სააგენტოს ახლადდანიშნული უფროსი ზურა ზურაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლო მომავალში რაიმე სახის საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. მისი თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რადიკალური და კონკრეტული გეგმები არ აქვს და ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება.
„განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ, ჩვეულებრივ ვიმუშავებთ. ჩვენი თანამშრომლები ჩვეული წესით მუშაობენ. მოსახლეობის პრეტენზიები ჩვენს მიმართ და უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა ერთიანი სისტემით ვმოქმედებთ და ბევრი გადაწყვეტილების მიღება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა, დედოფლისწყაროელი სოციალური აგენტების უსამართლო ქმედებებიც დაფიქსირებულა, თუმცა რაც მე ვარ ასეთ ფაქტს ვერ ვიხსენებ. მაგრამ, აგენტების ნაწილმა სამსახური დატოვა და ამჟამად სულ ახალი შემადგენლობა გვყავს. რა ვიცი, მაქსიმალურად ვეცდებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ,“ – განუცხადა „ქიზიყს“ სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ზურა ზურაშვილი სოციალურ სააგენტოში 2005 წლიდან მუშაობს. დამთავრებული აქვს თბილისის ბიზნესის და მარკეტინგის უმაღლესი ინსტიტუტი – ეკონომისტის სპეციალობით.
"ქიზიყის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნატროშვილის ზურაშვილით ჩანაცვლება არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი ხელმძღვანელის მუშაობის პერიოდს დედოფლისწყაროს სოციალურ სააგენტოში არაერთი სკანდალი უკავშირდება.
ცნობისთვის: ადგილობრივი სააგენტოს უსამართლო მუშაობასა და იქ არსებული განუკითხაობის თაობაზე მოქალაქეებმა ყურადღება დედოფლისწყაროში ჩამოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზეც გაამახვილეს და ვითარების გამოსწორებაში დახმარება ითხოვეს. სოფელ სამრეკლოში 16 თებერვალს შეკრებილმა მოსახლეობამ სააგენტოს წარმომადგენლებს ირონიული ტონით „აგენტები“ უწოდა.
წინა ხელმძღვანელის მმართველობის პერიოდში უკმაყოფილო მოქალაქეების ცხოვრების და შენიშვნების ამსახველი ინფორმაციები დედოფლისწყაროდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდებოდა. სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფი ცოლ–ქმარი შალვა და ევგენია ხარაშვილები სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილ უფროსს უპირისპირდებიან და პირადი ინტერესებით მუშაობაში ადანაშაულებენ: „4 ქათამი გყავთ და დახმარება აღარ გეკუთვნითო. სოც-აგენტმა გია გუგენიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენა და დაუმსახურებლად შეგვიწყვიტეს დახმარება,“ – აცხადებენ ხარაშვილები.
ზურა ნატროშვილმა განმარტა, რომ ხარაშვილმა, რომელიც შრომის გმირია, 40 წლის წინ ჯილდოდ ავტომანქანა მიიღო, რომელიც დეკლარაციაში წერია და დახმარების შეწყვეტა ამან გამოიწვია. ძველისძველი ავტომანქანა ხარაშვილებს მაშინაც ჰყავდათ, როდესაც დახმარება დაენიშნათ, თუმცა მაშინ ამას სააგენტოსთვის ხელი არ შეუშლია...
სხვათაშორის, სააგენტოს კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელიც ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ ადასტურებდა, რომ დედოფლისწყაროში ამ კუთხით უსამართლობას ხშირად ჰქონდა ადგილი, რის გამოც ნატროშვილის გათავისუფლების თაობაზე ხმები რამდენჯერმე გავრცელდა. დაფიქსირდა ისეთი ფაქტიც, როდესაც აგენტების მიკერძოებული მიდგომის შედეგად დედოფლისწყაროში ლესელიძის ქუჩაზე ფინანსურად საკმაოდ შეძლებული მეწარმის ოჯახი ღატაკებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას იღებდა.
კატასტროფულად ხშირად ფიქსირდებოდა ისეთი ფაქტებიც, როდესაც უკიდურეს სიდუხჭირეში მცხოვრები მარტოხელა, ან ღატაკი მოქალაქეები მოულოდნელად დახმარების გარეშე რჩებოდნენ და ადგილობრივი სააგენტო ფულად შემწეობას მათ აბსურდული მიზეზით უჩერებდა.
ყველაფრის მიუხედავად, ზურაბ ნატროშვილი სააგენტოში ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რასაც დედოფლისწყაროში მწვავე შეფასებები მოჰყვა.
დედოფლისწყაროში მოქმედი ოპოზიციური პარტიებისა და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ზურაბ ნატროშვილის მუშაობას უარყოფითდ აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ის ამ სფეროსთვის უნდა ჩამოეშორებინათ. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий