EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის საჯარო სკოლამ 5 წლიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი 25 მოსწავლით განაახლა – იუწყება გაზეთი „შირაქი“. სკოლის გახსნამდე მირზაანში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად ყოველდღიურად მეზობელი სოფლის, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სიარული და კილომეტრების გავლა უწევდათ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ სკოლის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართა, წერილობითი მოთხოვნა არაერთ უწყებაში გაიგზავნა, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მაცხოვრებლები

აცხადებენ, რომ ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელში სკოლის არარსებობამ მირზაანი დაცლის საფრთხის წინაშე დააყენა. სკოლის გაუქმების შემდეგ, სოფელი არაერთმა ოჯახმა დატოვა. ნაწილი საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდა, ზოგმაც სხვა გამოსავალი მოძებნა.
გაზეთი „შირაქი“–ს ინფორმაციით, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ სოფელ მირზაანის გაუქმებული სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს განახორციელა, რაშიც 72 000 ლარი დაიხარჯა. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შენობას ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი. გამოიცვალა ავეჯის ნაწილი.

როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
მარინე მეხრიშვილი განმარტავს, სოფელ მირზაანის სკოლას დამოუკიდებელი სტატუსი არ ექნება და ის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დაქვემდებარებაში იქნება. მეხრიშვილის თქმით, კონტინგენტის სიმცირის გამო ასაკობრივი ფაქტორის გათვალისწინებით, ამჯერად მოსწავლეებს კლასკომპლექტებში მოუწევთ სწავლა (1-2, 3-4 და 5-6 ). მომავლისთვის, კონტინგენტის ზრდასთან ერთად, კლასები დაცალკევდება და სკოლაც დამოუკიდებელი გახდება.

2006 წელს სოფელ მირზაანის საჯარო სკოლა ოპტიმიზაციის პროგრამის შედეგად დაიხურა და სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლას შეუერთდა. ამჯერად, სკოლის აღდგენის შემთხვევაშიც მირზაანის სკოლა კვლავაც ზემო მაჩხაანის სკოლის დაქვემდებარებაში დარჩება, თუმცა, სასწავლო პროცესი სოფელ მირზაანში წარიმართება.
თავის დროზე, მირზაანში სკოლის გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად მოსწავლეთა კონტიგენტის სიმცირე დასახელდა, თუმცა ამჯერად კონტიგენტის სიმცირის პირობებში სკოლის აღდგენის აუცილებლობა ისევ წარმოიშვა. /შირაქი/ ილია მარტყოფლიშვილი
იხილეთ
ვრცლად>>>
Комментариев нет:
Отправить комментарий