
დაზუსტებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სპორტსმენი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში კანდიდატად არ დასახელებულა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას დედაქალაქსა და დედოფლისწყაროშიც უარყოფენ.
დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, დედოფლისწყაროში შეხვედრისას საუბარი იყო ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში ბიუჯეტის ეფექტურად მართვის საკითხეზე. ასევე, განხილული იყო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ფერმერული მეურნეობის განვითარების საკითხები.
მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დედოფლისწყაროში გამართული შეხვედრების დროს საპარლამენტო არჩევნებისთვის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევის საკითხებზე ისაუბრეს. ამ ვერსიის გავრცელებას ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დედოფლისწყაროდან საზღვრისპირა სოფელ ზემო ქედში გადაინაცვლეს. წარმოშობით სწორედ ამ სოფლიდან გახლავთ ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი.
კედელაშვილი 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ სპორტსმენი პარტიულ საქმიანობაში აღარ გამოჩენილა. თუმცა, პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ აქტიური პარტიული მუშაობით კედელაშვილი არც მანამდე გამოირჩეოდა.
"ქიზიყის" ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელ კანდიდატზე დადებს მმართველი გუნდი ფსონს, მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში.
შეგახსენებთ, შეხვედრას პარტიული არ უწოდა საქართველოს კონტროლის პალატის შეფმა ლევან ბეჟაშვილმაც. კომენტარი გაკეთდა ასევე, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, სადაც საპარლამენტო არჩევნებისთვის ამავე რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის საკითხს უარყოფენ, თუმცა არ მალავენ, რომ არაფორმალურად, მაგრამ საარჩევნო კამპანია მათ უკვე დაიწყეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий