შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი დამოუკიდებელ გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტებს დაპატიმრებით ემუქრება: „დასაჭერები ხართ, მაცადეთ... ყველაფერი დალაგდება და კორაკანაში შეგაყუდებთ! რასაც არ იქნება იმას წერთ... ვიცი, ნარკოტიკებს ყიდით და აი ნახეთ, მალე შეგაყუდებთ!“ -- ამგვარი განცხადება პოლიციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირადად გააკეთა.
გაზეთ „ქიზიყის“ რედაქციაში ნოშრევან ნატროშვილის გაღიზიანებას მის წარსულზე მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს უკავშირებენ. „ქიზიყის“ მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსს არცთუ სუფთა წარსული აქვს, თუმცა მფარველების წყალობით, თანამდებობაზე აღდგენა დაპატიმრების შემდეგაც მოახერხა: „რამდენიმე წლის წინ, კახეთის სამხარეო პროკურატურამ დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი გელა ჯალიაშვილი და კრიმინალური განყოფილების უფროსი ნოშრევან ნატროშვილი ჯართის უკანონო ბიზნესის გამო დააკავა. პოლიციაში მუშაობის პარალელურად წილებში ჩაჯდომით ჯალიაშვილმა და ნატროშვილმა ფული გვარიანად იშოვეს. მაშინ ორივე მათგანს 1 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა. გირაოს სახით 10 000 ლარიც გადაიხადეს. სულ მალე კი პოლიციიდან გათავისუფლებული ნატროშვილი კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნულმა ირაკლი ქადაგიძემ თანამდებობაზე აღადგინა. როცა მოვიკვლიეთ, აღმოჩნდა, რომ ნატროშვილის მეუღლე მანანა ქადაგიძე ირაკლი ქადაგიძის ალალი ბიძაშვილია, რისი წყალობითაც ბინძური წარსულის მიუხედავად ნატროშვილი თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს. ის ჯართით ნაშოვნი უკანონო ფულით ბიზნესს ახლაც ეწევა. მას დედოფლისწყაროში სუპერმარკეტები და რესტორანი აქვს. ჩვენ მის წარსულზე თუ მოქალაქეებისადმი უხეშ დამოკიდებულებაზე მუდმივად ვწერთ, რის გამოც განაწყენებულია და მიზნად ჩვენი დაშინება და გაჩუმება დაისახა... მისი მხრიდან ჩვენი ჟურნალისტების მისამართით ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, მუდმივად შეურაცხყოფას გვაყენებს და გვემუქრება“ - აცხადებს ილია მარტყოფლიშვილი
„12 აგვისტოს საღამოს პოლიციის შენობასთან ვიყავი, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის უფროსი ნოშრევან ნატროშვილი მოვიდა. ჯერ სხვებზე დაიწყო საუბარი, სასაზღვრო პოლიციის უფროსზე ნუ წერთო, მერე გამგეობის სამსახურის უფროსებს რას ერჩით, ყველას თავი დაგვანებეთო. ფაქტიურად ამითაც კანონი დაარღვია, რადგან მაიძულებდა გარკვეული ინფორმაციების გამოქვეყნებისგან თავი შევიკავოთ, ეს კი მოქმედი კანონის 154-ე მუხლის დარღვევაა. მოგვიანებით კი მუქარაზე გადავიდა... თქვენ და თქვენი რედაქტორი დასაჭერები ხართო, მაცადეთ, ყველაფერი დალაგდება და „კორაკანაში“ უნდა შეგაყუდოთო, რამდენჯერმე გამიმეორა. ასევე პირადად მითხრა, რომ ნარკოტიკებს ყიდი და აი ნახე, დაგიჭერო. სახალხოდ არაერთხელ მომაძახა, შეგაყუდებთო... ფაქტს რამდენიმე პოლიციელიც შეესწრო. საერთოდ, ნატროშვილი მოსახლეობაში უხეშ და უტაქტო ადამიანად არის ცნობილი, მისგან შეურაცხყოფილი მოქალაქე ბევრკერ გვინახავს და სტატიებიც დაგვიწერია. ამიტომაც მისგან ამგვარი მუქარის ფაქტები ხშირია.“ -- განაცხადა გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტმა თამილა გურაშვილმა.
„ქიზიყის“ რედაქციაში მომხდარ ფაქტს გმობენ, მედიაზე ზეწოლად და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებებისგან დახმარებასა და თანადგომას ითხოვენ. ჟურნალისტები მუქარის ფაქტებზე სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურაში განცხადების შეტანას ოფიციალურად გეგმავენ. ინციდენტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თბილისის ოფისი ეხმაურება.
ნესტან ლონდარიძე (იურისტი): „ეს არის დანაშაული. ზეწილა რიგით მოქალაქეებზეც დაუშვებელია, მითუმეტეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე. ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც 154-ე მუხლის მიხედვით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადით. თუ ეს ფაქტი მედიით გახმაურდა, პოლიციის უფროსი ვალდებულია, რეაგირება ასეთ შემთხვევაშიც მოახდინოს... თუ არადა, ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართოთ... თუკი მტკიცებულებები და თვითმხილველები დაადასტურებენ, ასეთ შემთხვევაში ნატროშვილს შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.“ -- აცხადებს უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტი. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი
* * *
ექსპერტები თვითმმართველობების დონეზე საკონსტიტუციო ცვლილებებით უკმაყოფილო არიან...
თვითმმართველობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით. განსაზღვრულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ისეთი საკითხები, როგორებიცაა, საკუთარი (კანონით მინიჭებული) და დელეგირებული (ცენტრალური ხელისუფლების მიერ დროებით მინიჭებული) უფლებამოსილებები, ქონება და ფინანსები, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობა, უფრო დეტალურადაა გაწერილია იმ კანონებში, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებას უშუალოდ არეგულირებს.
ამავე საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, ”ორგანული კანონის” ცნება უქმდება და ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონიც” ჩვეულებრივ კანონად გარდაიქმნება. ორგანული კანონების მიღებას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, ჩვეულებრივი კანონების მისაღებად პარლამენტის წევრთა 1/3-ის მხარდაჭერაც საკმარისია. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, ახალ კონსტიტუციაში მკაფიოდ არ არის განმარტებული, რა უფლებები ექნებათ თვითმმართველობებს: ”კონსტიტუცია არაფერს გვეუბნება, რა უფლებები ექნება თვითმმართველობებს. ეს მინდობილი არის ჩვეულებრივ კანონზე, რომლის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე-ორგანული კანონის… კონსტიტუციაში ნათლად უნდა ჩაიწეროს, რა არის თვითმმართველობის უფლებამოსილებები.” რაიონული დონის თვითმმართველობა ვერ დააკმაყოფილებს უმთავრეს პრინციპს-ხალხთან სიახლოვეს, რადგან რაიონი ძალიან დიდია პირველი დონის თვითმმართველობისთვის, იმავდროულად - ძალიან პატარა უფრო ფართო ფუნქციების შესასრულებლად, მიაჩნია ხმალაძეს. ”(ადგილობრივი თვითმმართველობა) საკმარისად გაძლიერებული არ არის... არ არის განსაზღვრული, თუ როგორი თვითმმართველობა გვექნება– ერთდონიანი, ორდონიანი თუ სამდონიანი. ახლა გვაქვს ერთდონიანი თვითმმართველობა- რაიონის საკრებულო და საკრებულოს მიერ არჩეული გამგეობა,”- ამბობს კონსტიტუციონალისტი. ხმალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო რწმუნებულები ხშირად ერევიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ზედამხედველობითი ფუნქციები აქვთ:
”გუბერნატორს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. კონსტიტუციაში არ არის მითითებული, რა უფლებები ექნება გუბერნატორს. არ არის გამორიცხული, რომ ისეთი უფლებები მიეცეს, რომლებიც იმ შეზღუდულ და გაურკევევლ თვითმმართველობას არარად აქცევენ.” გუბერნატორის დანიშვნის საკითხს ყურადღებას ვენეციის კომისიაც აქცევს. მათი დასკვნის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მინიჭება გაზრდის თვითმმართველობების თავდაცვის ხარისხს. მეორე მხრივ, კონკრეტული საკითხები უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო პროექტში. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრ ზურაბ ჯიბღაშვილის აზრით, ”თვითმმართველობა რომ კონსტიტუციის დონეზე ამოვიდა, ეს ძალიან კარგია,” თუმცა შორსაა იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისია დაბალანსებული თვითმმართველობის მისაღებად: ”რამდენიმე ძირითადი მიმართულებით შეიძლებოდა მუშაობის გაგრძელება… უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო უფლებების გაწერა, უფრო მეტი საშუალება, რესურსი უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის ეკონომიკური მხარის უზრუნველსაყოფად. უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის დონეები, უნდა განსაზღვრულიყო თვითმმართველობის სტრუქტურა ძალიან ზოგად დონეზე.” საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტს 2010 წლის 20 ივლისს წარუდგინეს. ამჟამად საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძეა. საყოველთაო განხილვები მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება, სექტემბერში კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს. ამჟამად განხილვების საორგანიზაციო საბჭო საქართველოს რეგიონებში მართავს შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მიშა მეფარიშვილი
* * *
წყალკანალიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ამჯერად სამსახურის გარეშე დარჩნენ ბუღალტერი ლალი ბენაშვილი და სერვის-ცენტრის მენეჯერის მოადგილე ლევან მაყაშვილი. „ქიზიყი“ ინფორმაციის გადამოწმებას და მიზეზების გარკვევას წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერთან გიორგი ბენაშვილთან შეეცადა. ის ამბობს, რომ წყალკანალიდან თანამშრომლების გათავისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და თავად არაფერ შუაშია. ბენაშვილის თქმით, კომპანია გაცილებით მაღალპროფესიონალური თანამშრომლების აყვანას გეგმავს.
ლალი ბენაშვილი (ყოფილი ბუღალტერი): ,,ბრძანება თბილისიდან მოვიდა და შრომითი ხელშეკრულება შემიწყვიტეს. დიაბეტიანი ქალი ვარ, ინსულინზე ვარ დამოკიდებული, მარჩენალიც არავინ მყავს, ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დავრჩი. განაცხადების მიღება ისევ დაიწყო. მეც თბილისში ტესტირება უკვე გავიარე და კიდევ ვცდი“. კომპანიის უფროსი ირაკლი კვაშილავა გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლახან მათ სისტემაში 1 500 თანამშრომელი გათავისუფლდა, კონკრეტული პიროვნებების მიზეზებსა და ნაკლოვანებებზე კი კადრების განყოფილებამ იმუშავა.
არჩილ შერაზადიშვილი (კადრების განყოფილების უფროსი): ,,ვცდილობთ, კომპანია მაღალპროდუქტიული ადამიანებით დაკომპლექტდეს. რაც შეეხება კონკრეტულად დედოფლისწყაროს, ლალი ბენაშვილს კომპიუტერული ცოდნა არა აქვს, რაც შემაფერხებელია მისი მუშაობისთის... ამიტომ, ასეთი კატეგორიების გათავისუფლება მოხდა. თუმცა, ნებისმიერ გათავისუფლებულ კადრს შეუძლია განაცხადი კიდევ შემოიტანოს, ტესტირება-გასაუბრება ხელახლა გაიაროს და თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, კვლავაც გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება“. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
ფოთს დაძირვა, დედოფლისწყაროს კი გვალვა ემუქრება
გლობალური დათბობის პროცესი საქართველოში ყველაზე მეტად ფოთს, დედოფლისწყაროს რაიონსა და ლენტეხს დააზარალებს. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების მოდელირების ჯგუფის უფროსმა ნატო კუტალაძემ განაცხადა, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 2,5-3 გრადუსით გაიზრდება, რის შედეგადაც დედოფლისწყაროში დიდი გვალვებია მოსალოდნელი. დედოფლისწყაროსგან განსხვავებით, უხვნალექიანობა ელოდება ფოთსა და ლენტეხს, რაც ასევ სერიოზულ საფრთხეებს შექმნის. ,,კონკრეტულად ფოთს დაძირვის საფრთხე ემქურება, რადგან ზღვის დონე იმატებს. აქ არის კიდევ რიონის დელტა და არსებობს ამ მდინარის პრობლემაც. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი ზოგადი პროცესების გამოკვლევის შედეგად გაკეთდა, მაგრამ რა მოხდება ერთჯერადი ძლიერი სტიქიების დროს, ამის კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. წლიური ნალექების უცაბედი ზრდა ექსტრემალური შემთხვევები და ერთჯერზე მოსული ნალექები უფრო გულდასმით შესასწავლია. მოხდება თუ არა კონკრეტული ტერიტორიების მოშლამვა, დაჭაობება და ა.შ. და ეს ყველაფერი რა გავლენას იქონიებს ადამიანთა განსახლებაზე, ამას სპეციალური გამოკვლევები სჭირდება”, -- აღნიშნა ნატო კუტალაძემ.
მისივე თქმით, ლენტეხში უხვნალექიანობას მეწყერები მოყვება. ,,თუ ძალიან მაღალი ტემპერატურა, მაგალითად 41-43-მდე ერთი ან რამდენიმე დღე იქნება, ეს ისეთი საშიში ზეგავლენის მომხდენი არ არის, როგორც გახშირებული საშუალო დონის მაღალი ტემპერატურა, მაგალითად 37- გრადუსი. თუ 35-37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის ცხელი დღეები გახშირდება, ეს უფრო ცუდი ზემოქმედების გამოწვევია, ვიდრე ერთჯერადად 41-44 გრადუსის დაფიქსირება”, _ განაცხადა ნატო კუტალაძემ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი თბილისიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий