
უყურადღებოდ მიტოვებულ მძინარე ბავშვს კი გვიან ღამით გამოეღვიძა და მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ სრულიად მარტო იყო - ისტერიკაში ჩავარდა... დედა სახლში აღარ იყო... ბავშვის ისტერიულმა წივილმა იმ ღამით მეზობლები გამოაღვიძა... ამ დროს მამამისი – გია ასლანიძე სახლში არ იყო, რადგან იგი თბილისში საკონტრაქტო ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობს.
დილით კი გაირკვა, რომ დედა აღარ დაბრუნდებოდა... ბავშვს უდედოდ მოუწევდა ცხოვრება. 5 წლის ასაკში მისდაუნებურად დედის გარეშე უნდა დაეძინა და გაეღვიძა. არც მის კვებაზე იზრუნებდა მშობელი დედა. უდედოდ გატარებული დღეები პატარა გოგონასთვის მძიმე იყო. რთული დღეები მის ფსიქიკაზე მნიშვნელოვან დაღად დარჩა. პატარა მაკას დღეს სიტყვა "დედის" გაგონებაც არ სურს...
მარიზა კირკიტაძე სასამართლო სხდომაზე არ მალავდა, რომ მცირეწლოვანი შვილი უყურადღებოდ მიატოვა და მეგობარ მამაკაცს გაჰყვა... თუმცა, კირკიტაძე იქვე იმასაც დასძენს, რომ საცხოვრებელი სახლის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა... სასამართლო პროცესზე ისიც გაირკვა, რომ დედას შვილის ნათლობის ოქროს სამკაულები და სხვა ძვირფასეულობაც თან წაუღია.
როგორც "შირაქმა" გაარკვია, აჭარის შავიზღვისპირეთში, ხელვაჩაურის რაიონში საკუთარ ოჯახში დაბრუნებულმა დედამ მცირეწლოვანი შვილი მხოლოდ 9 თვის შემდეგ მოიკითხა. სოფელ ფიროსმანში მცხოვრები მეუღლე კი კირკიტაძეს შვილთან დალაპარაკების უფლებას არ აძლევდა. არსებული დავის განსახილველად მარიზა კირკიტაძემ თავდაპირველად ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვი დედას მიეკუთვნა.
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ამ დღიდან პატარა გოგონა საცხოვრებლად აჭარაში, დედის ოჯახში საცხოვრებლად უნდა გადასულიყო, თუმცა ბავშვმა დედა იუცხოვა და მასთან წასვლა არ ისურვა. (!)
როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატმა პაატა ბერიძემ გაზეთ "შირაქს" განუცხადა, იმის გამო, რომ ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დედას ბავშვის დაბრუნების საშუალება არ მიეცა, მათ გადაწყვიტეს ამჯერად დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოსთვის მიემართათ.
,,დედა ცუდად მექცეოდა... ხშირად მცემდა ხოლმე და მატირებდა, საჭმელსაც არ მაჭმევდა. არ მიყვარს დედა,” – ამბობდა პატარა მაკა. ანალოგიური შინაარსის იყო ბავშვის ფსიქოლოგის განმარტებაც, სადაც ხაზგასმულია, რომ ბავშვს საკუთარმა დედამ დიდი სტრესი მიაყენა. მშობელი დედის კრიტიკას მოიცავდა ფსიქოლოგის შეფასებაც. ფსიქოლოგი ბავშვის ფსიქიკის სისუსტეზე ამახვილებდა ყურადღებას და მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კირკიტაძე-ასლანიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 23 აგვისტოს გამოაცხადა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილების თანახმად ბავშვი აღსაზრდელად კვლავაც დედას მიეკუთვნა.
სასამართლო პროცესს დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელიც ესწრებოდა. სოციალური მუშაკი ირმა გონაშვილიც იმ მოსაზრებას ეთანხმებოდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი სწორედ დედასთან გაზრდილიყო.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, როგორც გაზეთ "შირაქს" ასლანიძეებმა და მათმა ადვოკატმა განუცხადეს, ბავშვი ამ დრომდე კვლავაც დედოფლისწყაროში რჩება. ის სოფელ ფიროსმანში ბებიასა და მამიდებთან ერთად იზრდება. ასლანიძეები ირწმუნებიან, რომ თუნდაც ნება დართონ ბავშვს დედასთან ცხოვრება არც ამ შემთხვევაში არ სურს.
`ბავშვს დედა არ უნდა და სპეცრაზმით ხომ არ წაიყვანენ?... ვაპირებთ, ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივროთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დედას, რომელიც შვილს უპატრონოდ მიატოვებს და შემდეგ 9 თვის მანძილზე ერთხელაც არ დაინტერესდება მისი მდგომარეობით, აუცილებლად უნდა ჩამოერთვას დედობის უფლება. თანაც გასათვალისწინებელია, რომ მან ბავშვის სამკაულებიც თან წაიღო. მოსამართლე დედის არგუმენტებით და მისი პოზიციით უკმაყოფილო ჩანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სოციალურმა მუშაკმა განაცხადა, რომ დედას მიაკუთვნეთო და ასეთი გადაწყვეტილება დადგა. სასამართლოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ აქ სხვა გარემოებებიც გასათვალისწინებელია. ამ ქალბატონს ბავშვის მიმართ დედობრივი სიყვარული არ გააჩნია, არც შესაბამის მზრუნველობას იჩენდა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ. სასამართლო პროცესზეც მუდმივად იცინოდა, მაშინ, როცა საკმაოდ სერიოზულ საკითხზე მიდის დავა. მათი თანაცხოვრება ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ თავად ბავშვი ვერ ეგუება დედას და არც ეს უკანასკნელი ცდილობს ურთიერთობის დათბობას," - აცხადებს მოპასუხე მხარის ადვოკატი ვასილ უნაფქოშვილი და მოსამართლე შორენა ყაველაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. ადვოკატს იმედი აქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დედას, რომელსაც საკუთარი შვილი ასე გაწირა, დედობის უფლებას ოფიციალურად ჩამოართმევენ.
თავის მხრივ, დანებებას, ფარხმალის დაყრას და ბედთან შეგუებას არც კირკიტაძის ოჯახი და მათი ადვოკატი აპირებს. ისინი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოლოდინში არიან და ბავშვის დედოფლისწყაროდან აჭარაში წაყვანას აპირებენ. რამდენად მოახერხებენ ამას, ან რას გადაწყვეტს თავად პატარა მაკა, ეს სულ მალე გაირკვევა. გაზეთ "შირაქის“ რედაქცია კი მოვლენათა განვითარებას კვლავაც აქტიურად მიადევნებს თვალყურს.
ილია მარტყოფლიშვილი
გაზეთი "შირაქი"
* * *
ვეტ–სამსახურში არ იციან სად წავიდა ჯილეხით დაავადებული ხორცი
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი რეალიზაციიდან ჯილეხით დაავადებული ხორცის დაუყოვნებლივ ამოღებას ითხოვს.

ამ მოთხოვნით, გურაშვილმა დედოფლისწყაროს რაიონულ პოლიციაში სპეციალური განცხადებაც შეიტანა და დაავადებული ხორცის მარშრუტის დადგენა მოითხოვა. მომხდარზე გამოძიება სწორედ ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. თუმცა, ამ დრომდე ხორცის კვალს კვლავაც ვერავინ მიაკვლია. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий