
ვახტანგ პოპიაშვილი დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე ცხოვრობდა და დასაქმების მიზნით დროებით თურქეთში იმყოფებოდა. როგორც გარდაცვლილის და მანონი პოპიაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, ახალგაზრდა ქორწილისთვის ფულს აგროვებდა.
გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ახლახან მას თურქეთიდან უცხო პირი დაუკავშირდა, რომელმაც შვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია და ახალი დეტალები მიაწოდა.
უცნობი პირის ნაამბობის მიხედვით, ქარხანაში რომელშიც პოპიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა, ქურდობა მოხდა. პოპიაშვილი კი ამის თვითმხილველი გახდა. სწორედ ამ ფაქტს განიხილავენ დაღუპულის ახლობლები წამებისა და მკვლელობის მთავარ მოტივად.
"ჩემი შვილი ამ ქურდობის შემთხვევითი მოწმე გახდა. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ, ამიტომ მოიშორეს თავიდან. თურქეთის პოლიციამ დადო განცხადება, სადაც წერია, რომ თავი მოიკლა, მაგრამ ამ ვერსიის არ გვჯერა. სხეულზე არანაირი კვალი არ ჰქონდა, ნაცემი კი იყო", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ, ლალი პოპიაშვილმა.
პოპიაშვილის ცხედარი 2010 წლის აგვისტოში, თურქმა სამართალდამცავებმა ერთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. პოლიციამ საქართველოს მოქალაქე თოკზე ჩამოკიდებული სტამბულში იმ ჯინსის ქარხნის ტერიტორიაზე აღმოაჩინა, სადაც თავად მუშაობდა. ოჯახის წევრებმა 18 აგვისტოს მომხდარის შესახებ 12 დღის დაგვაინებით შეიტყვეს. თურქეთში ვახტანგ პოპიაშვილი მკვლელობამდე ერთი თვით ადრე სამუშაოდ წავიდა.
ოჯახის ეჭვებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ პოპიაშვილთან ერთად თურქეთში მყოფი კიდევ ორი ქართველი რამდენიმე დღე მიმალვაში იყვნენ და ისინი ოჯახს მომხდარის შემდეგ აღარ გამოხმაურებიან. პოპიაშვილები აცხადებენ, რომ მათ გარდაცვლილის დანაზოგის შესახებ იცოდნენ. ჭირისუფლები აცხადებდნენ, რომ საქართველოს საელჩო ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიდა და გადმოსვენებაში დიდ ფულს ითხოვდა, ხელმოკლე ოჯახი კი ფინანსების მოძიებას ვერ ახერხებდა.
ვახტანგ პოპიაშვილის დედა, ლალი პოპიაშვილი ხელისუფლებას და დედოფლისწყაროს გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებდა. შვილმკვდარი დედა აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან თანადგომა ასეთ რთულ დღეებშიც ვერ იგრძნო.
„თურქეთში 6 ქართველთან ერთად იყო. მათი გვარები არ ვიცით, მხოლოდ მათი ტელეფონები ვიცი, მაგრამ ვრეკავთ და იმალებიან, ვეღარ ვუკავშირდებით... ეს ეჭვებს უფრო ამძაფრებს, რომ მკვლელობა ფულის გამო მოხდა. სულ ვედავებოდი, აღარ წახვიდე მეთქი, მაგრამ ბოლოს თქვა, ერთხელაც წავალ და მორჩაო... საკონსულოში მივედით და არაფერი დახმარება არ გაუწევიათ. ნაცნობ მეგობრებში მოვაგროვეთ 1 000 დოლარი და დამოუკიდებლად, ჩვენი სახსრებით ჩამოვასვენეთ... დედოფლისწყაროს გამგებელთან მივედით დახმარებაზე, ვიფიქრეთ, იქნებ გვერდში ამოგვიდგნენო, მაგრამ არ შეგვიძლიაო, ასეთ რთულ მომენტშიც უარით გამომისტუმრა... გაოგნებული დავრჩით,“ - განუცხადა „ქიზიყს“ გარდაცვლილის დედამ. /ქიზიყი/ ვიდეო>>
Комментариев нет:
Отправить комментарий