როგორც გაზეთ „ქიზიყს“ შს სამინისტროს დედოფლისწყაროს პოლიციიის სამმართველოში განუცხადეს, გაროზაშვილმა თაღლითურად მიითვისა ადგილობრივი მკვიდრის ელგუჯა ცოგოშვილის საბანკო ბარათი, საიდანაც მალულად მოხსნა მოხუცის ანგარიშზე არსებული 1 200 ლარი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დედოფლისწყაროში სხვადასხვა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად მეთვალყურეობდა და ყველაფერს საგულდაგულოდ გეგმავდა, რათა მორიგი მსხვერპლი ხელში ჩაეგდო. ერთ დღესაც ბანკომატთან დედოფლისწყაროში მცხოვრები მოხუცი ელგუჯა ცოგოშვილი მივიდა, რომელსაც მხედველობა უჭირს. ამ დროს იქვე მდგომმა გაროზაშვილმა მამაკაცს დახმარება შესთავაზა და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მოხუცის საბანკო ანგარიშზე საკმაო თანხა ირიცხებოდა, მას ბარათი მოტყუებით შეუცვალა და პინ-კოდის დამახსოვრებაც მოახერხა. მოგვიანებით კი მის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა. გამოძიების დაწყებისთანავე, ბანკიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრების ამოღების შედეგად დადგინდა, რომ თანხა ანგარიშიდან გაროზაშვილმა გაიტანა. გაირკვა ისიც, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო. ბარათი, რომელიც დაკავებულმა მოხუცს გადასცა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
როგორც „ქიზიყმა“ გაარკვია, დანაშაულის ჩადენის მომენტში გაროზაშვილს 4 წლის ვადით პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბრალიც სწორედ ამ გარემოებამ დაამძიმა. მოსამართლის განმარტებით, დაკავებული 4 წელს იზოლატორში გაატარებს, ხოლო სასჯელის დანარჩენი ვადა პირობითი პატიმრობით შეეცვლება. /ქიზიყი/ აუდიო>>
გამოხმაურება: რადიო ჰერეთი ; მედიანიუსი ; ნიუსლაინი ; ექსპრესნიუსი ;
Комментариев нет:
Отправить комментарий