ვაკანტური ადგილები სახანძრო–სამაშველო სამსახურსა და ერთ–ერთი სოფლის ტერიტორიულ ორგანოში გაჩნდა. ამჯერად, კონკურსი გამოცხადებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამსახურის უფროსის, სახანძრო განყოფილების უფროსის, სამაშველო საავარიო განყოფილების უფროსის, მეხანძრის 5 და მაშველის 6 ვაკანტურ თანამდებობაზე. იმავდროულად კონკურსი გამოცხადებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის თანამდებობაზეც.
შეგახსენებთ, ორიოდ თვის წინ, ატესტაციის დროს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ტესტირების შედეგად სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი ნიკალა ფიროსმანაშვილიც ჩაიჭრა. ჩაჭრილი თანამშრომლებიდან რამდენიმე მათგანი ერთმანეთის თანმიმდევრულად რამდენიმე დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა.
როგორც „ქიზიყს“ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატის წარმომადგენელმა ვეფხია ნატროშვილმა განუცხადა, რეგისტრაციის ვადა ისე ამოიწურა, სახანძრო–სამაშველო სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ნიკალა ფიროსმანაშვილს განაცხადი კომისიაში აღარ წარუდგენია. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ ადგილის კვლავაც დაკავების სურვილი აღარ აქვს.
ნიკალა ფიროსმანაშვილი ტესტირებაში ჩაჭრის შემდეგ ღიად აცხადებდა, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა და იქვე უიმედოდ ამბობდა: „საცა არა სჯობს – გაცლა სჯობს“ო. ამ ფაქტის შემდეგ „ქიზიყი“ მას კონკურსის თარიღის დანიშვნამდეც შეეხმიანა და დაინტერესდა, გადაწყვიტა თუ არა თავისივე ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ხელახლა გავლა. ფიროსმანაშვილი აცხადებდა, რომ იმ დროისთვის ზუსტად არ იცოდა, შეიტანდა თუ არა განაცხადს.
გავრცელებული ხმების თანახმად, ფიროსმანაშვილმა რამდენიმე თვის წინ ტესტირებაში არასაკმარისი ქულების მოგროვება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვა და თავის გარიდება არჩია. არსებული ინფორმაციით, სახანძროს ექს–შეფი თბილისში გადასვლას გეგმავს.
მეხანძრეებმა ატესტაცია მიმდინარე წლის 23 ივლისს გაიარეს. ფიროსმანაშვილს 35–მდე შეკითხვა დაუსვეს. დასკვნის თანახმად, მან ისეთ კითხვებსაც ვერ გასცა პასუხი, როგორიცაა: ვისი ფუნქციაა სახანძრო უსაფრთხოება, რა არის სახანძრო უსაფრთხოება, რა შედის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფუნქციაში და როგორი განმარტება აქვს "ხანძარს".
ატესტაციიდან გამოსული სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გასაუბრების დროს გუბერნიის წარმომადგენლები კითხვებს იმდენად ირონიულად და აგრესიული ტონით სვამდნენ, ბევრი მათგანი დაიბნა, ნაწილმა კი თავი დამცირებულად იგრძნო და კითხვებზე სწორი პასუხი შეგნებულად არ გასცა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий