понедельник, 30 апреля 2012 г.

თამაზ თამაზაშვილს 3,6 წლით პატიმრობა მიესაჯა, ადვოკატი გასაჩივრებას გეგმავს (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძეს გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილის თანაპარტიელ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თამაზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე სცნო. აღნიშნული მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებას ითვალისწინებს.
როგორც თამაზაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარე ერთი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს.
ირაკლი ღარიბაშვილი “ქიზიყთან” საუბრისას აცხადებს, რომ თამაზაშვილი პოლიტიკური პატიმარია და სასამართლო გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს:
“თამაზ თამაზაშვილი არის უკანონო პატიმარი, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და სააპელაციო სასამართლოს მივმართავთ. ამის შემდეგ კი აუცილებლად მივმართავთ ევროსასამართლოს,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზაშვილი ცოტა ხნის წინ საპატიმროში ნერვიულობის საფუძველზე შეუძლოდ გახდა, გულის შეტევის შედეგად იგი ციხის საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. ადვოკატის განმარტებით, ამ ეტაპზე თამაზაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ზეწოლა არ ხორციელდება.
კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის 11 ოქტომრებს დააკავეს. იარაღი დედოფლისწყაროში მდებარე ბინიდან ამოიღეს.
თამაზ თამაზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. 2011 წლის 11 ნოემბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში თამაზ თამაზაშვილის სახლი დაიწვა. სახლს ხანძარი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა, მეხანძრეები კი შემთხვევის ადგილზე 1 საათის დაგვიანებით მივიდნენ.
თამაზ თამაზაშვილი, 1997–2000 წლებში დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო შს კახეთის სამხარეო პოლიციას 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა. ის დედოფლისწყაროში ცხოვრობს. /ქიზიყი/

სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსს მედიასთან კონტაქტი აეკრძალა?!

დედოფლისწყაროში უკანასკნელი ხანძრის შემთხვევის დაფიქსირების დროს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახლადდანიშნულმა უფროსმა ლევან გოზალიშვილმა ხანძრის შემთხვევის დეტალებზე „ქიზიყთან“ საუბარი არ ისურვა და მომხდარის ირგვლივ ინფორმაციის დამალვა სცადა.
„ადგილზე ვარ, ცეცხლი უკვე ჩავაქრეთ… მაგრამ, არ ვიცი… მოდი, გამგეობის პრესსამსახურს დაუკავშირდით ხვალ და ყველაფერს გეტყვიან,“ – განუცხადა „ქიზიყს“ გოზალიშვილმა და ტელეფონი გათიშა.
არადა, ჩვენს შეხმიანებამდე ორი წუთით ადრე გოზალიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ კახეთის ბიუროს ჟურნალისტსაც ტელეფონით ესაუბრა, თუმცა მასთან სამსახურის უფროსს ინფორმაციის დამალვის მცდელობა არ ჰქონია და კითხვებზე პასუხიც გასცა.
ტელეფონის გათიშვისთანავე „ქიზიყი“ გოზალიშვილს კიდევ ერთხელ შეეხმიანა და იმის გარკვევა სცადა, რატომ აღარ თანამშრომლობს ის ადგილობრივ ჟურნალისტებთან, ან რას უკავშირდება მისი მხრიდან დაინტერესებული ჟურნალისტის პრესსამსახურში გადამისამართება.
ამ კითხვებზე გოზალიშვილს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ხაზგასმით იმეორებდა, რომ თუ რაიმე გვაინტერესებს, გამგეობის პრესსამსახურს უნდა დავუკავშირდეთ.
გოზალიშვილმა „ქიზიყს“ ცოცხალი თავით არ გაუმხილა, თუ ვისი ოჯახი დაზარალდა 26 აპრილს გაჩენილი ხანძრის შედეგად.
- ვერ გეტყვი, ხვალე პრესსამსახურს დაურეკე და…
- ვის პრესსამსახურს? ვინ არის პრესსამსახური?
- გამგეობის პრესსამსახურს დაუკავშირდით და რაც გაინტერესებთ, ყველაფერს გეტყვიან.
- უკაცრავად, ამ წუთას, ჩემამდე „იმედის“ ჟურნალისტს ესაუბრე და ნუთუ მათაც ასე უთხარი, რომ არაფერი იცი და პრესსამსახურთან დარეკეთო?
- მაგათაც ეგ უთხარი რო ცეცხლი უკვე ჩავაქრეთ მეთქი და თქვენც მაგას გეუბნებით. ის ქალი წაიყვანეს და სხვა არაფერი არ ვიცი…
- ქალზე არ გეკითხები, მხოლოდ ის მაინტერესებს, რა გვარია ეს ოჯახი, ანუ ვისი ბინა დაიწვა? მხოლოდ ვინაობა გვითხარი…
- არ ვიცი. ეხლა მაგათი გვარი ნამდვილად არ ვიცი… ხვალე პრესსამსახური გეტყვით.
- ინფორმაცია ახლა გვჭირდება. ანდა, სად გინახავს, ამგვარი სასწრაფო შემთხვევების დროს ჟურნალისტებს ასე პასუხობდნენ, ინფორმაციას უმალავდნენ და პრესსამსახურისკენ უთითებდნენ?
- ვერ გეტყვით რა…
- რანაირად არ იცი, გამოძახების შესახებ შეტყობინება ხომ შემოვიდა თქვენთან…
- გამოძახება შემოვიდა, მაგრამ პირდაპირ მოვედით და ეხლა მაგათი გვარი არ ვიცი…
- ანუ, ოფიციალურად არ აფიქსირებთ-ხოლმე, ვის ბინაზე მოხდა გამოძახება?
- ვაფიქსირებთ, მაგრამ ეხლა არ ვიცი“
ხანძრის შემთხვევის შესახებ საკუთარი ძალებით მოპოვებული ინფორმაცია „ქიზიყმა“ იმავე ღამით გაავრცელა. გოზალიშვილის უცნაურ ქმედებას კი ახსნა მეორე დღეს მოეძებნა. ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემთხვევიდან მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის თაობაზე, სადაც გვარი-სახელი და ზუსტი მისამართიც არის მითითებული.
ციტატა: – „სოფელ ხორნაბუჯში, მეგობრობის ქ. №23-ში, მოქალაქე ცისანა გელაშვილის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა ხანძარი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში, ხანძრის თაობაზე შეტყობინება 22:55 შევიდა. 23:00 საათზე სახანძრო დაცვის ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და 5 წუთში მოახერხა ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის სრული ლიკვიდაცია 23:45 წუთზე მოხდა. ხანძრის შედეგად დაიწვა იმ ოთახის ნაწილი, სადაც ხანძრის კერა იყო.“
ერთის მხრივ, პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ამბავი გვამცნობს, რომ გოზალიშვილის ბრიგადამ ცეცხლის ლოკალიზება ფრიად ოპერატიულად, სულ რაღაც 5 წუთში მოახდინა. თუმცა, იქვე იუწყება, რომ შემთხვევის ადგილზე 23:00 საათზე მისულმა ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია 23:45 წუთზე შეძლო.
როგორც ჩანს, სავარაუდოდ, გოზალიშვილმა ცალკეული საჯარო მოხელეების მხრიდან ბოლო დროს მითითება მიიღო, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ჟურნალისტებს არ გაანდოს და გამგეობის პრესსამსახურს ექსკლუზიურ ლუკმად შემოუნახოს. მისი ქმედება ამ ვარაუდს საფუძვლიანს ხდის.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე, გოზალიშვილი ხანძრის შემთხვევებთან დაკავშირებით „ქიზიყის“ ნებისმიერ კითხვას პასუხობდა და ინფორმაციასაც უპრობლემოდ გვაძლევდა. დამოუკიდებელ პრესასთნ თანამშრომლობის სურვილი მან მხოლოდ უკანასკნელ შემთხვევაში დაკავშირების დროს დაკარგა.
„ქიზიყის“ რედაქცია მომხდარს გმობს, ფაქტს ლევან გოზალიშვილის მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად, მის გამოუცდელობად აფასებს და სახანძრო-სამაშველო სამსახურის შეფს წინდახედულობისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/

суббота, 28 апреля 2012 г.

ილია მარტყოფლიშვილი ეჭვობს, რომ ნაცმოძრაობამ დეპუტატობის კანდიდატად კედელაშვილი დაასახელოს

წინა კვირაში ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოიხადა სააკაშვილის დაფინანსების გამო. მას არ დაუკონკრეტებია, მარტო სააკაშვილის დაფინანსების გამო იხდიდა ბოდიშს თუ მხედველობაში მთელი ნაცმოძი ჰყავდა. ბიზნესმენი ხომ მათაც გვარიანად აფინანსებდა. ახლა მისი ფულების რუსულ წარმომავლობაზე, რომ კივიან მაშინ კარგად იდებდნენ ჯიბეში. თქვე დალოცვილებო, თუ ეს ფული რუსული წარმოშობის იყო, ერთხელ მაინც რატომ არ დაგეწვათ ჯიბე. ან უკან რატომ არ დააბრუნა ვინმემ ეს ფული?
ამ დღეებში ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი. კვირის დასაწყისში გავიგეთ, რომ დედოფლისწყაროს მაჟორიტარად კენჭს ზაზა კედელაშვილი იყრიდა.
ეს ახალგაზრდა ადგილობრივი ნაციონალების ერთერთი ლიდერია. ამის გარდა, კედელაშვილი ძიუდოში სამგზის ევროპის ჩემპიონია. ადგილობრივ მოსახლეობას ის ძალიან უყვარს. ნაცმოძმა სწორედ ამიტომ გააკეთა მასზე არჩევანი.
ჰოდა, ნაციონალების რჩეულს, თურმე ნაციონალების მიერ ქვეყნის მთავარ მტრად შერაცხული ბიძინა ივანიშვილი აფინანასებს. თანაც საკმაოდ კარგად. „ქართული ოცენბის“ ლიდერი ზაზა კედელაშვილს თვეში 1 500 ლარს უხდის.
_ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველის, კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, სპორტსმენი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად განიხილავს, ფონდი „ქართუსგან“ ყოველთვიურ საქველმოქმედო დახმარებას ღებულობს _ თვეში 1 500 ლარის ოდენობით.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროელი სპორტსმენი პოლიტიკური ამბიციების პარალელურად ივანიშვილის დახმარებას ამ დრომდე იღებს. კედელაშვილი ოლიგარქის ქველმოქმედებით ბოლო 5 წელია სარგებლობს,“ _ იუწყება ინტერნეტგამოცემა „ქიზიყი“.
ბუნებრივია იბადება კითხვა, რატომ აფინანსებს ივანიშვილი ნაციონალების ერთ-ერთ ლიდერს. სხვა თუ არაფერი ის გვპირდება, რომ ერი ნაციონალებისგან უნდა გაათავისუფლოს.
_ ჩვენი ფონდი ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არასოდეს არჩევდა, ჩვენ მხოლოდ მათი მიღწევებისა და დამსახურების მიხედვით ვუნიშნავდით ყოველთვიურ დახმარებას. ჩვენგან უხერხულია პოლიტიკური ნიშნით ადამინების გამორჩევა _ ჩვენ ასეთი მენტალიტეტის ვართ, ასეთი მრწამსი გვაქვს და ყველა ჩვენი დახმარება აბსოლუტურად უანგარო იყო, არის და იქნება,“ _ განუცხადა „ქიზიყს“ ღარიბაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, საზოგადოებისთვის ბევრი საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი. დიდი რეზონანსი გამოიწვია იმ დახმარებებმა, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს უწევდა. სია საკმაოდ ვრცელი იყო. არც თანხები იყო მცირე.
გაირკვა, რომ ბიზნესმენი ეხმარებოდა სააკაშვილის მეუღლეს, გრიგოლ ვაშაძის მეუღლეს, გიგა ბოკერიას დედას, ნაციონალების თავგამოდებულ დამცველ გიორგი ასანიძეს და ა.შ. ამ სიაში ზაზა კედელაშვილი არ ფიგურირებდა.
ეს ახალგაზრდა კარგა ხანს გაუჩინარებული იყო. მისი გვარი ყურადღების ცენტრში 19 აპრილს მოექცა. როცა ნახმოძის ლიდერები დედოფლისწყაროში ჩავიდნენ. სადაც ადგილობრივ ლიდერებთან დახურულ კარს მიღმა გამართეს შეხვედრა. როგორც გაირკვა, ამ შეხვედრას ზაზა კედელაშვილიც ესწრებოდა.
ის დედოფლისწყაროელი ნაციონალების ლიდერად 2006 წელს აირჩიეს. გამოცემა „ქიზიყის“ რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის ცნობით, კედელაშვილი დიდი პოლიტიკური აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა.
მას თურმე არც ბოლო პერიოდში უაქტიურია. ამიტომაც ეპარება მარტყოფლიშვილს ეჭვი, რომ ნაცმოძი დეპუტატობის კანდიდატად მას დაასახელებს. „ქიზიყის“ რედაქტორი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. თუმცა კედელაშვილის კანდიდატურა განიხილება.
იხილეთ ვრცლად>>

пятница, 27 апреля 2012 г.

„დედოფლისწყაროს საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სიებს აყალბებენ“

„თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი N14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს და მოუწოდებს არ დაუშვას ის გაყალბებები, რომელსაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ჰქონდა ადგილი.
„დედოფლისწყაროში 2008 წლის საპარლამენტო და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს სიებში მრავლად იყო „მკვდარი სულები“ და ასევე მოქალაქეები, რომლების წლების განმავლობაში იმყოფებიან საზღვარგარეთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია ნაციონალების კოორდინატორებს ჰქონდათ პირდაპირი მითითება ყველა უბანზე გაეკეთებინათ იმ ხალხის სია, რომლებიც ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო იძულებულნი არიან წლობით გადაიხვეწონ უცხო ქვეყნებში ლუკმა-პურის საშოვნელად.
N14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან საარჩევნო უბნების სიაზე მისულმა „თავისუფალი საქართველო“-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დააფიქსირა ფაქტი, თუ როგორ ახდენდნენ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროინდელი სიების ამობეჭდვას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან ლათიბაშვილი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ნინო ბულაშვილი. შეკითხვაზე, თუ რაში ჭირდებოდათ მათ ძველი სიები, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა არ გვიპასუხეს.
„თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია უნდობლობას უცხადებს N14 საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობას. ჩვენ მომსწრენი ვართ, თუ როგორ ხდებოდა წინა არჩევნებზე „კარუსელის“ დატრიალება - ერთი სოფლის ხალხი ჩამოყავდათ მეორეში და ხელმეორედ ახდენდნენ ხმის მიცემას, ასევე ხდებოდა ბიულეტენების ჩაყრა აშკარად და ღიად, რაზეც რეაგირება არ ყოფილა. ხდებოდა მესაზღვრეების მხრიდან ხმის ორჯერ მიცემა და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არის კუდ-ის ადგილობრივი თანამშრომლის მეუღლე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ამომრჩევლებზე ზეწოლა კუდ-ის მხრიდან.
„თავისუფალი საქართველო“-ს ადგილობრივი ორგანიზაცია მიმართავს N14 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დავით ბუჩუკურს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ დაუშვას საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების და კუდ-ის თანამშრომლების ჩარევა ისე, როგორც ეს ხდებოდა ადრე. ვაფრთხილებთ N14 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, მოვაწყობთ საპროტესტო აქციას მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით!“, - აცხადებს გურაშვილი. /ქიზიყი/

მეორე სკოლა პედაგოგებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას უარყოფს

დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ია ლაპიაშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პედაგოგებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამო გათავისუფლებით ემუქრება, კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს. მათემატიკის პედაგოგი ირწმუნება, რომ ზეწოლა სკოლის დირექტორზე ხორციელდება და არა დირექტორის მიერ პედაგოგის მისამართით.
პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დედოფლისწყაროში, კოალიაცია „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის აქტივისტის გიორგი ნასრაშვილის მეუღლეს ელენე პოპიაშვილს, რომელიც დედოფლისწყაროს მე-2 საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
„დირექტორმა უთხრა, შენი ქმარი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ყოფილა და სამსახურიდან უნდა წახვიდეო. ელენე მასწავლებელმა განცხადების დაწერაზე უარი თქვა, რის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ მაშინ ის გამოსცემდა ბრძანებას მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“, – აცნობეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული შტაბიდან.
„ეს არის მტკნარი სიცრუე. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ელენე პოპიაშვილთან. ამ საკითხზე მასთან საუბარი არ მქონია. საერთოდაც ასეთ ფაქტს ჩვენს სკოლაში ადგილი არ ჰქონია. ეს პედაგოგი ალბათ თავადაც დაადასტურებს. ჟურნალისტებმა დაწერეს, სკოლის დირექტორი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებსო, არადა ჩემთან არავის დაურეკავს და აზრი არავის უკითხავს. ამას ასე არ დავტოვებ, კონსულტაციას გავივლი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხს მოვითხოვ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ია ლაპიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ აქტივისტის მეუღლე აცხადებს, რომ ამჟამადა სკოლაში მუშაობას განაგრძობს. ელენე პოპიაშვილის განმარტებით, ზეწოლა არა მასზე, არამედ სკოლის დირექტორზე ხორციელდება.
„ზეწოლა უშუალოდ ჩემზე არ განხორციელებულა, რესურსცენტრის მხრიდან დირექტორზე განხორციელდა გარკვეული სახის ზეწოლა. ახალი დირექტორი გვყავს და როგორც ვიცი ჩემი გათავისუფლება მას მოსთხოვეს. თუმცა, დირექტორი ძალიან კარგი ადამიანია და უმიზეზოდ ჩემს გათავისუფლებაზე უარი თქვა. სკოლაში ჩვენ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, სასკოლო ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუ ჩემი მეუღლე ოპოზიციასთან თანამშრომლობს, მე რა დავაშავე, რომ ამის გამო დამსაჯონ. ისე, ჩემს ოჯახს ნამდვილად შემოუთვალეს, რომ თუ არ გავჩერდებით, სამსახურს დავკარგავთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ მეორე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ელენე პოპიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ლექსო თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ გაავრცელა შტაბის სახელით ეს ინფორმაცია: „ჩემთან და შტაბში ამ საკითხზე არცერთ ჟურნალისტს არ დაურეკია. თავად ნასრაშვილმა თუ გაავრცელა არ ვიცი,“ – ამბობს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლევან ჯამალაშვილი ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. /ქიზიყი/

четверг, 26 апреля 2012 г.

„ქართული ოცნების“ ოფისმენეჯერი ხელფასს გამგეობიდან იღებს

EXCLUSIVE – ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ოფისმენეჯერი აკაკი ნატროშვილი ხელფასს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იღებს. სპორტული კლუბის მწვრთნელის შტატისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნატროშვილს ყოველთვიურად 250 ლარი ერიცხება.

აკაკი ნატროშვილი „ქიზიყთან“ საუბარში არ მალავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ გუნდს წვრთნის. ის რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომრის მოადგილეა.

„ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასს 2010 წლის დეკემბრიდან ვიღებ. 30 სპორტსმენი მყავს, სოფელ მირზაანსა და ზემო მაჩხაანში ფეხბურთელთა ორ ჯგუფს ვამეცადინებ… მე ვერავინ მაკადრებს, რომ ხელფასის გამო ზეწოლა განახორციელონ. თუ ვინმე ამ ფულს დამაყვედრებს, ერთი წუთითაც არ ვიყოყმანებ, მწვრთნელის შტატს მაშინვე დავტოვებ. გინდაც დაჭერით და გატყავებით დამემუქრონ, ოპოზიციურ საქმიანობას ვერ ჩამომაშორებენ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ აკაკი ნატროშვილმა.

„ქიზიყის“ ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, ნატროშვილი „ქართული ოცნებიდან“ ხელფასის სახით ყოველთვიურად 200 ლარს იღებს.

ამ საკითხის კომენტირებისას ივანიშვილის მრჩეველმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, რომ ნატროშვილის ხელფასის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

„ნამდვილად არ ვიცოდი, პირველად თქვენგან მესმის… აუცილებლად გავერკვევი… თუმცა, ჩვენთან თანამშრომლობის მსურველებს კატეგორიებად არ ვყოფთ. ჩვენი ოფისის კარი ყველა მსურველისთვის ღიაა, მათ შორის მმართველ გუნდში მყოფი ადამიანებისთვისაც,“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

“ქიზიყი” უკვე წერდა, რომ ნაციონალური მოძრაობის შესაძლო კანდიდატი დედოფლისწყაროში, სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი ივანიშვილის ფონდიდან ყოველთვიურად 1 500 ლარს იღებს./ქიზიყი/

среда, 25 апреля 2012 г.

ქედების ზონის მაცხოვრებლებს გუბერნატორი წყლისა და ნაგვის გატანის საკითხის მოგვარებას დაპირდა

კახეთის მხარის გუბერნატორი სოფლების ზემო და ქვემო ქედის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობამ გაზიფიცირების პრობლემაზე, სასმელი და ტექნიკური წყლის დეფიციტზე ისაუბრა. ადგილობრივების თქმით, სოფელს არა აქვს ნაგავსაყრელი, ამიტომ საჭიროა სოფლიდან ნაგვის გატანა.

შეხვედრაზე სოფლის ბაგა-ბაღის გამგემ დაწესებულებაში ელექტროენერგიის მოწესრიგება მოითხოვა.

გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის თქმით, წლეულს ამ სოფლებში წყლის პრობლემა მოგვარდება და გაზრდილი დებეტის შედეგად სოფლის მოსახლეობა ყოველ მეორე დღეს მიიღებს წყალს. ნაგვის გატანასთან დაკავშირებით, გუბერნატორმა გამგებელს, ნიკოლოზ შანშიაშვილს დაავალა ქედების ზონაში დასუფთავების სამსახურის ავტომანქანით მომსახურების უზრუნველყოფა, შესაბამისი გადასახადის გადახდით. შეხვედრაზე ცალსახად აღინიშნა, რომ ნაგვის გატანა გრაფიკით მოხდება.

დედოფლისწყაროს გამგებელმა ღვინიაშვილისგან მიიღო დავალება ასევე ზემო ქედის ბაგა-ბაღის შენობაში დენის შეყვანასთან დაკავშირებითაც.

გიორგი ღვინიაშვილი ზემო და ქვემო ქედების მსგავსად სოფელ არხილოსკალოს მოსახლეობასაც შეხვდა. შეგახსენებთ, გიორგი ღვინიაშვილიმა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრა დეკემბრის ბოლოსაც გამართა და რამდენიმე ოჯახს საშობაო საჩუქრები გადასცა. /ქიზიყი/

არხილოსკალოელებმა გუბერნატორს სანატორიუმის აღდგენა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის გახსნა სთხოვეს

პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ღვინიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთხელ ეწვია. გუბერნატორი საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა. ღვინიაშვილს საკუთარ საყოფაცხოვრებო პირობებზე სოფლებში არხილოსკალოს, ზემო ქედსა და ქვემო ქედში ესაუბრნენ.

სოფელ არხილოსკალოს შეხვედრაზე მთავარ პრობლემად მათ სოფელში არსებული სასმელი წყლის დეფიციტი გამოიკვეთა. გარდა ამისა, დასახელდა გაზიფიცირების და სოფლის ცენტრალური გზის მოასფალტების, მიწების შესყიდვის,საჯაროს სკოლისა და საბავშვო ბაღის შეკეთების საკითხები.
არხილოსკალოელებმა გუბერნატორს ნეფროლოგიური სანატორიუმის აღდგენა და სამთაწყარო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ ხიდზე მიმოსვლის განახლება სთხოვეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობას საფერავის ჯიშის ყურძნის დაბალი ფასი აწუხებს. გიორგი ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ ყურძენს კერძო ღვინის ქარხნები ყიდულობენ და მათ მეტის გადახდას ვერავინ დაავალდებულებს. სახელმწიფო ,შესაძლებლობის ფარგლებში , დამატებით უხდის გლეხს. სხვაგვარად ვერ დაეხმარება, რადგან ფასებს ბაზარი არეგულირებს.

გუბერნატორის განცხადებით, საბავშვო ბაღის შესაკეთებლად, სოფლის დახმარების პროგრამით თანხა უკვე გამოყოფილია. თუ რომელ შენობაში განთავსდება ბაღი, ეს სოფელმა უნდა გადაწყვიტოს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გაირკვა, რომ მიმდინარე წელს ნახევარი მილიონი წყალმომარაგების მოწესრიგებაზე დაიხარჯება.

სოფლებში გამართულ შეხვედრებს პარლამენტის წევრი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, გიორგი ღვინიაშვილიმა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრა დეკემბრის ბოლოსაც გამართა და რამდენიმე ოჯახს საშობაო საჩუქრები გადასცა./ქიზიყი/

вторник, 24 апреля 2012 г.

ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს კოორდინატორი „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა

ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს კოორდინატორი ბესიკ ცისკარაული პოლიტიკურ საქმიანობას ამიერიდან ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში გააგრძელებს. პოლიტიკური გუნდის ცვლილებას ცისკარაული „ქიზიყთან“ საუბარში ექსკლუზიურად ადასტურებს.
ის ყოფილ თანაგუნდელებთან რაიმე სახის გაუგებრობას, ან დაპირისპირებას გამორიცხავს, თუმცა არ მალავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაცილებით მეტ პოტენციალს ხედავს. მისი თქმით, სწორედ კოალიციის მაღალი რეიტინგი გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი
„ლეიბორისტულ პარტიაში უკმაყოფილება არავისთან მქონია. ამ ეტაპზე ასე ჩავთვალე, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის „ქართულ ოცნებაში“ მეტი შანსი მექნება. ეს გუნდი უფრო აქტიურია და მიმაჩნია, რომ ასე უფრო მეტს შევძლებ. პარტიის წევრები საქმის კურსში ჩავაყენე, რომ გადასვლას ვგეგმავდი,“ - განუცხადა „ქიზიყს“ ბესიკ ცისკარაულმა.
ერთ-ერთი ვერსიით, ცისკარაულის უკმაყოფილებას ის ფაქტიც იწვევდა, რომ პარტიიდან გადაადგილებისთვის საჭირო დაფინანსებასაც ვერ იღებდნენ და ენთუზიაზმზე უწევდათ მუშაობა.
ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ცისკარაულის გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. თუმცა, ყოჩიაშვილი იქვე იმასაც ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.
„ბესო კარგი ადამიანია, არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ყველაფერი მერე გამოჩნდება,“ - ამბობს ყოჩიაშვილი.
ბესიკ ცისკარაულის „ქართულ ოცნებაში“ გადასვლის თაობაზე „ქიზიყი“ ინფორმაციას ბოლო ორი თვის მანძილზე ფლობდა, თუმცა ამ დრომდე არც ცისკარაული ადასტურებდა და არც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაცია. დედოფლისწყაროელი ლეიბორისტებიც მათი თანაგუნდელის გადასვლას მის მიერვე დადასტურებამდე უარყოფდნენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ხელმძღვანელობა ხელოვნების სკოლიდან თამაზაშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს

დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლიდან თამარ თამაზაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს როგორც სკოლის ადმინისტრაციაში, ისე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურშიც. “ქიზიყი” ხელმძღვანელობის პოზიციით დაინტერესდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.
გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი ყოჩიაშვილი უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ბრალდებებს, თითქოს სახელოვნებო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, დაკავებულ თამაზ თამაზაშვილის და სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ყოჩიაშვილი ამბობს, რომ სკოლაში ძირეული რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც თამაზაშვილის შტატი გაუქმდა.
„ასეთი შეფასებები რეალობისგან შორსაა. არანაირი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ადგილი არ ჰქონია. საქმე იმაშია, რომ სკოლაში რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდა, რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია. შედეგად შეიქმნება ქალაქ დედოფლისწყაროს სამუსიკო განყოფილება და კიდევ რამდენიმე სოფლის განყოფილება. უბრალოდ მისი შტატი გაუქმდა, თორემ როგორც ჩემთვის არის ცნობილი მას სკოლაში 2 საათი კიდევ შეუნარჩუნდა. მაგრამ, არ ვიცი, თავად თანახმა იქნება თუ არა, მხოლოდ ორი საათის გამო სკოლაში სიარული განაგრძოს,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ყოჩიაშვილმა.
დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლის დირექტორი აკაკი მერაბიშვილი აცხადებს, რომ თამარ თამაზაშვილის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს: „არავითარი ირაკლი ღარიბაშვილი, უბრალოდ გადანაცვლება მოხდა… ერთი სიტყვით, ამას პოლიტიკური სარჩული არა აქვს და თუ გაინტერესებთ, გამგეობაში პრესსამსახურს დაუკავშირდით,“ – აღნიშნა აკაკი მერაბიშვილმა და ტელეფონი გათიშა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 19 აპრილიდან დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლიდან მხოლოდ თამარ თამაზაშვილი გაათავისუფლეს. მისი თქმით, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დაკავებულ თამაზ თამაზაშვილის და თამარ თამაზაშვილი დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.
თამაზ თამაზაშვილის ქალიშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მრჩევლის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეა. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლიგარქის პოლიტიკაში მოსვლიდან ორიოდ დღეში დააპატიმრეს. დაკავებულის ვაჟი ალექსანდრე თამაზაშვილი მარტის ბოლოს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 23 апреля 2012 г.

გიორგი ღვინიაშვილი: „ზაზა კედელაშვილი კახეთში იმ დღეს საერთოდ არ მინახავს, კანდიდატების შერჩევა არც დაწყებულა“

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობას არ აკონკრეტებს. საკითხის ირგვლივ პრეზიდენტის რწმუნებულმა კომენტარი ინტერნეტგამოცემა „ივერონთან” საუბარში გააკეთა.
გუბერნატორის მტკიცებით, „ამჟამად “ნაციონალურ მოძრაობაში” მაჟორიტარობის კანდიდატების განხილვა და შერჩევა არც დაწყებულა”. რწმუნებუილი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მმართველი გუნდის მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია.
გიორგი ღვინიაშვილმა დედოფლისწყაროში ევროპის სამგზის ჩემპიონის ძიუდოში ზაზა კედელაშვილის შესაძლო კენჭისყრის გადაწყვეტილება არც უარყო და არც დაადასტურა.
„ამ თემაზე არ ვსაუბრობ, რადგან გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
ამასთან, მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფლისწყაროს საკრებულოში გამართულ დახურულ შეხვედრას ზაზა კედელაშვილიც ესწრებოდა.
„იმ დღეს მე ზაზა კედელაშვილი კახეთში საერთოდ არ მინახავს. საკრებულოში შეხვედრა სულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა”, – აცხადებს კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული.
მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დედოფლისწყაროში მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილს გამართული შეხვედრების დროს საპარლამენტო არჩევნებისთვის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევის საკითხებზე ისაუბრეს. ამ ვერსიის გავრცელებას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დედოფლისწყაროდან საზღვრისპირა სოფელ ზემო ქედში გადაინაცვლეს. შეხვედრას კედელაშვილიც ესწრებოდა. წარმოშობით სწორედ ამ სოფლიდან გახლავთ ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი. /ქიზიყი/

თამაზ თამაზაშვილის და სახელოვნებო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დაკავებულ თამაზ თამაზაშვილის და თამარ თამაზაშვილი დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ „ქიზიყს“ ივანიშვილის მრჩეველმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. მისი თქმით, 19 აპრილიდან დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლიდან მხოლოდ თამაზაშვილი გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული თამაზაშვილი მომხდარს პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებს. ის ამბობს, რომ ახლახან კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე დედოფლისწყაროში ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის გამოც სამსახურში უსაყვედურეს და ამ დღიდან მისი დევნა დაიწყო.

„მანამდე სახელოვნებო სკოლის უფროსი აკაკი მერაბიშვილი დაჟინებით განცხადების დაწერას და სკოლიდან ნებაყოფლობით წასვლას აიძულებდა, თუმცა მან უარი განუცხადა. ამის შემდეგ საკრებულომ, გამიზნულად შეცვალა დადგენილება, რითაც დაიწყეს სასწავლებლის "რეორგანიზაცია". ამის საფუძველზე ყველა მასწავლებელს დააწერინეს განცხადება (სავალდებულო გახადეს), ხოლო მეორე დღეს მხოლოდ თამრიკო თამაზაშვილი არ დააბრუნეს, დანარჩენ ყველას ახლიდან დააწერინეს განცხადებები სამსახურში დაბრუნების თაობაზე! ასე რომ, თამრიკო თამაზაშვილი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს! ესეც ხელისუფლების მორიგი უსამართლო და უკანონო ქმედებაა,“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი.

თამაზ თამაზაშვილის ქალიშვილი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მრჩევლის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეა. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლიგარქის პოლიტიკაში მოსვლიდან ორიოდ დღეში დააპატიმრეს. დაკავებულის ვაჟი ალექსანდრე თამაზაშვილი მარტის ბოლოს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. /ქიზიყი/

пятница, 20 апреля 2012 г.

საინფორმაციო გამოშვება “კვირის ბოლოს” #6 დედოფლისწყაროს ამბები – აუდიო

20 აპრილი - რადიო 24-ისა და "ქიზიყის" ერთობლივი პროექტი. საინფორმაციო-ანალიტიკური პროექტი "კვირის ბოლოს". გადაცემების არქივი>>

დედოფლისწყაროში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა არ დადასტურდა

19 აპრილს მმართველი გუნდის მიერ დედოფლისწყაროში გამართული შეხვედრის დროს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის თაობაზე მედიით გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

დაზუსტებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სპორტსმენი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში კანდიდატად არ დასახელებულა.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას დედაქალაქსა და დედოფლისწყაროშიც უარყოფენ.

დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, დედოფლისწყაროში შეხვედრისას საუბარი იყო ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში ბიუჯეტის ეფექტურად მართვის საკითხეზე. ასევე, განხილული იყო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ფერმერული მეურნეობის განვითარების საკითხები.

მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დედოფლისწყაროში გამართული შეხვედრების დროს საპარლამენტო არჩევნებისთვის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევის საკითხებზე ისაუბრეს. ამ ვერსიის გავრცელებას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დედოფლისწყაროდან საზღვრისპირა სოფელ ზემო ქედში გადაინაცვლეს. წარმოშობით სწორედ ამ სოფლიდან გახლავთ ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი.

კედელაშვილი 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ სპორტსმენი პარტიულ საქმიანობაში აღარ გამოჩენილა. თუმცა, პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ აქტიური პარტიული მუშაობით კედელაშვილი არც მანამდე გამოირჩეოდა.

"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელ კანდიდატზე დადებს მმართველი გუნდი ფსონს, მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, შეხვედრას პარტიული არ უწოდა საქართველოს კონტროლის პალატის შეფმა ლევან ბეჟაშვილმაც. კომენტარი გაკეთდა ასევე, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, სადაც საპარლამენტო არჩევნებისთვის ამავე რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის საკითხს უარყოფენ, თუმცა არ მალავენ, რომ არაფორმალურად, მაგრამ საარჩევნო კამპანია მათ უკვე დაიწყეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

ლევან ბეჟაშვილი დედოფლისწყაროს შეხვედრას პარტიულს არ უწოდებს და კანონდარღვევას ვერ ხედავს

დედოფლისწყაროში ჩასვლასა და საკრებულოში გამართულ მმართველი გუნდის შეხვედრაში მონაწილეობას ადასტურებს კონტროლის პალატის შეფი ლევან ბეჟაშვილი. მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ბეჟაშვილი შეხვედრას პარტიულს არ უწოდებს და მის ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს. ის განმარტავს, რომ დედოფლისწყაროში შეხვედრა ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში შედგა და საქმე საჯარო ფინანსების განკარგვის საკითხს ეხებოდა:
„დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე ჩვენს მიერ მოხდა პრეზენტაცია იმ აუდიტისა, რომელიც კონტროლის პალატამ ახლახან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განახორციელა სოფლის პროგრამების კუთხით. ასევე, რა ხარვეზები იქნა გამოვლენილი ამასთან დაკავშირებით… მივეცით სახელმძღვანელო მითითებები, თუ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისას დაცული იყოს კანონის მოთხოვნები,“ – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამავე რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის საკითხს უარყოფენ, ნაციონალურ მოძრაობაში, თუმცა არ მალავენ, რომ არაფორმალურად, მაგრამ საარჩევნო კამპანია მათ უკვე დაიწყეს.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ირინე ურუშაძის თქმით, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს „კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-9 მუხლის თანახმად, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს: „შეხვედრა თუ პარტიული იყო, ბეჟაშვილმა ცალსახად დაარღვია კანონი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. /ქიზიყი/ ვიდეო>>

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს მტკიცებით ბეჟაშვილმა დედოფლისწყაროში ჩასვლით კანონი დაარღვია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ გამართულ დახურულ შეხვედრას, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილიც ესწრებოდა. მოგვიანებით ეს ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს კანონდარღვევა იყო.
როგორც მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში აცხადებენ, დახურულ შეხვედრაზე სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევის საკითხებზე ისაუბრეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ირინე ურუშაძის თქმით, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს „კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-9 მუხლის თანახმად, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს. „შეხვედრა თუ პარტიული იყო, ბეჟაშვილმა ცალსახად დაარღვია კანონი“, – განუცხადა ირინე ურუშაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს.
ამ ფონზე, ავტორიტეტული ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში დარღვევების კუთხით 2010 წლის არჩევნების წინა პერიოდზე ბევრად უარესი ვითარებაა.
„2010 წელს, წინასაარჩევნოდ იგივე ტიპის დარღვევები ხდებოდა, რაც ახლა, მაგრამ მასშტაბებში შედარებაც კი არ შეიძლება. ამჟამად ბევრად უარესი ვითარებაა. ოპოზიციის ამომრჩევლებზე დაშინებისა და ზეწოლის იმდენი ფაქტი ხდება, რომ რეგიონებიდან ინფორმაციის მიღებას ვეღარ ავუდივართ“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი. /ქიზიყი/

четверг, 19 апреля 2012 г.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დედოფლისწყაროში შეხვედრა გამართეს

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დედოფლისწყაროში შეხვედრებს მართავენ. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრები დახურულია და მას მედიასაშუალებების, მათ შორის ცენტრალური ტელეკომპანიების წარმომადგენლები არ ესწრებიან. სავარაუდოდ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შერჩევა დაიწყო, შეხვერდაც ამ მიზნით გაიმართა.

დედოფლისწყაროს ეწვივნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, პარლამენტის ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაზა გამცემლიძე. ასევე, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ასევე, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი, გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი და შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს უფროსი გიორგი ბუნტური. მმართველი გუნდის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის სამუშაო ოთახში შეხვდნენ.

როგორც „ქიზიყმა“ შენიშნა, შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილიც ესწრებოდა. აქვე იმყოფებოდა მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის კიდევ ერთი ყოფილი ხელმძღვანელი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნიკოლოზ ბენიაიძეც.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამართული სხდომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ ზემო ქედში გაემგზავრნენ. /ქიზიყი/

„ქარვა“ დედოფლისწყაროში ზეთის წარმოებას შემოდგომისთვის აღადგენს

ზეთის მწარმოებელი კომპანია „ქარვა“, რომელმაც ქარხანა დედოფლისწყაროს რაიონში ააშენა და რომელიც 100%-ით ქართულ ნედლეულზე მუშაობდა, ამჟამად გაჩერებულია. კომპანია „ქარვას“ ხელმძღვანელი თემურ ბუკია ამბობს, რომ ზეთის ქარხნის გაჩერების მიზეზი დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. მისი თქმით, ქარხანა წარმოებას რამდენიმე თვეში, სავარაუდოდ 2012 წლის ბოლომდე გახსნის. ამის შესახებ „ქარვას“ ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:
„ჩვენ 2005-დან 2010 წლამდე ვიყავით ბაზარზე. წარმადობა დღე-ღამეში 10 ათასი ლიტრი გვქონდა. მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს ვიყენებდით. მზესუმზირას დედოფლისწყაროში ვყიდულობდით. მთელ კავკასიაში ვიყავით პირველები, რადგან რაფინირებული ზეთი ჩვენ ჩამოვასხით,“ - აღნიშნა თემურ ბუკიამ.
ის ამბობს, რომ ახალი დანადგარების შეძენის შემთხვევაში „ქარვა“ წარმოებას 2012 წლის ბოლოსთვის გახსნის.
სპეციალისტების განმარტებით, 2011 წელს უკრაინასა და რუსეთში მზესუმზირის მოსავალმა ყველა რეკორდი მოხსნა. შესაბამისად, ამ ქვეყნებში პროდუქტზე ფასი შემცირდა. თუმცა საქართველოს ბაზარზე ეს ცვლილება არ აისახა.
ბაზარზე ზეთს სუპერმარკეტების მოგების მარჟაც აძვირებს. „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევამ აჩვენა, რომ დიდი მარკეტების მოგების მარჟა ადგილობრივ ბაზარზე 40 პროცენტსაც კი აღწევს. ბრენდი „მზიურის“ ფასი სხვადასხვა მარკეტების ქსელში 4,50-დან 5,10 ლარამდე იცვლება.
სოფლის მეურნეობის საკითხების ექსპერტი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ მზესუმზირის ზეთის მაღალ ფასს ბაზარზე შეთანხმებული კონკურენცია და ადგილობრივი მზესუმზირის წარმოების დაბალი მაჩვენებელი განაპირობებს:
„იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, მზესუმზირის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 1,5 ტონა უნდა შეადგინოს. ჩვენ გვჭირდება მზესუმზირის წარმოება ქვეყანაში, რათა იმპორტი ადგილობრივი მზესუმზირით ჩავანაცვლოთ.“
მზესუმზირა საქართველოში ძირითადად კახეთში მოჰყავთ, თუმცა ამ კულტურის ნათესები მნიშვნელოვნად მცირდება. 2008 წელს მზესუმზირა 21,5 ათას ჰექტარზე იყო დათესილი, 2009-2010 წლებში მხოლოდ 9,7 ათასი ჰექტარი ფართობი ეკავა. 2011 წელს კი ეს კულტურა 8 ათას ჰექტარზე დაითესა.
„საქართველოში ნედლეულის მოსავლის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და იმისი გამოყენებაც არ ხდება. ზეთის მწარმოებელ ქარხანას ნედლეული შემოაქვს. საქართველოში მზესუმზირის იმპორტი ხდება. არასწორი სასურსათო პოლიტიკის შედეგად ეს სფერო ვერ ვითარდება,“ - ამბობს პაატა კოღუაშვილი.
როლანდ ზირაქიშვილი დედოფლისწყაროს მკვიდრია. ის მზესუმზირის დათესვას 2012 წელს აღარ გეგმავს:
`მზესუმზირა ძირითადად შირაქში მოჰყავთ, მაგრამ ამას ეკონომიკური შედეგი არ აქვს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ კახეთში მზესუმზირის გადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს. კუსტარული ზეთსახდელები არის, მაგრამ არარაფინირებული ზეთის მოხმარებას ყველა ერიდება. მაგალითად, შარშან 100 ლიტრი მზესუმზირის ზეთი გამოვახდევინე კუსტარულად და სულ ახლობლებს დავურიგე, რადგან ერთი ლიტრიც ვერ გავყიდე“.
ზირაქიშვილი ამბობს, რომ მზესუმზირას ფასი არა აქვს: „ადრე თუ 2,5_3 ლარად ვყიდდით კილოგრამს, ახლა 1 ლარი ღირს და თვეში მხოლოდ 2 ტომრის გაყიდვას ვახერხებ. ვფიქრობ, მზესუმზირის მოყვანას აზრი არ აქვს.“
ამჟამად, საქართველოს საკვები ზეთის ბაზარი 100 პროცენტით იმპორტზეა დამოკიდებული. სტატისტიკის დეპარტამენტის 2011 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტმა 16 049 100 ტონა შეადგინა (21 505 100 აშშ დოლარი). ზეთის იმპორტის 90 პროცენტი უკრაინიდან ხდება, 9 პროცენტი რუსეთზე მოდის, ხოლო 1 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება. ადგილობრივი წარმოების წილი ბაზარზე 8 377 900 ტონას (22 836 300 ლარს) შეადგენს, თუმცა ადგილობრივი მწარმოებელიც იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს.
საქართველოს მზესუმზირის ზეთის ბაზარზე 40-მდე ბრენდია წარმოდგენილი და საკმაოდ მაღალია კონკურენცია. საცალო სარეალიზაციო ფასები 1 ლიტრზე 2,7 ლარიდან 3,5 ლარამდე მერყეობს. მცენარეული ზეთის ბაზარი შემდეგ სეგმენტებად არის დაყოფილი: მზესუმზირის ზეთი - 92%, ზეითუნის ზეთი - 4%, სიმინდის ზეთი - 4%, სხვა მცენარეული ზეთები - 1%. /ქიზიყი/

среда, 18 апреля 2012 г.

ლევან ბაღაშვილი: „სოფელ ფიროსმანში შემოდგომაზე საბავშვო ბაღი გაიხსნება“

რამდენიმე თვეში დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანში საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ განცხადება დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ამ სოფელში ბავშვთა კონტინგენტი საკმაოდ დიდია, ამიტომ საბავშვო ბაღის აღდგენის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის დიდი თხოვნა იყო.
როგორც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი მურად ოზაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში აცხადებს, ფიროსმანში საბავშვო ბაღი 16 წელია აღარ ფუნქციონირებს.
„ამჟამად სოფელ ფიროსმანში უკვე 50-ზე მეტი ბავშვია, რომელთა მშობელიც საბავშვო ბაღში მიყვანის სურვილს ამჟამად გამოთქვამს. ეს საკმაო კონტინგენტია, სავარაუდოდ, გახსნისთანავე 2 ჯგუფის შექმნა მოგვიწევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სოფელში შესაბამისი შენობა არ გვაქვს. ადგილზე შევარჩევთ შენობას, რომელსაც მუნიციპალიტეტი შეისყიდის, კეთილმოაწყობს და გასახსნელად მოვამზადებთ. რაც მთავარია, ადგილობრივების დიდი ხნის თხოვნა გავითვალისწინეთ და რამდენიმე თვეში საბავშვო ბაღს გავხსნით,“ – განუცხადა „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, სოფელში საბავშვო ბაღის აღდგენის დაფინანსება მთლიანად სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხით მოხდება. თუ ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, მუნიციპალიტეტის საკრებულო მზადყოფნას გამოსთქვამს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის დამატების საკითხზეც იმსჯელოს.
სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ოთარ ხოზრევანიძე „ქიზიყთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივები პირველ რიგში საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვენ, ამიტომ ეს პრობლემა 2012 წლის პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა.
ხოზრევანიძის განმარტებით, 2012 წლისთვის, სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან სოფელ ფიროსმანს 17 000 ლარი ერგო. მისი თქმით, შენობა რომელსაც საბავშვო ბაღისთვის შეიძენენ სოფლის ცენტრში შეირჩევა. რწმუნებული ამბობს, რომ რამდენიმე ვარიანტი უკვე არსებობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, საბავშვო ბაღი სკოლის შენობას გამოეყოფა და ცალკე შენობაში გადავა საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოშიც.
საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელ საბათლოს მაცხოვრებლებიც. თუმცა, როგორც დედოფლისწყაროს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი მურად ოზაშვილი ამბობს, ამ სოფელში ბავშვთა კონტინგენტი იმდენად მცირეა, ამ ეტაპზე ამ საკითხს პერსპექტივა არ უჩანს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

დედოფლისწყაროში 17 წლის გოგონამ თვითმკვლელობა ჭარბი მედიკამენტებით სცადა

EXCLUSIVE – ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრებმა 17 წლის სოფიკო ფ-შვილმა თვითმკვლელობის მიზნით დიდი ოდენობით მედიკამენტები დალია. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი დედოფლისწყაროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან რაიონულ სტაციონარში გადაიყვანა.
დედოფლისწყაროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ნუკრი ბაღაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ მომხდარის დეტალები არ ახსოვს.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ხათუნა ზურიკაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, არასრულწლოვან გოგონას ერთდროულად წნევის დამწევი მედიკამენტის „კლოფელინის“ 20-ზე მეტი აბი ჰქონდა მიღებული.
„სტაციონარში მოთავსებისთანავე გოგონას სამედიცინო დახმარება გაეწია. მდგომარეობა მალევე გამოსწორდა, სიტუაცია დარეგულირდა, თუმცა კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თსუ-ს კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და არასრულწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებს ხათუნა ზურიკაშვილი.
მედიკოსების განმარტებით, მოზარდმა თავად დაასახელა, რომ დიდი დოზით „კლოფელინის“ აბები მიიღო, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, გოგონამ ახლახან იმშობიარა. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ოჯახში არსებულ დაძაბულ ვითარებას უკავშირდება, გოგონას მშობლები გაცილებული არიან.
მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.
ბოლო ერთი თვის მანძილზე დედოფლისწყაროში სუიციდის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სამ შემთხვევაში ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

вторник, 17 апреля 2012 г.

ოპოზიცია გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის დავით ჯიბღაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს

დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში კანონდამმრღვევი საჯარო მოხელეების მომრავლებისა და მათი სკანდალურად დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ ნოდარ ზუბიაშვილისა და დავით ბასილაშვილის დაკავების შემდეგ სამსახურის უფროსის დავით ჯიბღაშვილის, მინიმუმ, დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ასეთი ხელმძღვანელი თანამდებობაზე არ უნდა რჩებოდეს.
“თუ კომპეტენტური ორგანოები აკავებენ რიგით მოხელეებს, რომელთა ბრალეულობა ყველაში ეჭვს იწვევს, რატომ არ დგება საკითხი ასევე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის დავით ჯიბღაშვილის პასუხისმგებლობის შესახებ. "თავისუფალი საქართველო" უკვე რამდენიმე თვეა აქვეყნებს მასალებს, სადაც იკვეთება ამ ორგანოს ხელმძღვანელების მიერ ჩადენილი სხვადასხვა კანონდარღვევები.
თუ ბატონმა ჯიბღაშვილმა ვერ შენიშნა, რომ მის სამსახურში უკვე მესამე ადამიანი გაერია ქრთამის აღების საქმეში, ეს მის არაკომპეტენტურობასა და სისუსტეზე მეტყველებს. ხოლო, თუ მათ უკანონო ქმედებებზე ფლობდა ინფორმაციას - ეს იმას ნიშნავს, რომ დუმილის სანაცვლოდ სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილიც წილში გადიოდა," - აღნიშნულია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებაში.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ როდესაც სრულიად არაკომპეტენტური კადრის დავით ჯიბღაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მის სამსახურში სკანდალურად დაკავების უკვე მესამე ფაქტი ფიქსირდება, ასეთ ხელმძღვანელს დანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვს. თუმცა, ის თანამდებობას იმავე პრინციპით ინარჩუნებს, რითიც ქუჩიდან მოსული კადრი ყველასგან მოულოდნელად ხელმძღვანელის სკამზე აღმოჩნდა.
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიტში კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტის და ოფისისის მეპატრონის, ნანული ნატროშვილის ახლო ნათესავები, ოროვე დაკავებული მუნიციპალიტეტის თანამშრომელია - ნოდარ ზუბიაშვილი, ქონების და მიწის მართვის სამსახურის სპეციალისტი და დავით ბასილაშვილი ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალისტი. როგორც "ქართული ოცნების" ოფისის მეპატრონის ქალიშვილი აცხადებს, მასთანაც იყო მუქარის ზარები.
„თავისუფალი საქართველო“- ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული შემოწმებები, ქართული ოცნების წევრების ნათესავების დაკავება და აქტივისტებზე მუქარა არის მთავრობის ვერაგული განზრახვა წინასაარჩევნოდ დააშინონ როგორც ოპოზიცია, ასევე მოსახლეობა. ქრთამის აღება, ავტომატური იარაღის ჩადება, ნარკოტიკის ჩადება - ამ მეთოდებით, ახორციელებენ ზეწოლას მოსახლეობაზე რეფორმირებულ გაპოლიტიკურებული სამართალდამცველები.
უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი, რომ კონტროლის პალატის მიერ დედოფლისწყაროში ოპოზიციურ პარტიათა შემოწმებისას „თავისუფალი საქართველო“-ს ადგილობრივმა ორგანიზაციამ მიმართა კონტროლის პალატას, რათა მათ განეხორციელებინათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა, სადაც უამრავი დარღვევაა, თუმცა ეს თხოვნა უშედეგოდ დასრულდა." - აღნიშნავს „თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი - თამილა გურაშვილი. /ქიზიყი/

понедельник, 16 апреля 2012 г.

ლევან ბაღაშვილის განმარტებით, სამართალდამცველებმა გამგეობის მხოლოდ ერთი თანამშრომელი დააკავეს

დედოფლისწყაროში საჯარო მოხელეების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სამართალდამცველებს ორი საჯარო მოხელე არ დაუკავებიათ.
ბაღაშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა გამგეობის თანამშრომელი ნოდარ ზუბიაშვილი დააკავეს, დავით ბასილაშვილი კი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს. ამგვარი კომენტარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გააკეთა.
ზუბიაშვილთან ერთად მეორე საჯარო მოხელის, დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში მთავარი სპეციალისტის დავით ბასილაშვილის დაკავების თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად „ქიზიყს“ მისმა ნათესავებმა აცნობეს. პირად საუბრებში სამართალდამცველების ნაწილიც აცხადებს, რომ ბასილაშვილიც დაკავებული იყო.
დედოფლისწყაროში ორი საჯარო მოხელის დაკავების თაობაზე ინფორმაცია ადგილობრივმა ოპოზიციამაც საგანგებო განცხადებით გაავრცელა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, ბასილაშვილი სამართალდამცველებმა მეორე დღესვე გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, გამოძიებას მასთან ნაკლები პრეტენზია ჰქონდა. ის ამჟამად თავისუფალია და კახეთის საინფორმაციო ცენტრთან დაკავების თაობაზე კომენტარი არ გააკეთა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამგეობის ქონებისა და მიწის მართვის განყოფილების თანამშრომლები აზერბაიჯანული ეროვნების მოქალაქისგან ქრთამის აღებას ეცადნენ.
ორივე დაკავებული ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის აქტივისტების ახლო ნათესავები არიან. მათ შორის ბასილაშვილი ნანული ნატროშვილის ძმიშვილია. რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში ნანული ნატროშვილის საცხოვრებელ სახლში „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დედოფლისწყაროს გამგეობის ამავე სამსახურის თანამშრომელი ვლადიმერ ხატიაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით ორი წლის წინაც დააკავა. /ქიზიყი/

пятница, 13 апреля 2012 г.

საინფორმაციო გამოშვება “კვირის ბოლოს” #5 დედოფლისწყაროს ამბები (აუდიო)


13 აპრილი – რადიო24–ისა და “ქიზიყის” ერთობლივი პროექტი, საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება “კვირის ბოლოს”

(პროექტის წინა გამოშვება მოსმენილია 754 ვიზიტორის მიერ)

четверг, 12 апреля 2012 г.

სამინისტროს კონკურსში მეორე სკოლაც ჩაერთო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გამოცხადებულ ფოტო-კონკურსებში, „ცხოვრების ჯანსაღი წესი ჩემს სკოლაში“ და „ცხოვრების ჯანსაღი წესის ლოგო" ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლაც ჩაერთო.
როგორც „ქიზიყს“ მეორე სკოლის დირექტორმა ია ლაპიაშვილმა განუცხადა, სკოლამ ორივე კონკურსისთვის სპეციალურად შექმნა ფოტოსურათი, რომელიც უკვე განთავსებულია განათლების სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე და ამჯამად მათი შეფასებები მიმდინარეობს.
პირველ კონკურსში წარდგენილ ფოტოსურათში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობს, მასში მოზარდები მოწევის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან და საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ მოუწოდებენ.
ხოლო, კონკურსში „ცხოვრების ჯანსაღი წესის ლოგო“ სპეციალური ნახატი შექმნა მეორე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე სოფიო მენთეშაშვილმა.
„ყველამ კარგად იცის, რომ მეორე სკოლის სტადიონი საშინელ მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ მცირე ზომისაა, უნდა ითქვას, რომ სკოლას ფაქტობრივად სტადიონი არ გააჩნია. ვთვლით, რომ ორივე ნამუშევარი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და ამან დიდი სტიმული მოგვცა. გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს. უნდა ითქვას, რომ ჩვენს სკოლას გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება, რადგანაც სტადიონისა და სპორტული დარბაზის აღჭურვის პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს სკოლაში დგას,“ - განუცხადეს „ქიზიყს“ მეორე სკოლის ადმინისტრაციაში.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-ცენტრში აცხადებენ, გამარჯვებული 2012 წლის 1 მაისს გამოვლინდება.
გამარჯვებულად დასახელდება ორი სკოლა. კონკურსის წესების თანახმად, ერთი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება თბილისის მასშტაბით, „ლაიქების“ რაოდენობის მიხედვით და მეორე გამარჯვებული სკოლა Facebook-ის მომხმარებელთა თხოვნით გამოვლინდება საქართველოს დანარჩენი რეგიონებიდან ასევე „ლაიქების“ რაოდენობის მიხედვით და შეფასდება სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ.
განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, გამარჯვებულ სკოლებს სამინისტრო გაუკეთებს თანამედროვე ახალი ინვენტარით აღჭურვილ სპორტულ დარბაზს ან მოედანს.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს პირველი და მეორე სკოლის საკონკურსო ფოტოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობენ. პირველი საჯარო სკოლის ფოტო „ჩვენ ვებრძვით შიდსს“ საკმაოდ მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს. საქართველოს რეგიონებში ამ ეტაპზე პირველ პოზიციაზეა. მეორე სკოლის მიერ შექმნილი საკონკურსო ნახატიც ამ დროისთვის საკმაოდ კარგ მაჩვენებელს აფიქსირებს. რაც შეეხება ფოტოსურათს, მეორე სკოლამ ფოტო ოდნავი დაგვიანებით, ახლახან შექმნა... ხმის მიცემის პროცესი კვლავაც გრძელდება.
მეორე სკოლის ადმინისტრაცია ყველა დედოფლისწყაროელს და სოციალური ქსელის მომხმარებელს მხარდაჭერისა და თანადგომისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

თამაზ თამაზაშვილის სასამართლო გამოძიება დასრულდა

დაკავებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 აპრილს გაიმართება.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ნინო გელაშვილმა განაცხადა, 11 აპრილის სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევის ეტაპი გაიმართა. ამ სხდომით სასამართლო გამოძიების ეტაპი დასრულდა.
მისი თქმით, პროცესზე ბრალმდებელმა მხარემ საქმეში არსებული საკუთარი მტკიცებულებების – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის დემონსტრირება მოახდინა.
„შემდეგ სხდომაზე კამათის ეტაპი დაიწყება, რომელზეც პროკურორი სიტყვით გამოვა და ბრალდებულის შესახებ არგუმენტებს წარადგენს. თუ დაცვის მხარე საპასუხოდ მზად ვიქნებით, ჩვენს არგუმენტებს იმავე დღეს წარვადგენთ“ – განაცხადა ადვოკატმა.
თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა თბილისში 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. იარაღი აღმოაჩინეს დედოფლისწყაროში მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.
დაცვის მხარე თამაზაშვილის დაკავებას “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრის, მისი სიძის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. დაკავებულის ვაჟი, ალექსანდრე თამაზაშვილი ახლახან „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანლად დაინიშნა.. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

среда, 11 апреля 2012 г.

კუდ-მა დედოფლისწყაროს გამგეობის ორი თანამშრომელი დააკავა – ორივე “ქართული ოცნების” აქტივისტების ნათესავია

დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში სპეციალისტთან ნოდარ ზუბიაშვილთან ერთად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომლებმა ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი დავით ბასილაშვილიც დააკავეს.
“ქიზიყის” ინფორმაციით, ორივე დაკავებული ბიძინა ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნების” დედოფლისწყაროს ორგანიზაციის აქტივისტების ახლო ნათესავები არიან. მათ შორის ბასილაშვილი ნანული ნატროშვილის ძმიშვილია. რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში ნანული ნატროშვილის საცხოვრებელ სახლში “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა.
როგორც თვითმხილველებმა „ქიზიყს“ განუცხადეს, გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომლის აყვანა საჯარო რეესტრის რაიონული ფილიალის ოფისთან მოხდა, სადაც ზუბიაშვილი იმყოფებოდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა „ქიზიყის“ სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა.
მიწისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი დიმიტრი ბაღაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი თანამშრომელი უკვე რამდენიმე საათია სამსახურში აღარ იმყოფება, თუმცა დაკავების თაობაზე მან არაფერი იცის.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულებს ქრთამის აღება ედებათ ბრალად. დედოფლისწყაროს გამგეობის ამ სამსახურში იგივე ბრალდებით დაკავების ეს უკვე მესამე შემთხვევაა, ყველაფრის მიუხედავად დედოფლისწყაროს გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ჯიბღაშვილი თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დედოფლისწყაროს გამგეობის ამავე სამსახურის თანამშრომელი ვლადიმერ ხატიაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით ორი წლის წინაც, 2010 წლის თებერვალში დააკავა. იმავე წლის ნოემბერში ვლადიმერ ხატიაშვილი, რომელსაც პროკურატურა ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა, სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ხატიაშვილს სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 6 000 ლარი ჯარიმა დააკისრა. /ქიზიყი/

ბექა გონაშვილი საძოვრებზე ფასის შემცირებაზე საკრებულოს გადაწყვეტილებას მიესალმება

EXCLUSIVE – საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი მიესალმება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 10 აპრილის სხდომაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ შეფასება გონაშვილმა „ქიზიყთან“ საუბარში ექსკლუზიურად გააკეთა.
„ამ დრომდე მთავრობის დადგენილების თანახმად საძოვრების გადასახადი 15 ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა დედოფლისწყაროს საკრებულოს ეს თანხა კიდევ 2 ლარით ჰქონდა გაზრდილი და ამ დრომდე ჯამში 17 ლარს ვიხდიდით, რაც მესაქონლეობით დაკავებულ ადამიანებს საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვა. ამჯერად კი კმაყოფილი ვართ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამიერიდან 17 ლარის ნაცვლად მხოლოდ 7 ლარის გადახდა მოგვიწევს. ეს ცვლილება ძალიან დადებითი და სასარგებლოა. ამის თაობაზე რამდენიმე წუთის წინ ადგილობრივ მკვიდრს გელა გველუკაშვილს ვესაუბრებოდი და ეს რომ ვუთხარი, კაცმა პირჯვარი გადაიწერა, ნუთუ მართალიაო… ეს დროული და აუცილებელი ცვლილება იყო, რომელიც აქამდეც უნდა განხორციელებულიყო, რადგან უსამართლოდ მაღალი გადასახადის გადახდა გვიწევდა,“ – განუცხადა „ქიზიყს“ ბექა გონაშვილმა.
მისი განმარტებით, ფასების შემცირება საქართველოს მთავრობის 14 თებერვლის #50-ე დადგენილების საფუძველზე მიმდინარეობს. დოკუმენტს ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.
ახალი რედაქციით: სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს: სათიბებზე – 20 ლარს; საძოვრებზე – 7 ლარს; სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს.
შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგენილებაში ცვლილებები 10 აპრილის სხდომაზე შეიტანა. /ქიზიყი/

დედოფლისწყაროს საკრებულომ საძოვრებზე გადასახადი შეამცირა

10 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რიგით მეექვსე სხდომა ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილმა დეპუტატებს განსახილველად შვიდი საკითხი წარუდგინა.
დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების მე–4 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს: ა) სათიბებზე–20 ლარს; ბ) საძოვრებზე–7 ლარს; გ) სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე–87 ლარს; დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით;
დ ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს; დ ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს; დ გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 40 ლარს“.
ცვლილება შევიდა, ასევე, „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტემბრის №33 დადგენილებაში, საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიცვალა ოქმის ფორმა.
სხდომამ ცვლილებები შეიტანა ა(ა)იპ-ების „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის“ და „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის“ შექმნის და მისი წესდების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 24 აგვისტოს №87და 2007 წლის 7 მაისის №58 განკარგულებებში.
სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ანგარიში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ- ების და შ.პ.ს-ების 2011 წლის საფინანსო დოკუმენტების აუდიტორიული შემოწმების შესახებ.
ცნობისთვის, საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტს სხდომის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წინასწარ არ გამოუქვეყნებია. /ქიზიყი/

вторник, 10 апреля 2012 г.

სოფელ საბათლოში ორი შვილის დედამ თავი მოიკლა

EXCLUSIVE - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში 23 წლის სუსანა მოსიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გასროლა ოჯახის კუთვნილი სანადირო თოფიდან გასროლით მოახდინა. ინფორმაციას სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით გუნდაძეც ადასტურებს.
გოგონას ნათესავები მეუღლესთან მის კონფლიქტურ ვითარებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ სუსანას მეუღლე ბოლო დროს გამუდმებით ალკოჰოლს სვამდა და ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა. დაძაბული ვითარების გამო გოგონა მეუღლეს ახლახან გაშორდა და საცხოვრებლად მშობლების ბინაში გადავიდა. სუიციდის ფაქტიც სწორედ მის სახლში მოხდა.
როგორც “ქიზიყმა” გაარკვია, გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ბოლო ორი კვირის მანძილზე დედოფლისწყაროში სუიციდის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

CENN სასტუმრო „ამბასადორში“ კლიმატის ცვლილების სცენარებს, საადაპტაციო მუნიციპალურ გეგმებს და პილოტურ პროექტებს წარადგენს

11 აპრილს, თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში” კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი CENN კონფერენციას მართავს თემაზე „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივიკატასტროფების რისკის შემცირება“. როგორც ორგანიზაციიდან “ქიზიყს” აცნობეს, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება აშშ- ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID-ისმხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული კლიმატის ცვლილების სცენარები, კლიმატის ცვლილებასთან საადაპტაციო მუნიციპალური გეგმები და პილოტური პროექტები.
კონფერენციის მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება, თემატური დიალოგის განვითარება დამომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების საკითხების გათვალისწინებასა და ინტეგრირებას სახელმწიფოპროგრამებსა და განვითარების გეგმებში.
პროექტი ხორციელდება დედოფლისწყაროს, ხელვაჩაურის, ქედის, ბორჯომის, ახალციხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ინიციატივისმიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების, კვლევითი ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა დაადგილობრივი საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები. /ქიზიყი/

ფიქრია ჩიხრაძე დედოფლისწყაროსა და საზღვრისპირა სოპფლების მოსახლეობას შეხვდა - ფოტორეპორტაჟი

პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე 7 აპრილს დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობას შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფლების: არხილოსკალოს, ზემო ქედისა და ქვემო ქედის მაცხოვრებლების პრობლემები ადგილზე მოისმინა.
დედოფლისწყაროსა და ზემოქედში გამართული შეხვედრების დროს ყველაზე მწვავე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნის თემა იყო.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა ტრაქტორების სიმცირის და საწვავის სიძვირის გამო. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით სახეკმწიფოს მხრიდან გლეხებს გაზაფხულზე ბევრად მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. „მარტო ტრაქტორზე დაჯდომა და განცხადებების კეთება, რომ გლეხებს ყველაფერში დაეხმარები, საკმარისი არ არის. მათ მართლაც რეალური დახმარება სჭირდებათ. გლეხები უფრო გონივრულად მსჯელობენ თუ როგორ შეიძლებოდა ტრაქტორის და საწვავის პრობლემის მოგვარება, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტრო",- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში არხილოსკალოსა და ქვემო ქედში შეხვედრების შემდეგ ფიქრია ჩიხრაძემ მედიისთვის განცხადება გააკეთა.: „ყველა იმ თანამდებობის პირის გასაგონად ვამბობ, ვისაც სოფლის მეურნეობის განვითარება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა ევალება - მიხედეთ სოფელს, დაეხმარეთ ადამიანებს მიწა დაამუშავონ, დათესონ და მოსავალი მიიღონ, თორემ დღეს სოფლად მდგომარეობა ისეთია, რომ მომავალი ზამთრისთვის შეიძლება გლეხები სარჩო-საბადებელის გარეშე დარჩნენ. საწვავის სიძვირე დღეს გლეხებისთვის გადაულახავ პრობლემად იქცა".
როგორც „ახალი მემარჯვენეების“ პრესცენტრში „ქიზიყს“ განუცხადეს, ამიერიდან გააქტიურებას გეგმავს ახლების დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი სოსო ბეჟანიშვილიც. ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან და სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებებსაც გაავრცელებენ.
"ახალი მემარჯვენეები" და მათი ლიდერები საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ცნობისთვის, ხსენებული პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, თავისი სამედიცინო კარიერის დასაწყისში სწორედ დედოფლისწყაროში მიავლინეს. როგორც მის ბიოგრაფიულ ცნობებშია მოცემული გამყრელიძე 1989–1990 წლებში დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმის "არხილოსკალოს" ექიმ–ნეფროლოგად მუშაობდა, ამდენად მისთვის დედოფლისწყარო და განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლები მნიშვნელოვანია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

понедельник, 9 апреля 2012 г.

9 აპრილის მემორიალი დედოფლისწყაროშიც შეამკეს

დედოფლისწყაროს საზოგადოება 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბა და პატივი მიაგო ამ დღეს რუსთაველის გამზირზე დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა, ბავშვებთან ერთად გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს მემორიალი და სანთლები დაანთეს.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საკრებულოს, გამგეობის, დედოფლისწყარის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, კულტურისა და სპორტის ცენტრის წარმომადგენლებმა, დედოფლისწყაროს მოქალაქეებმა.
შეგახსენებთ, 9 აპრილს გარდაცვლილი ეკა ბეჟანიშვილის დედა წარმოშობით დედოფლისწყაროდან გახლდათ. გმირულად დაღუპულთა საპატივსაცემოდ დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებულმა ბიჭუნათა გუნდმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა. შემდეგ, იქვე, საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლეს და ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების და დედოფლისწყაროს თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, მრავალწლიანი დავის შემდეგ მემორიალთან მდებარე შენობაში საგამოფენო დარბაზი ახლახან, ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმის ახლადდანიშნული მმართველის, ნელი გობეჯიშვილის ძალისხმევით აღდგა. /ქიზიყი/

суббота, 7 апреля 2012 г.

სოფელ ხორნაბუჯში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაკაცი ემსხვერპლა

EXCLUSIVE – ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში (ყოფილი წითელწყარო). შეჯახება მეგობრობის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც სწრაფად მოძრავი ბეემვეს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად ამავე ქუჩაზე მცხოვრები 65 წლის ვლადიმერ ზოროღლიანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი “ქიზიყთან” საუბარში აცხადებს, სტაციონარში შემოსვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო და ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიგზავნა.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. როგორც “ქიზიყმა” გაარკვია, ბე-ემ-ვეს მძღოლი უკვე დაკავებულია. /ქიზიყი/

пятница, 6 апреля 2012 г.

ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური მედიის ტრენინგი გაიარეს

ქალაქ დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის კომპიუტერულ ცენტრში, ჩატარდა ტრენინგი „სოციალური მედია სკოლაში“, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და ქალაქ დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გაიმართა. როგორც „ქიზიყს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მოსწავლეებმა ტრენინგში მონაწილეობა დედოფლისწყაროს ხუთი საჯარო სკოლიდან მიიღეს.

ტრენინგი სამოქალაქო კლუბის სოციალური მედიის ჯგუფის ლიდერმა გიგი იაკობიშვილმა ჩაატარა. ტრენინგში ჩაერთვნენ როგორც ქალაქ დედოფლისწყაროს #1 და #2 საჯარო სკოლების, ასევე სოფლების: საბათლოს, არბოშიკისა და ხორნაბუჯის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები.

ტრენერის, გიგი იაკობიშვილის განმარტებით, მოზარდებმა ამჯერად ისწავლეს ბლოგის შექმნა და ზოგადად გაეცნენ სოციალური მედიის ფუნქციას და მის მნიშვნელობას დღევანდელ რეალობაში.

„ტრენინგის შემდეგ გაჩნდა სურვილი, რომ მიღებული ცოდნის შედეგად, ისინი მომავალში გააკეთებენ ბლოგებს სამოქალაქო კლუბის შესახებ ან პირადი მოხმარებისათვის,“ – აცხადებს იაკობიშვილი.

ტრენინგის მონაწილეებმა მოგვიანებით სპეციალური კითხვარებიც შეავსეს, სადაც სხვადასხვა კითხვებზე პასუხის დაფიქსირება მოუხდათ. მოსწავლეთა 100%-მა აღნიშნა, რომ ტრენინგი მოეწონა და 70%-ის აზრით გაცილებით საინტერესო პრაქტიკული სამუშაოები იყო.

როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა“ საქართველოში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. /ქიზიყი/

ძლიერმა ქარმა შირაქში ყანები გაანადგურა – ფოტორეპორტაჟი

ძლიერმა ქარმა დედოფლისწყაროში საშემოდგომო ნათესები დააზიანა. სტიქია 9–10 მარტს, შემდგომ კი 22 მარტს კიდევ ერთხელ განმეორდა. ამოვარდნილმა ქარბუქმა ხორბლის ყანების ნაწილი გაანადგურა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დაზარალებული მოქალაქეების განცხადებების მიღებას აწარმოებს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადასცემს. ამ დროისთვის რამდენიმე ათეული განაცხადია შესული. შესაბამისად, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი განმარტავს, შექმნილია მობილური ჯგუფი, რომელიც ზარალს აფიქსირებს.

მოსალოდნელია დაზარალებულთა ოდენობა გაიზარდოს, რადგან, ის, რაც შირაქში ვნახეთ, მიწის ბევრ მფლობელს დააღონებს: – ქარისგან ფესვებგამოჩენილი და გამომშრალი ჯეჯილი გადამხმარია, ბზუალასგან კალო–კალო გადაშავებული ადგილები სულ მოტიტვლებულია. ზოგადად, ის ჯეჯილიც კი, რომელიც ადრე შემოდგომაზე დაითესა, კარგი ამონაყარი აქვს და ბორჯი გადგმულია, ქარისგან და სიცივისგან გაუფერულებული და გატუსულია. რაც შეეხება საგაზაფხულო სამუშაოებს, აქა–იქ მოხნულს თუ შევხვდებით. დიდი ფართობი შირაქისა დაუმუშავებელია და გამხმარი ბალახით და ნარით სავსეა. მდგომარეობას ის ართულებს, რომ 5–10 და თუნდაც 15 ჰექტრის პატრონებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, მიხედონ და დაამუშაონ ნაკვეთები, რადგან მცირე ფართობზე მიღებული მოსავლის თვითღირებულება მოგების არავითარ შანსს არ სტოვებს. ისედაც ძვირი და ხვნა–თესვისას უფრო გაძვირებული საწვავი და ძვირადღირებული ტექნიკა ხელმისაწვდომი არ არის მიწის ბევრი მფლობელისათვის.

четверг, 5 апреля 2012 г.

თვითმკვლელობა შესაძლოა მკვლელობად გადაკვალიფიცირდეს – გარდაცვლილის მეუღლე ფერმის მეპატრონეს მკვლელობაში ადანაშაულებს

EXCLUSIVE – რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში ჩამომხრჩვალი მამაკაცი შესაძლოა მკვლელობის მსხვერპლი გამხდარიყო. ამის შესახებ ეჭვებს დაზარალებულის ოჯახი გამოთქვამს. გარდაცვლილის მეუღლის ამგვარი პოზიციის გამო, შესაძლოა, თვითმკვლელობის ფაქტი განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდეს.

დედოფლისწყაროში მცხოვრები მაია თუშოვი ამბობს, რომ მისი მეუღლე 55 წლის ილია სამჩენკო მეცხოველეობის ფერმაში გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას ამუშავებს, თუმცა ქალბატონი ეჭვობს, რომ მამაკაცი შესაძლოა მოეკლათ.

მაია თუშოვი აცხადებს, რომ გარდაცვლილს ყელი გამოღადრული ჰქონდა და სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა. გარდაცვლილის მეუღლე მის დამსაქმებელს, ფერმის მეპატრონეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ კონფლიქტი ჰქონდათ.

„ყელი გამოღადრული ჰქონდა, თავზე დიდი კოპი, გვერდის დაჟეჟილობა და არაერთი სხეულის დაზიანება აღენიშნებოდა. ტანსაცმელიც გახდილი ჰქონდა. ყველა თვითმკვლელობას ამბობს, მაგრამ თუ მან თავი მოიკლა ამდენი დაზიანება საიდან აქვს?… ფერმის მეპატრონის გვარი არ ვიცი. ჩემი მეუღლე ბოლო დროს „ბოდბელი გელას“ ფერმაში მუშაობდა. ეჭვი მაქვს, რომ მოკლეს და ამაში ფერმის მეპატრონეა გარეული. ბოლო დროს ფერმაში წასვლა არარ სურდა, იმ კაცის ისე ეშინოდა აღარ წავალო იძახდა. მუდმივად ემალებოდა, დაშინებული ჰყავდა, რადგანაც სცემდა. იძულებით წაიყვანა ბოლოს. ექსპერტიზის დასკვნას ველოდები და ვასაჩივრებ,“ – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. /ქიზიყი/

მამაკაცის გარდაცვალებას მეუღლე, პოლიცია და საავადმყოფო ადასტურებს

EXCLUSIVE – შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოსა და დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ორიოდ დღის წინ მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ოფიციალურად ადასტურებენ. “ქიზიყის” ხელთ არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ფერმაში ჩამომხრჩვალი ნახეს.

ნოშრევან ნატროშვილი (დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსის მოადგილე): „მამაკაცი გარდაცვლილი ნამდვილად იპოვეს. ის წარმოშობით ახმეტიდან არის, თუმცა დედოფლისწყაროში ცხოვრობდა. შემთხვევა ერთ–ერთ ფერმაში მოხდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს. მისი გვარი–სახელი ახლა ნამდვილად არ მახსოვს“.

ხათუნა ზურიკაშვილი (დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსი): „ეს ფაქტი ჩემთვისაც არის ცნობილი, თუმცა ჩვენს კლინიკასთან შეხება არ ჰქონია. ექსპერტიზისთვისაც ცხედარი სხვაგან გადაასვენეს“.

ვანო ნატროშვილი (დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსის მოადგილე): „მამაკაცი გარდაცვლილი ნამდვილად იპოვეს. როგორც მე გავარკვიე, შემთხვევა ორიოდ დღის წინ მოხდა. მამაკაცის ცხედარი გურჯაანში გადავასვენეთ“.

დედოფლისწყაროში მცხოვრები მაია თუშოვი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მისი მეუღლე 55 წლის ილია სამჩენკო გარდაცვლილი ნახეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიას ამუშავებს, თუმცა ქალბატონი ეჭვობს, რომ მამაკაცი შესაძლოა მოეკლათ.

ციცო დარჩიაშვილი (დედოფლისწყაროს სათნოების სახლის დირექტორის მოადგილე): „გარდაცვლილის მეუღლე, მაია თუშოვი ყოველდღიურად ჩვენთან სადილობს. დღეს ძალიან შეწუხებული მოვიდა. აქედან სულ რაღაც 5 წუთის წინ გავიდა. ტიროდა… ის ეჭვობს, მისი მეუღლე ფერმაში ვინმემ ხომ არ მოკლა.“

მომხდართან დაკავშირებით შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 5 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედოფლისწყაროში თვითმკვლელობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ცენტრი ირწმუნება, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ნეტგაზეთ „ქიზიყის“ ექსკლუზიური ინფორმაცია არ დადასტურდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თვითმკვლელობის ფაქტი ცენტრის ჟურნალისტთან ასევე უარყვეს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოშიც.

როგორც “ქიზიყმა” გაარკვია, გარდაცვლილი ილია სამჩენკო და გოჩა გოგილაშვილი ერთიდაიგივე ქალბატონის, მაია თუშოვის მეუღლეები გახლავთ, რის გამოც გვარის ცდომილებას ჰქონდა ადგილი. “ქიზიყი” ამ მცირე უზუსტობისთვის ბოდიშს იხდის.

შეგახსენებთ, 17 წლის ბიჭმა რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სოფელ არხილოსკალოშიც. /ქიზიყი/

ლევან მჭედლიშვილი წყლის უხარისხობასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერი ლევან მჭედლიშვილი ადგილობრივი ოპოზიციის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, დედოფლისწყაროში წყლის ხარისხს ერთპიროვნულად არავინ აკონტროლებს და პროცესში სპეციალისტებიც არიან ჩართულნი.
„გენადი ჯანაშვილი ჩვენთან ნამდვილად მუშაობს, ის ცენტრალური რეზერვუარის ოპერატორი გახლავთ. თუმცა, ამ შემთხვევაში ოპოციციას ნამდვილად შევეკამათები. როგორც წესი, რეზერვუარში წყლის დაქლორვის პროცესში ჩართული არის ჩვენი ლაბორანტი თამუნა მჭედლიშვილი და ტექნიკური სამსახურის უფროსი ვაჟა მენთეშაშვილი. ანუ, ხარისხის ერთპიროვნული კონტროლი არ ხდება. მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, როგორც რეზერვუარში წყლის ხარისხის კონტროლის პროცესში, ისე სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. მონაცემები მუდმივად იგზავნება როგორც ჩვენს რეგიონალურ, ისე ცენტრალურ ფილიალებში. ამდენად, ვერ გავიზიარებთ გავრცელებული საპროტესტო განცხადების, თითქოს დედოფლისწყაროში სასმელი წყლის ხარისხს არაპროფესიონალები აკონტროლებენ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობასთან კავშირი არ აქვს, “ – განუცხადა „ქიზიყს“ ლევან მჭედლიშვილმა.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში მიიჩნევენ, რომ სასმელი წყლის დაქლორვისა და მის უხარისხობასთან დაკავშირებით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
როგორც მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ საპროტესტო განცხადებაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ რეზერვუარში, ამჟამად სასმელი წყალის დაქლორვას ყოფილი პოლიციელი გენადი ჯანაშვილი ახდენს, რომელსაც შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კომპეტენცია არ გააჩნია. ამ ფონზე, ორგანიზაცია შიშობს, რომ წყალში ქლორის შემცველობის გადამეტება სავალალო შედეგებს მოიტანს. მათი მტკიცებით, ეს ძალზე სპეციფიკური საკითხია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი

იხილეთ ოპოზიციის განცხადება>>
წელს კახეთს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში 6 მილიონზე მეტი გამოეყოფა _ * _ * _ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაეცა და გასული წლის 100-ე ადგილიდან 105-ზე გადაინაცვლა. ამდენად, საქართველო რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერი აღარაა. _ * _ * _ 2012 წელს ხორბლის ფასი სავარაუდოდ, მაღალი იქნება _ * _ * _ საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა, რომელიც 2012 წელს საუკეთსო ტურად ცხადდება _ * _ * _ „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქართველომ ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა _ * _ * _ არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე ბიუჯეტში მანამდე გაუთვალისწინებელი პროექტების განხორციელება აიკრძალა _ * _ * _ 2011 წლის 1 იანვრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში ხანძრის 852 შემთხვევაა დაფიქსირებული. სტატისტიკური მონაცემებით, ხანძრის ყველაზე მეტი - 224 შემთხვევა თელავის რაიონშია აღრიცხული - დედოფლისწყაროში კი 68. _ * _ * _ სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში მომუშავე ფერმერების თქმით, მდინარე ალაზანმა აზერბაიჯანის მხარეს წელს კიდევ 10 ჰექტარზე მეტი მიწა დატოვა. „ყველა უწყებას მივმართეთ თხოვნით, რომ მდინარე ალაზანზე ნაპირდაცვითი სამუშაოები ჩატარებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მდინარეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მიწა გაზაფხულზე მიაქვს, როცა ადიდებულია“, - აღნიშნეს ფერმერებმა. _ * _ * _ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროში დაფუძნდა ორი კავშირი: ,,ახალი სიტყვა – ახალგაზრდული ინიციატივა“ და „ახალი თაობა – ახლი იდეა“. მრავალპროფილიანი არასამთავრობოები, აპოლიტიკური, არასამეწარმეო იურიდიული პირებია, რომლებიც თავის რიგებში აერთიანებს სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. _ * _ * _



















































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს


ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/

როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.

ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/











.

ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება

ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.

ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:

„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/


ილია მარტყოფლიშვილი CV

დაიბადა 28.04.1984, ქალაქ დედოფლისწყაროში. 2006 წელს დაამთავრა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. (სპეციალობა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა)
* * *
2002-2003 წ. ჟურნალი ,,თბილისელები", - ჟურნალისტი, (თბილისი)
2003 წ. ჟურნალი ,,კვირის ბოლო" - რედაქტორი, (თბილისი);
2003 წ. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამების ავტორი და ტელე-წამყვანი.
2004 წ. გაზეთ ,,ქიზიყის" მთ რედაქტორი;
2004-05 წ. რადიო ,,უნივერსი" (FM 103.9) საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, საპარლამენტო კორ. (თბილისი);
2005 წ. ,,პირველი რადიო" (FM 106.4) საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საპარლამენტო კორ, (თბილისი);
2005-2007 წ. კახეთის რეგიონული გაზეთი ,,პროგრესი" (გურჯაანი) დედოფლისწყაროს ბიუროს რედაქტორი;
2005 წლიდან ,,თავისუფალი გაზეთი" კახეთის ბიუროს რედაქტორი.
2006 წ. ჟურნალი ,,რეალური სამყარო" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007-2010 წ. გაზეთი ,,ვერსია" - ჟურნალისტი ; (თბილისი);
2007 წ. გაზეთი ,,კამარა" - ჟურნალისტი; (თბილისი);
2007 წლიდან ჟურნალ ,,ღია ბოქლომი"-ს აღმასრულებელი რედაქტორი;
2007 წლიდან დღემდე გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკა"-ს კახეთის კორ;
2008-09 ახალი ამბების სააგენტო CHN-ს გამომშვები რედაქტორი, (თბილისი);
2010 წ. გაზეთი "ალია" - ჟურნალისტი;
20010-11 წ. ყოველდღიური ინტერნეტ-გაზეთი "ქიზიყი" - გამომშვები რედაქტორი.
2010 წლიდან დღემდე ანალიტიკური ინტერნეტ-გაზეთი www.7days.ge (7 დღე) ჟურნალისტი (თბილისი)
2010 წ. გაზეთი "ქართული სიტყვა" - ჟურნალისტი (თბილისი);
2010 წლიდან დღემდე ახალი ამბების სააგენტო, ინტერნეტ-გაზეთი www.newsline.ge -ჟურნალისტი (თბილისი)
* * *
სხვადასხვა ქალაქებში, პროფესიული კუთხით, გავლილი აქვს არაერთი სახის ტრენინგ-სემინარები.


სასაზღვრო სამმართველო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა

პარ


კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა

კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ქალაქ დედოფლისწყაროში რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 221 000 ლარი გამოყო. თუმცა, გაირკვა რომ პრობლემა სულაც არ მოგვარებულა. ახლად გადახურულ სახლებში სამუშაოების დასრულებიდან ორიოდ დღეში ინტენსიური წვიმების დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლებში წყალი ჩაუვიდა და ზარალი მიადგა. განსაკუთრებულად რთული ვითარება იყო ქალაქის ცენტრალურ უბნებში, რუსთაველისა და სტალინის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში. მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებაში ადანაშაულებს.

გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა


რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!

სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო

სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge

გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>

სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა


დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.

შეგახსენებთ, 16-17 ივლისს ქალაქი დედოფლისწყარო და სოფელი წითელწყარო ძლიერმა წვიმამ დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა 110-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ზოგიერთის ბინა საცხოვრებლად სახიფათო გახდა. დედოფლისწყაროელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. დამცირებული მოსახლეობა წუხს, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯიბღაშვილმა დახმარების ნაცვლად დაზარალებულების დაცინვა და მასხრად აგდება დაიწყო. ადგილობრივები ჯიბღაშვილს უზრდელად და თანამდებობისთვის შეუფერებლად მოიხსენიებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ქიზიყის ვიდეო-რგოლი

Общее·количество·просмотров·страницы