„ჩემი ძირითადი სამსახური ახლა ტელეკომპანია „საქართველოშია“, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროს არხი იყო, ახლა კი ეს ტელევიზია „რუსთავი2“-ს ექვემდებარება. ასევე ვთანამშრომლობ სარეკლამო სააგენტოებთანაც. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. სულ ვმოძრაობ. ასეა, ახლა ქართველ ხელოვანთა დიდი ნაწილი მოკრძალებულად ცხოვრობს,“ – აღნიშნავს ყოჩიაშვილი.
ის ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ახალი ქართული სერიალი "ჩემი ცოლოს დაქალებია”. ეს სერიალი არც ერთი საზღვარგარეთული პროექტის ანალოგი არ გახლავთ. იგი ქეთი დევდარიანის და მიშა მშვილდაძის სცენარითაა, რეჟისორი კი გიორგი ლიფონავა. ოთხი მთავარი გმირის: დათოს, მისი ცოლის ნინას და ცოლის ორი დაქალის კატოს და თინას გარშემო ტრიალებს ამბავი. დათოს როლს ლევან ყოჩიაშვილი ასრულებს. ზოგიერთმა თქვენთაგანმა ალბათ იცის, ვინ არის ლევან ყოჩიაშვილი. უმრავლესობა კი გუმანით ხვდება, რომ ის ჩვენებურია. დღეს თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებთ და ძირფესვიანად გაგაცნობთ ამ ახალგაზრდა კაცს, მის წარმომავლობას, განვლილ დედულეთში _ ქ. წყალტუბოში. იმის გამო, რომ დედამისი, ექიმი მარინა ქორიძე, მაშინ რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე გახლდათ სამკურნალო დარგში და ძალიან დაკავებული იყო სამსახურებრივად, ამასთან, უფროსი ვაჟი პავლეც სულ რაღაც 2-3 წლის იყო, ლევანი წყალტუბოში პაპა–ბებიასთან მერი კუპრაძესთან და პავლე ქორიძესთან იზრდებოდა. მერი ბებია ბიო–ქიმიკოსი იყო, ხოლო პავლე ბაბუა წყალტუბოს რაიონის მთავარი ექიმი, რაც იმის გარანტიას აძლევდა ახალგაზრდა მშობლებს, რომ შვილი საიმედო ხელში ჰყავდათ დატოვებული. ორიოდ წელში ლევანმაც ყოჩიაშვილების ფუძეზე გადმოინაცვლა და მაყვალა ბებიას და გიორგი პაპას მეურვეობას "დაექვემდებარა".
_ ჩემი მშობლების ორივე ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი და ჩემი ძმების (ლევანი უცროსი ძმა ირაკლიც ჰყავს) აღზრდაში და ჩამოყალიბებაში, რადგან ჩემი მშობლები სულ მუდამ დაკავებული იყვნენ სამსახურებრივად. მეშვიდე კლასამდე სოფელ წითელწყაროს რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ქ. წითელწყაროს #1 საშუალო სკოლაში გადმოვედი და ეს სკოლა დავამთავრე. ვსწავლობდი საშუალოდ, არც თითით საჩვენებელი ვყოფილვარ და არც ჩამორჩენილი. ძალიან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა, რაც პავლე პაპას დამსახურებაა, ის არა მარტო ცნობილი ექიმი, არამედ ძალიან განათლებული პიროვნება იყო. გვიყვარდა ფილმების ყურება, სამი ძმა ვიყავით და ვიკლებდით სახლ_კარს _ გვიყვება ლევანი თავის ბავშვობას.
_ მსახიობების სურვლი საიდან გაგიჩნდა?
_ როგორც ჩანს, ხელოვანის სული ჩემში მამის გენს უფრო უკავშირდება. ბიძაჩემი, ვალერი ყოჩიაშვილი, რომელიც ვორონეჟში ცხოვრობს, ოპერის თეატრის მთავარი მხატვარია, ხატვა მამაჩემსაც ეხერხება, მისი რამდენიმე საინტერესო ტილო გვაქვს ზეთის საღებავით შესრულებული. რაც შეეხება მსახიობობას, ეს უფრო მაყვალა ბებიას "დამსახურებაა". ის ძალიან არტისტული, პრანჭია ქალი იყო, თუმცა, გიორგი პაპაც არ ჩამოუვარდებოდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან მსახიობობაზე არც მიფიქრია, კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი. კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ოთხ წელიწადში ერთხელ იყო აბიტურიენტების მიღება. მოხდა ისე, რომ, როცა დავამთავრე, მიღება არ იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა, რომ სხვაგან არც მიცდია ბედი. ერთი წელი მოვემზადე და სამსახიობოზე ჩავაბარე იმ იმედით, რომ შემდგომში გადავიტანდი სარეჟისოროზე, მაგრამ არ მომიხერხდა. მოვხვდი ანზორ ქუთათელაძის ჯგუფში და მერე, ხომ გაგიგონიათ სცენის მტვერის ამბავი… თითქოს ბანალურია, მაგრამ ნამდვილად ასეა. მიუხედავად იმისა, ძალიან რთული წლები იყო, არც დენი, არც გაზი, არც ტრანსპორტი... მაინც საინტერესო იყო ჩვენი ცხოვრება. III კურსიდან წაგვიყვანეს მეტეხის თეატრში და კარგა ხანს დავრჩით. სადიპლომო სპექტაკლიც იქ მქონდა. ეს იყო ენრიკო გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი", სადაც მამის როლს ვთამაშობდი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სანდრო მრევლიშვილი იყო. ან მარსაც პარნეს "მატყუარა" და მე "წეროსანი" ვითამაშე.
ასე დაიწყო ლევან ყოჩიაშვილის თეატრალური ცხოვრება. მერე იყო თეატრი. "გლობუსი" ისევ სანდრო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით. დიდად გამიმართლა თემურ ჩხეიძეს სახელოსნოში რომ მოვხვდიო, ამბობს ლევანი. ოთხი სეზონი "სამეფო უბნის" თეატრში გაატარა. დიდი ქალბატონის მედეა ჩახავას გვერდით უწევდა თამაში, მაგრამ როცა ბატონმა თემურ ჩხეიძემ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა, ქალბატონმა მედეამაც შეწყვიტა კავშირი ამ თეტრთან, ამან ხიბლი დაუკარგა თეატრს. ალტერნატიული გზის ძებნა იყო საჭირო, ისეთის მატერიალურ მდგომარეობასაც რომ გააუმჯობესებდა. ამიტომ შეაღო ტელევიზიის კარი და დაიწყო გახმოვანების უჩინარი, მაგრამ საინტერესო საქმიანობა, რომელსაც გემო თეატრში მუშობისას I არხზე გაუსინჯა. ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც მრავალმხრივი ყურადღება და მობილიზება სჭირდება. შორიდან შეიძლება ადვილი ჩანს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. თუმცა, თუ ერთი ალღო აუღე, ძნელად შეელევი. პირველად დოკუმენტური ფრანგული ფოლმებით დაიწო, მერე მულტფილმები, მერე ლათინური და არგენტილური სერიალები..
_ ლევან, როგორ ეგუები იმ უხამს დიალოგებს, რომლებიც ამ დაბალი დონის სერიალებში არცთუ იშვიათად გვხვდება?
_ ჩემი ცხოვრების წესით და გაზრდილობითაც უფრო აზიატი ვარ, ქართული ტრადიციები და ზნე_ჩვეულებები ჩემთვის სისხლისმიერი ფასეულობებია. ამიტომ, სულაც არ ვეთანხმები და არც მე მომწონს ის, რაც უმრავლესობას არ მოსწონს, მაგრამ ეს სამუშაოა... ისე, ხშირად ყოფილა შემთხვევა, რაიმე ფრაზა ან სიტყვა რომ შემიცვლია, რადგან შინაგან დისკომფორტს და უხერხულობას ვგრძნობ მათი წამოთქმისას.
_ რა აზრის ხარ მხატვრულ ფილმებზე სუბტიტრების შემოღებასთან დაკავშირებით?
_ მიმაჩნია, რომ ფილმის გახმოვანება ასგზის უკეთესია მაყურებლისათვის. ხალხი წვალობს - ტიტრი წაიკითხოს თუ ფილმის მსვლელობას ადევნოს თვალი?! არ მგონია, ამ მეთოდით ვინმემ ინგლისური ენა ისწავლოს. ზოგადად, ამ მეთოდმა ამ კუთხით სამუშაო შეამცირა. დღეს ყველაზე მომებიანი ვიდეორგოლების, რეკლამების გახმოვანებაა.
_კინოში როგორ მოხვედი?
_ კინოში ცოტა გვიან, 2006 წელს გადამიღო რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ. აკა მორჩილაძის პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმში "ქაღალდის ტყვია" უშიშროების ოფიცრის როლს ვთამაშობდი. შემდეგ გიორგი ლოფონავას სერიალში "კლინიკა" გამომცემლობის მთავარი რედაქტორის როლი მერგო, ვითამაშე "ნაფიცი მსაჯულების" სამსერიან ფილმში, მას გახმაურებული კომედია "ჭამა და სექსი" მოჰყვა, რომელმაც გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საერთოდ, კინოში თამაში უფრო რთულია, რეჟისორმა შეიძლება პირველ რიგში ფილმის დასასრული გადაიღოს. აქ სიუჟეტს არ მიჰყვები, თეატრი კი შემოქმედებითად ერთი მთლიანობაა. ემოციური განწყობა უფრო ადვილია. გულდასაწყვეტია, რომ ტელევიზიამ ჩაყლაპა თეატრი. მართალია, თეატრალური კაფიებიც გაკეთდა, მაინც ის კომფორტული და ამაღლებული შეგრძნება, რაც თეატრს აქვს, შეუცვლელია. ხალხი ნაკლებად დადის თეატრში, არადა, თეატრში წასვლა ერთი ლამაზი რიტუალი იყო ადამიანის ცხვრებში.
_ ახლა "ჩემი ცოლის დაქალებზე" ვისაუბროთ.
_ ო, ეს სერიალი ძალიან მომწონს. ხალისით ვმუშაობ მასზე. ძალიან კარგი პარტნიორები მყავს. ზაფხულში დაიწყო მსახიობთა შერჩევა. მე კასტინგი არ გამივლია, პირდაპირ ამიყვანეს. მუშაობა ჯერჯერობით პარალელურ რეჟიმში მიდის, გვინდა, რამდენიმე სერიით გავუსწროთ. ახლა ყველა არხი დატვირთულია სერიალებით და გასართობი შოუებით. კონკურენციის მომენტი ნამდვილად არის. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ეს სერიალი კინოს პრინციპით გადაიღება, აქ არ არის დარბაზი და მისი ემოციები, სადაც თეატრალური მომენტებბი მეტია. ზოგ სტუდიას 300-500 კაციანი დარბაზი აქვს. ტაშითა თუ სიცილით გამოხატული დარბაზის შეფასებები ტელემაყურებელს ხელს უშლის საკუთარი განწყობა შეიქმნას. ჩვენს სერიალში კი მინი კინოს ასოციაციაა, რიტაც მაყურებელი კმაყოფილია. მოვლენები სტუდიის გარეთაც ვითარდება, რაც უფრო სახალისოს ხდის სიუჟეტს. დროც კარგადაა შერჩეული: - შაბათს, საღამოს 10 საათზე.
_ ეს შენი "შვილები" ჯეკო და ტასო სინამდვილეში ვისი შვილები არიან?
_ ისინი სერიოზული კონკურსის პირობებში, ქასთინგის შედეგად შეარჩიეს. ნიჭიერი ბავშვები არიან. მათთან მუშაობა საინტერესოა, ძალიან საყვარლები არიან. ისინი რომელიმე მსახიობის შვილები ან შვილიშვილები არ არიან.
_ ახლა ცოტა შენი პირადი ცხოვრების შესახებაც გვიამბე...
_ ჩემი მეუღლე მარინა ყაჭაშვილიც დედოფლისწყაროელია. ვალიკო ყაჭაშვილისა და რუსუდან ტუხაშვილის უფროსი ქალიშვილია. მის გაზრდაში მისმა ბებიამ, ცნობილმა პედაგოგმა ლილი თაბაგარმა დიდი როლი ითამაშა. ის ინგლისური ენის სპეციალისტია, მაგრამ არ მუშაობს. შვილების აღზრდითაა დაკავებული.
ჩემი ქალიშვილი კესო უკვე 13 წლისაა. პაპის მოსახელე ვასილი ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. ჩვენი მშობლები ძალიან გვიდგანან მხარში, გვეხმარებიან, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ. ჩემი ძირითადი სამსახური ახლა ტელეკომპანია "საქართველოშია", რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროს არხი იყო, ახლა კი "რუსთავი2"-ს ექვემდებარება. ვთანამშრომლობ სარეკლამო სააგენტოებთანაც. საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. სულ ვმოძრაობ. ასეა, ახლა ქართველ ხელოვანთა დიდი ნაწილი მოკრძალებულად ცხოვრობს.
პ.ს. სულ მალე ლევან ყოჩიაშვილს დაბადების 34 წელი უსრულდება, ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.
ნაირა გორაშვილი
გაზეთი „შირაქი“
Комментариев нет:
Отправить комментарий