
19 თებერვალს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ შანშიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ფიროსმანაშვილი და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ივანე ხელაშვილი ესტუმრნენ. მათ სოფელ არხილოსკალოში 8 წლის გოგა ბუჩუკურს, ზემო ქედში 6 წლის ნატო ვეშაგურს, ხოლო ქალაქ დედოფლისწყაროში 14 წლის მალხაზ ლურსმანაშვილს ადგილობრივი ხელისუფლების საჩუქარი საცხოვრებელ სახლში მიუტანეს და მათი პრობლემები პირადად მოისმინეს.
„მოგეხსენებათ, დედოფლისწყაროში საქველმოქმედო ფონდი „ნუგეში“ მოქმედებს, სადაც ჩვენი ხელფასიდან შემოწირულობას ვაკეთებთ. ამჯერად, ჩვენი ძალებით სამი ეტლის შეძენა მოვახერხეთ. შესაძლოა, მათზე გაჭირვებული სხვაც მრავლად იყო, მაგრამ წონების მიხედვით გადავეცით. უზომოდ შეჭირვებული ყოფა აქვთ, ადგილზე ჩასულებს ძალიან მძიმე ვითარება დაგვხვდა, რამაც ჩვენზე ემოციური გავლენა იქონია. ეტლის შეძენა საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება, თუმცა მომავალშიც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციები კვლავაც გაგრძელდეს და ყველა უნარშეზღუდულს ყოფა შევუმსუბუქოთ,“ – აცხადებს ზაზა ფიროსმანაშვილი.
სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ბუჩუკურების მრავალშვილიან ოჯახში აცხადებენ, რომ მათი ეტლი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მცირეწლოვანი უნარშეზღუდული შვილის გადაადგილება, უკვე მერამდენე თვეა, ნათხოვარი ეტლით უხდებოდათ. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახს უკვე მეორე თვეა სოციალური სააგენტოდან ყოველთვიური საარსებო შემწეობაც შეუწყდა, რამაც მათი ყოფა კიდევ უფრო გაართულა.
„ოთხი შვილი მყავს, სამი გოგონა და ერთი ბიჭი, ბიჭს ცერებრალური დამბლა აქვს. ძალიან ცუდ დღეში ვიყავით, ეტლი რომ გაფუჭდა, ვეღარაფერს ვახერხებდით. არადა ბავშვი რაც იზრდება ყოველდღიურად უფრო მძიმდება და კისერზე ჩამოკიდებულს მისი გადაადგილება გვიჭირდა. სხვა გზა რომ არ გვქონდა ეტლი ნათესავს ვეთხოვეთ, თუმცა ისიც საკმაოდ მოძველებული იყო. ამასწინათ, სოფლის ამბულატორიაში მკითხეს, ეტლი თუ გჭირდებათო და ჩვენი მდგომარეობა დაწვრილებით ავუხსენი. იმედი არ მქონდა, რომ დამეხმარებოდნენ, თუმცა მოულოდნელად გამგეობიდან გვესტუმრნენ და ეს საჩუქარი მოგვიტანეს. ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან ეს ეტლი ახალია და ამ მხრივ პრობლემები აღარ გვექნება. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, სტუმრებმა ძალიან გაგვახარეს. ჩვენი სახსრებით ეტლის შეძენას ვერსაოდეს მოვახერხებდით და ვიყავით ასე ღვთის ანაბარა... აქამდე სოციალურ დახმარებას ვიღებდით, თუმცა ერთ თვეზე მეტია, რაც შეწყდა. მიზეზად ის დაასახელეს, რომ ჩემი მეუღლე დროებით ოჯახიდან წასული იყო და ამის გამო დახმარება შეგვიწყდა. არადა, ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს. საჭმელს, წამალს და ყველაფერს დახმარების სახით აღებული ფულით ვყიდულობდი. ბავში ისევ პამპერსს ხმარობს, ამას გარდა უამრავი პრეპარატი ესაჭიროება. თქვენ წარმოიდგინეთ, ფქვილსაც მისი პენსიით ვყიდულობთ ხოლმე. ორი წელია, რაც სიღარიბის დაძლევის პროგრამით სოციალური სააგენტოდან დახმარებას ვიღებდი, გასულ თვეს უკვე ვეღარ ავღე და ამჯერად შეჩერებული გვაქვს. არ ვიცი, ამიერიდან რა გვეშველება. ჩვენი საცხოვრებელი სახლიც ძალზე ცუდ ვითარებაშია. სახლის უკანა ნაწილი მორყეულია, კედლები თოვლის გამო გადაწეულია და მეშინია არ ჩამოინგრას და მცირეწლოვანი ბავშვები ქვეშ არ მოიყოლოს. შიშით ვერც სამზარეულოში შევდივარ. საძინებელში სველი კედლებია, სულ ნესტიანდება ყველაფერი,“ – აცხადებს „ქიზიყთან“ საუბარში უნარშეზღუდული მოზარდის დედა, სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი დალი ბუჩუკური.
ქალაქ დედოფლისწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ერთ–ერთი უნარშეზღუდული მოზარდის, 14 წლის მალხაზ ლურსმანაშვილის ოჯახი მარჩენალდაკარგულია. შეგახსენებთ, მოზარდის მამა 45 წლის ზურაბ ლურსმანაშვილი 2011 წლის 18 სექტემბრის საღამოს ელიას მთაზე მდებარე ტაძრის ჯებირიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც დედოფლისწყაროს საკრებულოში განმარტავენ, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება ამგვარი საქველმოქმედო აქციები კვლავაც აქტიურად გაგრძელდეს. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий