
„ქიზიყმა“ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება სამოქალაქო რეესტრის ცენტრალურ ოფისში, პრეს–სამსახურში სცადა და დეტალებით დაინტერესდა. პრესსპიკერი ირწმუნება, რომ შეითნიშვილს მუშაობა აღარ სურს:
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეითნიშვილმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაიმე მოტივი არ ყოფილა. ამჯერად მოვალეობას ერთ–ერთი ჩვენი თანამშრომელი ასრულებს. უახლოეს მომავალში ამ ვაკანსიაზე გამოცხადდება კონკურსი და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს. რაიმე სახის შეზღუდვები არ იქნება,“ - აცხადებს „შირაქთან“ საუბარში სამოქალაქო რეესტრის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მამალაძე.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, 5 სექტემბრიდან შეითნიშვილის მოვალეობას ამავე სამსახურის თანამშრომელი მაია თამაზაშვილი ასრულებს. ის გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ვერ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.
„ჯერჯერობით მოვალეობას ვასრულებ, ხვალ რა იქნება არ ვიცი. ჩემი ხელმძღვანელობის გარეშე არც რაიმეს თქმა შემიძლია და ჯერ ვერც იმას დავაკონკრეტებ კონკურსში მივიღებ თუ არა მონაწილეობას. ჩატარდება თუ არა კონკურსი ჩემთვის ეს ინფორმაციაც უცნობია,“ – ამბობს თამაზაშვილი.
„ქიზიყი“ თანამდებობიდან გათავისუფლებული მარინა შეითნიშვილის პოზიციითაც დაინტერესდა და იმის გარკვევას შეეცადა, რატომ გაუჩნდა შეითნიშვილს თანამდებობიდან "წასვლის" სურვილი, ან ხომ არ იყო ეს ნაბიჯი იძულებით და ზეწოლით გამოწვეული. თუმცა, მისი საკონტაქტო ტელეფონი მთელი დღის მანძილზე გამორთული იყო. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий