ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ თვითმმართველობის ორგანოში სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხელმოწერები შეიტანა.
როგორც ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორმა დედოფლისწყაროში ბესიკ ცისკარაულმა "ქიზიყს" განუცხადა, რაიონში მოქმედი კირქვის ქარხანა და კირის საწარმო ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად აზარალებს. ცისკარაულის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ დედოფლისწყაროს ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. ხევსურების დასახლებაში:
,,კირქვის კარიერში წლების მანძილზე ქვიშის მოსაპოვებლად განხორციელებული ინტენსიური აფეთქებების შედეგად უამრავი საცხოვრებელი სახლი ზიანდება. ოთახებში კედლები დაბზარულია და მოსახლეობას ზარალი ადგება. დაზარალებულთა კომპენსაციასა და უსაფრთხოების ნორმებზე კი არავინ ფიქრობს. ამას გარდა, საწარმოდან წამოსული მტვერი დასახლებას ეფინება და ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. მოქალაქეები უკვე რამდენიმე წელია დავობენ კირის საწარმოს გამონაბოლქვის მავნებლობის თაობაზეც. ამჯერად, საკრებულოში განცხადება შევიტანეთ და ვითხოვთ, რომ კომისია შეიქმნას, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად რიგითი მოქალაქეებითაც დაკომპლექტდება. გვინდა გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად ჩაერთოს, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იყოს და ზარალი თავიდან ავიცილოთ," - აცხადებს ცისკარაული.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრობლემას კარგად იცნობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ეს საკითხი თვითმმართველობის ფუნქცია არ არის. რაიონის ხელმძღვანელობა მზაობას აცხადებს, მოსახლეობას შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობა გაუწიოს:
,,მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადება კირქვის კარიერის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების ხელისუფლების წინაშე დაყენების პირველი მცდელობა არ არის. 2009 წელს ქ. დედოფლისწყაროს თერგის, კახეთის, ვაჟა ფშაველასა და არხოტის ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საკითხი განსახილველად გარემოს დაცვის სამინისტროს გადაუგზავნა. თავის მხრივ, სამინისტრომ რეაგირება მოახდინა. შეიქმნა კომისია, რომელმაც სიტუაცია ადგილზე შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა დადო. გარემოებების შეცვლის, მისი დამძიმების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მზადაა მოქალაქეებს კვლავაც გაუწიოს შუამავლობა სამინისტროსთან. ჩამოთვლილი ქუჩების მაცხოვრებლებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გარემოს დაცვის კახეთის რეგიონულ ინსპექციას, რომელიც ვითარებას შეისწავლის," - აცხადებს "ქიზიყთან" საუბარში საკრებულოს პრესასთან ურთიერთობის სპეციალისტი ინგა შიოლაშვილი.
ამასწინათ, გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კირქვის კარიერი არაფრის მომტანია. საია და USFED-ი მიიჩნევენ, რომ დედოფლისწყაროს ბიუჯეტმა და მოსახლეობას ამ საწარმოდან უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა ნახონ. ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ დედოფლისწყაროს კირქვის კარიერიდან ადგილობრივ ბიუჯეტში არაფერი შედის და არც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებულა!... /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი, თამილა გურაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий