
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილმა ფიროსმანობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე დედოფლისწყაროში სტუმრად მყოფი გერმანიის სამთავრობო დელეგაცია მირზაანში ნიკალას ეზოში პირადად მიიწვია და იქვე საიდუმლოც წინასწარ გაამხილა. მისი თქმით, დედოფლისწყაროში მიმდინარე ქართულ-გერმანული პროექტების ხელმძღვანელი დიტერ მიულერი ჩვენი მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.
დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეების წოდება წელს 5 ადამიანს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საპატიო მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ მიანიჭა.

ოფიციალური ნაწილი დღის 12:00 საათიდან დაიწყო და 1 საათსა და 40 წუთს გასტანა. როგორც ორგანიზატორები გვპირდებოდნენ, წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.
საზოგადოების წინაშე წარსდგნენ: თელავის სახელმწიფო ანსაბლი და ლაგოდეხის გოგონათა გუნდი „ჰერელი“ გოგონები, რომლებმაც საზოგადოებას თავი პროექტ „ნიჭიერიდან“ გააცნეს. ასევე, დედოფლისწყაროს ხალხური სიმღერის ვაჟთა რაიონული გუნდი „ხორნაბუჯი“, ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლი „ქიზიყი“, გოგონათა ფოლკლორული ანსაბლი „მანდილი“, კარდენახის ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლი, ქორეოგრაფიული ანსაბლები: „იმედი“ , შირაქი“, „ხორნაბუჯი“, ვოკალური ტრიო „გიტარა“, ლოლაშვილების მუსიკალური ოჯახი.

მუზეუმის ეზოში ტრადიციულად გაიმართა სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა და თვითნასწავლი მხატვრების გამოფენა. ადგილობრივმა მოჭიდავეთა გუნდმა და დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის სპორტსმენებმა თავად გამოთქვეს სურვილი ღონისძიებების პარალელურად სპორტული შეჯიბრებები ნიკალას ეზოში გაემართათ.
„სხვა რაიონებში გამართულ შეჯიბრებებზე ხშირად გამოვდივარ, მაგრამ, სურვილი გაგვიჩნდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის და აქ ჩამოსული სტუმრებისთვისაც გვეჩვენებინა. წინა დღეებში მუზეუმის დირექტორთან შევათანხმეთ და ჩვენი ძალებით და საკუთარი სურვილით მივიღეთ ამ დღესასწაულში მონაწილეობა. თავიდან ცოტა ხალხი იყო, მაგრამ ნელ ნელა საკმაო მაყურებელი მოგროვდა ჩვენს გარშემო. რაც მთავარია, ეს იყო საჩვენებელი შეჯიბრება და გამარჯვებულ–დამარცხებულები არ დაგვისახელებია,“ – განუცხადა „ქიზიყს“ საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის მწვრთნელმა გიორგი ცისკარაულმა.

მირზაანში ფიროსმანობის დღესასწაული განსაკუთრებულად, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება. ნიკალას ეზოში კულტურული ღონისძიებებისა და გამოფენების პარალელურად სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებიც იმართება. იქვე ადუღებენ თათარას და ავლებენ ჩურჩხელას.
ნიკო ასლანის ძე ფიროსმანაშვილი დაიბადა სოფელ მირზაანში 1862 წელს გლეხის ოჯახში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. მას სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий