
დიდთოვლობის გამო კახეთის მხარის მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტების მიერ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები მოხსნილია, საავტომობილო გზებზე გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის ნებადართულია და მოძრაობა უსაფრთხოა.
მოსალოდნელი უამინდობის შემთხვევაში, შესაძლო პრობლემების დროული პრევენციის მიზნით, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის მქონე ტრანსპორტით. ასეთი სოფლების მომარაგება მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით რეგულარულად ხორციელდება.
არსებული ვითარება 8 თებერვალს მთელი დღის მანძილზე ინტენსიური თოვის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდა.
საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლები, ქედების ზონა და ასევე სოფლები სამთაწყარო, ფიროსმანი და საბათლო გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ჩაკეტილია ასევე კასრისწყალთან მისასვლელი გზაც.
თუმცა, სოფელ სამთაწყაროს რწმუნებული „ქიზიყთან“ საუბარში ამტკიცებს, რომ სამთაწყარო–თბილისის გზაზე მოძრაობა რთულად, თუმცა მაინც შესაძლებელია. მისი თქმით, ტრანსპორტი გადაადგილებას სამთაწყარო–არხილოსკალოს გზის საკმაოდ რთულ მონაკვეთზეც ახერხებს.
„ახლა აქ იმხელა თოვლი არ არის, რომ ავტომანქანებს მოძრაობა უჭირდეთ. დღეს არ ვიცი, მაგრამ სამშაბათს ჩვენი სოფლიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები ნამდვილად გავიდა. გარესამყაროს მოსწყდაო, ეგ ინფორმაცია ტყუილია,“ – განმარტავს ნადირაშვილი. /ქიზიყი/
Комментариев нет:
Отправить комментарий