დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყის" მიერ ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ბაღაშვილმა კომენტარი კირქვის საამქროს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და მოსახლეობის ნაწილი აცხადებენ, რომ დედოფლისწყაროს კირქვის კარიერიდან ადგილობრივ ბიუჯეტში არაფერი შედის.
ამ ინფორმაციას ლევან ბაღაშვილი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ამგვარი საწარმოებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში წელიწადში 400 ათას ლარამდე თანხა შედის. უფრო მეტიც, ბაღაშვილი ირწმუნება, რომ ბოლო წლებში ასეთი საწარმოების მიერ გადახდილი თანხების მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება:
კირქვის კარიერის ირგვლივ უკვე რამდენიმე დღეა აჟიოტაჟი არ ცხრება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ საკითხის ირგვლივ უკვე მერამდენე განცხადებას ავრცელებენ. ვითარებას ის ფაქტიც ართულებს, რომ კირქვათა კარიერის ერთმა ხელმძღვანელმა ირაკლი ყოჩიაშვილმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნებს დედის გინებით უპასუხა, ხოლო მეორე ხელმძღვანელმა ვასილ ყოჩიაშვილმა მოსახლეობას გაჩუმებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამდენი პრეტენზიების გამოხატვა სირცხვილია.
ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ თერგის, არხოტის, ვაჟა ფშაველასა და სხვადასხვა ქუჩებზე საწარმოს მიერ ინერტული მასალის მოპოვების დროს განხორციელებული აფეთქებების შედეგად საცხოვრებელი სახლები იბზარება და ამ მიზნით საწარმოსგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
* * *
საბჭოური დასახელების ქუჩებისთვის ახალ სახელწოდებებს საკრებულო მალე დაამტკიცებს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ორშაბათს, 28 თებერვალს შეიკრიბება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" აცნობა, სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად დეპუტატები სხდომაზე საბჭოური დასახელების ქუჩებისთვის სახელწოდებების შეცვლის საკითხსაც უყრიან კენჭს. თითქმის წელიწადნახევარია დედოფლისწყაროს საკრებულო ამ საკითხს განიხილავს.
,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საკრებულომ მუნიციპალიტეტში საბჭოური დასახელების ქუჩების სახელწოდების შეცვლის საკითხი განიხილოს და მათ ქიზიყის სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანების სახელი მიენიჭოს. შექმნილი იყო კომისია, შესაბამისი პროცედურები უკვე გაიარა და ამჯერად საკრებულო საკითხის დამტკიცებაზე იმსჯელებს," - განმარტავს ლევან ბაღაშვილი.
წინა მოწვევის საკრებულომ 2009 წლის 31 ივლისს #38-ე განკარგულება გამოსცა, რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ გონაშვილი აწერს. მასში ნათქვამია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქუჩებისა და მოედნების სახელდების კომისია სხდომაზე ქუჩების სახელწოდებების შეცვლის წინადადებით შემოვიდა.
#38-ე განკარგულების მიხედვით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სახელმწიფო კომისიას შესათანხმებლად გაეგზავნა ზოგიერთი ქუჩისთვის შემდეგი სახელწოდებების მინიჭების საკითხი:
პრესის ქუჩას _ მიხეილ ჯავახიშვილის სახელი,
სამთოელების ქუჩას _ სოლომონ დოდაშვილის სახელი,
მეტალურგების ქუჩას _ ნიკოლოზ გომელაურის სახელი,
ვასილ კიკვიძის ქუჩას _ ჰამლეტ გონაშვილის,
სადგურის ქუჩას _ ბიძინა მაზიაშვილის,
ლესელიძის ქუჩას _ ნიკო კეცხოველის,
გორკის ქუჩას _ ფარნაოზ ლაპიაშვილის,
ლომის ქუჩას _ ვახუშტი ბატონიშვილის,
გამარჯვების ქუჩის I შესახვევს ეწოდოს სპარტაკ ბაღაშვილის სახელი, ხოლო გამარჯვების ქუჩის II შესახვევს სანდრო ახმეტელის სახელი. სამხედროს ქუჩას კი _ დათუნა ბოსტაშვილის სახელი.
როგორც დედოფლისწყაროს ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ბაღაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, საკითხმა შესაბამის ინსტანციებში სხვადასხვა პროცედურები უკვე გაიარა და მას კვლავაც დეპუტატები განიხილავენ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий