
აკაკი ნატროშვილი „ქიზიყთან“ საუბარში არ მალავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ გუნდს წვრთნის. ის რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომრის მოადგილეა.
„ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასს 2010 წლის დეკემბრიდან ვიღებ. 30 სპორტსმენი მყავს, სოფელ მირზაანსა და ზემო მაჩხაანში ფეხბურთელთა ორ ჯგუფს ვამეცადინებ… მე ვერავინ მაკადრებს, რომ ხელფასის გამო ზეწოლა განახორციელონ. თუ ვინმე ამ ფულს დამაყვედრებს, ერთი წუთითაც არ ვიყოყმანებ, მწვრთნელის შტატს მაშინვე დავტოვებ. გინდაც დაჭერით და გატყავებით დამემუქრონ, ოპოზიციურ საქმიანობას ვერ ჩამომაშორებენ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ აკაკი ნატროშვილმა.
„ქიზიყის“ ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, ნატროშვილი „ქართული ოცნებიდან“ ხელფასის სახით ყოველთვიურად 200 ლარს იღებს.
ამ საკითხის კომენტირებისას ივანიშვილის მრჩეველმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, რომ ნატროშვილის ხელფასის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
„ნამდვილად არ ვიცოდი, პირველად თქვენგან მესმის… აუცილებლად გავერკვევი… თუმცა, ჩვენთან თანამშრომლობის მსურველებს კატეგორიებად არ ვყოფთ. ჩვენი ოფისის კარი ყველა მსურველისთვის ღიაა, მათ შორის მმართველ გუნდში მყოფი ადამიანებისთვისაც,“ – აცხადებს ღარიბაშვილი.
“ქიზიყი” უკვე წერდა, რომ ნაციონალური მოძრაობის შესაძლო კანდიდატი დედოფლისწყაროში, სპორტსმენი ზაზა კედელაშვილი ივანიშვილის ფონდიდან ყოველთვიურად 1 500 ლარს იღებს./ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий