთაც პროტესტი ღიად გამოხატეს და ცოცხები დაყარეს.

,,ჩვენს სამსახურში 75 კაცია გაფორმებული და მხოლოდ 10 ადამიანი ვმუშაობთ. დასვენება ჩვენთვის არ არსებობს. შაბათ-კვირასაც გვამუშავებენ, სადღესასწაულო დღეებშიც დამატებით გვამუშავებენ, მაგრამ ეს ჩვენ ანაზღაურებაზე სულაც არ აისახება. მთელს რაიონს მხოლოდ 10 კაცი ვალაგებთ. მაგალითად, გიორგი თეიმურაზოვი მეეზოვედ ჰყავთ გაფორმებული, ხელფასს იღებს. თუმცა, ის ჩვენს უფროსობას ითავსებს და ასე დაგვყვირის თქვენი ბრიგადირი ვარო." – ყვებიან "ქიზიყთან" საუბარში შპს "სერვისი 2007"-ის მუშები ტრისტან ფილაური, სიმონ სუნტიძე, ლონგო ყოჩიაშვილი, შოთა კოპლატაძე და სხვები.

დასვენების დღის დაწესებასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვს დასუფთავების სამსახურის მძღოლი სპირიდონ ჯორკოშვილიც. ორიოდ დღის წინ მუშაობის დროს მან გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. მძღოლი ამბობს, რომ ავად გახდომა სისუსტემ და გადაღლილობამ გამოიწვია: ,,შაბათ-კვირასაც არ ვისვენებთ. ძალიან გადავიღალეთ, დასვენება არ გაგვაჩნია. ხელფასსაც გვიგვიანებენ და დასუსტებული ვარ. ვნატრობ უკვე, რომ შემცირება შემეხოს და გამათავისუფლონ. ცარიელი ტომარა ფეხზე დადგება??? ასე ვართ ჩვენც, არ გვასვენებენ"...

მეეზოვეების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ექს-ლეიბორისტი, ამჯერად დასუფთავების სამსახურის შპს "სერვისი 2007"-ის უფროსი ზურაბ ყოჩიაშვილი.

,,შაბათ-კვირას ნამდვილად მუშაობენ, მაგრამ სამაგიეროდ, რიგ-რიგობით სხვა დღეებში ისვენებენ ხოლმე. უსაფუძვლოა, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ამდენი კადრია გაფორმებული და შტატები გაბერილია. – ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერ დროს შემიძლია მსურველებს საშტატო ნუსხა წარვუდგინო. მინდა გითხრათ, რომ სხვა რაიონებში ამ სამსახურის თანამშრომელთა ხელფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე დედოფლისწყაროში. რაც შეეხება ხელფასის განახევრებას, გასაგებია, რომ მეეზოვეები პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ სხვა ხელმძღვანელების დროსაც ყოველ წელს ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ჩვენი სამსახური ნახევარ განაკვეთზე გადადიოდა ხოლმე და ხელფასები უნახევრდებოდათ. უჩვეულოს არაფერს ვგეგმავთ, ახლაც ჩვეულებრივად ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ანაზღაურება დროებით გაუნახევრდებათ. ჩვენ მეეზოვეთა ხელფასებით დედაქალაქს ვერ გავუტოლდებით, იქ სხვა მასშტაბები და ფინანსებია," - აცხადებს შპს "სერვისი 2007"-ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი.

ხელმძღვანელის განცხადების საპასუხოდ მუშები ირწმუნებიან, რომ სხვა დღეებშიც არ ისვენებენ. მხოლოდ თვეში ერთხელ ხელმძღვანელს ვინც სთხოვს ერთი დღით მათ დაითხოვენ ხოლმე. ოფიციალურად დასვენების დღე მათთვის არ არის გათვალისწინებული.

წელს პირველად დასუფთავების სამსახურმა მოსახლეობისგან ყოველთვიური მოსაკრებელის 100%-ით ამოღება შეძლო და ამან 30 000 ლარი შეადგინა. ამას გარდა საკრებულოს ბოლო სხდომაზე შპს "სერვისი 2007"-ს დაფინანსება დამატებით კიდევ 8 000 ლარით გაეზარდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ხელფასების განახევრების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. /ქიზიყი/
თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილი
* * *

დედოფლისწყაროს ანსამბლი იმედი ერისიონთან ერთიანდება


ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძედედოფლისწყაროს ეწვია. სხვა სტუმრებთან ერთად კვირას, 12 დეკემბერს ის ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლ "იმედის" მოცეკვავეთა შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც შეთანხმდნენ. შესაძლოა, სულ მალე ანსამბლი იმედი ერისიონის შემადგენლობაში შევიდეს. შეხვედრა ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის დარბაზში შედგა.
როგორც ანსამბლ "იმედის" სამხატვრო ხელმძღვანელი ხვიჩა ზუბიაშვილი გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს, ისინი სამომავლოდ ერისიონთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობას და უამრავ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ერისიონი" დედოფლისწყაროს ქორეოგრაფიულ ანსამბლ იმედს თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანს და ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ.
"ერისიონის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დედოფლისწყაროელ მოცეკვავეებში დიდი პოტენციალია და ისინი ბევრ საუკეთესო მოძრაობას ფლობენ. ჭოხონელიძე ადგილობრივი ახალგაზრდების შესაძლებლობებით მოხიბლული დარჩა და აღნიშნა, რომ ისინი კვლავაც დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
,,ერისიონის წარმომადგენელთა ვიზიტი დედოფლისწყაროში მნიშვნელოვანი იყო. მათ ჩვენი სამუშაო პირობები დაათვალიერეს და მოცეკვავეთა შესაძლებლობებს უშუალოდ გაეცნენ. ძალიან ვმეგობრობთ ერისიონთან და სამომავლოდ ერთობლივად უამრავ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. გვინდა კახური ცეკვა დავდგათ. ამიერიდან აქტიურ მუშაობას დავიწყებთ," - განუცხადა გაზეთ "ქიზიყს" დედოფლისწყაროს ანსამბლ "იმედის" ხელმძღვანელმა ხვიჩა ზუბიაშვილმა.
შეხვედრას პარლამენტის წევრი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ავთანდილ ლეკაშვილიესწრებოდა. მეორე განყოფილება კაფე "დიდნაურში" გაიმართა, სადაც დედოფლისწყაროს უშიშროების სამსახურისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

воскресенье, 6 марта 2011 г.

ქიზიყის პასუხი ვაჟბატონ ოთარ კოვზირიძეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპეციალისტმა ოთარ კოვზირიძემ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა.

მივყვეთ თავიდან: ინტერვიუს დასაწყისში ვაჟბატონი კოვზირიძე აღნიშნავს, რომ ვინც ნაციონალურ შტაბში დაეხეტებოდა ყველამ თანამდებობა მიიღო და მეც ამიტომ ვიყავი ნახსენებიო... შემდეგ კოვზირიძე ცრუობს და ამბობს, თითქოს მისი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მისთვის სტატიის დაწერამდე არავის არაფერი უკითხავს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რედაქციაში წერილის გამოგზავნა.

ცნობისთვის: გაზეთ ქიზიყის კორესპონდენტმა თამილა გურაშვილმა ამ უკანასკნელს რამდენჯერმე პირადად ჰკითხა, არჩევნების შემდეგ რატომ დადიოდა ის ხშირად გამგეობის შენობაში და კონკრეტულად რაზე დაასაქმეს, თუმცა კოვზირიძე თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის დაწყებას კატეგორიულად უარყოფდა. სწორედ ამის გამო დაიწერა სტატიაში, რომ მას ახალი სამსახური ეპაზორებოდა და ამიტომაც ასაიდუმლოებდა...

,,ამიტომაც მივწერე, რომ თავი შეიკავონ ასეთი კომენტარებისგან - ამბობს კოვზირიძე. დიდი ბოდიში, მაგრამ იქნებ აგვიხსნათ, როდის აქეთ ვითვალისწინებთ თქვენს შენიშვნებს და როდიდან დაინიშნეთ

დამოუკიდებელი ჟურნალისტების ცენზორად?... ან რატომ გვაიძულებთ, რომ თავი შევიკავოთ? დამოუკიდებელი გაზეთი იმას დაწერს, რასაც საჭიროდ ჩათვლის და მით უფრო თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით, როგორ კომენტარს გავუკეთებთ ამა თუ იმ მოვლენას... ეს ნამდვილად ჩვენი კომპეტენციაა და თუ ღმერთი გწამთ, ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში ნუ ერევით.

- საერთოდ არ შემეხონ... არ შემეხონ რა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს... –აცხადებს 22 წლის კოვზირიძე. ბოდიში მოიხადეთ, არ შემეხოთ რას ჰქვია... სანამ საჯარო სამსახურში იმუშავებთ, და იმ დრომდე, ვიდრე ხელფასს ბიუჯეტიდან აიღებთ, მანამ ვერ შეგეშვებით და პირობას გაძლევთ, რომ ყველა მათგანის ყველა საქმიან ნაბიჯს გამოვამზეურებთ... არ შემეხოთო რომ იქადნებით, უხერხულობას უნდა გრძნობდეთ, რადგან ვერავინ აგვიკრძალავს საჯარო მოხელეთა ნაბიჯები განვიხილოთ. მით უფრო თქვენ. როგორც სჩანს გავიწყდებათ, რომ საჯარო სამსახურში მუშაობთ და საჯაროობა ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებასაც გულისხმობს... ალბათ, თქვენ საჯარო სამსახური მხოლოდ ხელფასის მისაღებად გჭირდებათ და, ასე არ გამოვა, ბატონებო!...

,,მაგას არ ვეხები და არც მე არ უნდა შემეხონ“, - აღნიშნავს კოვზირიძე. პიროვნულად ოთარ კოვზირიძეს ჩვენ არ შევხებივართ და არც ვაპირებთ მის პირად საკითხებზე ვწეროთ. ჩვენი და საზოგადოების ინტერესი მხოლოდ მისმა პარტიულმა ნაბიჯებმა და საჯარო სამსახურში დასაქმებამ გამოიწვია. ამის უფლებას კი ვერავინ ჩამოგვართმევს დედამიწის ზურგზე... ბავშვური ლოგიკაა -- მე მაგას არ ვეხები და არც მე შემეხოთო. ბრიყვული მიდგომაა და ასე არ გეკადრებათ... ჟურნალისტები ყველა საჯარო მოხელეს ვეხებით და იქნებ აგვიხსნათ, რა ხართ თქვენ ასეთი, რომ გამონაკლისი დავუშვათ და არ შეგეხოთ... ასეთი რა ღვაწლი მიგიძღვით სამშობლოს წინაშე... აგვიხსენით ერთი, რატომ არ უნდა შეგეხოთ...

,,მოხეტიალეს რომ მეძახის, რა უფლება აქვს? ამით შეურაცხყოფას მაყენებს. -- ჯერ ერთი თავი შეურაცხყოფილად თუ იგრძენით და მიგაჩნიათ, რომ სტატიამ შეურაცხყოფა მოგაყენათ, ამის გამო მუქარა კი არ უნდა დაიწყოთ, სასამართლოს უნდა მიმართოთ და იქ გაირკვევა მტყუან-მართალი... რა უფლება აქვთო რომ ამბობთ, აჭარბებთ... სამდვილად საეჭვო დამთხვევაა ის, რომ ვინც პარტიის საარჩევნო შტაბთან დაეხეტებოდა ყველამ სამსახურები ერთბაშად მიიღეთ და სწორედ ეს იყო ნაგულისხმები... ახლა ისიც არ თქვათ, რომ ნაცმოძრაობის შტაბთან შეხება არ გქონიათ...

,,წერილის გაგზავნისას არც მიფიქრია რაიმე სახის ზეწოლაზე“ -- ამბობს კოვზირიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან საუბარში... ჯერ ერთი, თუ არ გიფიქრია, საინტერესოა მუქარა რატომ გაურიე და მეორეც, მოხსენიო რომ წერ - რა გეგონა, შეგვეშინდებოდა, სტატიას პორტალიდან უცებ გავაქრობდით და ბოდიშსაც მოგიხდიდით, თუ რაა... ნუთუ, მართლა გჯეროდა, წაშალეთო რომ მოგვწერდი -- წავშლიდით???... ასე რომ ვშლიდეთ სტატიებს და ჩვენი დაშინება შესაძლებელი რომ იყოს, აქამდე....

კარგად არ გვცნობ და ამიტომ, თორემ ჩვენი დაშინება, მოსყიდვა და დაჩმორება ბევრს უცდია, მაგრამ.... ჩვენ ისევ ამ სფეროში ვართ და უამრავი საჯარო მოხელე გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და კვლავაც ბევრს გავისტუმრებთ...

,,უბრალოდ, მეც გავაკეთებ გვერდს ინტერნეტში და დავწერ მაგაზე“ - იქადნება სპეციალისტი. გიხაროდენ, ბატონებო, დედოფლისწყაროს კიდევ ერთი მედიასაშუალება ექნება, რომელსაც ბატონი კოვზირიძე ჩაუდგება სათავეში. საჯარო მოხელე სტატიების წერას თავადვე გეგმავს...

გამოგიტყდებით და, ესეც მეტად უცნაური და ბავშვური მიდგომაა... ვისზეც რამე დაგვიწერია ყველამ სტატიების წერა რომ დაიწყოს, წარმოგვიდგენია რა მოხდება... ან სად გაგონილა, ჟურნალისტებზე განაწყენებული საჯარო მოხელეები ანგარიშსწორებისა და შურისძიების მიზნით თავადაც გაზეთებს ქმნიდნენ და სტატიების წერას იწყებდნენ???... უნებურად გაგვაცინე...

- ე.ი. რაც უნდა დაწეროს ხმ

ა არ გავცე? ჟურნალისტებმა თავი გამანებონ რა“... -- ასე ასრულებს პირველ ინტერვიუს ოთო კოვზირიძე...

ჯერ ერთი, თუ გნებავს, რამდენჯერაც დავწერთ, იმდენჯერ გაგვეცი ხმა და ერთად ვნახოთ, რა შედეგამდე მივა ყველაფერი და ვინ აღმოჩნდება მტყუანი... და მეორეც: ბოლოსაც ხაზგასმით რომ იმეორებ, ჟურნალისტებმა თავი გამანებონ რაა-ო, გინდ მეგობრულ რჩევად მიიღე და გინდაც უფროსი ადამიანების პასუხად. ჩვენც გახგასმით გპასუხობთ: ბატონო ოთარ, სანამ საჯარო სამსახურში იქნებით და ხელფასს ადგილობრივი ბიუჯეტიდან აიღებთ, მანამდე ჟურნალისტები თავს ნამდვილად ვერ გაგანებებთ... თავის განებება ავტომატურად მაშინ მოხდება, როცა თქვენ გაანებებთ თავს საჯარო სამსახურს.

ბოლოს ერთი რჩევა გვექნება: თუ ჟურნალისტების გარეშე გსურთ ცხოვრება, მაშინ ნურც პარტიულ საქმიანობაზე გექნებათ პრეტენზია და მით უფრო საჯარო სამსახურს მოეშვით და გპირდებით, რომ სახლში მჯდარ, ანდა კერძო სფეროში დასაქმებულ კოვზირიძეზე არც გაზეთები დაწერენ და არც ჟურნალისტები მიმოიხილავენ მის საქმიანობას... ამხელა ინტერესის მიზეზი სწორედ ისაა, რომ მმართველ პარტიაში გაერიეთ, შემდეგ კი ღვაწლი დაგიფასდათ და ლევანა ბაღაშვილმა ხელფასიანი სამსახურიც დაგაჯახათ...

და კიდევ: მოდი, ძმურად, განმარტებითი ლექსიკონი გადაშალე, ან სადმე გაიკითხე და აგიხსნიან ,,საჯარო სამსახური“ რას გულისხმობს...

პატივისცემით,

გაზეთ ქიზიყის რედაქცია.

* * *

კოვზირიძემ კომენტარი გააკეთა: ,,ჟურნალისტებმა თავი გამანებონ რაა... მე ჩემი ცხოვრება მაქვს

„ნუ მეხებით, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ“

„ეს სტატია მოხსენით... ნუ მეხებით საერთოდ, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ...“, - ამ შინაარსის წერილი, ოთარ კოვზირიძისგან, ელექტრონული ფოსტით ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა მიიღო. ოთარ კოვზირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელია. კოვზირი

ძე ირწმუნება, რომ მისი სიტყვები მუქარას არ შეიცავს, თუმცა ვერ განმარტავს, რა უფლებით მოსთხოვა საჯარო მოსამსახურემ ჟურნალისტს ბლოგზე განთავსებული მასალის წაშლა.

„დაწერა, რომ ნაცმოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ოფისში ვისაც კი ოდესმე წინ და უკან უხეტიალია, ბოლო დროს ყველამ თანამდებობა მიიღოო. მოხეტიალედ მეც ვიყავი მოხსენიებული. ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უკითხავს. ამიტომაც მივწერე ეს წერილი მეილზე და ვუთხარი, რომ თავი შეიკავონ ასეთი კომენტარებისგან და საერთოდ არ შემეხონ“, - აღნიშნავს კოვზირიძე.

- არ შეგეხონ? რას გულისხმობთ?

- არ შემეხონ რა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მაგას არ ვეხები და არც მე არ უნდა შემეხონ. მოხეტიალეს რომ მეძახის, რა უფლება აქვს? ამით შეურაცხყოფას მაყენებს.

- გამგეობაში რა თანამდებობაზე მუშაობთ?

- სპეციალისტი ვარ და კომპიუტერული ტექნოლოგიები მაბარია.

- ე.ი. საჯარო მოსამსახურე ხართ. არ მიგაჩნიათ, რომ ამ შინაარსის წერილით ჟურნალისტზე ზეწოლას ახდენთ?

- წერილის გაგზავნისას არც მიფიქრია რაიმე სახის ზეწოლაზე. უბრალოდ, მეც გავაკეთებ გვერდს ინტერნეტში და დავწერ მაგაზე“.

- კანონმდებლობა, როგორც საჯარო მოსამსახურეს თმენის ვალდებულებას რომ გაკისრებთ, არ იცით?

- ე.ი. რაც უნდა დაწეროს ხმა არ გავცე? ჟურნალისტებმა თავი გამანებონ რა“...

სანამ მარტყოფლიშვილი კოვზირიძისგან ამ წერილს მიიღებდა, მანამდე მას, როგორც თავად ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი გიორგი პაპუაშვილი დაემუქრა.

„გიორგი პაპუაშვილს პირადად არ ვიცნობ. წინასაარჩევნო პერიოდში რამდენჯერმე ვახსენე მასალებში, რის გამოც განაწყენებულია. გასულ კვირას, ზედიზედ რამდენიმე სტატია გამოვაქვეყნე, სადაც ვწერდი, რომ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთიდან ახალგაზრდები ნაცნობ - მეგობრობის ნიშნით საკრებულოში და სხვადასხვა სამსახურებში ერთდროულად დასაქმდნენ. ამაზე განაწყენებული პაპუაშვილი ერთ-ერთ შეხვედრაზე საჯაროდ დამემუქრა, რომ სადაც დამიჭერს, თავს გამიტეხავს. მისივე თქმით, სიტყვიერი მუქარა მხოლოდ სიტყვად არ დარჩება და მას სისრულეში აუცილებლად მოიყვანს“, - ამბობს ილია მარტყოფლიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას არ ფარავენ.

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებელს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაციის რესპუბლიკის მასშტაბით გახმოვანება „ბოზობაა“. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დედოფლისწყაროს რაიონშია, სადაც სამოქალაქო სექტორი პრაქტიკულად არ არსებობს“, - აღნიშნავს ხუროშვილი. იგი 3 ივლისს, დედოფლისწყაროში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა დაუზიანა.

„როცა რაიონის გამგებელი ჟურნალისტს ასე ექცევა და ამისთვის მას პასუხს არავინ სთხოვს, ეს დაუსჯელობის სინდრომს ამძაფრებს. ჩინოვნიკები რაიონის პირველი პირისგან მაგალითს იღებენ და ცდილობენ ჟურნალისტები დააშინონ. 2004 წლიდან დღემდე, ჟურნალისტებზე ზეწოლისა და თავდასხმის 10-ზე მეტი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია გამოძიებული, რადიო „ჰერეთის“ დირექტორის რამაზ სამხარაძის ცემის ფაქტი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის დავით კაპანაძის მიერ. სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ კაპანაძე კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ადამიანებს შეუძლიათ სცემონ ჟურნალისტი, დევნიდნენ თავისუფალ სიტყვას, შემდგომ დასაქმდნენ და დაწინაურდნენ“, - ამბობს ხუროშვილი

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თქმით, რეგიონში გაურესდა მდგომარეობა საჯარო ინფორმაციის მიღების კუთხით: „არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციას ან საერთოდ ვერ ვიღებთ, ან ვიღებთ კანონით დადგენილი ვადების დარღვევით და არასრულყოფილს“.

„ხშირ შემთხვევაში, რაიონის პირველი პირები ისეთ საკითხებზე, რომელიც მათ ფიარს არ ემსახურება, კომენტარზეც კი უარს აცხადებენ და პრესმდივნებთან გვამისამართებენ. კახეთის ყველა გამგეობის აპარატში მუშაობს 2 – 3 სპეციალისტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. სინამდვილეში ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხელფასის სახით, „400 ლარიან პენსიას“ იღებენ. ზოგიერთი მათგანი მთელი დღის განმავლობაში „ადნაკლასნიკებში“ ერთობა, ზოგი სამსახურში საერთოდ არ დადის და რაც მთავარია, რაზედაც არ უნდა მივმართოთ, არცერთმა მათგანმა არასდროს არაფერი არ იცის, „საქმის კურსში არ არიან“, - აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აღნიშნულ პრეტენზიებს არ ეთანხმებიან. გუბერნატორის პრესმდივნის ხათუნა გულიაშვილის თქმით, მთელი მათი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ ჟურნალისტებმა მათთან ურთიერთობაში თავი კომფორტულად იგრძნონ:

,,ყოველთვის ვცდილობთ, მათ ყველა კითხვაზე პასუხი ოპერატიული და ამომწურავი იყოს. ამ მიმართულებით კახეთში მნიშვნელოვანი წინსვლაა. რეგიონს ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელიც მედიასთან ურთიერთობაში განსაკუთრებული კონსტრუქციულობით გამოირჩევა. ამას თავად ჟურნალისტებიც აღიარებენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არიან ჟურნალისტები, რომლებიც პრესსამსახურების გვერდის ავლით ცდილობენ მუშაობას, რაც ორმხრივი, პოზიტიური თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად მთლად სწორი გზა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ხათუნა გულიაშვილმა.

ნატალია სარქისაშვილი - კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ინფორმაცია გამოქვეყნებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ–გვერდზე. www.ICK.ge იხილე>>>


* * *

,,ვაშლოვანის ალესილების ნახვისას თავი აფრიკის შუაგულში გვეგონა"

მოგზაურის დღიურები

კლუბ „კარავის“ წევრთა მოგზაურობა დედოფლისწყაროში

დიდი ხნის სურვილის და მცდელობების შემდეგ დადგა მომენტი, როცა გადავწყვიტეთ ვაშლოვანში გამგზავრება. ამ ყველაფერს ლამას და სრულიად „ტობა თრეველის“ დაჟინებულმა მონდომებამ და შეასხა ფრთები. გადაწყდა გავდიოდით პარასკევს საღამოს 7 საათზე. თუმცა რიგ მიზეზთა გამო გავედით 10:30ზე. მონადირის ჰიუნდაი გალო

პერში ჩავსხედით მე, ლამა, პაუნა, ნიკა (არა კარველი მაგრამ კარაველებისთვის ცნობილი ქონგურის სახელით) და თავად მონადირე.

დავადექით გზას და 01:00 სთვის უკვე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში ვიყავით ლამას პაპისეულ სახლში სადაც ჩვენი შესანიშნავი მასპინძლები გველოდნენ თბილი გულებით...

რა თქმე უნდა სუფრა გაიშალა და 3 საათამდე მოვულხინეთ. დილის 5-ზე მაღვიძარამ და ლამამ ერთდროულად გამაღვიძა.

- ადე ბიჭო მზის ამოსვლა გადავიღოთო. მე, ნიკა, პაუნა და ლამა (მონადირეს ღრმად ეძინა) გავეშურეთ იქვე ულამაზეს საყარაულო გორაკზე სადაც კვირაცხოვლობის ხატი მდებარეობს. ულამაზესი ხედი იშლება ამ გორაკიდან. დაბლა ალაზნის ველი იშლება და ჭიასავით დაკლაკნილი ალაზანი მიედინება ნელი დუდუნით მინგეჩაურისკენ. მზემაც ამოწვერა და მოგვიშვირა გადასაღებად თავისი წიტელი სახე. მერე ნელ-ნელა გაყვითლდა და ღრუბელს მისცა თავი.

ჩვენ კი მონადირე გავაღვიძეთ და გავეშურეთ ნაკძალისკენ. (დედოფლისწყაროში ვიზიტორთა ცენტრიც მოვინახულეთ). მივდიოდით პირდაპირ მიჯნის ყურისკენ, მაგრამ სურვილი გვქონდა ალესილების და მერხლების ქალაქის მონახულებისაც, თუმცა ამისთვის დრო არ გვყოფნიდა (ჩვენ ასე გვეგონა).

გავცდით სოფ. კასრისწყალს და წავედით ყურისკენ. მივდივართ და გული გვწყდება ალესილებზე, მაგრამ იმედს არ ვიკლავთ რომ მასაც მალე ვნახავთ. სადღაც ორი საათის სიარულის შემდეგ შეგვხვდა მერცხლების ქალაქი. ჩვენ გვეგონა აქაც იყო ეს ქალაქი და ისევ გავაგრძელეთ გზა. აქ მოხდა ღმეთის საჩუქრის აღმოჩენა. პირდაპირ მივადექით ალესილებში თურმე სხვა გზით გვივლია და მიჯნის ყურის ნაცვლად ალესილებისკენ წამოვსულვართ. მერე კითხვა კითხვით გამოვიგენით გზა და დავადექით სწორ გზას, თუმცა ისევ ვეჭვობდით გზის სისწორეს. მაგრამ უკვე ყველაფერი კარგად იყო. თავი აფრიკის შუაგულში გვეგონა. მივდიოდით ამ უნიკალურ ლანდშაფტში და ვიძირებოდით მის მორევებში. უკვე ისე დავიჯერეთ აფრიკაში ყოფნის ამბავი ლამას თუთიყუშიც კი მოელანდა. ცოტაც და მარტორქას დაინახავდა. გადავედით კანიონებზე და დაიწყო ჩვენი ოფროუდ თავგადასავალიც თუმცა Hyundai Galloper-მა თავი შეგვაყვარა, დაამტკიცა მისი ძალა და მიწასთან მოჭიდება. ყველა სირთულე გადავლახეთ და კანიონშიც გავისეირნეთ.

ალაზნის პირას კოღოების შეტევა გადავიტანეთ და უკან გამოვეშურეთ. უკანა გზაზე არსად გადაგვიხვევია და ისევ ჩვენი მასპინძლის სუფრას მივუჯექით ქედში ჩასულები.

ნამდვილი თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ გველოდა, დღეს თავები ძვლივს ავწიეთ ნაბახუსევებმა (ჩემს გარდა, მე არ ვსვამ) დილით ლამას ბიძამ ლოგინშივე დაგვალევინა ცივი ლუდი, ლუდზე უარი არ გაგვივიდა და ლოგინშივე შევბრუვდით...

მერე სუფრაზეც დავჯექით და 01.30-საათისვის გავედით დედოფლისწყაროში, ელიას მთაზე...

აქ ჩვენმა გზააბნეულობამ ისეთი გზით მიგვიყვანა რომ მანქანა დიდი ბალახებში ლამის დაიკარგა და ორმოშიც აღმოჩნდა მარჯვენა საბურავები. ამ ყველაფრის შემდეგ მე ჭინჭრით დავისუსხე და მანქანას ანტენა მოტყდა...

მაგრამ ადვილად გადაილახა ისევ გალოერის წყალობით ყველადერი. ავედით ელიას მონასტერში და წამოსვლა აღარ გვინდოდა. თუმცა წინ „ვაჩნაძიანთ კარი“ გვიხმობდა. აქედან ვაჩნაძიანთ კარამდე მშვიდობით ვიმგზავრეთ თუ არ ჩავთვლით გურჯაანში შეხვედრას ლოლასთან. ლოლას და სოფოს ნახვამ გაგვახარა და გაგვამხიარულა. თუმცა გული დაგვწყდა რომ ვაჩნაძიანთკარში ვერ წავიყვანეთ ადგილის უქონლობის გამო. ამის შემდეგ კითხვა-კითხვით მივადექით მონასტრის ასახვევს. გზიდან 10-11კმ იყო. მაგრამ აქ ნამდვილი ოფროუტ ტური გველოდა თურმე. ჩვენთვის ურთულესი ტალახიანი გზა დავძლიეთ. ბევრჯერ ჩავრთეთ ე.წ "პანეჟენნი" და მივაღწიეთ მონასტერს.

აქ სიტყვები არ მყოფნის მონასტრის ასაღწერად. ეს უნდა ნახოთ... აქაც კოღოებმა გამოგვყარეს. თუმცა დროულად. 10 წუთი რომ დაგვეგვიანა დიდი თქეში მოგვისწრებდა და იქედან ჩამოსვლა გართულდებოდა ჩვენი თოხარიკისთვისაც კი ჩვენნაირი მძღოლების ხელში...

მერე ცოტცოტა კურიოზებით კაჭრეთამდე მოვაღწიეთ, ვიმწვადავეთ და წამოვედით თბილისში, სახლებში!...

ივანე გოლიაძე

მოგზაურების ფოტორეპორტაჟი იხილეთ ვრცლად>>>

სოფელ ჯაფარიძეში სერაფიმე საროველის ტაძრის რესტავრაცია ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს

სოფელ ჯაფარიძეში სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს. ათეულობით წელია ტაძარი მძიმე ვითარებაშია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობას წლების მანძილზე რელიგიურ რიტუალებზე დასწრებისა და სანთლის ანთების საშუალება არ ეძლეოდა. ტაძრის ძირეული რესტავრაცია ახლახან, ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით დაიწყო. სამუშაოები სულ რამდენიმე თვეში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "სტანდარტი C" აწარმოებს.

რატომ გახსნეს ტაძრის შენობაში სკოლა, კინოთეატრი და საწყობი, როგორ ჩაინგრა ერთ-ერთი კინოთეატრის დროს ტაძრის იატაკი და რატომ წაიღეს ეკლესიის კარი სკოლაში, რომელსაც გაკვეთილების დაწყების წინ რეკდნენ. როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც ტაძრის დაზიანებაში მცირე წვლილი შეიტანა, უკუღმა დატრიალდა და ტრაგიკულად დასრულდა.
ტაძარი, სავარაუდოდ 1902 წელს ამოქმედდა, ჯვარგუმბათოვანი ტიპისაა და უნიკალურია იმითაც, რომ ამ წმინდანის სახელობის ტაძარი საქართველოში ერთადერთია და ისიც დედოფლისწყაროს ამ სოფელში. ტაძარი აშენებულია გრაფი სეჩენოვის შემოწირულობით. ის წარმოადგენს XIX საუკუნის დასასრულის არქიტექტურულ ძეგლს და აშენებულია სოფლის განაპირას, შემაღლებულ ადგილზე. სამწუხაროდ, ტაძარმა მხოლოდ ორი ათეული წელი იმოქმედა. კომუნისტების წყალობით და ზოგადად უყურადღებობით ყველასგან უყურადღებოდ მიტოვებული ტაძარი ძალზე დაზიანდა. ჯაფარიძელებს თითქმის არასოდეს ჰქონიათ საშუალება, ტაძარში წასულიყვნენ და წმინდა სანთელი აენთოთ.
1921 წელს, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზეც წითელი არმია შემოვიდა. მათ ტოტალური ბრძოლა გამოუცხადეს მართლმადიდებლობას და საქართველოში არსებული ტაძრების უმრავლესობა დახურეს, მათ შორის იყო ჯაფარიძეში ახლადაშენებული სერაფიმეს ტაძარიც.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მას შემდეგ ტაძრის შენობას კომუნისტები სამეურნეო დანიშნულებისთვის იყენებდნენ. მალევე გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა ტაძრის გუმბათი, რომელიც ხისგან იყო აგებული. ტაძრის კედლები დღითიდღე ზიანდებოდა. დიდი ხნის მანძილზე ტაძრის აღდგენის სურვილი არავის გასჩენია.

როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, საქართველოს საპარტიარქომ ნებართვა 1988 წლის 24 დეკემბერს გასცა და უწმინდესის ლოცვა კურთხევით, სერაფიმეს სახელობის ტაძარმა, ოფიციალურად ფუნქციონირება 1989 წლის იანვრიდან დაიწყო. უმძიმეს პირობებში, მაგრამ მაინც... მოძღვრად მამა სოლომონ ბოსტოღანაშვილი მოავლინეს. ამავე წლის 9 ივლისს ახლადაღდგენილი ტაძარი დედოფლისწყაროში ჩამობრძანებულმა კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ მოინახულა და აკურთხა. სოფლის მოსახლეობა ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ ნელ-ნელა შემობრუნდა, თუმცა სულ მცირე ხნით.

ორიოდ წლის წინ დედოფლისწყაროში ძალზე საინტერესო წიგნის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ჩვენც ვესწრებოდით. წიგნი მთლიანად სოფელ ჯაფარიძის ცხოვრებას ასახავს და არაერთ ისტორიულ და უნიკალურ ფოტო თუ დოკუმენტურ მასალას მოიცავს. წიგნის ავტორი დამსახურებული პედაგოგი ეგული ყოჩიაშვილი გახლავთ, რომელიც წლების მანძილზე, სოფლის ერთადერთი სკოლის დირექტორი იყო. ის უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე და მონაწილეა. გამოცემაში დეტალურად არის მოცემული სოფლის დაარსებისა და განვითარების ეტაპები. ჯაფარიძელების დამოკიდებულებაზე რელიგიის მიმართ და ტაძრის ისტორიაზე სასაუბროდ წიგნის "აღმართ აღმართ აღმავალი"-ს ავტორს გაზეთი "ქიზიყი" სახლში ეწვია და ბურუსით მოცული თემის ირგვლივ, საკმაოდ საინტერესო დეტალები შეიტყო:

ეგული ყოჩიაშვილი: ,,მას შემდეგ, რაც გასაბჭოებამ ჩვენს სოფელშიც შემოაღწია, კომუნისტებმა სერაფიმეს ტაძრის დანგრევაც დაგეგმეს. გადაწყვიტეს, ეკლესიის სახე შეეცვალათ და შენობა საწყობად გამოეყენებინათ. თავდაპირველად ხის გუმბათი ჩამოიღეს და დაწვეს. 1941 წელს სოფელ ჯაფარიძის სკოლა გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. კლასები 10 წლის მანძილზე ეკლესიის შენობაში განათავსეს. ამავე პერიოდში ტაძარი შუაზე გადატიხრეს და ორ სართულიანად გადააკეთეს. შენობას დღემდე ეტყობა ეს კვალი. სკოლა 1950 წელს აღვადგინეთ და ტაძრის შენობიდან კლასები კვლავ სკოლაში გადავიდა. ამის შემდეგ, ეკლესიის სამრეკლოზე არსებული ზარი სკოლას გადასცეს. ზარს, რომელსაც მრევლის ტაძარში მოგროვება ევალებოდა, სკოლაში გაკვეთილების წინ რეკდნენ. 1993 წელს ეს ზარი ჩემი ხელით კვლავ ტაძარს დავუბრუნე. თუმცა, მერე რა ბედი ეწია, ჩემთვის უცნობია... კლასების სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ტაძრის შენობაში კინო კლუბი გაიხსნა. ორი წლის შემდეგ, ერთ-ერთი კინოსეანსის დროს მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა და ხალხი დაბლა ჩაცვივდა.
-- სოფელში თითქმის არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას შეძლებდა. როგორ ახერხებდით ძირძველი ტრადიციების შენარჩუნებას?
-- ჯაფარიძელებს ამის საშუალება არ ჰქონდათ. თუმცა, გარკვეულ ოჯახურ წრეებში მაინც იყო ძლიერი რწმენა. ისინი ფარულად იკრიბებოდნენ და რელიგიურ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ. ცხადია, ყველაფერი არაორგანიზებულად ხდებოდა. თუმცა, საკლავის შეწირვის ტრადიციები სოფელ ჯაფარიძეში ნამდვილად იყო.
-- ბუნებრივია ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა მართლმადიდებლობის შეზღუდვის ფაქტები...
-- რა თქმა უნდა. იმდროინდელი გამგეობიდან მუდმივად იყო ხელშეშლა ამგვარი თავყრილობების მიმართ. გამგეობის წევრებსა და მათი ოჯახის ახლობლებს ასეთ შეკრებებში მონაწილეობას კატეგორიულად უკრძალავდნენ. მახსოვს, გამგეობებში იმართებოდა სპეციალური სხდომები და თქვენ წარმოიდგინეთ, ინტენსიურად მიდიოდა ლექციები ათეისტურ თემებზე...
-- წლების მანძილზე სკოლას ხელმძღვანელობდით. ხდებოდა თუ არა თქვენზე რაიმე სახის ზეწოლა და რა სახის მითითებები გეძლეოდათ ხელისუფლების მხრიდან?
-- გარკვეული მითითებები მართლაც იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი პარადოქსული ფაქტებიც ფიქსირდებოდა, რომ იმ პერიოდში, კომუნისტების მიერ აქტიურად ყალიბდებოდა "ნორჩ ათეისტთა" წრეები. ბავშვებში საკმაოდ ძლიერ აგიტაციას ეწეოდნენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თაობები ანტიმართლმადიდებლური იდეოლოგიით აღგვეზარდა, რასაც ბუნებრივია არ ვითვალისწინებდით. მალულად მაინც ვახერხებდით, ბავშვებისთვის რელიგია შეგვეყვარებინა და რწმენა გაგვეღვივებინა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვინც ამ ტაძრის დაზიანებაში მცირე წვლილიც შეიტანა, ყველას ბედი უკუღმა დარტიალდა და ტრაგიკულად დასრულდა. გვარების ჩამოთვლა არ მინდა, მაგრამ ამის მოწმე პირადად ვარ" - აღნიშნავს ეგული ყოჩიაშვილი და იქვე დასძენს, რომ ყველა იმ ადამიანის გვარი იცის, რომლებმაც ამ ეკლესიის განადგურებაში წვლილი შეიტანეს, თუმცა მათი საჯაროდ გამხელისგან თავის წიგნშიც და ჩვენთან საუბარშიც თავი შეიკავა.

მოძღვრის ქალიშვილმა მარინა ბოსტოღანაშვილმა "ქიზიყთან" საუბარში წარსული გაიხსენა და გულისწყვეტით აღნიშნა, რომ ეკლესიის აღსადგენად და კედლების გასამაგრებლად ადგილობრივ ხელისუფლებას თავი არასოდეს შეუწუხებია. ტაძრის რესტავრაციაზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, თუმცა როგორც მარინა ბოსტოღანაშვილი ამბობს, ეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ცალკეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან პოლიტიკური ქულების მოგროვების მცდელობას უფრო წააგავდა ვიდრე ტაძარზე ზრუნვას.

ათი წლის წინ, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ლიდერმა ვახტანგ კიკილაშვილმა და სს "დედოფლისწყაროელის" ანგარიშზე ტაძრის აღდგენის სპეც-ანგარიში გახსნა. სააქციო საზოგადოება "დედოფლისწყაროელის" ძალისხმევით ფერადი სააგიტაციო ბუკლეტიც გამოიცა, რომელიც მოსახლეობაში უფასოდ გავრცელდა და ადგილობრივებს ტაძრის აღდგენისკენ მოუწოდებდა. ამ საკითხზე პრესაშიც უამრავი სტატია გამოქვეყნდა. ვახტანგ კიკილაშვილმა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ დედოფლისწყაროს სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და ირწმუნებოდა, რომ ტაძარზე ზრუნვა პოლიტიკური ქულების მოსაგროვებლად არ დაუწყია, თუმცა მისი აქტიურობის შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. საგულისხმოა, რომ ეკლესიის ეზოში სამშენებლო ქვიშა მხოლოდ არჩევნების წინ გამოჩნდებოდა ხოლმე და იქმნებოდა ილუზია, რომ რესტავრაციის პროცესი იწყებოდა, თუმცა დღემდე ტაძრის გამაგრება ვერ მოხერხდა. სოფლის მაცხოვრებლების მიერ ტაძრისთვის მოგროვებული 807 ლარიც ოჯახიდან ოჯახში მოგზაურობდა, ბოლოს კი რამდენიმე წელი ბანკში უშედეგოდ ინახებოდა.

სოფლის კოლორიტი, მწერალი უშანგი წყარუაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ამბობს, რომ ტაძრის რესტავრაცია ძალზე დროული და აუცილებელი იყო. მისი თქმით, პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული. წყარუაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნაბიჯებით ახალი თაობის რწმენისკენ შემობრუნება უნდა მოხდეს, რომ მათში მავნე ჩვევებმა თავი აღარ იჩინოს. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/










ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.

სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы