
„გაკვეთილის დროს შავი ფერის გველი ჩემს შვილს ფეხზე შემოეხვია. სკოლის შენობა ძველია. იატაკი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ქვეწარმავლები ალბათ იქიდან ამოდიან. 2 დღეში 3 გველი მოკლეს. მარტო სკოლის კედლებს, რომ ათეთრებენ, იატაკი გააკეთონ, რომ გველები ვეღარ ამოვიდნენ. ბავშვები შეშინებულები არიან და საკლასო ოთახში შესვლის ეშინიათ. სანამ ვინმეს არ დაკბენს, მანამდე ყურადღებას ალბათ არ მოგვაქცევენ“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა დალი ცეცხლაძემ.
სამთაწყაროს მაცხოვრებლები სკოლის შენობაში უსაფრთხოების ზომემის გატარებას ითხოვენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრი სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორთან ვარლამ თაგოშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მარინე მეხრიშვილმა კი აღნიშნა, რომ სამთაწყაროს სკოლის შენობაში გველების მოკვლისა და იმის შესახებ, რომ საკლასო ოთახში ბავშვს ფეხზე გველი შემოეხვია, არაფერი იცის. „დირექტორს გუშინ შევხვდი, მაგრამ არაფერი უთქვამს“, - განაცხადა მეხრიშვილმა. /ICK/
* * *
ოპოზიციის მტკიცებით, სამთაწყაროში ვენახები კვლავაც გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა – რწმუნებული ფაქტს უარყოფს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში 5 ჰექტარი ვენახი დაიწვა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. როგორც რადიო „ჰერეთს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა პეტრე მამულაშვილმა განუცხადა, შესაძლოა მათი ვენახების დაწვა შეგნებულად მოხდა. სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პაატა ნადირაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მცირე ხანძარს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ამჯერად ვენახები არ დამწვარა და ცეცხლი მინდორზე ხმელ ბალახს გაუჩნდა. ვენახების დაწვის ფაქტს ასევე უარყოფს დედოფლისწყაროს სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელიც.
"სოფელს პატრონი არ ჰყავს და არც კანონი კანონობს. შეგნებულად გვიწვავენ ვენახებს. აქ კარგი კლიმატია და სახელმწიფოს ზეთისხილის პლანტაციების გაშენება სურს მიწების მითვისების საბაბით მალე ალბათ სახლებსაც დაგვიწვავენ, პროტესტის გამოხატვის საშუალებასაც არ გვაძლევენ და გვემუქრებიან“, - განაცხადა პეტრე მამულაშვილმა. ასე ფიქრობს "თავისუფალი საქართველოს" წევრი დედოფლისწყაროში თამილა გურაშვილიც. იგი დაზარალებულ მოსახლეობას ესაუბრა და ამბობს, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდება, რათა ხალხის ვენახები დაისაკუთრონ.
"ყურძნის ფასიც ასეთი მიზერული იმიტომ იყო, რომ გლეხს სამუდამოდ ხალისი დააკარგვინონ ვაზის მოვლა-პატრონობაზე. თუ არ იქნა გამოძიებული ეს ფაქტი ობიექტურად და ხალხის სასარგებლოდ, მაშინ კიდევ ერთხელ ნათელი გახდება, რომ ხელისუფლება ანტიხალხურ პოლიტიკას ატარებს", - განაცხადა თამილა გურაშვილმა.
რადიო "ჰერეთი" კომენტარისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელ ნიკოლოზ შანშიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა რაიონის პირველი პირები სატელეფონო ზარებს მთელი დღის მანძილზე არ პასუხობდნენ.
როგორ გაჩნდა ხანძარი ვენახებში და იყო თუ არა ეს მიზანმიმართულად გაკეთებული ამას გამოძიება დაადგენს. შეგახსენებთ, რომ ამავე სოფელში ერთი თვის წინ 15 ჰექტარი ვენახი ანალოგიურად, გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. სიღნაღის პროკურატურამ მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა დაზარალებულებს ზარალი მუნიციპალიტეტმა იმ საბაბით არ აუნაზღაურა, რომ ვენახები დაზღვეული არ ჰქონდათ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული პაატა ნადირაშვილი სოფელში 5 ჰექტარი ვენახის დაწვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს: „ორი დღის წინ, პატარა ფართობზე მინდორს წაეკიდა ცეცხლი, რომლის ჩაქრობაც მალევე მოხერხდა. ვენახები არ დამწვარა“, - განაცხადა პაატა ნადირაშვილმა.
სამთაწყაროში ვენახების დაწვის ფაქტს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუნარში არ ადასტურებს დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი ნიკა ფიროსმანაშვილიც. „ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მინდორი იწვოდა. მალევე დაგვირეკეს და გითხრეს, ცეცხლი თვითონვე ქრება და თქვენი ადგილზე მოსვლა საჭირო აღარ არისო. სამთაწყაროში ვენახები არ დამწვარა“, - აღნიშნა ნიკა ფიროსმანაშვილმა.
სამთაწყაროში ვენახების დაწვის შესახებ ინფორმაცია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ სამთაწყაროში 15 ჰექტარი ვენახი ერთი თვის წინ დაიწვა. დაზარალებული მევენახეები აცხადებდნენ, რომ ვენახები სპეციალურად დაწვეს, რადგან დაინტერესებულ პირებს ადგილების ყიდვა უნდათ ზეთისხილის ბაღის გასაშენებლად. ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий