როგორც გაზეთ „ქიზიყს“ შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციიის სამმართველოში განუცხადეს, გაროზაშვილმა თაღლითურად მიითვისა ადგილობრივი მკვიდრის ელგუჯა ცოგოშვილის საბანკო ბარათი, საიდანაც მალულად მოხსნა მოხუცის ანგარიშზე არსებული 1 200 ლარი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დედოფლისწყაროში სხვადასხვა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად მეთვალყურეობდა და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა, რათა მორიგი მსხვერპლი ხელში ჩაეგდო. ერთ დღესაც ბანკომატთან დედოფლისწყაროში მცხოვრები მოხუცი ელგუჯა ცოგოშვილი მივიდა, რომელსაც მხედველობა უჭირს. ამ დროს იქვე მდგომმა გაროზაშვილმა მამაკაცს დახმარება შესთავაზა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხა ირიცხებოდა, მას ბარათი მოტყუებით შეუცვალა და პინ-კოდის დამახსოვრებაც მოახერხა. მოგვიანებით კი მის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების დაწყებისთანავე, ბანკიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ამოღების შედეგად დადგინდა, რომ თანხა ანგარიშიდან გაროზაშვილმა გაიტანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ბარათი, რომელიც დაკავებულმა მოხუცს გადასცა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდა, თუმცა, სიღნაღის პროკურატურის პროკურორის გიორგი შაიშმელაშვილის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა მორიგი დანაშაული პირობითი პატიმრობის მისჯიდან 6 თვეში ჩაიდინა, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დანაშაულის ჩადენის მომენტში გაროზაშვილს 4 წლის ვადით პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბრალიც სწორედ ამ გარემოებამ დაამძიმა. სხდომის მსვლელობისას მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებული მზად არის გირაოს სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ 4 000 ლარი გადაიხადოს. მოგვიანებით, ბრალდებულის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
მორიგი სასამართლო სხდომა დედოფლისწყაროს სასამართლოში 29 სექტემბერს 13:30 საათზე არის ჩანიშნული. სასამართლო გაროზაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს სწორედ ამ დროს განიხილავს. სიღნაღის პროკურატურა ბრალდებულისთვის 6–დან 9 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გაროზაშვილი კვლავაც იზოლატორში გადაიყვანეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
სოფელ გამარჯვებაში თიხის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა
ბუნებრივი რესურსების სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა. „ქიზიყის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე ლიცენზია სახელწოდებით: „გამარჯვების“ თიხის გამოვლინება - ფიზიკურმა პირმა არჩილ ოჩიგავამ 11 ათას ლარად შეიძინა. დასახელებული ლოტის საწყისი ფასი - 10 ათასი ლარი იყო.
როგორც „ქიზიყს“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს–სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ 9 სექტემბერს გამართულ აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 11 ლიცენზია გაყიდა, აქედან აუქციონზე კახეთის რეგიონიდან სულ ორი ლიცენზია გასხვისდა, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.
რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა, სადაც გასაყიდად გამოტანილი იყო, დედოფლისწყაროში მისისქვეშა მტკნარი წყალიც.
დედოფლისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყალი სამეწარმეო დანიშნულებით ფიზიკურმა პირმა ზაზა კედელაშვილმა შეიძინა.
ლოტის გასაყიდი ფასი 17 ლარი გახლდათ. ზაზა კედელაშვილი ცნობილი სპორტსმენია, ის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის მკვიდრია. რა მიზნით გამოიყენებს ის ამ წიაღისეულს, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий