
კახეთის საინფორმაციო ცენტრი მუზეუმის დირექტორს, 22 ოქტომბერს, მირზაანში დაგეგმილ ფიროსმანობასთან დაკავშირებით ესაუბრა. ანზორ მაძღარაშვილმა უკმაყოფილება ვერ დამალა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.
„ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზისთვის, რომელიც ბოდბის გზაზე გადის და ტურისტები სარგებლობდნენ, არავის მიუხედავს. მუზეუმში დამთვალიერებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ტურისტები შემოვლითი გზით სიარულს ერიდებიან. პრობლემის მოგვარების თხოვნით ყველას მივმართე. არცერთი სამსახური არ დამიტოვებია, მაგრამ როგორც წესი აქვთ, ერთ ყურში შიგნით უშვებენ და მეორეთი გარეთ. ეს პრობლემა გულთან არავის მიაქვს. საქართველო ფიროსმანის ღირსი არ არის და იცით რატომ? ფიროსმანის პორტრეტი ქაღალდის ლარიანზე იყო გამოსახული და ისიც კი ამოიღეს ხმარებიდან. მხატვრის ნახატებს, „მუშა სოსოს“ და „მალაკნების ქეიფს“, რომლებიც 2007 წელს, სიღნაღის გალერეაში დროებით გამოიფინა, მუზეუმს ამ დრომდე არ უბრუნებენ“, - განუცხადა ანზორ მაძღარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის თქმით, მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ დააფინანსებენ. „სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიდი თანხა სჭირდება. ამაზე უკვე ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ იქნებ სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსოს“, - აღნიშნა გამგებელმა.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში 1960 წლიდან ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში სახლ-მუზეუმი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მუზეუმის შენობაში სახურავიდან წყალი ჩადიოდა და კედლები დაობებული იყო. დანესტილი იყო ფიროსმანის ნამუშევრებიც. მუზეუმის თანამშრომლები გათბობის და სავენტილიციო სისტემას მხოლოდ მაშინ რთავდნენ, როცა საპატიო სტუმრებს ელოდებოდნენ. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო 1898 წელს აშენებული ნიკო ფიროსმანაშვილის დის კუთვნილი სახლი, სადაც ფიროსმანის სკივრი და სხვა ნივთებიც ინახება. სახლის კედლები დაობებული და დახეთქილი იყო, სახურავიდან წყალი ჩადიოდა, საძირკველი იშლებოდა, იატაკი დაობებული და დამპალი იყო, აივანი მორყეული. 16 წლის განმავლობაში მუზეუმს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ პრობლემებზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2009–2010 წლებში სტატიების და ფოტორეპორტაჟების სერია მოამზადა. ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ მასალებს აქტიურად აშუქებდნენ რესპუბლიკური მედიასაშუალებებიც. 2010 წლის შემოდგომაზე მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ნატალია სარქისაშვილი /ICK/
Комментариев нет:
Отправить комментарий