__ 28 აპრილს ინტერნეტ-გაზეთ "ქიზიყის" რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის დაბადების დღეა. ამიტომ, პატარა სიურპრიზის სახით სხვადასხვა კითხვების დასმა რედაქციის თანამშრომლებს მისთვისაც მოგვინდა. როცა რედაქტორს ვუთხარი, რომ ინტერვიუს მომზადება მასთანაც მინდოდა - მკაცრად გამომიცხადა, აქ დავალებებს მე გავცემ და არა თქვენო. ერთი სიტყვით გამაჩუმა... იუბილარ რედაქტორს იმდენი ვეხვეწეთ, დაბადების დღის ხათრით მაინც დავითანხმეთ.
მკითხველმა შეიძლე
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ურიგო არ იქნება, რომ მისი ინტერვიუც შემოგთავაზოთ.
-- ილია, მართალია ჩვენი ხელმძღვანელი ხარ, მაგრამ მოდი 15 წუთით დავივიწყოთ და შენს შესახებ გულწრფელად ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა გკითხო, რატომ არჩიე, გამხდარიყავი ჟურნალისტი?
-- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ გადამიწყვეტია. უფრო სწორად, არც მიფიქრია იმაზე, რა უნდა გამოვსულიყავი. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა. თუმცა, ყველა მეუბნებოდა, რომ თუ გავლენიანი ადამიანის შვილი არ ხარ, ასეთ ფაკულტეტზე ვერც ჩააბარებ და ვერც კარიერაში გაიკვალავ გზასო. ჩემს შორეულ სანათესაოშიც კი არავინ ყოფილა ჟურნალისტი, მაგრამ რატომღაც ამ პროფესიის ხიბლი ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა. ამდენი შეგონებების მერე, რომ გლეხის შვილი, ანუ ილია მარტყოფლიშვილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვერ მოხვდებოდა, საბედნიეროდ ცრუ აღმოჩნდა. გამიმართლა და პირველივე წელს ჩავირიცხე თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
-- მოდი, გაიხსენე, როგორ მოდიოდი ჟურნალისტიკაში? რა გზა განვლეთ დღევანდლამდე?
-- ძალიან საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან 3 კვირაში პირველ არხზე ყველა ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობდი (მაშინ მხოლოდ რუსთავი 2 და პირველი არხი იყო). ისე ძლიერ მიყვარდა ეს სფერო რომ თბილისში ახლად ჩასული ბიჭი, რომელმაც გზებიც არ ვიცოდი წესიერად ასე მოკლე დროში წამყვან ჟურნალისტებს ვხვდებოდი და გადაცემების მზადებას ვესწრებოდი. ეს ყველაფერი კი სულ რამდენიმე დღეში მოვახერხე. ანუ სწავლა 1 სექტემბერს დავიწყე და ზუსტად მახსოვს 20 სექტემბერს უკვე ყველას ვიცნობდი. ეს კი რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილის ნინო დარასელის დამსახურებაა, რომელიც მაშინ მოამბის წამყვანი იყო. უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი. მას მერე ტელევიზიის კარი შეიძლება ითქვას ატალახებული მქონდა. დღესაც მიკვირს ამდენი ხნით და ასე ხშირად რატომ დავდიოდი ან რატომ არ მბეზრდებოდა. მერე ეკა ბერიძის თოქ-შოუშიც სულ ვიღებდი მონაწილეობას. კოკა ყანდიაშვილის გადაცემებშიც...
-- უშუალოდ პირველი სამსახური როგორ დაიწყე მედიაში? მოსახლეობაში ხშირად მსმენია სხვამ გააქაჩინაო და მოდი არ დაგვიმალო და პირდაპირ თქვი...
-- დასამალი ნამდვილად არაფერია. პირველად ჟურნალ თბილისელებში ვმუშაობდი. ანუ, ქალაქ თბილისში 20 დღის ჩასული ვიყავი და მე და ჩემმა ჯგუფელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომელიმე რედაქციაში სათანამშრომლოდ მივსულიყავით. რომელი რედაქციის შენობაც ვაკეში, უნივერსიტეტთან ახლოს იქნებოდა იქ უნდა წავსულიყავით, და ასეთი აღმოჩნდა ჟურნალი თბილისელები. რედაქტორს თანამშრომლობა მორიდებით ვთხოვეთ და დავძინეთ, პირველ კურსელები ვართ და დიპლომი არ გვაქვსო. თბილისელებს ახლაც ზაზა ახობაძე რედაქტორობს. ძალიან კარგი ადამიანია და ის პერიოდი კარგად მახსენდება. ასე თქვა, თქვენი დიპლომი რად მინდა, მთავარია როგორ წერთო... დაგვავალეს რამდენიმე თემა და ზუსტად მახსოვს, რომ 1 თვე ვწერდი ისე მეშინოდა მისი წაღება.
-- თუ გახსოვს რაზე მოამზადე პირველი სტატია?
-- პირველი ინტერვიუ 2001 წელს გავაკეთე ამჟამად ცნობილ ჟურნალისტთან, რუსთავის 2-ის პროდიუსერთან, ნინო შუბლაძესა და ამჟამად მის მეუღლესთან ალეკო ფარულავასთან. თუმცა, მაშინ ნინო და ალეკო 1 არხზე გადაცემა ალიონის წამყვანები იყვნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ სტუდიაში და მხოლოდ მეგობრობდნენ. მახსოვს ძალიან სახალისო სტატია გამოვიდა. საცდელად რედაქტორს რომ შევუტანე, შენიშვნების მოსასმენად იქვე ჩამოვჯექი. კითხვა რომ დაიწყო, სულ სიცილით კითხულობდა და რამდენჯერმე ხმამაღლა გადაიხარხარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასალა ძალიან მოეწონა, ეს კი იმის გარანტია იყო, რომ ჩემი სტატია აუცილებლად დაიბეჭდებოდა. იმავე ორშაბათს მთლიანი გვერდები დაეთმო ამ მასალას. ვერ აგიღწერთ, ეს რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. მით უფრო, რომ თბილისელები ძალზე პოპულარული ჟურნალია, მე კი ჩემი გვარის გაზეთში მოხვედრაზე ვვოცნებობდი. იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ სტატია ალბათ 20-ჯერ ზედიზედ წავიკითხე და ბოლოში ჩემი გვარი სახელი რომ ეწერა, ის მგონი 100-ჯერ დამარცვლით გადავიკითხე, მართლა ჩემი სტატიაა თუ მეჩვენება-თქო. არ მჯეროდა ილია მარტყოფლიშვილი თბილისელების ფურცლებზე რომ ეწერა. ამის მერე ხშირად ვაქვეყნებდით ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებს.
-- ანუ ჟურნალ თბილისელებში აიდგი ფეხი?
-- ასე შეიძლება ითქვას. თბილისელები ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. საოცარი შთაბეჭდილებები მაქვს. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჟურნალ თბილისელებში ერთად მივედით და ვიმუშავეთ, ერთ წელიწადში საკუთარი ჟურნალი დავაფუძნეთ. 48 გვერდიან ფერად ყოველკვირეულ ჟურნალს ჩვენვე ვრედაქტორობდით, რომელსაც ერქვა ,,კვირის ბოლო. რედაქციაში სულ 18 წლის ბავშვები ვიყავით და ისეთ რაღაცეებს ვახერხებდით, ახლაც მიკვირს. კოკა ყანდიაშვილს ისე გაუკვირდა 18 წლის რედაქტორები რომ ვიყავით და სულ სტუდენტი კორესპონდენტები რომ გვყავდა და თანაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალის 48 გვერდს ვავსებდით, ჩვენზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა... ძალზე პოპულარული გადაცემა ჰქონდა, გახსოვთ ალბათ, პროგრამა _ რა ხდება! მოგვიანებით კი ძალიან დაგვეხმარა და პირველ არხზე 10 ათასი ლარის სარეკლამო დრო გვაჩუქა, რამაც ჩვენი ტირაჟი გაასამმაგა. ჩვენი ჟურნალის რელკამა დღეში სამჯერ საუკეთესო დროს გადიოდა ეთერში. სერიალში ,,ძილის წინ, მეორედ სერიალში ფიორელა და მესამედ ყანდიაშვილის გადაცემაში. ანუ, სამივე გადაცემა მაღალრეიტინგული იყო და ცხადია, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რამდენიმე თვეში დავიქსაქსეთ და...
-- თუ არ ვცდები მერე რადიოშიც მუშაობდით...
-- ამ ჟურნალის შემდეგ დედოფლისწყაროს ტელევიზიაში გადავედი. უფრო სწორად თავიდან შევქმენით. ერთ დღეს, ჩემს ჟურნალთან ერთად დეზერტირების ბაზრის ოფისში ლაერტ ზუბადალაშვილს ვესტუმრე ჟურნალი ვაჩვენე და გავეცანი, რომ დედოფლისწყაროელი ვარ და ამ ჟურნალის რედაქტორი გახლავართ-მეთქი. საპარლამენტო არჩევნები 3 თვეში მოდიოდა და ვთხოვე, ადგილობრივი ტელევიზია, რომელიც დედოფლისწყაროში მანმადე მისი წყალობით მუშაობდა, კიდევ აღგვედგინა. კარგად ვისაუბრეთ და სულ მალე ბატონმა ლაერტმა თანამედროვე იაპონური ახალი გადამცემი შეიძინა, სადაც დედოფლისწყაროში რუსთავი 2-ის გადაცემები ჩავრთეთ, მაშინ რაიონში ესეც დიდი მიღწევა იყო და მითუმეტეს ამავე სიხშირეზე ყოველდღიურად საღამოს 7 საათიდან ადგილობრივი ტელე-გადაცემები გადიოდა. იყო ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება ,,სპექტრი, რომლის წამყვანი მე ვიყავი. დედოფლისწყაროში მიმდინარე ამბები ყოველდღიურად ეკრანზე გადიოდა და მოსახლეობას მოსწონდა, რადგან მაინც ახალი ხილია საკუთარი თავი და ახლობლები თუ ნაცნობები ეკრანზე იხილო. გადაცემებს ოპერატორ გია ყაჭაშვილთან ერთად ვამზადებდი და ეს პერიოდიც ულამაზეს მოგონებად მახსოვს. მაშინ დედოფლისწყაროელებმა ფაქტობრივად პირველად გამიცნეს და 19 წლის ბიჭისთვის დიდი ბედნიერება იყო, როცა ქუჩაში მცნობდნენ. მე ის მიკვირდა ეკრანიდან გაქრობიდან 4 წლის შემდეგაც მცნობდნენ და არ მივიწყებდნენ. ზუბადალაშვილმა დიდი მადლი ქნა და რაიონს ახალი გადამცემი აჩუქა. ის გადამცემი აპარატი სად არის დღემდე ვერ მივაკვლიე. არადა, რამდენჯერმე ვეცადე... მაშინ, ზუბადალაშვილის ბიუროს ხელმძღვანელს ტარიელ ღარიბაშვილს უნდა მიექცია ყურადღება. აპარატი დედოფლისწყაროს ანძაზე ალბერტ ალუღიშვილს ჰქონდა ჩაბარებული, მაგრამ არ ვიცი, რა ბედი ეწია. ძალიან გამიხარდება, თუ დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობიდან ვინმე ამ საკითხით დაინტერესდება.
-- ანუ, ტელევიზიის შემდეგ გადახვედით რადიოში?
-- ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. მერე კი ისევ თბილისში რადიო უნივერსში გადავედი FM 103.9, რომელსაც ახლა რადიო პალიტრა დაერქვა. იქ ყოველსაათიანი საინფორმაციო გადაცემის წამყვანიც ვიყავი, საპარლამენტო კორესპონდენტიც და გამომშვები რედაქტორიც. შემდეგ დედოფლისწყაროში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება კამბეჩოვანის ბაზაზე 2003 წელს გამოვუშვით ისტორიულ-შემეცნებითი შინაარსის ბეჭდვური გაზეთი ქიზიყი. რამდენიმე ნომერი გამოვიდა და გაჩერდა. შემდეგ თბილისის პირველ რადიოში გადავედი FM 106.4-ზე. იქაც საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, პროდიუსერი და საპარლამენტო კორესპონდენტიც ვიყავი. შემდეგ იყო თავისუფალი გაზეთი, გაზეთი ვერსია, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, გაზეთი კამარა, და ასე შემდეგ. ბევრგან მიმუშავია და ზოგი რამ არც კი მახსენდება.
-- თავისუფალი დრო როდის გრჩებათ, ან რითი ხარ ამ დროს დაკავებული?
-- ისეთ პროფესიას ვემსახურები, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გვაქვს.
-- ქართული სამზარეულოდან რომელი კერძები გიყვართ?
-- უპრეტენზიო ვარ კვებაში. ანუ, არ არსებობს საკვები რომელზეც ვიტყვი, რომ არ მიყვარს. თუმცა, ცხადია, მაქვს გამორჩეულად საყვარელი კერძები. მიყვარს ხინკალი, ღორის მწვადი და ხაჭაპური...
-- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მანდილოსნის შეფასებისას მისი ჩაცმულობა?
-- მნიშვნელოვანი კი არა, ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესია. მოძველებული აზროვნება, ან რაიმე სახის კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ქალს თავისებური სინაზე და შარმი უნდა ეტყობოდეს. აუტანელია ჩემთვის, როცა ქაჯურად იცვამენ, ამას კი ახალი თაობის გოგონების დიდი ნაწილი აკეთებს. თუ არ უხდება, მხოლოდ მოდის ტენდენციების გამო არ უნდა იცვამდნენ.
-- ქალის ადგილს სად უფრო ხედავთ, სამზარეულოში თუ კარიერაში?
-- ცუდი მიდგომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მანდილოსანი მხოლოდ სამზარეულოში საფუსფუსოდ, ან შვილების აღსაზრდელად არის საჭირო. მე ასე არ მიმაჩნია.
-- რამდენად განიჭებთ პროფესიული საქმიანობა სიამოვნებას?
-- უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამაზე ბედნიერება არაფერია, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს. ესაა ის საქმე, რითიც არასოდეს ვიღლები. ხშირად ღამის 4 საათამდე ვწერ, დილით ისევ ადრე ვიღვიძებ და კვლავაც ვმუშაობ. შემიძლია ეს საქმე შეუსვენებლად ვაკეთო.
ესაუბრა
თამილა გურაშვილი
ეს ადამიანი ძალიან წარმატებული გახდება, მე და მან ერთად ავიდგით ფეხი, ქართულ ჟურნალისტიკაში ერთმანეთს ვექაჩებოდით )) ისე გული დამწყდა ერთხელაც რომ არ მახსენაა ))
ОтветитьУдалить