СENN დედოფლისწყაროში, ინიციატივის სამიზნე სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ავითარებს ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივას (OECI), რომლის მიზანიც პრობლემების და საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირება, საექსპერტო კვლევების

როგორც CENN–ის წარმომადგენელმა, გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა, კახეთის მასშტაბით პროექტების განხორციელება საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მოხდება. საერთო ჯამში ის საქართველოს 6 მუნიციპალიტეტს მოიცავს და გეგმის თანახმად მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდისთვის დედოფლისწყაროს სახნავ–სათეს მიწის ფართობებზე მარცვლეული კულტურების ჩანაცვლება აუცილებელია. მან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სპეციალისტებით დახმარება და კონსულტაციების გაწევაში დახმარება სთხოვა.
„პრობლემა გვაქვს სოფლის მეურნეობის კუთხით. გვინდა, რომ ცალკეული კულტურები ჩავანაცვლოთ. უკვე ვცადეთ ხორბლის სიმინდით ჩანაცვლება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამან არ გაამართლა. ფერმერებმა დაინახეს, რომ მზესუმზირის მოყვანაც ხელსაყრელი არ არის. ამიტომ, ჩვენი თხოვნა იქნება, სპეციალისტებით დაგვეხმაროთ, რომლებიც ადგილზე ჩამოვლენ, ვითარებას შეისწავლიან და კვალიფიციურ რჩევას მოგვცემენ როგორ მოიქცეს ადგილობრივი ფერმერი, რომ ზარალი მაქსიმალურად შეამციროს და რაიმე სახის გამოსავალი მოინახოს. ისიც უნდა ითქვას, რომ დედოფლისწყაროში 58 000 ჰა მიწის მორწყვა ვერ მოხერხდება, მით უფრო, რომ სარწყავი სისტემები არ არსებობს. ამხელა ტერიტორიის მორწყვა კომუნისტების დროსაც ვერ ხერხდებოდა და ახლა ყოვლად წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა გელა თეთრაულმა.
შემდეგ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის წარმომადგენლები იმ ფაქტით დაინტერესდნენ, რამდენად გაამართლა დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის პროექტმა დედოფლისწყაროში და როგორ გაიარეს მცენარეებმა ადაპტაცია. ამ საკითხზე განმარტება პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა გააკეთა.
„გერმანული მხარის დახმარებით დედოფლისწყაროში რამდენიმე ეტაპად ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტი განხორციელდა. თავდაპირველად, პროექტის პირველ წელს 25 სახეობის ნერგი დაირგო. გაშენდა როგორც ქარსაფარი ზოლები, ისე ტყის კორომები. ვცადეთ როგორც პატარა, ისე შედარებით მოზრდილი ნერგები. უნდა ითქვას, რომ პატარებმა უფრო გაამართლა. ის ჯიშები, რომლებიც ადგილობრივ გარემოს ვერ შეეგუვნენ, ამოვირეთ და საბოლოო ჯამში მხოლოდ 5 სახეობაზე შევჯერდით. საქმე იმაშია, რომ ახლახან იქ ნუშის ნერგები გავაშენეთ, კარგად იხარა, თუმცა მესაზღვრეებმა მინდორი გადაწვეს, ცეცხლი შემთხვევით ნუშის პლანტაციაშიც გადავიდა და 12 ჰა განადგურდა. უნდა ითქვას, რომ დეგრადირებული ლანდშაფტების აღდგენის საკითხს ადგილობრივი მოსახლეობა გაგებით არ ხვდება,“ – აღნიშნა საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ.
სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ოთარ ხოზრევანიძემ აღნიშნა, რომ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას გათბობის პრობლემა აქვს. დაცული ტერიტორიების გამო მოსახლეობა ვერც ტყიდან შეშის მომარაგებას ახერხებს, მანძილის სიშორის გამო კი ისედაც ძვირი მყარი საწვავის ტრანსპორტირება კიდევ უფრო სოლიდურ თანხებს უკავშირდება. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მანძილის სიშორის გამო თითქმის აუხდენელ ოცნებად რჩება საზღვრისპირა სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი, საკრებულოს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, სოფელ ფიროსმანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ოთარ ხოზრევანიძე, საქართველოს პარლამენტში დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ფერმერი ელიზბარ იმერლიშვილი, ასევე ფერმერი ჯემალ კვანჭილაშვილი და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პარამეტრები. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გადასცეს კლიმატის ცვლილების მუნიციპალური გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მომზადდა. გეგმა დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტში კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებებით განპირობებულ პრობლემებს და მათი ადაპტაციის ღონისძიებებს მოიცავს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც უშუალოდაა დაკავშირებული ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციასთან.
შეხვედრა საკმაოდ საქმიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. უახლოეს პერიოდში პროექტი აქტიურად დაიწყებს დაგეგმილ საქმიანობებს.
შეხვედრის დასრულებისთანავე მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები ერთობლივად დასახეს.
„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ დედოფლისწყაროში უკვე მერამდენე წელია სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გაუდაბნოებისკენ განსაკუთრებით არის მიდრეკილი, ამიტომ კლიმატის ცვლილების პროცესის შესაჩერებლად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий