четверг, 10 февраля 2011 г.
დედოფლისწყაროში უფასო სასადილოების ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ისეთი შენობის გამონახვა უჭირდა, სადაც ერთდროულად 200 ბენეფიციარი მოთავსდებოდა, ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ კვლავაც ცალცალკე შენობებში გაეგრძელებინათ მუშაობა და ერთიანი მმართველობის ქვეშ მოქცეულიყვნენ. თუმცა, როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, "სავანეს" შენობაში ოთახების გაერთიანება მოხდა, რითაც ყველა ბენეფიციარისთვის საკმარისი ფართი გამოთავისუფლდა და ნაციონალური მოძრაობის უფასო სასადილოს გადმოყვანა გადაწყდა.
ოპტიმიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩა ნაციონალური სასადილოს ხელმძღვანელი ნუნუ თათარაშვილი, ხოლო იქ დასაქმებული ორი მზარეული მუშაობას ახალ შენობაში, გაერთიანებულ სათნოების სახლში გააგრძელებს.
ნაციონალური სასადილო კვირაში 6 დღეს მუშაობდა, "სავანე" კი შაბათ-კვირას ისვენებდა. მოსახლეობას განსაკუთრებით აინტერესებს, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ახლადშექმნილი სათნოების სახლი როგორ გააგრძელებს მუშაობას.
როგორც "დედოფლისწყაროს სათნოების სახლი"-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ციცო დარჩიაშვილმა "ქიზიყს" განუცხადა, გადაწყდა, რომ შაბათსაც იმუშავებენ და დასვენების დღე მხოლოდ კვირა იქნება. მისი თქმით, სამომავლოდ, შესაძლოა საუბარი იყოს უმწეო მოხუცების სხვაგვარ მზრუნველობაზეც: ,,დებულებაში ბევრი კარგი რამ არის ჩადებული. არ არის გამორიცხული, რომ მარტო ერთჯერადი კვებით არ შემოვიფარგლოთ და გათვალისწინებულია ისიც, რომ მომავალში შესაძლებელი იყოს მოხუცების აქვე ცხოვრება. გვინდა ავიყვანოთ სოც-მუშაკი, რომელიც უნარშეზღუდულ ბენეფიციარებს, რომლებსაც ყოველდღიურად სიარული უჭირთ, საკვებს სახლში მივუტანთ. ამის პრეცედენტი სხვა რაიონებში უკვე არსებობს," - აცხადებს დარჩიაშვილი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი "ქიზიყთან" საუბარში ოპტიმიზაციის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ სათნოების სახლ "სავანეს", რომელიც გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ მარაგდებოდა, ბოლო დროს ყველა სახის დაფინანსება შეუწყდა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მათი მზრუნველობაც საკუთარ თავზე აეღო.
სათნოების სახლის წლიური დაფინანსება ამ ეტაპზე 145 000 ლარს შეადგენს, თუმცა სახელფასო ხარჯები დამატებით დაფინანსდება. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
* * *
მირზაანში აღმოჩენილი მარნის კარის ექსპერტიზა მალე დასრულდება
ეკუთვნის თუ არა ნიკო ფიროსმანს ოზაანში აღმოჩენილ კარებზე გაკეთებული წარწერა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ექსპერტები ექსპერტიზას იწყებენ და ისინი ავტორის ვინაობას და წარწერის სიძველეს სულ მალე დაადგენენ. უნიკალური წარწერა მარნის კარზე 2010 წლის ივნისში ადგილობრივმა მოსახლემ შემთხვევით აღმოაჩინა. ექსპერტები მასალის ხანდაზმულობას შეისწავლიან და წარწერის იდენტიფიცირებას მოახდენენ.
როგორც ცნობილია, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში მხატვრის დისშვილი იყო გათხოვილი, რომელსაც ფიროსმანი მას ხშირად სტუმრობდა. ეს ფაქტი მკვლევარების ვარაუდს, რომ წარწერა ფიროსმანის შესრულებულია საგრძნობლად ამყარებს.
„რამის თქმა ჯერ ნაადრევია. ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ. უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული ანალიზი და ამავდროულად კალიგრაფისტმა ოფიციალური საბუთი უნდა დადოს. კომისიის წევრები იქნებიან სამნი, ერთი იქნება კალიგრაფისტი, მეორე იქნება ტექნოლოგი, რომელიც ხის ასაკს დაადგენს და მესამე ვიქნები მე. პარასკევს და შაბათს უკვე დასკვნა დაიდება. წინასწარი დაზვერვით, წარწერა ნიკო ფოროსმანს ეკუთვნის“, - განაცხადა ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა.
მარნის კარზე მთვარე და ვარსკვლავებია დახატული და შემორჩენილია სიტყვები: „წითელი ღვინის მარანი, სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით“. წარწერა მწვანე საღებავით არის შესრულებული. რამდენიმე თვის წინ, პარმენ ოზაშვილის სახლი კერძო პირმა 7 000 აშშ დოლარად იყიდა, სახლი დაშალა და ნივთებს ყიდის.
„ადრე, როცა მარნის კარის შესაძლო ავტორად ფიროსმანი სახლდებოდა, სახლის მესაკუთრემ პარმენ ოზაშვილმა არც მისი გაყიდვა და არც მუზეუმისთვის გადაცემა არ ისურვა. ამჯერად კი მუზეუმს ექსპონატის შესაძენად ფული არ აქვს“, - აღნიშნავს მაძღარაშვილი.
როგორც "ქიზიყმა" გაარკვია, სოფელ ოზაანში, ღვინის მარანი, საიდანაც ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ მოხატული კარი ჩამოხსნეს, 1830-40 წლებშია აშენებული. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი
"ქიზიყის" მკითხველი ახალი ამბების გასაცნობად სხვა მისამართს უნდა ეწვიოს
ამიერიდან ეს გვერდი მუშაობას წყვეტს. ახალი ამბები შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ და გამარტივებულ ვებ-გვერდზე www.qiziyi.ge ამ გვერდზე, სადაც ახლა იმყოფებით, მხოლოდ აუდიო-რეპორტჟები და პროექტ „კვირის ბოლოს“ რადიოგადაცემების ჩანაწერები დაიდება. ტექსტური ამბების გასაცნობად კი ეწვიეთ ამ მისამართს. http://qiziyi.ge/
როგორც „ქიზიყის“ რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ახალ მისამართზე გაცილებით მეტი ინფორმაცია განთავსდება, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ინფორმაციების განახლების ინტენსივობა და ოპერატიულობაც გაუმჯობესდება. ძველ ვერსიაზე ამბები მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ვებ-გვერდის ახალ ვერსიაზე ტექნიკური ხარვეზი შეიქმნება.
ასე რომ, აკრიფეთ ახალი მისამართი და გაიგეთ უფრო მეტი: http://qiziyi.ge/
ივანიშვილის პარტია დედოფლისწყაროელებს 2 ივნისს შეხვდება
ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 24 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვდრა გადაიდო. პარტიის ლიდერების შეხვედრა დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში ხუთშაბათს იგეგმებოდა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე თამაზაშვილმა „ქიზიყს“ განუცხადა, შეხვედრა კულტურის სახლის დარბაზში 2 ივნისს გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრის გადადება თბილისში 27 მაისს დაგეგმილმა აქციამ განაპირობა.
ლექსო თამაზაშვილის განცხადებით, თავდაპირველად დედოფლისწყაროში დარბაზის დაქირავებაზე დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრმა ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა:
„უარის შემთხვევაში სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაგვთანხმდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი დაგვითმეს,“ - აცხადებს თამაზაშვილი.
დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი ვანო შანშიაშვილი „ქიზიყთან“ საუბარში ადასტურებს, რომ 24 მაისისთვის კოალიციასთან ხელშეკრულება უკვე დადებულია. ის ამბობს, რომ დარბაზის დაქირავებნაზე ივანიშვილის პოლიტიკურ ჯგუფს მათი მხრიდან პრობლემა არ შექმნია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დედოფლისწყაროელებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. /ქიზიყი/
გამოხმაურება მედიაში
ლევან ბაღაშვილმა ია სეხნიაშვილის დასაქმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
სასამართლომ დაკავებულ სამ არასრულწლოვანს განაჩენი გამოუტანა
დედოფლისწყაროს ცენტრში შადრევანისთვის 17 000 ლარი გამოიყო
"ლეიბორისტების" მტკიცებით, კირქვის საამქრო დედოფლისწყაროს მოსახლეობას სერიოზულ ზიანს აყენებს
თეთრაული ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარს ითხოვს
პარ
კომპანია, რომელმაც დედოფლისწყაროს მრავალბინიანი კორპუსები გადახურა 110 719 ლარით დაჯარიმდა
გიული ალასანია ზემო მაჩხაანში ექსმინისტრ ჭიპაშვილის ოჯახში იმყოფებოდა
რისთვის ჩამოვიდა პრეზიდენტის დედა დედოფლისწყაროში და რატომ მიიყვანეს ნიკალას მუზეუმში შემოვლითი გზებით?!
სოფელი საქართველოში, სადაც 21-ე საუკუნე ჯერ არ დამდგარა და სადაც პრეზიდენტის დედამ ეს ვერ იგრძნო
სოფელი ზემო მაჩხაანი - არ გეგონოთ, რომ პატარა, უმნიშვნელო დასახლება იყოს. ძალიან დიდი სოფელია, სიღნაღიდან, სიყვარულისა და თანამედროვე სტანდარტების ქალაქიდან, სულ რამდენიმე კილომეტრში, სიმაღლით – მის დონეზე, მის მოპირდაპირე მთაზე შეფენილი, ნიკო ფიროსმანის დედის სოფელი (თავად ფიროსმანის მირზაანიც ამ სოფლის ფაქტობრივი გაგრძელებაა), მიხეილ ჯავახიშვილის დევნილობაში მყოფი ოჯახის თავშესაფარი, ნიკო ყიასაშვილის დაბადების ადგილი. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სოფელში ხალხი ცხოვრობს, თანაც, ასობით, და ელექტროენერგიას ისინიც იმავე მიზნით მოიხმარენ, როგორც ჩვენ. დიახ, ცხადია, სოფელს ჰყავს გამგებელი, დეპუტატი – რაიონულ საკრებულოში, მაგრამ, როგორც ამ სოფლის მკვიდრები ამბობენ, ისინი ადგილობრივების პრობლემებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ინტერესდებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამ სოფლის მოსახლეობას, რომ დავიწყებთ ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას პრობლემების შესასწავლად. იქამდე კი შევასრულეთ მათი თხოვნა დ იმ მიზეზების გარკვევა ვცადეთ, რომელთა გამო ადამიანები 21-ე საუკუნეში უშუქოდ ატარებენ დღეებს. www.7days.ge
გაზეთი "ახალი 7 დღე" - იხილეთ სტატია ვრცლად>>
სტიქიით დაზარალებულთათვის გამგეობამ მხოლოდ 150 ათასი ლარი გაითვალისწინა
დედოფლისწყაროში სტიქიით მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ალუღიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობიდან აცნობეს, სპეციალურ კომისიაში მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სოციალური სამსახურის უფროსი დავით ხიხაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი შედიან.
ქიზიყმა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა ორკვირიანი მცდელობის შემდეგ გაარკვია, მანამდე კომისიაზე საუბარს რატომღაც ყველა თავს არიდებდა.
დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ნინო ჩოხელი ქიზიყთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის შექმნის თაობაზე ოფიციალური ბრძანება ჯერ არ დაწერილა, თუმცა კომისია სტიქიის დღიდანვე მუშაობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий