განსაკუთრებით მძიმე იყო 24 სექტემბერს მომხდარი ავტოავარია, რასაც დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები 7 ადამიანი და კიდევ ერთი მათი სტუმარი ემსხვერპლა. ჭოპორტის გზაზე, დუშეთიდან დედოფლისწყაროში მომავალ მიკროავტობუსში მსხდომი 8 მგზავრი დაიღუპა.
მთელი წლის განმავლობაში, 2011 წელს დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევების შედეგად სულ 24 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან სამი მათგანი მცირეწლოვანი ბავშვი, 11 კი ახალგაზრდაა.
დედოფლისწყაროში 2011 წელს ხუთი თვითმკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის სამი ახალგაზრდაა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. 2011 წელს ორი მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა.
მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა. 1970 წელს დაბადებულ გრიგოლ ლომთაძეს ბრალი ბუთხუზის ცივი იარაღით მკვლელობაში ედება. მასთან ერთად დაკავებული არიან არჩილ ზაზიაშვილი და დავით შანავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის II-ე ნაწილით და 376- მუხლით მიმდინარეობს.
არჩილ ზაზიაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ბუთხუზის ბინაში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, შემდეგ სასმელი შემოაკლდათ, რასაც შეკამათება მოჰყვა. მისი თქმით, გრიგოლ ლომთაძემ საწოლთან წაქცეულ ზურაბ ბუთხუზს დანით ორი დარტყმა მიაყენა.
მასპინძლის გარდაცვალების შემდეგ ბინაში კიდევ ერთი პირი, 24 წლის ზურაბ ქვლივიშვილი ავიდა, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებულმა ლომთაძემ ძვირადღირებული სარეცხი მანქანისა და მაცივრის ბინიდან გატანასა და გაყიდვაში დახმარება სთხოვა. როგორც გარდაცვლილის დამ ნათელა ბუთხუზმა "შირაქს" განუცხადა, დაკავებულ ბოროტმოქმედებთან ზურაბს დიდი ხნის ნაცნობობა არ აკავშირებდა. განზრახ მკვლელობისთვის გრიგოლ ლომიძეს 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ზაზიაშვილსა და ცანავას –7 წლამდე. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ზურაბ ქვლივიშვილი საპატიმროში 2-დან 4 წლამდე გაატარებს.
– – – 2011 წლის 2 იანვრის ღამეს, ქალაქ დედოფლისწყაროში, ბარათაშვილის ქუჩაზე, სუპერმარკეტის წინ სანიაღვრე არხში მოსახლეობამ მოხუცი მამაკაცის გვამი შენიშნა. დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის ხათუნა ზურიკაშვილის განცხადებით, ადგილზე მისულ ექიმთა ბრიგადას ქალაქ დედოფლისწყაროში მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 80 წლის გიორგი მჭედლიშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა: ,,დედოფლისწყაროში სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოწამვლის შემთხვევები ხშირი იყო. მჭედლიშვილს თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა, გვამი მაშინვე პროზექტურაში გადავიყვანეთ." შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, მოხუცი სუპერმარკეტის კიბიდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
– – – 5 იანვარს სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ 35 წლის ნასყიდა ჟიჟიაშვილს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. შემთხვევა სააბაზანოში მოხდა. წყლის ელექტრო გამაცხელებელმა წყალზე დენი გადაიტანა.
– – – 2011 წლის 9 მარტს დედოფლისწყაროში მცხოვრები 26 წლის ნიკოლოზ კეკიშვილი გლდანის იზოლატორში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის დამ, ფიქრია კეკიშვილმა გაზეთ „შირაქს“ განუცხადა, მამაკაცს საპყრობილეში ტუბერკულოზის მწვავე ფორმა განუვითარდა. პაციენტი საკანში ვერც მკურნალობის კურსს იტარებდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია: „7 წელი ჰქონდა მისჯილი და საკანში მხოლოდ 6 წელი გაატარა. ბოლოს ე.წ. „ტუბზონაში“ იმყოფებოდა. ციხეში ჯანმრთელი შევიდა, მაგრამ იქ დაავადდა. ვერ იმკურნალა, შესაბამისი ყურადღება ვერ მიაქცია და დაიღუპა. ამდენი ნერვიულობის ფონზე დედაც მალევე გარდამეცვალა,“ – ამბობს ფიქრია კეკიშვილი.
როგორც „შირაქმა“ გაარკვია, გარდაცვლილი ნიკოლოზ კეკიშვილი სასჯელს თანამზრახველთან, 32 წლის ბესიკ სააკაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მკვიდრის, მარინა კაკალაშვილის საცხოვრებელი ბინის ქურდობისთვის იხდიდა.
– – – 29 მარტს სოფელ წითელწყაროში, ყოფილი ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეზობლებმა 84 წლის ნინა შოშიაშვილის გვამი იპოვეს, მას ძალადობის კვალი, ან რაიმე სახის გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
– – – 27 მაისს დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ფერმაში გველის მიერ დაკბენილი 3 წლის ამილ გასანოვი დაგვიანებული მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარი მასშტაბურ სკანდალში გადაიზარდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ბავშვი დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა გზაში გარდაიცვალა. დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორმა ვანო ნატროშვილმა მაშინ განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმიტომ გაუარესდა, რადგან მშობლებმა ის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.
საპირისპიროს ამბობდნენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები. მათი თქმით, ექიმებმა ბავშვს დროული ყურადღება არ მიაქციეს და არც ვაქცინა გაუკეთეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. „მაქსიმუმ 30 წუთზე მეტი არ გასულა რომ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მივიყვანეთ. კარგია რომ მალე მოსულხართო, დააწვინეს და რაღაცა გაუკეთეს. არ უთქვამთ, რა ჰქონდათ, თუ არ ჰქონდათ და მერე, ბოლოს გვითხრეს, რომ შრატი არ გვაქვს და თბილისიდან რომ მოდის სასწრაფო ის მოიტანსო. სასწრაფო 5-6 საათის შემდეგ მოვიდა და ბავშვი გარდაიცვალა. თუ კი ვერ უშველიდა და არ ჰქონდა რამე საშუალება, გვეტყოდა, მიდით, გადაიყვანეთ სადმე, ან წამალი არ მაქვსო. ჩვენ მივხედავთ, კარგიაო და შედიოდა და გამოდიოდა. აბა, მწყემსმა კაცმა რა ვიცოდი, რას აკეთებდა“, - აღნიშნა გარდაცვლილი ბავშვის მამამ ნალიბ გასანოვმა.
2 ივნისს, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ექიმი გიორგი სეხნიაშვილი, პრეზიდენტის მკაცრი განცხადების შემდეგ, 3 წლის ამილ გასანოვის განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააპატიმრეს. პროკურატურაში კი სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში არ გამორიცხავდნენ, რომ შესაძლოა, საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო. თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს დედოფლისწყაროს მთავარი ექიმი ვანო ნატროშვილი. დაპატიმრებული ექიმი კი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.
– – – 28 ივნისს სოფელ კაჭრეთში, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტოავარიას დედოფლისწყაროში მცხოვრები ბებია ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის დინა ჩოფიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელიც რუსთავიდან დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, საბურავი გაუსკდა და ოთხი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა.
მომხდარის გამო სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომელი ამირან გონაშვილი დააკავეს. #4 სამმართველოს უფროს მაიორ დემურ კეკენაძის თქმით, ამირან გონაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილება მაშინვე შეუჩერდა. კეკენაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გონაშვილი დაწინაურებას აღნიშნავდა. დემურ კეკენაძის განმარტებით, გონაშვილს რიგითის წოდება ჰქონდა და პოლიციაში ახალი მიღებული იყო, ამდენად, მას ე.წ. „პაგონები“ არ ექნებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ თვითმხილველებიდან ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა ნასვამი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიზეზით მოხდა.
„კაჭრეთის რესტორანში 4–5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა, სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ, ფორმაც ეცვათ... როცა დათვრნენ „პაგონებზე“ ვარსკვლავები მოიხსნეს, ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ბევრი დალიეს, მერე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ–ერთს ეუბნებოდნენ უნდა მოგკლათო!... ამ ბიჭს შეეშინდა, გამოიპარა, ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა – მემუქრებიანო და დედოფლისწყაროში წავიდა. დანარჩენებიც დიდი სისწრაფით გაეკიდნენ. ცოტა ხანში ეს ავარიაც მოხდა,“ – ერთერთი თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ნაამბობი მედიით გავრცელდა. კაჭრეთის რესტორნის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მათთან ნამდვილად იქეიფეს, ძალიან დათვრნენ და კამათიც მოუხდათ. დაკავებული ამირან გონაშვილი დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილები. ბებია და შვილიშვილი მანამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდნენ, ისინი საცხოვრებლად ქალაქ დედოფლისწყაროში ახლახან გადმოვიდნენ.
სასაზღვრო პოლიციელის მხრიდან ავტომობილის სისწრაფის გადაჭარბებისა და ადამიანის გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევა არ არის. დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელს ავტოავარიაში ადამიანი უკვე მეორედ შემოაკვდა. მათ სახელზე სამი ადამიანის გარდაცვალება ირიცხება, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთიც ახალგაზრდა ბიჭია.
სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის გოჩა მაძღარაშვილი გასულ წელს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, შედეგად ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა განაცხადეს, ბექა ბენზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. სადამსჯელო ღონისძიებები კაპრალ გოჩა მაძღარაშვილის წინააღმდეგაც განხორციელდა.
– – – 23 ივლისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ე.წ. კაკლის ყურეში ხანძარს ნაკრძალის მორიგე რეინჯერის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ საბათლოში მცხოვრები 52 წლის დურსუნ სურმანიძე ბალახზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას დამოუკიდებლად ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და 60 მეტრი სიღრმის კლდეში ჩავარდა. რეინჯერმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ რეინჯერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი მიანიჭა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. შანშიაშვილის თქმით, რეინჯერის ოჯახს გამგეობა ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.
– – – 3 აგვისტოს საღამოს, სოფელ ზემო მაჩხაანში, მამუკა ნატროშვილის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს 70 წლის ომარ ჭიღიტაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახის უფროსი, 45 წლის მამუკა ნატროშვილი კი სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობით კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკალა ფიროსმანაშვილმა განაცხადა, მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მამაკაცების დაუდევრობის გამო ხანძრის გაჩენა სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია. ამას გარდა, იმავე დღეს კიდევ ერთი ხანძარი ადამიანის სხეულის დამწვრობით დასრულდა დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელშიც. როგორც გვაცნობეს, სოფელ არხილოსკალოში სახლს ცეცხლი ელექტრო ღუმელიდან გაუჩნდა. 60 წლის გულიკო არაბულმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მოხუცმა ქალბატონმა სავარაუდოდ გონება დაკარგა და ელექტრო ღუმელს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
– – – დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული 30 წლის ვალოდია ლალაიანი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. გაზეთ "შირაქის” ინფორმაციით, ცხედარი 10 აგვისტოს ღამით თავისსავე საცხოვრებელ სახლთან მეზობლად მდებარე მიტოვებულ სახლში ნახეს. გვამი მეზობლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. მათი თქმით, იქვე სხვადასხვა მედიკამენტებიც ეყარა. სავარაუდოდ, ლალაიანმა თვითმკვლელობა მედიკამენტების დიდი დოზის მიღების შემდეგ განახორციელა.
– – – საბერძნეთში გარდაცვლილი 21 წლის რევაზ ჟამურელის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება 20 დღიანი დაგვიანებით მოხერხდა. ის საქართველოში 30 ივლისს ჩამოასვენეს და დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში 31 ივლისს დაკრძალეს.
საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი თავართქილაძის განცხადების მიუხედავად, თითქოს ცხედრის გადმოსვენება 28 ივლისს ათენი–თბილისის რეისით მოხდებოდა, გადმოსვენება მაინც ვერ მოხერხდა. ელჩი ირწმუნებოდა, რომ ჟამურელის გადმოსვენების გაჭიანურება ოჯახის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებდა გარდაცვლილის ოჯახი, მათი თქმით, პროცესი დოკუმენტების არარსებობის გამო გაჭიანურდა.
ემიგრანტის ცხედარი საბერძნეთში, კუნძულ კორსიზე 11 ივლისს იპოვეს. ჟამურელის ოჯახს საბერძნეთიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ სიკვდილის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა და ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჟამურელი სამსახურებრივი მოტოციკლეტით მოძრაობდა, ბორდიულს შეეჯახა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება გარდაცვლილის ოჯახი, ისინი საქმის ხელახალ შესწავლას ითხოვენ.
როგორც სოფელ ზემო ქედში განმარტავენ, რევაზ ჟამურელი საბერძნეთში ლეგალურად იმყოფებოდა. კუნძულ კორსიზე ის 1 წლის წინ გაემგზავრა და ტურისტულ სააგენტოში ველოსიპედებს აქირავებდა.
– – – დედოფლისწყაროდან გაუჩინარებული კიდევ ერთი მამაკაცი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დუშეთში, მამა-პაპისეული სახლის მეზობლად მიტოვებულ ბინაში 14 აგვისტოს რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. დედოფლისწყაროში თამარის ქუჩაზე მცხოვრებ 39 წლის ზვიად გოგოჭურს ახლობლები რამდენიმე დღის მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ. მის ცხედარს სწორედ მისმა ძმამ მიაგნო.
,,ბოლო პერიოდში არსად ჩანდა. ეგონათ შატილში იყო, მაგრამ დარეკეს და იქ არ აღმოჩნდა. ზვიადს ქალაქ რუსთავში დები ჰყავს, გაირკვა, რომ არც იქ იმყოფებოდა. შემდეგ დუშეთში გარდაცვლილი იპოვეს. არავინ არ იცოდა რა მოხდა, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. თავი მოიკლა, თუ ვინმემ მოკლა, ამასაც არავინ ამბობდა," - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი თამარ მინდიკაური.
,,დუშეთში პაპისეული ბინა აქვთ. ახლახან, შატილობის დღესასწაულს ძმასთან ერთად ესწრებოდა. მერე ძმამ ზვიადი გამოაცილა და თვითონ დუშეთში მისი პაპის ბინაში დარჩა. ძმას ეგონა, რომ დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა. რამდენიმე დღე რომ არსად გამოჩნდა, მერე რუსთავში დებთან დარეკეს, ზვიადი არც რუსთავში აღმოჩნდა, არც დედოფლისწყაროში. ძებნა დაიწყეს და იქვე დუშეთში, პაპისეული სახლის მახლობლად მდებარე მიტოვებულ ბინაში იპოვეს. ვენები ჰქონდა გადაჭრილი," - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ნათელა გოგოჭური.
– – – 18 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, ტარიბანის ველზე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში მომუშავე მწყემსი ფერმის მეპატრონემ გარდაცვლილი იპოვა. ქალაქ დედოფლისწყაროში ნიკორციხის ქუჩაზე მცხოვრები 61 წლის ოთარ ზაქაიძე რამდენიმე დღის გარდაცვლილი აღმოჩნდა, ის ფერმაში მარტო მუშაობდა. როგორც შსს დედოფლისწყაროს სამმართველოში აცხადებენ, მამაკაცის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია.
– – – 7 სექტემბერს ქალაქ დედოფლისწყაროში ძნელაძის ქუჩაზე მცხოვრები 53 წლის პაატა პაპიაშვილი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ მამაკაცი არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩიოდა და არც რაიმე სახის პრობლემა აწუხებდა.
– – – ქალაქ დედოფლისწყაროში ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 64 წლის ლერი ნატროშვილი, რომელიც ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში გადაიყვანა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ის ღუდუშაურის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მამაკაცს იმდენად მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა, გადარჩენა შეუძლებელი გახდა. უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში 2011 წლის 1 სექტემბერს მოხდა.
– – – 18 სექტემბრის საღამოს ელიას მთაზე მდებარე ტაძრის ჯებირიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები 45 წლისზურაბ ლურსმანაშვილი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა: „ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ელიას მთაზე მდებარე ეკლესიაში მეგობრებთან ერთად სალოცავად იყო ასული,“ – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. „მკვლელობის ვერსია გამოირიცხა, მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია ენიჭება,“ – აცხადებენ დედოფლისწყაროს პოლიციაში.
– – – 24 სექტემბერს საღამოს დუშეთის რაიონში საზარელი ავტოავარია მოხდა, შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეებისა და ნაკაშიძეების ოჯახების რვა წევრი დაიღუპა. ჭოპორტის გზაზე გარდაცვლილთა შორის 3 წლის ბავშვი და მისი 24 წლის დედაც არიან.
3 წლის ბაჩო შაინიძე მცხეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ხოლო, ბავშვის დედა, სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი 22 წლის თეონა ნაკაშიძე და ბიძა 25 წლის თენგო ნაკაშიძე ადგილზე გარდაიცვალნენ. მათი დედა 47 წლის ნაზი ხილაძე–ნაკაშიძე მეათე დღეს, 4 ოქტომბერს ღუდუშაურის კლინიკაში უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
შეჯახების შემდეგ, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპნენ ასევე სამთაწყაროში მცხოვრები 29 წლის ნოდარ ხილაძე და მისი მეუღლე 27 წლის ნესტან ხილაძე, ასევე ოჯახის უფროსი 50 წლის შაქრო ხილაძე, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლი იყო.
გარდაცვლილია ასევე, მათთან ერთად სტუმრად მყოფი, ბათუმში მცხოვრები 18 წლის მერი ზოიძე. მას სასწრაფო ოპერაცია მცხეთის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მედიკოსების განმარტებით, გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ფორდის მარკის მიკროავტობუსში სულ 16 მგზავრი იმყოფებოდა, ის მორებით დატვირთულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად 12 მგზავრი დაშავდა. როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, ავარიის გამომწვევი სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსი გახდა. „სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი სამარშრუტო ტაქსი გახდა", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც შეშის მორები გადაჰქონდა, ფასანაურიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი მოულოდნელად დაეჯახა. ავარიის დროს "ოპელის" მარკის ავტომანქანაც დაზიანდა, რომელსაც კამაზიდან გადმოვარდნილი ხის მორი დაეცა.
როგორც სამთაწყაროს მკვიდრმა, მომხდარის თვითმხილველმა ამირან ხილაძემ "შირაქს" განუცხადა, მათი ნათესავისვე კუთვნილი მიკროავტობუსით სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ხილაძეები ნათლობაში იმყოფებოდნენ, დედოფლისწყაროში დაბრუნების დროს კი დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მათი მანქანა სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. გარდაცვლილების ახლობლებს ადგილზე მიუსამძიმრეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და პარლამეტის წევრმა ავთანდილ ლეკაშვილმა. გარდაცვლილების ცხედრები დედოფლისწყაროში, სოფელ სამთაწყაროში დაკრძალეს.
– – – 26 სექტემბერს დიდი ოდენობით მედიკამენტების არასწორად მიღების შედეგად კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები 78 წლის ანიკო მერაბიშვილი გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, მოხუც ქალბატონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა და გადაადგილება უჭირდა.
– – – 13 ნოემბერს დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები სტუდენტი, 19 წლის დავით წიკლაური თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ფარდის მეშვეობით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი თბილისში, ხომლელის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დასთან ერთად ცხოვრობდა. ის პირველი კურსის სტუდენტი იყო და კერძო ფირმაში მუშაობდა. ახლობლების განმარტებით, სულ ორი თვე იყო, რაც ის დედაქალაქში გადავიდა.
როგორც გარდაცვლილის და აცხადებს, თვითმკვლელობის მომენტში თავად დედოფლისწყაროში იმყოფებოდა, ძმა კი თბილისში მარტო დარჩა, უკან დაბრუნებულს ის ჩამომხრჩვალი დახვდა. „დილის ცხრა საათზე დავურეკე, ვესაუბრე, არაფერი შემიმჩნევია. 11 საათზე უკვე თბილისში ვიყავი. თვითმკვლელობაც ამ შუალედში მოხდა,” – აცხადებს გარდაცვლილის და ნონა წიკლაური.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილია ორი წერილი, ერთში 19 წლის ბიჭი თვითმკვლელობაზე საუბრობს და ოჯახის წევრებს პატიებას სთხოვს, მეორე წერილში კი აღნიშნავს, რომ კარს ღიას ტოვებს. ნათქვამია წერილში. დამ ნაწერში ძმის კალიგრაფია ამოიცნო.
– – – 29 ნოემბერს გამთენიისას ქალაქ დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე ბანკი „კონსტანტას“ მშენებარე ოფისის ეზოში, დარაჯის ოთახს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 77 წლის გიორგი ოზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ოზაშვილი სამშენებლო სამუშაოებს დარაჯობდა. როგორც დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურში განაცხადეს, შეტყობინება დილის 4:37 წუთზე შევიდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა საყარაულო ოთახში მხოლოდ მამაკაცის გვამის ნაწილები იყო.
– – – 2011 წლის 9 დეკემბერს დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში ნაადრევი მშობიარობით მიყვანილი 29 წლის ქალი გარდაიცვალა. თალიკო ქამაშიძე მშობიარობამდე მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა. ახალშობილი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა. დედოფლისწყაროს მთავარი ექიმის, ხათუნა ზურიკაშვილის განმარტებით, მშობიარეს ვენების თრომბოემბოლიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც მშობიარობის დროს თრომბმა ქალბატონის გარდაცვალება გამოიწვია. ნაყოფი 6 კვირით ადრე დაიბადა, ეს მეორე მშობიარობა იყო, პაციენტი წარმოშობით სოფელ სამთაწყაროდანაა და ქალაქ დედოფლისწყაროშია გათხოვილი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი მედპერსონალის ბრალეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ მხრივ პრეტენზიები არც გარდაცვლილის ოჯახს გამოუხატავს.
– – – 26 დეკემბერს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაფიქსირდა დედოფლისწყაროს რაიონში. სოფელ სამთაწყაროსთან მდებარე ერთ–ერთ მეცხოველეობის ფერმაში სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომლებმა გამთენიისას 59 წლის ალბერტ სამუკაშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი სასტიკად არის ნაწამები და ყელი აქვს გამოჭრილი.
გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ მამაკაცი ახლობლის ფერმაში საქონლის სადარაჯოდ 1 დღით იყო მისული. „30 მეტრი არის ნათრევი და სისხლის კვალიც არის. საქონლის ფერმის მეპატრონის დედა გარდაიცვალა და მათ მაგივრად დროებით მამაჩემი დარაჯობდა, იმ დილით უნდა დაბრუნებულიყო. ჩვენ არაფერი ვიცოდით და პოლიციამ გვითხრა, რომ მამაჩემი მოკლული იყო,“ – აცხადებს გარდაცვლილის ვაჟი.
მომხდარზე შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ვერსიით მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა, თუმცა შემთხვევის ადგილიდან არაფერია წაღებული. მამაკაცის ცხედარი სოფელ სამრეკლოში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
სასტიკი მკვლელობა უკვე გახსნილია. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს, რომელმაც 59 წლის ალბერტ სამუკაშვილი ჯერ აწამა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილიც და მოკლულიც მწყემსები იყვნენ, რომელთა შორისაცურთიერთშელაპარაკება მოხდა. პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილ 1969 წელს დაბადებულ იარუჯი ფაშაევს ეძებს.
– – – უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისწყაროდან უკვე მერამდენე თვეა უგზოუკვლოდ გაუჩინარებულად ორი მამაკაცი ითვლება. არხილოსკალოში მცხოვრები 14 წლის ვასილ წიკლაურისა და სოფელ ქვემო ქედში მცხოვრებ 34 წლის ემზარ გოგოლაურის კვალი ამ დრომდე არ ჩანს.
გოგოლაური სახლიდან 4 მაისს გავიდა, თან თოკი წაიღო და დაიბარა, რომ თვითმკვლელობას გეგმავდა. ის მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდა, რამდენიმე თვის წინ კი ქვეყნიდან დეპორტით გამოაძევეს. დაკარგულის ახლობლები იხსენებენ, რომ მამაკაცს ცვლილებები სწორედ მას შემდეგ დაეტყო და ოჯახთან განშორებას მწვავედ განიცდიდა.
დაკარგულის მამა მათე გოგოლაური თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ პრობლემებთან ერთად მის ვაჟს ფსიქოლოგიური პრობლემები და შიშები დასჩემდა:
,,გაუჩინარების წინა ღამეს, 4 საათი იქნებოდა, როცა მისი ოთახიდან ხმაური მომესმა. კარი შევხსენი, დავინახე, წინ თოფი ედო და სასხლეტს აწვალებდა (ტირის). დავამშვიდე, ვთხოვე დაეძინა, მაგრამ მთელი ღამე თეთრად გავათენეთ... პრობლემა არ ჰქონდა, რომ ამის გამო თვითმკვლელობაზე ეფიქრა. ბოლო დროს ემოციური გახდა, მშივრები დავიხოცებითო – ამბობდა. შვილები ენატრებოდა, სულ მათ სურათებს დაჰყურებდა. ვაპირებდით, რომ ნევროპათოლოგთან წაგვეყვანა და გვემკურნალა, მაგრამ არ დაგვცალდა... ეზოდან რომ გადიოდა, რამდენჯერმე ვთხოვე შეჩერებულიყო, მაგრამ სანამ მოვტრიალდი, უკვე აღარსად ჩანდა. პოლიცია პირველივე დღიდანვე გამოვიძახეთ. გაწვრთნილი ძაღლებიც მოიყვანეს, ყველგან ეძებეს, მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ კვალი მდინარე ალაზნის ნაპირთან გზაზე იკარგება. პირველად შირაქის ტერიტორიაზე ნახეს. შემდეგ სოფელ ოზაანშიც შენიშნეს, წნორის ტაქსის მძღოლს უნახავს ტიბაანში, სპორტული ტანსაცმელი ეცვაო," - განუცხადა "შირაქს" მათე გოგოლაურმა.
მეორე დაკარგული კი სახლიდან 2010 წლის 26 სექტემბერს, მეგობართან დათო ბურდულთან ერთად სანადიროდ გავიდა და თან ძაღლი წაიყვანა. მას შემდეგ მოზარდს ვერსად მიაგნეს, ხელჩასაჭიდ ინფორმაციას ვერც მისი მეგობარი ამბობს.
ილია მარტყოფლიშვილი – გაზეთი "შირაქი"
კრიმინალური ანგარიში – 2011
Комментариев нет:
Отправить комментарий