
„მინდა გითხრათ, რომ დედოფლისწყაროს ადგილობრივ ბიუჯეტში დიდი გარღვევა გვაქვს, უპრეცენდენტო ფაქტი დაფიქსირდა, ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობით და სწორი მიდგომით გადასახადები გადაჭარბებულად ამოვიღეთ. სწორი მუშაობის შედეგი კი სახეზეა და ეს ციფრებზე აისახა. ამაში წვლილი მიუძღვის, როგორც გამგეობის საფინანსო სამსახურს, ისე საგადასახადო სამსახურს და კიდევ არაერთ მათგანის,“ – აღნიშნა ლევან ბაღაშვილმა.
სხდომამ ცვლილება შეიტანა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 დეკემბრის N34 დადგენილებაში, რაც გულისხმობს, რომ ახლადდაბადებულ ბავშვიან ოჯახებს ამიერიდან აღარ დასჭირდებათ რეგისტრაციის შესახებ ცნობის წარმოდგენა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მომსახურების პროცედურას.
ცვლილება შევიდა, ასევე, „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების (რწმუნებულების) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 700 ლარით, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამ სოფელს: მირზაანის, ფიროსმანის და საბათლოს (სადაც 1000 სულ მოსახლეზე ნაკლები ცხოვრობს) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 600 ლარით. რაც შეეხება სოფლების ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტის ხელფასი 200 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა. პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შევიდა. რწმუნებულის ხელფასი მანამდე 400 ლარი იყო.
„2011 წელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა კარგად ჩაატარა, ამაზე კი ბევრი რამ მეტყველებს, მათ შორის ციფრები... ფაქტია, რომ ეს იყო არა პიარის ნაწილი, არამედ, საქმე, რომელიც სოფელს სტკივა. ბუნებრივია, ყველაფერს ერთბაშად ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაფერს ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვებით. უნდა ითქვას, რომ ჩვენმა სოციალურმა პაკეტებმა ძალიან გაამართლა. მოგეხსენებათ, რომ ეს პაკეტები საკრებულომ ეტაპობრივად დახვეწა და ამ სახით ნელ–ნელა ჩამოყალიბდა. მთავარი მაინც ისაა, რომ თანხების დაზოგვის საშუალება მოგვეცა და საკრებულოს ძალისხმევით, თანხა უფრო ეფექტურად წარიმართა. მნიშვნელოვანი იყო ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ვიზუალურად თვალშისაცემია. განხორციელდა ასევე ცალკეული ორგანიზაციების ტექნიკური გადახალისება, სულ მალე განახლებული სახანძრო–სამაშველო სამსახურის პრეზენტაცია შედგება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი.
სხდომის დასასრულ, დეპუტატებმა იმსჯელეს სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის პრიორიტეტების გამოვლენის წესის გამარტივების თაობაზე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა განმარტა, რომ სოფლებში წელსაც ჩატარდება საერთო კრება, სადაც პრიორიტეტების განსაზღვრა მოხდება:
„გასულ წელს სოფლის კრებებზე გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხები დამატებით გადიოდა მოსახლეობის გამოკითხვას. ამიერიდან ეს პროცედურა გამარტივდება და შესასრულებელი სამუშაოები პირდაპირ ამავე სხდომებზე გადაწყდება. ანუ, ამ ფორმით პრიორიტეტების განსაზღვრის და მოსახლეობის აზრის შესწავლის წესი გამარტივდა და ბევრად დაიხვეწა,“ – ამბობს შანშიაშვილი. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий