აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ივანე შანშიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსად გადაიყვანეს. შესაბამისი საკადრო ცვლილებები დედოფლისწყაროს თვითმმართველობამ აგვისტოს დასაწყისში განახორციელა.
შეგახსენებთ, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დეპუტატის ბიუროს უფროსად, ახლახან ფინანსური პოლიციის მიერ დოკუმენტების გაყალბებისთვის დაპატიმრებული დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის უფროსის ზურაბ ყოჩიაშვილის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა პროგნოზი არ გამართლდა.
„ნამდვილად სწორი ინფორმაცია გაქვთ... დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად დავინიშნე. სექტემბრიდან მუშაობა უკვე დავიწყე. სიტუაციიდან გამომდინარე აქტიურ მუშაობას ვგეგმავ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ელიზბარ იმერლიშვილმა.
ელიზბარ იმერლიშვილი დედოფლისწყაროში ფერმერულ საქმიანობას ეწევა და მუნიციპალიტეტში ერთ–ერთ მსხვილ ფერმერად ითვლება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
თამუნა ამონაშვილი დედოფლისწყაროს ეწვევა
ყველა თაობისთვის საყვარელი, ცნობილი ქართველი პოპ–მომღერალი თამუნა ამონაშვილი დედოფლისწყაროში სოლო–კონცერტს გამართავს. როგორც გაზეთ „შირაქმა“ გაარკვია, ტურნე კახეთის რეგიონის დანარჩენ რაიონებშიც გაიმართება.

„თამუნა ამონაშვილი ყველა თაობისთვის ერთნაირად საყვარელი მომღერალია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, კახეთის რეგიონის მოსახლეობას უშუალოდ მივცეთ მისი მოსმენის შესაძლებლობა. კონცერტები ერთმანეთის თანმიმდევრულად ყველა რაიონში გაიმართება. ტურნეს კახეთიდან დავიწყებთ და არ არის გამორიცხული, სხვა რეგიონებსაც ვეწვიოთ. კონკრეტული დეტალები და რეპერტუარი ბოლომდე შერჩეული და შეთანხმებული ამ ეტაპზე ჯერ არ არის, თუმცა ცხადია, რომ საღამოზე საზოგადოებისთვის საყვარელი ყველა სიმღერა შესრულდება. გვჯერა, რომ მსმენელს თამუნა ამონაშვილთან შეხვედრა ძალიან მოენატრა. ამჯერად, კახეთის მაცხოვრებლებს საშუალებას ვაძლევთ, ეს მონატრება დაიკმაყოფილონ და განახლებული პროგრამით დატკბნენ,“ – აცხადებს პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი.
როგორც ტურნეს ორგანიზატორები აცხადებენ, თამუნა ამონაშვილის სოლო–კონცერტზე რამდენიმე სიმღერას ქეთი გომართელი, თაკო მელიქიშვილი და სხვა ქართველი მომღერლებიც შეასრულებენ. საღამოს ყოფილი ტელე–წამყვანი თამუნა გომართელი წარუძღვება.
დედოფლისწყაროს კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში თამუნა ამონაშვილის კონცერტი 9 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. გაზეთ „შირაქის“ ინფორმაციით, კონცერტზე დასწრება ფასიანი იქნება. ბილეთები კულტურის სახლის სალაროში წინასწარ გაიყიდება და მისი ფასი, სავარაუდოდ, 5 ლარი იქნება.
ტურნეს მხარდამჭერია კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონცერტში დედოფლისწყაროს ადგილობრივი ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას. /შირაქი/ ილია მარტყოფლიშვილი
გამოხმაურება პრესაში: ჯეონიუსი>> ; ნიუსლაინი>>
Комментариев нет:
Отправить комментарий