
როგორც სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმა ინტერნეტ–გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს გვერდში უდგას. მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატი მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულთა მკურნალობის დაფინანსების საკითხზეც აქტიურად მუშაობს.
ნადირაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა სახის დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობა გარდაცვლილთა ოჯახებს.
„ქიზიყი“ დაინტერესდა, რას გეგმავს მუნიციპალიტეტი ამ ოჯახების დასახმარებლად და კომენტარისთვის საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტს ნინო მეხრიშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მისი ტელეფონი გამორთული იყო.
როგორც ცნობილია, შეჯახების შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ნაკაშიძეებისა და ხილაძეების ოჯახების 3 – 3 წევრი დაიღუპა.
გარდაცვლილნი არიან ნოდარ ხილაძე, მისი მეუღლე ნესტან ხილაძე და ნოდარის მამა, 50 წლის შაქრო ხილაძე. ამას გარდა, ადგილზე დაიღუპნენ 22 წლის თეონა ნაკაშიძე, მისი ძმა 25 წლის თენგო ნაკაშიძე და თეონას 3 წლის შვილი ბაჩო შაინიძე. გარდაცვლილებს შორის იყო კიდევ ერთი სტუმარი, მათივე ნათესავი, ბათუმელი 18 წლის მერი ზოიძე.
როგორც მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა ნათქვამი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარი ფაქტის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
სოფელ საბათლოს ნაწილს ელექტროენერგია აღუდგა
ერთთვიანი უშუქობის შემდეგ სოფელ საბათლოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება აღუდგა. ამის შესახებ „ქიზიყს“ სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა კარო ნერსესიანმა აცნობა.
უშუქობით შეწუხებული საბათლოელები „ქიზიყს“ რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და ვითარების გარკვევა სთხოვეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფლის ერთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე ელექტროგამანაწილებელი სადგურის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ დარჩა. პრობლემის აღმოფხვრა კი რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ ხერხდებოდა.
„როგორც ვიცი, ძვირადღირებული ელექტრო–ნაწილები იყო საჭირო და შეკეთება ამიტომ გაჭიანურდა. ამჟამად არანაირი პრობლემა აღარ არის. უშუქოდ დარჩენილ მოსახლეობას დენი უკვე მიეწოდება. ნელ–ნელა მათი მომარაგება აღდგა და რაიმე შეფერხება აღარ გვაქვს. ამ წუთას სოფლის რწმუნებული აჭარაშია და ყურადღებას მე ვაქცევ,“ – აცხადებს კარო ნერსესიანი.
„თითქმის ნახევარ სოფელს სინათლე 1 თვის მანძილზე არ გვქონდა, უყურადღებოდ ვიყავით დარჩენილები. მერე თითქოს გააკეთეს, მაგრამ წამდაუწუმ თიშავდნენ. ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი კარო ნერსესიანი კი იტყუება და სულ გაიძახის სამი დღე იყო სოფელი უშუქოდო. ჩვენი რწმუნებული დავით გუნდაძე კი მუდმივად აჭარაში დადის და სოფლის მაცხოვრებლებს თვეობით უყურადღებოდ გვტოვებს,“ – აცხადებენ საბათლოს მაცხოვრებლები ნინო ქადაგიშვილი და ლიანა ოვსეპიანი.
"ქიზიყის" ინფორმაციით, ხარვეზი სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ადგილობრივი სერვის–ცენტრის ძალისხმევით აღმოიფხვრა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий