სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი თავდაპირველად საკრებულოს ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატის გოდერძი აბულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და დეპუტატებისგან ინფორმაცია მოისმინა. როგორც ცნობილია, ქრისტიან-დემოკრატ გოდერძი აბულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გაუარესდა. დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად მოლინახულებენ და კვლავაც დაინტერესდებიან მისი მდგომარეობით.
დეპუტატებმა სხდომაზე განიხილეს საკითხები: ქალაქ დედოფლისწყაროს ზოგიერთი ქუჩის სახელდების, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების, ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, „თვითმმართველი ერთეულებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“. გაირკვა, რომ შეშის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყება.
ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს გადაწყვეტილება და ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურების თანხა ნაცვლად 100 ლარისა, ამიერიდან ყოველთვიურად 160 ლარი იქნება. ეს ცვლილება ძირითადად საწვავის სიძვირეს უკავშირდება.
ლევან ბაღაშვილმა დეპუტატებს ასევე განუმარტა, რომ სახელწოდებების შეცვლის საკითხზე მუშაობა სოფლებსა და მის ქუჩებზეც მიმდინარეობს. როგორც ბაღაშვილმა აღნიშნა, უკვე შედგა შეხვედრა სოფლების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან, სულ მალე დაინიშნება საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთანაც, სადაც სოფლის სახელწოდებებსა და სხვადასხვა ქუჩებისთვის ახალი სახელების მინიჭებაზე იმსჯელებენ:
,,სოფლებში უამრავი ქუჩაა, რომელიც დარეგისტრირებულიც არ არის. ქუჩები მხოლოდ სოფელ ჯაფარიძესა და წითელწყაროშია რეგისტრირებული, ისიც საბჭოური დასახელებებით. სხვა სოფლებში ქუჩები არ არის. უნდა ვეცადოთ, რომ თანამედროვე ქართული სახელები მიენიჭოს,"- აცხადებს ლევან ბაღაშვილი.
სხდომის დასასრულს ყველა მაჟორიტარ დეპუტატს დაევალა სოფლის დასახელებებზე და ქუჩების ახალ სახელწოდებებზე მაქსიმალურად მოისმინონ ადგილობრივების აზრი და ლევან ბაღაშვილმა მათ კომისიასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
იმავე დღეს, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქუჩებისა და მოედნების სახელდების კომისიის სხდომაც გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფლისა და ქუჩის სახელის შეცვლის საკითხი. ქუჩებისა და მოედნების სახელდების კომისიის თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის განცხადებით, ყველა სოფელში ჩატარდება შეხვედრები მოსახლეობასთან და მათი აზრის გათვალისწინებით მოხდება სოფლისა და ქუჩების სახელების შეცვლა. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
მოსახლეობის კითხვებს ლევან ბაღაშვილი პასუხობს
"ქიზიყის" მოძრავი სტრიქონი მოსახლეობის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მკითხველი აქტიურობს და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების გარდა საინტერესო კითხვებსაც სვამს. რამდენიმე მათგანი კითხვებზე პასუხეს რაიონის ხელმძღვანელობისგან ელის. ასე რომ, მოსახლეობის კითხვებს ამჯერად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი პასუხობს:
-- მინდა გითხრათ, რომ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, ამდენად მასზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვა ვერ განხორციელდება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პროექტი უკვე არსებობს და ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია იგეგმება. ახლა დონორის მოძიება ხდება. ეს საკითხი მთავრობაში ერთ-ერთი პრიორიტეტულია, მე ვფიქრობ, რომ ამ ქუჩის მოასფალტება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.
-- ისევ წითელწყაროდან არის კითხვა, მოსახლეობას აინტერესებს ცენტრალურ უბანზე დართავენ თუ არა მოქალაქეებს უფლებას წყალი საკუთარ ეზოებში ინდივიდუალურად შეიყვანონ?
-- როგორც ცნობილია, ამ პროცესზე მთლიანად პასუხისმგებელია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. წელს ჩვენი ინიციატივით ამ ტერიტორიაზე ახალი მაგისტრალი გაკეთდა. ჩვენი სურვილია, ინდივიდუალური გაწყლოვანება მაქსიმალურად მოხდეს, მაგრამ იმისთვის, რომ წითელწყაროშიც ყველა ოჯახმა ინდივიდუალური ონკანიდან მიიღოს წყალი და არა საუბნო წერტილებიდან, ამისთვის აუცილებელია, რომ თავდაპირველად გაირკვას დებეტი. ამაზე მიდის მუშაობა. დებეტის პრობლემა ახლა რეალურად გვაქვს. თითეული მოქალაქის შეგნებამდე უნდა დავიდეს, რომ წყალი მაქსიმალურად დაზოგოს და საჭიროების მიხედვით მოიხმაროს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რათა წყლის მიწოდების გრაფიკი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და 24 საათიანი რეჟიმი კვლავაც შევინარჩუნოთ. ეს პრობლემა ჯერ ისე მწვავედ არ დგას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად დებეტის პრობლემა იქნება. ზოგადად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიზანი სწორედ ინდივიდუალური გაწყლოვანება გახლავთ და სიმართლე გითხრათ, საუბნო ონკანების სისტემა ჩვენ სულაც არ გვხიბლავს, მაგრამ ამის გაკეთება ისეთ სიტუაციებში გვიხდება, სადაც მოცემულ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ გვაქვს... ნელ-ნელა ეს პრობლემაც მოგვარდება. თუ დედოფლისწყაროელები მაქსიმალურად დაზოგავენ წყლის მოხმარებას და უდიერად არ მოიხმარენ, მაშინ საშუალება მოგვეცემა რაც შეიძლება მეტ ოჯახს ჰქონდეს ინდივიდუალურად დამონტაჟებული წყალი.
-- თბილისიდან გვწერს ნათია, მას აინტერესებს, თუ რას აკეთებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმისთვის, რომ თბილისში წასული სტუდენტები სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კვლავაც რაიონს დაუბრუნდნენ და უმაღლესში მიღებული განათლება დედოფლისწყაროს კეთილდღეობას მოახმარონ? თქვენ რას უპასუხებთ ამ ახალგაზრდებს რომლებიც დედოფლისწყაროში დაბრუნებაზე ფიქრობენ?
-- ამ საკითხზე გეტყვით, რომ საატესტაციო კომისია დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში აქტიურად დაიწყებს მუშაობას და ყველა ვაკანსიაზე კონკურსი საჯაროდ გამოცხადდება. ამიერიდან აღარ იქნება დასწრებაზე და იმაზე, თუ ვინ ადრე შეიტანა განაცხადი. უმაღლესდამთავრებულ ახალგაზრდებს ამიერიდან შესაძლებლობა მიეცემათ გამოცხადებულ ვაკანსიებზე წარადგინონ თავისი კანდიდატურა და ადგილზე დასაქმდნენ. ამას გარდა, ორი დღის წინ გავგზავნეთ პროექტი, სადაც ჩვენი მოსაზრებებია ჩამოყალიბებული. ვითხოვთ, რომ ინერტული მასალა, რომელიც ჩვენი რაიონიდან აქტიურად გაედინება, ადგილზე მოხდეს მისი გადამუშავება. ჩვენთან მოპოვებული ბუნებრივი რესურსები ქვიშის სახით გადის და სხვა ქალაქებში მუშავდება, მაშინ, როცა შესაძლებელია დედოფლისწყაროშიც ხდებოდეს ეს პროცესი. საწარმოს ამუშავება კი დასაქმებასაც ბევრად შეუწყობს ხელს. შესაძლოა, მსოფლიო ბანკმა პრიორიტეტულ რეგიონად კახეთი აირჩიოს და აქ მოხდეს მსგავსი პროექტების განხორციელება, საწარმოების განვითარება.
-- დედოფლისწყაროში ცალკეული ქუჩებისთვის სახელების შეცვლის შემდეგ მოსახლეობა შიშობს, რომ დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების შეცვლა მოუწევთ, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის და გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული...
-- არა, ასე არ იქნება. დოკუმენტების შეცვლის აუცილებლობა არ დგას. ქუჩებს სახელები შეეცვლება, მაგრამ პირადობის მოწმობების შეცვლას არავინ მოსთხოვთ, არც დამატებით თანხებთან იქნება დაკავშირებული. ეს ეტაპობრივად მოხდება. ამას გარდა, ახალ სახელწოდებასთან ერთად გარკვეული პერიოდი მითითებული იქნება ძველი სახელიც და ნელ-ნელა მოხდება ამის ჩანაცვლება დოკუმენტებშიც. პირადობის მოწმობების შეცვლის შემდეგ კი საცხოვრებელი მისამართის ახალი სახელით ჩაწერა მოხდება.
თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ კვლავაც გამოგზავნოთ, ისინი მოძრავი სტრიქონის საშუალებით გამოქვეყნდება. საინტერესო კითხვებზე პასუხს კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მოისმენთ. ასე რომ, ველით თქვენს წერილებს ელ-ფოსტაზე და მესიჯებს ნომერზე 8(93) 275 - 275. იაქტიურეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი და იგრძენით მშობლიური რაიონის სუნთქვა "ქიზიყის" ვებ-გვერდზე. არ ჩამორჩე მოვლენებს - იმეგობრე შენს საიტთან! /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
სოფელ საბათლოში შაქრის ფასი 3,70 ლარს აღწევს
დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ საბათლოში კილოგრამი შაქრის ფასი ამ დროისთვის 3,70 ლარია. ადგილობრივები პრობლემების სიმრავლეზე წუხან და დახმარებას ითხოვენ. როგროც "ქიზიყმა" გაარკვია, რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზების პრობლემას დიდთოვლობაც ართულებს. საბათლოელების დიდ ნაწილს გადაადგილება უჭირს. ამას გარდა, მოსახლეობა სოფლის რწმუნებულს დავით გუნდაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რწმუნებული თვეობით მშობლიურ აჭარაში მიდის და სოფელს უყურადღებოდ ტოვებს, რის გამოც ადგილობრივები სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ვეღარ ახერხებენ. მათი თქმით, გუნდაძე ახლაც აჭარაში იმყოფება:
,,ბევრმა ოჯახმა ენერგო-ვაუჩერი ვერ მიიღო, ისიც ვერ გავარკვიეთ, რა უნდა გვეშველოს, ვერც სამინისტროს ცხელ ხაზს დავუკავშირდით. ვიფიქრეთ, რომ სია ჩამოგვეწერა და სოციალურ სააგენტოში წაგვეღო, რომ გამორჩენილი აბონენტების სიაში ჩვენც შეგვიტანონ და ვაუჩერი მივიღოთ. მაგრამ, გზა ისედაც გაფუჭებულია, მიმოსვლა სხვა დღეებში ჭირს და ახლა ასეთ დიდთოვლობაში დედოფლისწყაროში ასვლას როგორ მოვახერხებდით?... სიები რწმუნებულისთვის უნდა გაგვეტანებინა, რომ რეგისტრაციაში გაეტარებინათ, მაგრამ დავით გუნდაძე რამდენიმე ხანია აჭარაშია წასული და ჩვენ ასე უპატრონოდ ვართ მიყრილები. ხმაც ვერ ამოგვიღია, რომ პროტესტი გამოვხატოთ. ხმამაღლა თუ ვიტყვით და დავემდურებით, რომ რწმუნებული ყურადღებას არ გვაქცევსო, მაშინვე ჩვენს ოჯახებს პრობლემები შეექმნება. ხმის ამოღებაც გვეკრძალება," - ამბობს სოფელ საბათლოს მკვიდრი ლიანა ოვსეპიანი.
,,ერთი კილოგრამი შაქარი ჩვენთან უკვე 3,50 - 3,70 ლარი ღირს, განსაკუთრებული სიძვირეა. გზის არარსებობის გამო რაიონში ამოსვლასაც ვერ ვახერხებთ, რომ შეღავათიან ფასებში მაინც ვიყიდოთ პროდუქტები. სოფელში წყალიც არა გვაქვს. 23 წლის ვარ, მთელი სოფლის ახალგაზრდები უმუშევრები ვართ. დედაც და ბებიაც ონკოლოგიური ავადმყოფები არიან, მამა რამდენიმე ხნის წინ გარდამეცვალა. პაპა უსინათლოა, მათი პენსიით ვსულდგმულობთ, თორემ ოჯახში არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ადრე ყურძნის საკრეფად მიდიოდნენ და მუშაობდნენ-ხოლმე, რომ პურის ფული გვეშოვა, მაგრამ ახლა ჯანმრთელობის გამო ვერც ფიზიკურ მუშაობას ვერ ახერხებენ. სოციალურ სააგენტომ შეგვამოწმა, მაგრამ არც დახმარება დაგვენიშნა. ვართ ასე გაუსაძლის მდგომარეობაში. სოფლის რწმუნებულს კი სულაც არ ვადარდებთ, უყურადღებოდ ვართ," - აცხადებს ელენე საფარიანი.
"ქიზიყის" რედაქცია სოფელ საბათლოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან დავით გუნდაძესთან დაკავშირებას რამდენჯერმე შეეცადა, მაგრამ მოსახლეობის ბრალდებებზე მისი პოზიციის მოსმენა ვერ მოვახერხეთ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий