განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი პროექტი განახორციელა წარმატებით. მეორე სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, წარმატებულ პედაგოგებს 1000 ლარის ფარგლებში ხელფასი დაუნიშნა. აღნიშნულმა ფაქტმა ასი გრადუსით შემოაბრუნა საზოგადოების აზრი იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ევროპულ ქვეყნებს უტოლდება. პროექტმა "პედაგოგის ათასლარიანი ხელფასი" ცხადყო, რომ კარგი პედაგოგის ღვაწლი სათანადოდ დაფასდა და მომავალშიც დაფასდება! სკოლისა და სკოლაში მიღებული ცოდნის მიმართ კი, ყველა ჩვენგანი პატივისცემით განაწყო.
საუკეთესო სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ პედაგოგს, ვინც მეორე სასერთიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამ გამოცდაზე საქართველოს მასშტაბით 750 პედაგოგი იღებდა მონაწილეობას, აქედან ჩააბარა 215-მა პედაგოგმა, ჩვენს რაიონში ის, ვინც პირველი და მეორე სასერთიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ოთხი პედაგოგი გახლავთ. ისინი ახლა უკვე 1 000 ლარიან ხელფასს მიიღებენ. მათ შორის გახლავთ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა შანშიაშვილი. თუ როგორ მიაღწია ქალბატონმა მარინამ ამ შედეგს და როგორ გახდა ის წარმატებული პედაგოგი, ამაზე თავად გვესაუბრება.
– მარინა, რა ეტაპები გაიარეთ იმისათვის, რომ ასეთი წარმატებისთვის მიგეღწიათ?
–2010 წელს გამოცხადდა პირველი სასერთიფიკაციო გამოცდა, მაშინ ბევრმა პედაგოგმა უკან დაიხია და გამოცდაზე არ გავიდა. ჩემთვის ეს მშვენიერი შანსი იყო პროფესიული განვითარების და წინსვლის თვალსაზრისით, არც დავფიქრებულვარ, ისე მივიღე მონაწილეობა გამოცდაში, რადგან, როცა საქმე ეხება ჩემს პროფესიას, არასოდეს ვზოგავ ენერგიას. ვცდილობ, მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება მივიღო პროფესიული წინსვლის თვალსაზრისით. პირველი გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, ამან ჩემს სახელფასო ანაზღაურებაზე მცირე ასახვაც ჰპოვა, რამაც სტიმული მომცა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, გავხდი თავდაჯერებული და ვიგრძენი, რომ ჩემი ცოდნა თუ გამოცდილება მართლაც სჭირდებოდათ ჩემს მოსწავლეებს.
2011 წლის აპრილის თვეში მასწავლებელთა მეორე სასერთიფიკაციო გამოცდები გამოცხადდა. არც აქ დამიხევია უკან, მივიჩნიე, რომ ეს იყო დიდი გამოწვევა, რაშიც აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა. თავდაპირველად არ იყო საუბარი, რომ ამ გამოცდის ჩაბარების შემდეგ ამხელა, ათასლარიანი ანაზღაურება გვექნებოდა. სიმართლე გითხრათ ჩემთვის, მთავარი ფაქტორი ფული არც იყო, იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, კვლავაც რომ გამოცხადდეს გამოცდები, ვიცი, ცდუნებას ვერ გავუძლებ და იმ ფერხულშიც აქტიურად ჩავერთვები, რადგან მე ყველა სიახლის მომხრე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ წელს საკმაოდ დატვირთული ვიყავი, ჩემი ვაჟი აბიტურიენტი იყო, მოვიძიე წიგნები, გავიარე კომპიუტერის კურსები და ჩემს შვილთან ერთად მეც ბევრი ვიმეცადინე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მე მსურს, რომ მუდმივად ვიყო ამ პროცესში ჩართული, არასოდეს გავუშვებ შანსს, რომ უფრო დავიხვეწო პროფესიული თვალსაზრისით და საინტერესო გავხადო ჩემი საქმიანობა. იგივეს ვუსურვებ ყველა პედაგოგს.
–როგორ შეგხვდნენ მოსწავლეები პროექტში გამარჯვების შემდეგ და რამდენად შეიცვალა მათი დამოკიდებულება თქვენდამი?
– თქმა უნდა, ყველას გაუხარდა. ყველამ მომილოცა, მინდა ყველას მადლობა ვუთხრა ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის, თანადგომისთვის. მოსწავლეებისგან ვიგრძენი, რომ ვუყვარვარ და უყვართ ჩემს გაკვეთილებზე ყოფნა. მეც განსაკუთრებით მახსოვს ჩემი პირველი ინგლისური ენის მასწავლებელი ლალი მანგოშვილი, რომლის მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილი ახლაც თვალწინ მიდგას.
– როგორ აფასებთ ჩვენს ქვეყანაში განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ განხორციელებულ განათლების რეფორმას, ხომ არ შეიტანდით კორექტივებს სწავლების ახლებურ მეთოდოლოგიაში?
– ხშირად ხდება, რომ ბევრი აკრიტიკებს რეფორმებს, მაგრამ მე ყოველთვის სიახლეების მომხრე ვარ. როდესაც მუშაობ, შეიძლება შეცდომაც დაუშვა, შეიძლება რაღაცამ არ გაამართლოს, მაგრამ, როცა შრომობ და საქმეს სიყვარულით ეკიდები, დადებით შედეგს ყოველთვის დაინახავ. მე მომწონს განათლების რეფორმა, ძალიან ბევრი სიახლეა, ძნელია ყველაფერს ერთბაშად აუწყო ფეხი, მაგრამ თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ.
– თქვენ პედაგოგი ბრძანდებით და ყველაზე უკეთ ხედავთ, შეიცვალა თუ არა მოსწავლის დამოკიდებულება სწავლის მიმართ?
– აშკარაა, რომ ბავშვებში სწავლის სურვილი გაიზარდა. ბევრი გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად სწავლა აუცილებელია.
–5 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით ყველა წარმატებული პედაგოგი მოწვეული იყო მასწავლებლის სახლის გახსნაზე, მათ შორის იყავით თქვენც, როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდით?!
–არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებით დავბრუნდი, შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი პედაგოგები, სამინისტროს წარმომადგენლები, მასწავლებლის სახლის თანამშრომლები, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. მართლაც ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, ამ სახლის შექმნაში ხომ უზარმაზარი შრომა ჩაიდო. მისი ხელმძღვანელი გია მამულაშვილი გახლავთ. ეს მინისტრის და ყველა პედაგოგის დიდი სურვილი იყო, რომ შექმნილიყო მასწავლებლის სახლი, სადაც ჩატარდება კონფერენციები, ტრენინგები, მასწავლებლები ერთმანეთს შეხვდებიან და გაუზიარებენ აზრს, გამოცდილებას. სახლი მოემსახურება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და დახვეწას.
– როგორია თქვენი, როგორც მოქალაქის პოზიციიდან დანახული ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები?
– იცით, იმას რასაც მე მივაღწიე, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არ იყო იოლი, ძალიან ბევრი შრომა, საკუთარ თავთან მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ეს უკვე გიხსნის და გიადვილებს გზას. მინდა, ყველას მივმართო: დიდი საქმე, დიდი წარმატება, დიდ მსხვერპლს და მოთმინებას მოითხოვს. შეიძლება ვინმეს გული წყდება რამეზე, უკმაყოფილოა, მაგრამ ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღითი-დღე ვითარდება, წინ მიდის და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე გამოდის, ეს აშკარა და ნათელია. მინდა ყველას სჯეროდეს საკუთარი თავის, ჰქონდეს მომავლის იმედი და რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველა კარგი საქმე ხომ საკუთარი თავის ძიებით, სიყვარულით და რწმენით იწყება.
ლალი მეხრიშვილი – გაზეთი "შირაქი"
Комментариев нет:
Отправить комментарий