ასაკში შესულ მხცოვანს, უბნის უხუცესს და პატივსაცემ პაპას ისე უყვირა ჯიბღაშვილმა "შენ ვინღა ხარო!" კაცს ფერი ეცვალა
დედოფლისწყაროელების დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დავით ჯიბღაშვილს მოსახლეობისადმი უდიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს... სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გამგებლის გადაწყვეტილებას, რომ ჯიბღაშვილი ქუჩიდან პირდაპირ სამსახურის უფროსის სკამზე დაესვათ, ადგილობრივები კეთილგანწყობით არც თავდაპირველად შეხვედრიან... რბილად რომ ვთქვათ, დავით ჯიბღაშვილს ლევანა ბაღაშვილმა უფროსის სავარძელი საკმაოდ სოლიდური ხელფასითა და სხვათაშორის ასევე სოლიდური ტრანსფერებით, მხოლოდდამხოლოდ ნაციონალურ შტაბში ხეტიალისთვის უფეშქაშა. იმთავითვე ბევრს საუბრობდნენ, რომ ჯიბღაშვილი სკამზე პირადი ურთიერთობების გამო დასვეს და საკითხის ბაიბურში არ იყო...
დღემდე ანეკდოტად დადის ის საკითხი, იცის თუ არა ჯიბღაშვილმა საკუთარი სამსახურის დასახელება და მისი მნიშვნელობა?... სხვათაშორის, დავით ჯიბღაშვილს უტაქტობა ჟურნალისტებთან დამოკიდებულებაშიც ხშირად გამოუჩენია, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, როდესაც მისი საქციელითა თუ მუშაობით უკმაყოფილო ადამიანებს ვხედავთ, აღარც კი გვიკვირს... (მით უფრო, რომ დედოფლისწყაროში ასეთი ბევრია) გასაკვირი ის იქნებოდა, მისი კომპეტენტურობით კმაყოფილი ერთი ადამიანი მაინც რომ შეგვხვედროდა დუნიაზე...
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის დავით ჯიბღაშვილის უტაქტობაზე და ირონიულ, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე საკმაოდ ვრცელ სტატიას ბეჭდავს გაზეთი „სპექტრი“, რომელიც კახეთის რვა რაიონში და ასევე ინტერნეტით ვრცელდება. სტატია დედოფლისწყაროში წყალდიდობის ფაქტს ეხება. „გადაუღებელ წვიმაში ხალხი არ იშლებოდა და დაზარალებულ ოჯახებს არ სტოვებდა. როცა ხელმძღვანელობა - მუნიციპალიტეტის გამგებელი თავისი მოადგილეებით გამოჩნდა, ხალხს იმედი ჩაესახა, თუმცა ეს იმედიც მაშინ გაქრა, როცა ტრანსპორტიდან გადმოსულმა ახალგაზრდა თანამდებობის პირებმა მათ ყვირილი დაუწყეს. ყველაზე მეტად კი მოსახლეობა ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის დავით ჯიბღაშვილის საქციელმა გააღიზიანა.
"ველოდით გვანუგეშებდნენ, ჩვენს წუხილს გაიზიარებდნენ, მათ კი ისეთი ყვირილი დაიწყეს, გავჩუმდით. ასაკში შესულ მხცოვან ბერიკაცს, უბნის უხუცესს და პატივსაცემ პაპას ისე უყვირა ჯიბღაშვილმა "შენ ვინღა ხარო!" კაცს ფერი ეცვალა. თუ ხალხთან ურთიერთობისას წონასწორობის შენარჩუნების ნებისყოფა არ აქვთ, არც თანამდებობაზე უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, თუმცა ახლა რაღად ვჭირდებით, არჩევნები ხომ ჩაატარეს. ეგაა მათი თანამდებობა, მკლავებზე რომ იყურებიან? აქ ჩვენთვის თვალების საჭყეტად მოვიდნენ? რა აყვირებდათ, წამოსულიყვნენ და ენახათ რა დღეში ჩავვარდით," -- ამბობდა გამწარებული მოსახლეობა. -- ნათქვამია გაზეთ „სპექტრი“-ს ფურცლებზე. ეს დედოფლისწყაროს იმიჯის ლაფში ამომსვრელი სტატია არც პირველად დაწერილა და, დიდი ეჭვი მაქვს, რომ დავით ბატონის წყალობით, არც უკანასკნელი იქნება. საერთოდ, ამ უკანასკნელს იმდენი ეშლება და გამოუცდელობის თუ სფეროში გაურკვევლობის გამო იმდენ შეცდომას უშვებს, თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ შეხვედრაზე სკანდალური სტატიები მოამზადო... მე თუ მკითხავთ, ამ ორი წლის მანძილზე დედოფლისწყაროში ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, საჯარო სამსახურში ყოფნა რას გულისხმობს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მათ შორის დავით ჯიბღაშვილიც გახლავთ... ჯერ კიდევ გარკვევის სტადიაშია... ვაცადოთ, იქნებ..... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
** *
საქართველოდან ირანში 1000 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. ქართული პროდუქციაზე მოთხოვნა აშკარად იზრდება. უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება ქართული ცხვრის ხორცის გამორჩეულმა გემომ, სიიაფემ და ტრანსპორტირების დაბალმა ღირებულებამ განაპირობა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განცხადა, ირანში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა იზრდება და ირანის მიმართულებით 1000 ერთეული ცხვარი უკვე გაიგზავნა. „მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. წლის ბოლომდე აზიურ ბაზარზე 350 ათასი ცხვრის ექსპორტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის დადებითი ფაქტორია. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ახალი საექსპორტო პროდუქცია გამოჩნდა, რაც ახალ ბაზრებზე გასვლის წინაპირობაა“, – აცხადებს ბაკურ კვეზერელი. მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან 10 ათასი ცხვარი უკვე ექსპორტირებულია. სტატისტიკური ინფორმაცით, 2009 წელს საქართველოდან 17 მლნ. 343 ათას 198 დოლარის ღირებულების 267 ათას 144 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. თითო საშუალოდ 54 დოლარად. 2009 წელს ქართული ცხვრის ექსპორტი სომხეთში, ირანში, იორდანიაში, ომანში, ყატარში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ლიბანში და აზერბაიჯანში განხორციელდა. გაზრდილი მოთხოვნის გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ წელთან შედარებით წელს ცხვრის ექსპორტის 10-პროცენტიან მატებას ვარაუდობს. მარტო ყატარში წელს 70 ათასი ცხვრის გაყვანას აპირებენ. არაბი ბიზნესმენების დაინტერესება ქართული ცხვრის ხორცის გამორჩეულმა გემომ, სიიაფემ და ტრანსპორტირების დაბალმა ღირებულებამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის გამო ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ფასი 60-დან 130 ლარამდე გაიზარდა. ქართული ცხვრის სულადობის თაობაზე ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა გათვლებით, ამჟამად ქვეყანაში 700 ათასიდან 1 მილიონამდე სული ცხვარი და თხა უნდა იყოს. საქართველოში არსებული ცხვრის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია. ის ხალხური სელექციით მე-13, მე-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მარტყლი ძვირფასი ნედლეულია ხალიჩებისა და სხვა სახეობათა მოთელილი ნაწარმის (ნაბადი, ქუდები და სხვა) დასამზადებლად. მოზრდილი ცხვრის წონა 70-75, ნერბების კი 40-45 კგ-ია. მატყლის ნაპარსი, შესაბამისად, 3,5-4 და 2,5-3 კგ-ს შეადგენს. თუშური ცხვარი მაღალი ნაყოფიერებითა და მერძეულობით ხასიათდება. როგორც ამბობენ, ეს ის შემთხვევაა, როცა ბაზარმა პროდუქტი თვითონ მოძებნა და ქართულმა ცხვარმაც არაბული ქვეყნების ბაზარზე ავსტრალიური, უკრაინული და ბრაზილიური ცხვრის ექსპორტი წარმატებით ჩაანაცვლა. ქართული ცხვრის მთავარი უპირატესობა (გემოსთან ერთად) სიიაფე და საქართველოდან არაბულ ქვეყნებში ტრანსპორტირების დაბალი ღირებულებაა. არაბი ბიზნესმენები აქ ცხვარს დაახლოებით 50 დოლარად ყიდულობენ, საკუთარ ქვეყნებში კი 300 დოლარად ყიდიან. ფოთის პორტიდან არაბულ ქვეყნებში ცხვრის საზღვაო ტრანსპორტით გადაყვანას 3-4 დღე და სულზე დაახლოებით 15-25 დოლარი სჭირდება. როგორც ირკვევა, არაბი ბიზნესმენები მხოლოდ მსხვილი გარიგებებით ინტერესდებიან და ძირითადად მამალ ცხვრებსა და თოხლებს ყიდულობენ. მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ ამ დარგში ექსპორტის განვითარებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: „რაც მთავარია, იზრდება ინტერესი ცხვრის კვლავწარმოებისა და გამრავლებისადმი. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში აუცილებელია მეცნიერებისა და ზოოტექნიკოს-სელექციონერების ჩართვა. საქართველოდან ადგილობრივი ცხვრის ჯიშების გაყვანა მათი რეკომენდაციებით უნდა ხდებოდეს“. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტირებისას ცხოველთა სიკვდილიანობა ადრე თუ გვიან არაბ ბიზნესმენებს საქართველოში ცხვრის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნაზე დააფიქრებს. თუმცა, როგორც ირკვევა, ცხვრის ბიზნესით დაკავებული არაბი ბიზნესმენები საქართველოში არც ცხვრის მოშენებას აპირებენ, არც საძოვრების ყიდვას და მითუმეტეს, არც ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას. მათთვის გაცილებით უფრო მომგებიანია, ცხვარი მეცხვარისგან იყიდონ და ფოთის პორტამდე ჩაყვანილი საქონელი ექსპორტზე შემდეგ არაბულ ქვეყნებში გაიტანონ. მითუმეტეს, რომ ექსპორტი არ იბეგრება და კომპანიასაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევს. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს: „არაბულ ქვეყნებში ცხვარი ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე იკვლება. რიტუალის თანახმად, ცხვარი ადგილზე უნდა დაიკლას. ამიტომ, არაბებს ურჩევიათ საქართველოდან ცოცხალი ცხვარი გაიყვანონ და იქ დაკლან. მითუმეტეს, რომ ფოთის პორტიდან ტრანსპორტირება არც ისე ძვირია“. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოდან საექსპორტოდ დაახლოებით 300 ათას ცხვარს გაიყვანენ. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ცხვრის მოშენების მაქსიმალური პოტენციალი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 1,5-2 მლნ-მდე სულია (ზაფხულში ორჯერ მეტი ცხვრის ყოლაც შეიძლება). როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მუშავდება წარმოების ახალი სტრატეგია, რაც სანაშენე წარმოების განვითარებას, მიუვალ საძოვრებზე გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი, ალპური საძოვრების ათვისების შესაძლებლობას გულისხმობს. ფაქტია, რომ არაბების შემდეგ ქართული ცხვრით ირანიც აქტიურად დაინტერესდა. 5 ათასი ქართული ცხვრის შესყიდვაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამ ეტაპზე ქართველი ფერმერები მორიგ სპეციალურ ჩარტერულ ავიარეისს ელოდებიან, ხოლო ქვეყნიდან ერთი სული ცხვრის გაყვანა 40 დოლარი ჯდება. მოთხოვნის ზრდასთან ერთად წელს ქართული ცხვრის საშუალო ფასიც გაორმაგდა და 100-110 ლარს შეადგენს. ფერმერები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ექსპორტზე 300 ათასზე მეტ ქართულ ცხვარს გაიყვანენ.
გეგა ბერიძე
* * *
სოფლის პროგრამის არაეფექტურობას თავწყაროელებიც უჩივიან
სოფელ ჯაფარიძის შემდეგ, სოფლის დახმარების საპრეზიდენტო პროგრამით განხორციელებული სამუშაოების არაეფექტურობაზე თავწყაროს მცხოვრებნიც ღიად ალაპარაკდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სოფელში თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, შესრულებული სამუშაოები უხარისხოა და დადებითი შედეგები სულაც არ იგრძნობა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში გაზეთ „ქიზიყს“ განუცხადეს, მიმდინარე წელს სოფელ თავწყაროში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 5 296 ლარი გაიხარჯა. პრიორიტეტულ საკითხთა შორის კი წყაროს მოწესრიგება და მიმდებარე გზის მოხრეშვა დასახელდა. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ თავწყაროში სოფლის პროგრამის სამუშაოები შპს „დიდოსტატმა“ შეასრულა და ხარისხზეც პასუხისმგებელი ის გახლავთ. უიმედოდ დარჩენილი თავწყაროელები კი გაუსაძლის ყოფაზე საუბრობენ და დახმარებას ხელისუფლებისგან ელიან: „გზა კი მოიხრეშა მაგრამ აბა ნახეთ... 6 ათას ლარამდე დახარჯეს და რა ეტყობა... ქვიშა დაყარეს და საქმე კი არ გააკეთეს, პირიქით, ხელი შეგვიშალეს... აქამდე ვწვალობდით, მაგრამ ურიკებით წყალს მაინც ვეზიდებოდით და ასე ვტანჯულობდით... მაგრამ რაც ეს ხრეში დაყარეს, ურიკები ქვიშაში ეფლობა და სახლში წყალიც ვეღარ მიგვიტანია... ვდგავართ და ეს მოხუცებული, ავადმყოფი ხალხი 45 გრადუს სიცხეში წყალს ამხელა მანძილიდან ვედროებით ვეზიდებით... მონებივით და პირველყოფილებივით ვცხოვრობთ... აბა რა ვქნათ? ვითომ სოფლის პროგრამით მოსახლეობის ყოფა გაუმჯობესდაო, მაგრამ პირიქითაა... უფრო გაგვირთულეს საქმე, ბალონებით რომ მოგვქონდა წყალი მაშინ ვწვალობდით და ახლა პატარა ვედროებით რამდენჯერ მოვიტანოთ რომ ვიმყოფინოთ? არადა სხვა რა გზაა, ურიკას ვეღარ ვიყენებთ და... რაც გზა მოხრეშეს ძალიან გავწვალდით...“ -- აცხადებენ თავწყაროელები და ყურადღებას სოფელში მიგრაციის მასშტაბურობაზე ამახვილებენ. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ორიოდ წლის წინ სოფელში 150-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი 40-მდე მოსახლე შემორჩა. უმეტესად მოხუცები და ავადმყოფები... ახალგაზრდობა სოფლიდან გაქცევას მასიურად ცდილობს... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
საქართველოში ფქვილი კვლავ გაძვირდა
ბაკურ კვეზერელი - აგვისტოში პურის ფასი სტაბილური იქნება
ადგილობრივ ბაზარზე ფქვილი 8-10 პროცენტით გაძვირდა. როგორც "ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციიაში" განაცხადეს დღეისათვის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 35 ლარიდან 36 ლარამდეა, მაშინ როდესაც ერთი თვის უკან ფქვილის ფასი 33 ლარი იყო. ასოციაციაში სამომავლოდ ფქვილისა და ხორბლის გაძვირებას აღარ მოელიან, როგორც ასოციაციაში განმარტავენ რუსეთში არსებული გვალვის გამო ხორბლის მოსავალი მართლაც განადგურდა, თუმცა ქვეყანას მარაგები გათვალისწინებულზე 2-ჯერ მეტი ჰქონდა და შესაბამისად ქვეყანა ხორბლის ექპორტს მაინც განახორციელებს. ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთი ბირჟაზე გამოიტანს ხორბლის მორიგ პარტიას, რაც ბაზრის გაჯერებას გამოიწვევს და ფასებიც დასტაბილურდება. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინათ კომპანია "აგრიკომის" ხელმძღვანელმა კოკი ოსიპოვმა ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის გაძვირების პროგნოზი გააკეთა.
მისი განმარტებით, ტრეიდერები ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით გერმანულ და ფრანგულ მხარეებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მისი განმარტებით, კრიზისის გამო რუსეთიდან ხორბლის შემოტანა კომპანიებისთვის მომგებიანი აღარ არის, მით უმეტეს რომ მწირი მოსავლის გამო რუსეთმა ხორბლის ფასის მომატება უკვე დაიწყო და ფოთში შემოტანილი განუბაჟებელი რუსული ხორბლის ღირებულება უკვე 260 დოლარია და მოუსავლიანობის გამო რუსეთი ფასს კიდევ გაზრდის. ამასთან ევროპის და ამერიკის ბირჟებზე მარცვლეულის ფასებმა ზრდა უკვე დაიწყო. სასურსათო ხორბლის ფასი პარიზში 1,8(-ით გაძვირდა. ამერიკულ ბირჟებზე კი ფასებმა ზრდა რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული ინფორმაციის ფონზე დაიწყო: ჩიკაგოში სექტემბრის ფიუჩერსები 0,9(-ით გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ გვალვების გამო მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი უკრაინამ, რუსეთმა და ყაზახეთმა შეამცირეს. მიმდინარე თვეში ქვეყანაში პურის ფასი სტაბილური იქნება, თუმცა სექტემბრიდან ვითარება შეიცვლება,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა განაცხადა . "რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ცვლილება აისახება საქართველოზეც, რადგან ჩვენ ამ პროდუქციის იმპორტიორები ვართ. თუმცა, ასე სწრაფად ფასის ასახვა არ მოხდება. მიმდინარე თვეში ფასები სტაბილური იქნება, სექტემბრიდან ალბათ სხვა ვითარება გვექნება", - განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მისივე თქმით, ხორბლის გაძვირება გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რაც დამოკიდებულია აღნიშნულ პროდუქციაზე, მათ შორის - პურის ფასზეც. საქართველოში ფქვილის ფასი ტომარაზე 7 ლარით გაიზარდა. პურის მწარმოებელები პურის ფასის გაზრდას არ გამორიცხავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მიწის 6000–მდე მფლობელს გაუქმებულ გადასახადს ხელახლა სთხოვენ
დედოფლისწყაროში 6 000 მდე მიწის მფლობელს გაუქმებული გადასახადების გადახდას ახლიდან სთხოვენ დედოფლისწყაროს რაიონში 6 000 მდე მიწის მფლობელს გაუქმებული გადასახადების გადახდას ახლიდან სთხოვენ. როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 2000 წელს დედოფლისწყაროს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა, რის გამოც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და გლეხები მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. ფერმერების თქმით, 2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ და ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობას შეუწყდა საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე რიცხულ საურავებზე. იურისტების განმარტებით, მიწის მფლობელები 2005 წლის 1 იანვრამდე მიწაზე ქონების გადაუხდელი გადასახადების გადახდისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ 2008 წლის 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სათათბირომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც რეგიონული საგადასახადო ინსპექციები ფერმერებისგან მიწაზე ქონების გადასახადის და მასზე 2000 წლის შემდეგ დარიცხული დიდი ოდენობით საურავების გადახდას მოითხოვენ. მიწის მფლობელთა განცხადებით, ისინი აღნიშნული გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. საურავი კი ყოველდღიურად იზრდება. ამ მდგომარეობაში მარტო დედოფლისწყაროს რაიონში 6 000 – მდე ადამიანია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათათბიროს მიერ აღნიშნული დადგენილების შესახებ სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. ფერმერები გააფრთხილეს, რომ გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მათ კუთვნილ მიწას ყადაღა დაედება და გაიყიდება. /ICK/
* * *
"მაგათ ხო გააჭირეს საქმე... შეჭამეს გული, სადაც უნდათ იქ იჩივლონ"...
მირზაანიც უწყლოდ დარჩა
უკვე ერთ კვირაზე მეტია, სოფელ ოზაანის მოსახლეობას ცენტრალური სისტემის დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. ადგილობრივები უწყლოობაზე წუხან და დახმარებას ითხოვენ. ზაფხულის ცხელ დღეებში უწყლოობით შეწუხებულმა მოსახლეობამ დახმარებისთვის ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მიმართა.
მაყვალა ბიკაშვილი: ,,აღარ შეგვიძლია, შვილო... გაუსაძლისია მირზაანში ცხოვრება. ამიტომაცაა, რომ სოფელი იცლება... ახლა სოფელში წყალი მხოლოდ 2 ადგილას მოწანწკარებს... რაღაცა გაფუჭდაო და დავრჩით უწყლოდ... აღარც არავინ ცდილობს მის გაკეთებას და ვართ ასე... დავიღალეთ ასე ცხოვრებით, სააკაშვილთან შეხვედრა და გულწრფელად საუფარი გვინდა, მაგრამ დედოფლისწყაროელებს პრეზიდენტი ახლოსაც არ გვეკარება... არადა, რამდენი რამე გვაქვს მისთვის სათქმელი... ერთი დიდი წერილი უნდა დავწერო და სააკაშვილს გადავცე... არ ვიცი, რაღაც უნდა ვიმოქმედოთ... გუბერნატორთანაც უნდა წავიდეთ და ჩვენი გულისტკივილი შევჩივლოთ, რომ იქნებ ვინმემ რაიომე ყურადღება ჩვენც მოგვაქციოს... ასე უპატრონოდ ვართ მიყრილები... გეფიცებით, მირზაანი დღეს არავის ადარდებს... ამგვარი შინაარსის კომენტარებს აკეთებენ დანარჩენი მირზაანელებიც, რომლებიც სოფლის დაცლის საფრთხეზე მიანიშნებენ და ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ... მირზაანში ბევრი მიიჩნევს, რომ სხვა სოფლებთან შედარებით ნიკალას სოფელს ნაკლები ყურადღება ექცევა, ამიტომაც მიგრაციამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია და ხალხი სოფლიდან გარბის... მირზაანში წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაური და ჩვენთვის მოულოდნელი კომენტარი გააკეთეს დედოფლისწყაროს წყალკანალში. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერი გიორგი ბენაშვილი "ქიზიყთან" საუბარში აცხადებს: "სოფელ მირზაანში საქაჩი სადგური დაზიანდა და ამიტომ არის პრობლემა. ახლა მისი სარემონტო სამუშაოები მიდის... მაგათ ხო გააჭირეს საქმე, შეჭამეს გული... სადაც უნდათ იქ წავიდნენ და იჩივლონ, რა ვქნა..." დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება წყალსაქაჩის აღდგენისთანავე დაიწყება და ეს რამდენიმე დღეში მოხდება. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
აგვისტოს ომში დაღუპული სამი დედოფლისწყაროელი გმირის ოჯახს გამგეობა 1000-1000 ლარს გადასცემს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა 2008 წლის აგვისტოში რუსული ინტერვენციის შედეგად ცხინვალში დაღუპული სამი დედოფლისწყაროელი მებრძოლის ოჯახს 1 000 - 1 000 ლარს გადასცემს. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყს" მუციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ჟესტით მათი გმირობის შეფასება ცხადია ვერ მოხდება, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის სურვილია, კიდევ ერთხელ პატივი მიაგოს მათ ხსოვნას და ყურადღება და თანადგომა გამოხატოს ამ ოჯახების მიმართ. შეგახსენებთ, ორი წლის წინ, რუსულ აგრესიას 17 წლის სამი დედოფლისწყაროელი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ცხინვალში გმირულად დაიღუპნენ გოჩა ილურიძე (ზემო ქედი); გიორგი აბიათარი (ჯაფარიძე) და თემურ ბერიძე (ფიროსმანი). სამივე გამორჩეული აღნაგობის მოზარდი გახლდათ. გამგეობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით დედოფლისწყაროში რაიმე სახის ღონისძიება გაიმართება თუ არა. თუმცა, პრეს-მდივანი ადასტურებს, რომ თანხა ოჯახებს ნამდვილად გადაეცემათ: "ვერ გეტყვით რაიმე ღონისძიება თუ შედგება, შესაძლოა გმირების საფლავები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გვირგვინებით შეამკონ. დეტალები ჯერ არ ვიცი, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ სამივე ოჯახი 1 000 - 1 000 ლარს მიიღებს" -- აცხადებს ბენაშვილი. გაზეთ "ქიზიყის" არქივის მიხედვით, გასულ წელს გამგეობამ ომში გარდაცვლილის ოჯახებს 150 - 150, ხოლო დაჭრილების ოჯახებს 200 - 200 ლარი გამოუყო. თუმცა, როგორც 9 აგვისტოს ცხინვალში მძიმედ დაჭრილი 21 წლის იოსებ ქოზაშვილის დედა, არხილოსკალოში მცხოვრები ლალი წიკლაური ამბობს, მისი შვილი ომში მუხლების არეში დაიჭრა, დედოფლისწყაროს გამგეობამ დაჭრილებზე შარშან ერთჯერადი ფულადი დახმარება გასცა, თუმცა ისინი დახმარების გარეშე დარჩნენ. /ქიზიყი/
* * *
ბაღაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს პოლიციის დაფინანსების უფლება ჰქონდა...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბოლო სხდომაზე პოლიციის ქედების ზონის შუშის შენობის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 67 ათასი ლარის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი ეხმაურება და ექსკლუზიურ კომენტარს გაზეთ ქიზიყთან საუბარში აკეთებს. მისი თქმით, გასული წლის მარტში კანონში შესულია გარკვეული ცვლილებები, რის მიხედვითაც განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულო უფლებამოსილია ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო.
ლევან ბაღაშვილი (დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე): ,,2009 წლის 27 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შესულია ცვლილება, რომელიც შესაძლოა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდეს... ცვლილებების მიხედვით საკრებულოს ნება ეძლევა, 2011 წლის 1 იანვრამდე განსაკუთრებულ შემთხვევებში ამგვარი სტრუქტურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღოს... ასე რომ, ეს კანონი იანვრამდე ჯერ კიდევ ძალაშია და სწორედ მასზე დაყრდნობით ვიმოქმედეთ, როცა საზღვრისპირა სოფლებში პოლიციის განყოფილების გამჭვირვალე შენობის ასაგებად თანხა გამოვყავით... საკრებულოს და პირადად ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საზღვრისპირა სოფლები სპეციფიურობით გამოირჩევა, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ იქ თანამედროვე ტიპის განყოფილება აშენდეს, რაც დანაშაულის რიცხვს მკვეთრად შეამცირებს და დადებით შედეგებს მოგვცემს... ეს იყო ჩვენი მიზანი, რომელსაც საკრებულოს წევრებიც დაეთანხმნენ. ამ გადაწყვეტილებაში არამართებულს ჩვენ ვერაფერს ვხედავთ და როგორც სჩანს, არც კანონი დაგვირღვევია... –– აცხადებს ბაღაშვილი.
ექსპერტების განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პოლიციის რაიონული სამმართველოები კი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
საკრებულოს აპარატის უფროსად საოლქო კომისიის თავმჯდომრის მოადგილე დანიშნეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ანა გონაშვილი ხათუნა გონაშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს #14 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომრის მოადგილე გახლდათ. გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა მიიღო. ხათუნა გონაშვილი ამბობს, რომ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.
-- ახლა გუდაურში ვარ... რამდენიმე დღე დედოფლისწყაროში კიდევ არ ვიქნები.
-- შვებულება აიღეთ? დასასვენებლად ხართ, თუ...
--არა, აქ მივლინებით ვარ ჩამოსული...
-- ხათუნა, საოლქოში თვეში რამდენი გქონდათ ხელფასი და საკრებულოში რამდენია თქვენი ანაზღაურება?
-- საოლქო კომისიაში ყოველთვიურად 380 ლარს ვიღებდი, საკრებულოში კი 560 ლარი მაქვს ხელფასი... ისე, სხვათაშორის, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და არ უნდა გეკითხათ...
-- რას ამბობთ... კომფიდენციალური რატომაა, საჯარო მოხელე ხართ და თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგო საიდუმლო ნამდვილად არ არის...
-- ხო, რა ვიცი...
-- ანუ, საჯარო ინფორმაცია რომ გამოვითხოვოთ და წერილობით მოგმართოთ, ამგვარ საკითხებზე არ გვიპასუხებთ?...
-- კარგით, კარგით... როგორც გინდათ...
დედოფლისწყაროელები მიიჩნევენ, რომ ლევან ბაღაშვილმა ამ ჟესტით საოლქო საარჩევნო კომისიას ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გაწეული ღვაწლი დაუფასა და თავმჯდომრის მოადგილე სავარძლით სწორედ ამიტომ დაასაჩუქრა.
თავად ლევან ბაღაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში არ მალავს, რომ გონაშვილის საოლქო კომისიაში მუშაობა ძალიან მოსწონდა და აპარატის უფროსად სწორედ ამიტომ დანიშნა. მისი თქმით, ხათუნა გონაშვილი საკმაოდ აქტიურია და შეთავაზებაც ამიტომ გააკეთა. ადგილობრივ მოსახლეობას კი მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში კადრების შერჩევისას პრიორიტეტი კვლავაც ახლობლობის პრინციპებით განისაზღვრება და მაღალანაზღაურებად სამსახურებში კვლავაც მხოლოდ მმართველი პარტიისთვის თავდადებული ადამიანები საქმდებიან.
საკრებულოს აპარატის ახალ უფროსს ქიმიური განათლება აქვს... შეგახსენებთ, ხათუნა გონაშვილი საკრებულოში გადასვლამდე საოლქო კომისიის გარდა, პარალელურად, გაერთიანებული წყალმომარაგების სისტემის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში ლაბორანტად მუშაობდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
* * *
სოფელ ჯაფარიძეში სოფლის პროგრამის სამუშაოების ხარისხი არ მოსწონთ
სოფელ ჯაფარიძეში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი წელს სანიაღვრე არხების გაწმენდას მოხმარდა. ადგილობრივებმა პრიორიტეტად ეს საკითხი იმ იმედით დაასახელეს, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა ჯაფარიძელების მოლოდინი უსაფუძვლო აღმოჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა ქიზიყს განუცხადა, სამუშაოებზე 16 ათასი ლარი დაიხარჯა და ის შპს დიდოსტატმა შეასრულა. სამუშაოები ახლახან დასრულდა, თუმცა თანხის დახარჯვის მიუხედავად მოსახლეობას ძლიერი წვიმების დროს წყალი სახლებში მაინც შეუვარდა.
ჯაფარიძელები სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ თანხის არაეფექტურად ხარჯვის გამო პრობლემები პირველივე წვიმების დროს შეიქმნა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
ზემო მაჩხაანში 65 წლის ომან ნატროშვილის ცხედარი იპოვეს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, საკუთარ სახლში 65 წლის ომან ნატროშვილის ცხედარი იპოვეს. ნატროშვილი სახლში დასთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის განმავლობაში დამ მეზობლებს ძმის გარდაცვალების ფაქტი არ გაუმხილა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს. /ICK.ge/
Комментариев нет:
Отправить комментарий