
შეჯიბრზე მაღალი ოსტატობა აჩვენეს და საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს ზემო მაჩხაანის აღმოსავლური ბრძოლების გუნდის გამოცდილმა სპორტსმენებმა. რომელთა სახელები და მიღწევები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. ისინი მრავალი ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები, მათ შორის საქართველოს ჩემპიონებიც არიან. ესენი ძმები სანდრო, გიორგი და სოსო ნატროშვილები არიან, რომლებიც მამისგან, როგორც მწვრთნელისგან, არავითარ შეღავათს არ გრძნობენ. ამიტომაც აქვთ ასეთი წარმატებები. კავკასიის პირველობაზე გიორგიმ სახეობაში „ბრძოლა წესების გარეშე“ – პირველი ადგილი დაიკავა. ძმას მხარი არც სანდრომ ჩამოუგდო და მანაც თავის წონაში პირველი ადგილი დაიკავა.
ამ კატეგორიაში ნაბოლარა ძმამ – სოსომ მეორე ადგილი მოიპოვა. მათ წარმატებები ჰქონდათ K1–ის წესებით ბრძოლაში. გიორგიმ მეორე ადგილი დაიკავა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ მან პირველივე შეხვედრის დროს ფეხის ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მან ასეთი ტრავმით შეუპოვრად იასპარეზა და ათი ბრძოლა ჩაატარა.
ამავე კატეგორიაში პირველი ადგილი სანდრომ დაიკავა, ხოლო სოსო ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა, რადგან მას ბრძოლა ორივე კატეგორიაში თავისზე საკმაოდ მძიმე წონის სპორტსმენებთან მოუხდა. ძმების ასპარეზობით კმაყოფილი დარბაზი გულშემატკივრობდა მათ და აპლოდისმენტებს არ იშურებდა მათ გასამხნევებლად.
კავკასიის ჩემპიონატში, მონაწილეობას დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციაც იღებდა. ტურნირზე გამოსულმა ორივე სპორტსმენმა საპრიზო ადგილის აღება შეძლო. როგორც ფედერაციიდან გაზეთ „ქიზიყს“ აცნობეს, ნიკა ჩიტიშვილმა და ლევან წიკლაურმა მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლუბს სპორტის სამსახურიდან დაფინანსება შეუწყდა, ფედერაციაში ვარჯიშები სრული დატვირთვით მიდის და მომავლის იმედს არ ვკარგავთ.
შეჯიბრზე ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის კიკ-ბოქსინგის და სასომხეთის ტაეკვონდოს ITF ფედერაცია, ასევე საქართველოს ხელჩართული ბრძოლების ფედერაცია, ხრიდოლის ფედერაცია, უშუ–ს ეროვნული ფედერაცია, ასევე ბორჯომის, თბილისის, გორის და ზუგდიდის კიკ-ბოქსინგის კლუბები.
„საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლები იყო და ჩვენმა სპორტსმენებმაც გამოცდილება აიმაღლეს. ასევე უნდა აღინიშნოს შეჯიბრების ორგანიზების მაღალი დონე. რადგან ჩვენი სპორტსმენები საკმაოდ გამოცდილები და ტიტულოვნები არიან, მათ მხოლოდ რამდენიმე ქულა დააკლდათ ჩემპიონობამდე და ოქროს მედალის მოპოვებამდე,“ – განუცხადეს „ქიზიყს“ დედოფლისწყაროს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციაში.
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий