დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, შპს "ადითის" ადგილობრივი ფილიალის უფროსი ოთარ ქებაძე დედოფლისწყაროს სასწრაფო–სამედიცინო დახმარება "133"-ის უფროსმა ხათუნა ზურიკაშვილმა შეცვალა.
ხათუნა აგლაძე–ზურიკაშვილი საავადმყოფო–პოლიკლინიკური გაერთიანების უფროსად გადაყვანის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მუშაობას 21 ოქტომბრიდან შეუდგა. მას დედოფლისწყაროელები კარგად იცნობენ და მოსახლეობაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
ზურიკაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროს ახალი საავადმყოფო სავარაუდოდ 2013 წლის 1 მარტისთვის ექნება, გახსნის ცერემონიაც სწორედ ამ დღისთვის იგეგმება.
ხათუნა ზურიკაშვილი: "ექიმის პროფესია ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა. ზოგადად პაციენტი მიყვარს. როცა ადამიანს გამოაჯანმრთელებ, მის მადლიერ თვალებს ვერასოდეს დაივიწყებ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, დღეს ექიმები მთლად კარგ დღეში არ არიან... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიის არჩევის დროს განსაკუთრებული ფიქრი და ყოყმანი არ დამჭირვებია – გადაწყვეტილება საკმაოდ მტკიცე იყო.
ძალიან მინდა, რომ დედოფლისწყაროში სამედიცინო სფერო განსაკუთრებულად მოწესრიგდეს. უცხოელი ინვესტორები ასეთ პირობას დებენ კიდეც, რომ ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდება. რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ინვესტორები რაიონის სპეციფიკას ითვალისწინებენ და ყურადღებით გვისმენენ.
–– ინვესტორის მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი პირობაა, თუ დოკუმენტურად არის გაფორმებული?
–– პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ სამედიცინო მომსახურება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ცხადია, ეს ინვესტორის ვალდებულებაც არის და ეს პირობა ხელშეკრულებაშიც არის ჩადებული.
როგორც ცნობილია, სულ მალე დედოფლისწყაროს საავადმყოფო და პოლიკლინიკა ერთ შენობაში განთავსდება და ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ამჟამინდელ პოლიკლინიკის შენობაში დაიდებს ბინას. სასიხარულოა, რომ სტაციონარი ამავე შენობაში განთავსდება და ჩვენი სისტემა ასე უფრო მობილური იქნება. პაციენტებს აღარ მოუწევთ შორ მანძილზე სიარული. ყველა სპეციალისტი ამ შენობაში იმუშავებს და მოსახლეობას მოემსახურებიან.
–– ცნობილია, რომ თანამედროვე სტანდარტების სტაციონარი უახლოეს მომავალში დედოფლისწყაროშიც გაიხსნება. როდის იგეგმება შესაბამისი სამუშაოების დაწყება?
–– ამ ეტაპზე პროექტი შედგენილი არ არის. დედოფლისწყაროში ახალი საავადმყოფოს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2013 წლის 1 მარტია დასახელებული. ჯერ დრო კიდევ არის, სულ მალე დაპროექტდება და სამუშაოებიც დაიწყება. საუბარი არის იმაზეც, რომ შესაძლოა, შენობას გარკვეული ნაწილი კიდევ მოაშენონ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ფართი საკმარისი იქნება. ახალი საავადმყოფო 30 საწოლიანი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შენობამ არ დაიტიოს.
–– გასულ თვეებში აჟიოტაჟი იყო კადრების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, სპეციალისტების ნაწილმა აქ დარჩენაზე უარი თქვა და კერძო კლინიკებში გადანაწილდა...
–– საკადრო ცვლილებებთან ან კადრების შემცირებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ჩვენთან რაიმე სახის ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ბედნიერი ვარ, როცა ვუყურებ, რომ ჩემი ქალაქი დღითიდღე ლამაზდება. განსაკუთრებით ქალაქის ცენტრი მოწესრიგდა. პოლიციის ახალმა თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობამ და დეკორატიულმა მესერმა დედოფლისწყაროს თავისებური ხიბლი შესძინა. მინდა, რომ სულ მალე ასეთივე სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სამედიცინო სფეროშიც განხორციელდეს, პაციენტები გალამაზებულ შენობაში მივიღოთ და თანამედროვე სტანდარტების აპარატურით მოვემსახუროთ.
–– როგორც ვიცი სასწრაფო ბრიგადების გამოძახებასთან დაკავშირებით სოფელ კასრისწყალის მოსახლეობას ჰქონდა პრობლემები. ეს სოფელი დედოფლისწყაროს ესაზღვრება, თუმცა ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რის გამოც მოსახლეობა უყურადღებობაზე ჩივის.
–– შემიძლია უფრო ფართო სტატისტიკური მონაცემები წარმოგიდგინოთ, თუმცა ვფიქრობ ისიც საკმარისია, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე სოფელ კასრისწყლიდან დედოფლისწყაროში 4 პაციენტი გადმოვიყვანეთ და ადგილობრივ სტაციონარში მოვათავსეთ. ეს სოფელი ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ახმეტიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის აქ გამოძახება ყოვლად წარმოუდგენელი იქნება, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას უყურადღებოდ ვერ მივატოვებთ და გამოძახებებზე მაინც გავდივართ. გასულ თვეში 4 გამოძახება დაფიქსირდა, რაც ცოტა ნამდვილად არ გახლავთ."
შეგახსენებთ, ოთარ ქებაძემ ამ პოზიციაზე სულ 3 თვე იმუშავა. იმავდროულად ის ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახლავთ. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა დედოფლისწყაროში გველის ნაკბენით 3 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ მოხდა.
ოთარ ქებაძემ გათავისუფლების მიზეზებზე "ქიზიყს" ექსკლუზიური კომენტარი მისცა:
"მე ვარ ე.წ. მობილური ადამიანი, ანუ სადაც ჩემს ორგანიზაციას დავჭირდები, იქ გადამიყვანენ. ახლაც ასე ჩათვალეს საჭიროდ და ცვლილებაც ამიტომ განხორციელდა. თუმცა, მე ისევ შპს "ადითში" ვრჩები. დღეიდან კურატორად გავაგრძელებ მუშაობას. რაც მთავარია, დედოფლისწყაროში ჩემი ფუნქცია უკვე შევასრულე. დედოფლისწყარო ძალიან შემიყვარდა, უქმე დღეებზე მეუღლესთან ერთად მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს ვეცნობოდი და აქაურობამ ძალიან მოხიბლა. ჩემი მეუღლეც ძალიან მოიხიბლა და ცდილობდა ხშირად ჩამოსულიყო. ამიტომ, გული მწყდება, რომ დაგემშვიდობეთ,"– აცხადებს ოთარ ქებაძე.
გაზეთ "შირაქის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურიც ებრაულმა კომპანია შპს "ადითმა" შეიძინა და საავადმყოფოს შეუერთდა. 133–ში აცხადებენ, რომ ზურიკაშვილის საავადმყოფოში გადასვლის შემდეგ მათთან ახალი ხელმძღვანელი არ დანიშნულა და მათ უფროსობას კვლავაც ზურიკაშვილი შეითავსებს.
ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий