რუსთაველის გამზირზე პოლიციელებმა საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა მეორედ სცადეს.
დაკავებულები არიან ჯაბა ჯიშკარიანი, მიხეილ მუმლაძე და ილია ჩაჩიბაია. მანამდე კი, ზაზა სვანაძე დააკავეს. რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ქაშუეთის ეკლესიასთან მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.
გოგა ხაინდრავამ აქციის მონაწილეთა დაკავებას უკანონო უწოდა და აღნიშნა, რომ ”აქციის მონაწილეები საკუთარ აზრს და პროტესტს გამოხატავდნენ ქვეყანაში არსებულ უკანონობასთან და სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით”.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას, როგორც თავად აქციის ორგანიზატორები ამბობენ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით მართავენ. აქციაში რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ პოლიციელებს რამდენჯერმე განუმარტა, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ჟურნალისტი იყო, შსს–ს თანამშრომლებს ეს არ გაუთვალისწინებიათ. ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ პოლიციას სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც მიუთითებდნენ, თუმცა ამაოდ.
ჩაჩიბაიას განცხადებით, ის ტროტუარიდან იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილე ჯაბა ჯიშკარიანს და კიდევ რამდენიმე აქტივისტს.
„კადრების გადაღების დროს, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ძალის გადამეტება გავაპროტესტე. სწორედ მაშინ მომცვივდნენ პოლიციელები და დამაკავეს. დაკავების მომენტში ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტებმა დამინახეს და პოლიციელებს უთხრეს რომ ჟურნალისტი ვიყავი. სამართალდამცავებმა მათი თანდასწრებით გამათავისუფლეს, მაგრამ როგორც კი ისევ განვაგრძე დაკავების ფაქტების გადაღება, ისევ დამიჭირეს და მობილური ტელეფონი წამართვეს. პრესბარათი ვაჩვენე, ვუთხარი, რომ ჩემი დაკავების უფლება არ ჰქონდათ, რაც არ გაითვალისწინეს და მანქანაში ჩამტენეს. მათ ჩემი მისამართით ცინიკური და შეურაცმყოფელი საუბარი დაიწყეს. მეუბნებოდნენ: „ ახლა შენმა რადიო „ობიექტივმა“, ოპოზიციამ და ივანიშვილმა გიშველოსო“. უკვე აეროპორტის გზაზე ვიყავით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როცა პოლიციელებს ტელეფონზე უცნობი პიროვნება დაუკავშირდა და სავარაუდოდ ჩემი გაშვება უბრძანა. სწორედ მაშინ ჩამომსვეს მანქანიდან“, – აცხადებს ჩაჩიბაია.
მისივე თქმით, ის როგორც ჟურნალისტი, მოქალაქე და უფლებადამცველი მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий